კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№34 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

იარმუკის დახლები
ოჰანეზამ ორი ბინა დაიჭირა ქალაქში. ერთი შუა ბაზრის ახლოს და მეორე – ნიკოლოზის ქუჩაზე. ხან ერთ სახლში რჩებოდა, ხან – მეორეში. ერთში ღარიბულად ცხოვრობდა, მეორეში – შეძლებულად. სამოსიც სხვადასხვა ჰქონდა. როცა კინტოსავით გამოვიდოდა, ტრაქტირსა და დუქანში შედიოდა, ხან ყალბ ფულს ხარჯავდა, ხან – ნამდვილს. ის დაეძებდა გამყიდველთა თვალებში და მყიდველთა ხელისგულებში. მისი საქმე იყო მსხვილი ფულის წვრილად დაშლა და ვერცხლის ოქროს თუმანში გადაცვლა. განგებ დაახურდავებდა ოქროს და ისევ გაამთელებდა.
სახელოსნოებში იჭვრიტებოდა, საუბარს ყურს უგდებდა. ბაზარშიც ხშირად იყო. მაშინ სამი დიდი ბაზარი იყო – ავლაბარში, იარმუკაზე და თათრის ბაზარი. უფრო მეტად იარმუკაში დაიარებოდა, იგივე სალდათის ბაზარში.
  იქაურობა დიდი არეული და ჭუჭყიანი ალაგი იყო. ერთი მხრივ, ოქრომჭედლების ქუჩა ჰქონდა შუა ბაზარში გასავლელად, მეორე მხრივ – ბაზრისა და ძველი ფოსტის ქუჩა. ზევით ერევანსკის მოედანზე ადიოდა, ქვევით კიდევ – მუხრანის ბორანი იყო.
  იარმუკაში უამრავ რასმეს მოძებნიდი. ყასბები წელზე დაკიდებული მასათითა და თალათინით ზედ დანას ალესავდნენ და ხორცის ნაჭერს ჩამოათლიდნენ, რათა მავანს ეყიდა, ყარსული მწვადი შეეწვა ფეხზე დამდგარ შამფურზე და ახლა თვითონ მოეთალა ბასრი დანით და იმის სუნით გამვლელნი გაეცოცხლებია. ყასბების წინ რკინეულობის დუქნები იყო ნაირგვარი ქვაბით, ტოლჩით, ფლავქამიჩითა და ფიიშბუხარით. იქვე მეთუნუქეები – ღუმელის მილითა და სახურავის თუნუქით. ნახშირის სარდაფებიც იყო, სპარსელი სომხების ძველმანების დუქნებიც. ერთმანეთში არეული ხარახურაც მომეტებით კვირაობით და სალდათები ყიდდნენ ძველ ჩექმებსა და ქამრებს. აქ ნახავდით ადრინდელ თოფებს, ნახმარ ვიცმუნდირს, ბილიარდის შარებს, ძველ წიგნებს ნაირგვარი ზომისა და შინაარსის. გამოხდებოდა და რომელიმე სიძველეთა მსყიდველი აქ ძველებურ ფულსა და ხელნაწერს გადაეყრებოდა. ჯიბის ქურდობაც არ იყო იშვიათი. იყო ყაყანი და მუჯლუგუნი, მიწოლა და ჭყლეტა, კინტოები თაბახით ყველს ყიდდნენ, კურტნის მუშებს ზურგზე ბარგი მოეგდოთ და იმას თოკით მიიმაგრებდნენ და გასწევდნენ, საცა დააბარებდნენ, იმერლები, აისორები. ამათ შუა კონკაც გაივლიდა ნელი სვლით და იმის იზვოსჩიკი დასძახებდა „ხაბარდა“, რათა გზა მიეცათ. სამიკიტნო დუქნებსაც მოსძებნიდი, ტრაქტირსაც, საჩაიესაც და ღამის გასათევს – „სამტრედე“, „ქუთაისის“ ნომრები, აარჩიე, რომელიც გინდა, თუმცა მეტი სისუფთავე იქაურობას არ აწყენდა.
  სტეფანე კუპაშნიანცი, პორტმანეს დამგდები – ეს ძველი ხელობა იყო. ეს იყო პორტმანეს რაიმე ისეთ ადგილას დაგდება, საცა სიახლოვეს იყო გასატყუებელი. სრულიად შემთხვევით, სრულიად დამთხვევით, მოფარებული, არც თუ შორს, სულ ორიოდე ნაბიჯი, აი, ცოტაც, აი ამასაც მოვეფაროთ და მერე კი იქ ასე შეტყუებული იძარცვებოდა. იყო იმის შეკვრაც, ცემაც, მიბმაც თოკით და პირში გარჭობილი ფურაჟკა თვით მოსიარულესი. ეს იყო მეტად ძველი ხელობა. შეტყუება კი ხდებოდა ხშირად სასაფლაოზე, კუკიისა, ლიანდაგს იქით, ან ლუთერანულზე, იქვე, ანაც – კათოლიკეთა ძველ სასაფლაოზე, სოლოლაკის თავზე, საცა მშვიდობიანი ხალხი ისფაჰანური ვარდების საცქერად დაიარებოდა. მტკვრის პირას გაყვანაც ხდებოდა ანჩისხატის უბნიდან და იქ მსხვერპლის შეკვრა. ადგილი სხვადასხვა იყო, ხელობა – ერთი. შეკვრის გარეშეც ხერხდებოდა, როცა მსხვერპლს ხელიდან იმის ფულით სავსე პორტმანეს გამოჰგლეჯდნენ და გაიქცეოდნენ. კუპაშნიანცი ამ საქმეს კაიხანს მისდევდა. დაიჭირეს 1904 წელს, როცა ხოჯა-აბდულ-ჯალილ-მამედ-ოღლი გაქურდა და თათრის მოედანზე, საჩაიეში მიაგნეს.
  ჟაკ ფარი – იყო მარსელიდან, ტფილისში მოხვდა კონსულ ალბერტ ჰენრიხ ბლანშარ დე ფარჟის მსახურად. ის შეიქნა ქურდი. ქურდობდა ბაღებში „სან სუსი“ და „მონ პლეზირი“ და როცა „სან სუსიში“ სათარ აღა მღეროდა, ის რედიკულებს ხსნიდა. პორტმანესაც დასწვდებოდა. თუმცა ერთხელ, 1868 წელს, მრჩეველი პოდისთვის მოპარული ნივთების გამო დაიჭირეს. იფის ციხეში არა, მაგრამ მეტეხისაში კი ჩასვეს. აქ ფრანგი კონსულის პროტექცია დაეხმარა, იმისი ჩაწყობილი საქმე პოლიცმაისტერთან და ის გამოუშვეს. ეს მოკლე ტანისა და მზით გამომშრალი კაცის სახე ბევრ რამეს მალავდა. ბოლოს მაია აზიზოვას საროსკიპოში დაემართა სიფილისი და ამით მოკვდა.
  „კურკა“, „დოლკო“ და „გიგო“, იგივე გიორგი კარამიანცი – ქუჩის მძარცველები, დამხვედრთ ძარცვავდნენ და მკვლელობასაც არ ერიდებოდნენ. ასე 1908 წელს მათ სურბ-სარქისის ხევში დააყაჩაღეს და დაჭრეს მედუქნე ბარხუდარიანი და მოკლეს ეგზარხოსის კანცელარიის ჩინოვნიკი ჟუკოვი.
  სოლომონ კუჭუხიძე –  ქურდი, მძარცველი, რიკის ქუჩაზე ბაგრატ როსტომოვის დაყაჩაღებისა და დაჭრისთვის ძებნილი. ის გაერია ჩხუბში მუშტაიდის კიდეზე, როცა იქ ენფიანჯიანცი ფაეტონით მივიდა და თხოვა მეფაეტონეს დალოდებოდა, ამ დროს კი შიგ კუჭუხიძე და კიდევ ერთი იმერელი ჩასხდნენ და მეეტლეს წაყვანა მოსთხოვეს, იმან იუარა, თქვა, რომ მუშტარს ელოდებოდა, ამათ კი ცემა დაუწყეს. მეეტლეს ბაღში გამავალი მალაკნები მიეშველნენ, იმერლებს – ლაქიები და მზარეულები და მუშტაიდის მიდამოებში დიდი ჩხუბი გაჩაღდა. კუჭუხიძემ მოახერხა და პოლიციას დაუსხლტა. შემდეგ ვორონცოვის ძეგლთან, ხაილოვიჩის ოქროს მაღაზიიდან ათასის ნივთეული მოიპარა. შუშას წებოვანი ფისი წაუსვა, ნაჭერი მიაჭირა და უხმაუროდ ჩატეხა. მინის ასეთი ჩამტვრევა ხშირი ხერხი იყო ტფილისელ ქურდებში. ხაილოვიჩმა სინაგოგიდან მობრუნებისას აღმოაჩინა ქურდობა. კუჭუხიძემ კი ტფილისიც დატოვა და ბაქოში ერთ ბანდას მიეკედლა, სადაც დაიჭირეს კიდეც 1900 წელს.
  სამუელ ნაკაიძე – ყალბი მარკების მბეჭდავი. ის შვიდკაპიკიან მარკებს ბეჭდავდა და ხუთ კაპიკად ყიდდა. ვაგზალზე ჰყავდა დამქაში – მედუქნე მირზა-აღა-ბაბა-ოღლი. ვაგზალზე მყიდველიც ბევრი იყო, მარკას ვინ დააცქერდებოდა, იმის სიყალბის მოძებნა იოლი არ იყო, ზომა – პატარა, ნაკლიც – პატარა, წერილზეც დაკრულს, აბა, ვინ გასინჯავდა. მირზა-აღა-ბაბა-ოღლის 480 მანეთის მარკები ეყიდა და მუშტარიც არ აკლდა. ნაკაიძეს თვითონ მოეფიქრებია ეს საქმე და სარფიანად ექცია. ყალბი ფულის მბეჭდავი ბევრი იყო, მარკისა კი – არავინ. ერთი ის გამოდიოდა. ჩავარდა მას მერე, რაც დაიჭირეს სპარსეთის ქვეშევრდომი მაშადი-ბაირამ-მამედ-ოღლი, ვისაც ახალუხში ათასი ცალი მარკა უპოვეს და იმან მედუქნე მირზა-აღა-ბაბა-ოღლისკენ გაიშვირა თითი, იმან კი ნაკაიძე გასცა და ის 1908 წელს დაიჭირეს.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)



скачать dle 11.3