კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ოპერაცია „მორევი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სახენაიარევმა გენერალმა ნაბეჭდი ფურცლების შეკვრა მაგიდაზე დადო და შუახნის ჭაღარა მამაკაცს უთხრა:
– ქაღალდზე ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება, პოლკოვნიკო, მაგრამ პრაქტიკულად თუ გამოვა, აი, ესაა მთავარი.
– გამოვა, ბატონო გენერალო, ასი პროცენტით ვარ ამაში დარწმუნებული, – თქვა ჭაღარა პოლკოვნიკმა და გენერალს გამოეჯგიმა, მან კი მიუგო:
– ასი პროცენტით ვერაფერში იქნები დარწმუნებული. მით უმეტეს ჩვენს საქმეში. ყველაზე მცირე და საიმედო კომბინაციასაც კი ჩავარდნის საკმაოდ დიდი ალბათობა აქვს. ორმოცდაათი ორმოცდაათზე რომ გეთქვა, უფრო რეალური იქნებოდა. თუმცა, „მორევი“ კარგად მოფიქრებულია, ფორმასაც ამართლებს და შინაარსსაც. ვამტკიცებ შენს ოპერაციას, პოლკოვნიკო და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. წარმატებას თუ მიაღწევ, გენერლობა არ აგცდება. დამარცხდები და, ჯობია, ერთი ტყვია შემოინახო შენთვის. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ბატონო გენერალო, – თქვა პოლკოვნიკმა.
გენერალმა ოპერაცია „მორევის“ გეგმას ხელი მოაწერა, ბეჭედი დაარტყა და ჭაღარა პოლკოვნიკი კაბინეტიდან გამოისტუმრა.
***
– ზვიად, ჩემი „პალაჟენიის“ მიუხედავად, ძალიან უბრალო კაცი ვარ, თან ძველი თბილისელი. შენობითაც ამიტომ მოგმართავ და შენც რობიკო დამიძაზე. შევთანხმდით? – უთხრა ორმოცდახუთიოდე წლის კაცმა ორმოციოდე წლის სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც ტყავის სავარძელში იჯდა.
– კი. შევთანხმდით, რობიკო, – თქვა ზვიადმა და თავი დააქნია.
– ძალიან კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, ჩემო ზვიად. შენი თავი ჩვენმა საერთო მეგობარმა ოთარ კაშიამ მირჩია. ოთარი ჩემი ბიზნესის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. გახსოვს, ალბათ, – თქვა რობიკომ. ზვიადმა კი მიუგო:
– კი. რა თქმა უნდა, მახსოვს.
– ჩემო ზვიად, ერთი არაკაცი და წურბელაა გასანადგურებელი, არაადამიანი, რომელმაც უდიდესი პირადი ზიანი მომაყენა და ამ საქმეში ფულს ვიხდი. რას იტყვი, ხელს მოაწერ ამ საქმეს? – ჰკითხა რობიკომ.
ზვიადს ჩაეცინა და რობიკოს მიუგო:
– გააჩნია ვინაა ობიექტი და რამდენს გამოდიხარ.
რობიკომ ზვიადს შავგვრემანი მამაკაცის ფოტოსურათი მიაწოდა და უთხრა:
– აი, ეს. იცი, ვინაა?
– არა, – თქვა ზვიადმა.
– მამედ გასანოვი, აზერბაიჯანის კონტრდაზვერვის უფროსი, გენერალი, – თქვა რობიკომ და დაამატა, – აზერი ბიზნესპარტნიორები მყავდა და კონტრაბანდით კარგ ფულს ვშოულობდით. გენერალი გასანოვიც წილში იყო და კარგად ვუხდიდით. ერთი თვის წინ კი მან სპეცოპერაცია ჩაატარა და ჩემი ბიზნესპარტნიორები დახოცა. ათი მილიონი დოლარის ოქრო კი ისე გააქრო, რომ კვალიც არ დატოვა. „იასნია“, ჯიბეში ჩაიდო. მთელი ფულის ანაზღაურება მე მომიწია. გარდა იმისა, რომ ფინანსურად მაზარალა, არხზე თვითონ დაჯდა. მოკლედ, ეს კაცი საშინელი სიკვდილით უნდა მოშორდეს – ბაქოს ცენტრში უნდა აფექთდეს. აი, ძმაო, აქ ამიტომ მოგიყვანე. ვიცი, ასეთი საქმის სპეციალისტი ხარ. შენი ჯგუფიც გყავს და ამ საქმეში სუფთა სამ მილიონ დოლარს ვიხდი. გინდა, მარტო გააკეთე ეს საქმე და მთელი ფული ჩაიდე ჯიბეში, გინდა, სხვებიც ჩართე. მთავარია, საქმე გაკეთდეს და არ „გაბაზრდეს“.
ზვიადმა რობიკოს მიაპყრო მზერა და უთხრა:
– კონტრდაზვერვის გენერლის აფეთქება ბაქოს ცენტრში ტერორისტული აქტია, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მთავარი აქ ისაა, რომ ამ აქციას სხვა ქვეყანაში სათანადო მომზადება სჭირდება, თავის „ნავაროდკებიანად“ და ყველაზე რთული ესაა. ანუ, შესასწავლია ობიექტის გადაადგილების მარშრუტი და გრაფიკი. შესარჩევია თავდასხმის ადგილი და ყველაზე მთავარი კი რეკვიზიტია, ანუ საბრძოლო აღჭურვილობა. რობიკო ყურადღებით უსმენდა ზვიადს და მას უთხრა:
– ყველა საჭირო რეკვიზიტი, ანუ საბრძოლო აღჭურვილობა ბაქოში, ერთ კონსპირაციულ ბინაშია „დაზაგაჟნიკებული“. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შენ და რამდენი „პაძელნიკიც“ გჭირდება, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით შეხვალთ. ხოლო საქმის გაკეთების შემდეგ კი იქიდან არალეგალურად კასპიის ზღვით ყაზახეთში გახვალთ. მოკლედ, ეს არაა პრობლემა. ხოლო, რაც შეეხება გასანოვის გადაადგილების მარშრუტსა და დროს, ეს ყველაფერი გადაღებულია და ახლავე გაყურებინებ.
რობიკომ ზვიადს უზარმაზარ ტელევიზორში „ფლეშკაზე“ ჩაწერილი კადრები ჩაურთო, რომელთა ხანგრძლივობა ერთი საათი იყო. კადრები სხვადასხვა რაკურსიდან იყო გადაღებული.
ზვიადმა თავი გააქნია, ჩაეცინა და რობიკოს უთხრა:
– როგორც ვხედავ, ეს საქმე კარგად გქონია შესწავლილი და მხოლოდ შემსრულებლები გჭირდება.
– კი. მასეა. არა მარტო შესწავლილი, მომზადებულიც მაქვს. ბაქოში საიმედო და სერიოზული ხალხი მყავს, მაგრამ შემსრულებლები სხვები უნდა იყვნენ, რადგან იქაურების ნაწილი ციხეშია, ნაწილი კი – უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. თანაც, შენი დონის სპეციალისტი მათ არ ჰყავთ, – თქვა რობიკომ და დაამატა, – რას იტყვი, თანახმა ხარ?
ზვიადს ჩაეცინა. ხელები გაშალა და რობიკოს უთხრა:
– უკვე იმდენი ვიცი, შესრულებაზე  უარს ვეღარ ვიტყვი. თუმცა, არც ვაპირებდი. სამი მილიონი დოლარი დიდი ფულია. ოთხნი ვიქნებით და უკრაინული პასპორტები დაგვჭირდება. ფულის მესამედი წინასწარ მინდა, თანაც, ეგ ფლეშკა უნდა გამატანო. ამასთან, ბაქოში მომიწევს წინასწარ გამგზავრება, რომ ყველაფერი ადგილზე ვნახო. აზერბაიჯანში სამ-ოთხ დღეში წავალ და პასპორტი დამჭირდება.
– რაზეა „ბაზარი“. მილიონ დოლარს ახლავე გაგატან და ფლეშკაც შენი იყოს. პასპორტს კი ხვალ გამოგიგზავნი, – უთხრა რობიკომ ზვიადს და გაუღიმა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი ზვიადი თავისი „ბეემვეთი“ სახლისკენ მიემართებოდა. უკანა სავარძელზე კი შავი ფერის ტყავის კეისი იდო, რომელშიც მილიონი დოლარი და ფლეშკა იყო მოთავსებული.
***
  რობიკოსგან წამოსული ზვიად აფციაური ყოფილი „სპეცი“ იყო. ის ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც სრულიად ნორჩი გაიპარა – სულ რაღაც თხუთმეტი წლის. შემდგომ კი სამხედრო კარიერა აირჩია და შეერთებულ შტატებში ორი სპეცკურსი გაიარა. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო იქიდან წამოსვლა მოუწია. მანამდე კი ორი თვე ციხეშიც კი გაატარა, მაგრამ  გაამართლეს და გარეთ გამოვიდა. თუმცა ახლა პირადში უმტყუნა ბედმა – ის ცოლმა მიატოვა და ჩვილი ბავშვი მიუგდო, თავად კი საყვარელთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ცხოვრებაარეულმა ზვიადმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ერთადერთი ვაჟის აღზრდას შეუდგა. ხოლო უფულოდ რომ არ ყოფილიყო, სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა კერძო, ნახევრადკრიმინალურ შეკვეთებს ასრულებდა ძველ მეგობარ-კოლეგებთან ერთად. ასეთი მსხვილი საქმე კი ზვიადს პირველად შესთავაზეს. ამდენი ფული ყოფილ სამხედროს სიზმარშიც კი არ ენახა.
შეკვეთის მიმცემი რობერტ ოქრუაშვილი, როგორც მას ეძახდნენ – რობიკო, ცნობილი მილიონერი ბიზნესმენი იყო, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის „ტარარას“ მფლობელი და თანამედროვე თბილისის უწიგნური, მაგრამ ფულიანი ელიტის „სულის“ წარმომადგენელი. უწიგნურობის მიუხედავად, რობიკო ისეთი ეშმაკი, გაიძვერა და ფლიდი იყო, რომ ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდა. მისი გაცურება თითქმის შეუძლებელი იყო. თავად კი – ნებისმიერს გააცურებდა. არცერთი ელიტ-ბომონდური შეკრება არ ჩაივლიდა ხოლმე რობიკოს გარეშე, სადაც სხვა „საჭირბოროტო“ საკითხებთან ერთად აუცილებლად წამოიჭრებოდა ხოლმე „ტარარას“ საკითხი, ანუ „ელიტარებს“, ერთი მხრივ, ძალიან ეხამუშებოდათ, რომ რობიკოს კანტორას „ტარარა“ ერქვა და მას ამ გოიმური სახელწოდების შეცვლას ურჩევდნენ, მეორე მხრივ კი, რადგან ფიქრობდნენ, რომ „ტარარა“ აბრევიატურა იყო, მისი გაშიფვრის დაუოკებელი სურვილი კლავდათ. ასეთი დისკუსიის დროს რობიკო სამჯერ გადააფურთხებდა (იტყოდა – თფუ, თფუ, თფუ), სამჯერ დააკაკუნებდა მაგიდაზე ან კედელზე, დაიღრიჯებოდა და განაცხადებდა:
– „ტარარა“ ჩემი ბიზნესკოდია. ვერც შევცვლი და ვერც გავამხელო.
ფლიდობისა და ეშმაკობის მიუხედავად, როგორც ყველა უწიგნური, რობიკოც უკიდურესად ცრუმორწმუნე იყო და ფურთხება და ხეზე კაკუნი მის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. მართალია, ეკლესიაშიც „შეივლიდა“ ხოლმე და სანთელს დაანთებდა, სახლის ერთი კუთხე კი ძვირფასიანი ხატებით ჰქონდა მოჭედილი და გულში არაკანონიკურ ლოცვასაც წარმოსთქვამდა, მაგრამ კაკუნსა და ფურთხებას მაინც ვერ გადაეჩვია. ასეთი რამ, რომ იტყვიან, რობიკოს „წიკი“ იყო და ზვიადთან საუბრის დროსაც კი ვერ შეიკავა თავი.
სახლში რომ დაბრუნდა, ზვიადს შემკვეთის ეს ჟესტები გაახსენდა და გაეცინა, მანქანა გარაჟში დააყენა, ძველი ბლოკნოტები მოიძია, რომ ოთარ კაშიას ტელეფონი ეპოვა და მისთვის დაერეკა. ოთარი და ზვიადი ერთდროულად წამოვიდნენ თავდაცვის სამინისტროდან. ერთმანეთი მრავალი წელია, არ ენახათ და ერთი მხრივ, აინტერესებდა, რატომ თავად ოთარმა არ უთხრა ზვიადს, რომ მას ასეთ საქმეს შესთავაზებდნენ და წინასწარ გაეგო მისი აზრი. მეორე მხრივ, კი ძველ მეგობარს, უბრალოდ, მოიკითხავდა.
ზვიადმა კაშიას მხოლოდ ბინის ტელეფონის ნომერი იპოვა და დარეკა. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ ტელეფონის ყურმილში ნამტირალევი ქალის ხმა გაისმა.
– გისმენთ.
– ოთარ კაშიას სთხოვეთ, თუ შეიძლება, – თქვა ზვიადმა.
– ვინ ბრძანდებით? – იკითხა ქალმა.
– მეგობარი ვარ, – უპასუხა ზვიადმა და დაამატა, – უთხარით, რომ ზვიად აფციაური ურეკავს.
მცირე პაუზის შემდეგ ქალმა თქვა:
– ოთარი ერთი საათის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
– გარდაიცვალა?! – გაიმეორა ზვიადმა, მერე კი იკითხა, – კი მაგრამ, რა დაემართა?
– არ ვიცი, ბატონო. მე მეზობელი ვარ. ამ დილით სამსახურში უნდა წასულიყო, მაგრამ ცუდად გახდა. გული არევია და გონება დაუკარგავს. ცოლმა სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს, – თქვა ქალმა და ატირდა.
ზვიადმა ტელეფონი გათიშა. სავარძელში ჩაჯდა და ჩაფიქრდა.
***
  ოქრუაშვილთან შეხვედრის მეორე დღეს ზვიადს რობიკოს პირადმა მცველმა დაურეკა და სთხოვა, მასთან მისულიყო. რობიკომ კვლავ თავის კაბინეტში მიიღო ზვიადი. ხელი ჩამოართვა მას და უთხრა:
– იცი, რომ ოთარი გარდაიცვალა?
– კი, ვიცი. გუშინ ჩვენმა საერთო ძმაკაცმა დამირეკა და მითხრა, – უთხრა რობიკოს ზვიადმა, თუმცა ოქრუაშვილისთვის ის არ გაუმხელია, რომ ძმაკაცის ზარამდე თავად მან დარეკა კაშიას სახლში და მაშინ შეიტყო ეს ამბავი.
– შოკში ვარ, შოკში... საცოდავი ოთარი. კაჟივით კაცი იყო და ასე უცებ როგორ მოკვდა, – თქვა ოქრუაშვილმა.
– ნეტავ რა დაემართა? – თქვა ზვიადმა.
– ექიმებს უთქვამთ, მოიწამლაო. შეიძლება, გაფუჭებული კონსერვი ჭამა. ცხონებულს კონსერვები უყვარდა, – თქვა რობიკომ.
– ჰო. ბოტულიზმი საშინელი რამაა, – თავი გააქნია ზვიადმა და დაამატა, – პანაშვიდზე მაინც უნდა მივიდე, სანამ ბაქოში წავალ.
ბაქოს ხსენებაზე ოქრუაშვილს კაშია გადაავიწყდა და ზვიადს ჰკითხა:
– როდის აპირებ გამგზავრებას? შენი პასპორტი უკვე მზადაა და გამოგზავნას, ჯობია, აქვე მოგცე.
– ზეგ დილით გავემგზავრები მატარებლით, – თქვა ზვიადმა.
– „კამანდა“ უკვე შეკრიბე? – იკითხა რობერტმა, ზვიადმა კი უპასუხა:
– ჯერ არა. ბაქოდან რომ ჩამოვალ, ბიჭებს მაშინ ვეტყვი, ჯერ მე უნდა გავერკვე ყველაფერში ზუსტად ავწონ-დავწონო და დავალაგო.
– რა თქმა უნდა. ზუსტად მასე უნდა ქნა. როგორ გეტყობა, რომ „სპეცი“ ხარ და ცხონებულმა ოთარმა ტყუილად კი არ მირჩია შენი თავი, – თქვა ოქრუაშვილმა. ზვიადს პასპორტი მისცა და დაამატა, – აი, გამომართვი. უკრაინის მოქალაქის პასპორტია. შენ ვინნიცელი ტარას ტკაჩუკი ხარ. ბაქოში ჩვენი კაცის კოორდინატები კი უკვე გაქვს და ყველაფერი ფლეშკაშია. მე ისღა დამრჩენია, კეთილი და ბედნიერი მგზავრობა გისურვო.
– დროებით. ბაქოდან რომ ჩამოვალ, გნახავ და ყველაფერს მოგიყვები, – უთხრა ოქრუაშვილს ზვიად აფციაურმა. ხელი ჩამოართვა და გამოვიდა.
***
აზერბაიჯანის დედაქალაქში ზვიად აფციაური გვიან ღამით ჩავიდა და როგორც კი საბაჟო გაიარა, სადგურის მოედანზე გავიდა და ტაქსით სასტუმროში გაემგზავრა, სადაც წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი ადგილი. დაბინავდა თუ არა, ოქრუაშვილის „კაცს“ დაურეკა და დილისთვის შეუთანხმდა შეხვედრაზე. შემდეგ კი დაწვა და დაიძინა. დილის ათი საათი რომ შესრულდა, ზვიადი ვინმე მურად მუსტაფაევს შეხვდა სანაპიროზე. მათ პაროლები გაცვალეს და ზვიადმა მუსტაფაევს უთხრა:
– ზეგ უკან მივემგზავრები. ამ ორ დღეში უნდა მოვასწრო ობიექტის მარშრუტის შესწავლა და პოზიციის შერჩევა. აგრეთვე, მთელი რეკვიზიტი უნდა ვნახო და დავრწმუნდე მათ ვარგისიანობაში.
– უპრობლემოდ. შემიძლია, ახლავე დაგათვალიერებინოთ ყველაფერი, – მიუგო მუსტაფაევმა.
– ყველაფერი სუფთადაა? ადგილობრივი ორგანოები ხომ არ იჩენენ თქვენ მიმართ ინტერესს? – ჰკითხა ზვიადმა, მუსტაფაევმა კი ღიმილით უპასუხა.
– ნუ გეშინიათ, ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ისე სუფთად ვმუშაობთ, რომ ეჭვს ვერავინ აიღებს.
– ძალიან კარგი. რეკვიზიტი შორსაა? – იკითხა ზვიადმა.
მუსტაფაევმა თავი გააქნია და უთხრა:
– შორს არაა. აქვეა, ძველ ბაქოში. ფეხით სულ რაღაც ათი წუთის სავალზეა.
– წავიდეთ. ვნახოთ, – თქვა ზვიადმა და წყვილი კონსპირაციული ბინისკენ დაიძრა, სადაც სამხედრო შეიარაღება ინახებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3