კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№34 შხამიანი სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30-33(1024)

  მარიშკა არ იყო ისეთი ქალი, საათობით რომ ელოდებიან ქმრებს, გაზქურაზე  ტილოში შეფუთული ვახშმით. არ სძინავთ, სანამ მათი ძვირფასი მეუღლე კარს არ შემოაღებს და არ დარწმუნდება, რომ ოჯახის უფროსი უკვე თავის მყუდრო ბუდეშია. გართობაც უყვარდა, კლუბებში და სავახმმოდ რესტორნებში სიარულიც. ვერ იტანდა საოჯახო საქმეს. სძულდა პერანგების დაუთოება. ბავშვების ჟრიამული თავს ატკივებდა, მაგრამ ახლა, მეოჯახე, მზრუნველი, ყურადღებიანი დედიკოს როლი უნდა ეთამაშა იქამდე, სანამ რეზი არ დარწმუნდებოდა, მის საჭიროებაში, სანამ საბოლოოდ არ მიხვდებოდა, რომ სწორედ მარიშკა უნდა ყოფილიყო მისი ცოლი და არა ნახევრად შეშლილი სოფია. მერე იმასაც მოახერხებდა, რომ ბავშვები ბებიასთან გაემგზავრებინა და ურთიერთობა იმ მიმართულებით წაეყვანა, როგორც თვითონ სურდა.
  ჭიშკრის გაღებისა და ავტომობილის ხმამ მიახვედრა, რომ რეზი დაბრუნდა. პენუარის ხალათის ბაფთა შეიხსნა. შიგნით საკმაოდ ღია და სექსუალური მოკლე პერანგი ეცვა. აბრეშუმის ქსოვილი რბილად ეხვეოდა ტანზე და მისი სხეულის უნაკლო ნაკვთებს აჩენდა. რესტორანში შეკვეთილი ვახშამი მიკროტალღურ ღუმელში მოათავსა და კაცის შესაგებებლად გაეშურა.
რეზიმ უხალისოდ გაუღიმა ქალს.
– არ გძინავს? ბავშვები სად არიან?
– როგორ დავიძინებდი, გელოდებოდი. ბავშვები კი ერთი საათის წინ დავაწვინე. ზღაპარიც წავუკითხე. ძალიან საყვარლები არიან.
– ავალ, დავხედავ.
მარიშკას არ ესიამოვნა, კაცმა ყურადღების გარეშე რომ დატოვა მისი გარეგნობა, მაგრამ მაინც გაუღიმა.
– კარგი, ადი. მერე კი სამზარეულოში ჩამოდი, ვახშამი მოვამზადე. მოგეწონება.
– არ მშია. ცოტა ხანი ბავშვებთან ვიქნები, მერე ვერანდაზე გავალ, სასმელი გამოიტანე და შემომიერთდი.
– არა, არა, ასე არაფერი გამოვა. მეც არაფერი მიჭამია. შენ გელოდებოდი. ცოტა უნდა ჭამო. მშვიდად ვერც იმას ვუყურებ, როგორ გალოთდები, ამიტომ სასმელზე უარი უნდა გითხრა.
რეზიმ ქალს შეხედა და თითქოს მაშინ დაინახა პირველად.
– მარიშკა, როგორ ზრუნავ ჩვენზე. რატომ აკეთებ ამ ყველაფერს. მე ხომ გული გატკინე. იცი, რომ არ დამვიწყებია? ძალიან ცუდად მოვიქეცი მაშინ.
– არ გინდა ამაზე, – მარიშკამ მხარზე დაადო ხელი და მერე ნაზად მოუსვა ლოყაზე.
– ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ახლა უნდა დამშვიდდე.
რეზიმ თავი გადააქნია.
– არა. კარგად აღარ იქნება. დღეს არც ნახვა მოინდომა ჩემი და საერთოდაც, მითხრა, რომ პროცედურებზეც უარს ამბობს.
– იყავი?
– ჰო. და, ალბათ, აღარ მივალ. რა აზრი აქვს. ექიმმაც მითხრა, ზედმეტად აღარ შევაწუხო და ვიზიტები უფრო იშვიათი გავხადო.
– მესმის შენი, ვხვდები, რასაც გრძნობ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. შვილები გყავს. მათზე უნდა იზრუნო. დედა რომ მათ გვერდით არ არის, ესეც ძალიან მძიმეა ბავშვებისთვის და მამა ხომ მაინც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ თავი ხელში უნდა აიყვანო. მე შენ გვერდით ვიქნები.
რეზი მარიშკას მოეხვია.
– კიდევ კარგი, რომ შეგიძლია ჩემ გვერდით ყოფნა. ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ არ გათხოვდი.
მარიშკამ დაეჭვებით შეხედა.
– ამას გულწრფელად ამბობ?
– რას? რომ შენი მადლობელი ვარ?
– არა. რომ გაგიმართლა, რადგან არ გავთხოვდი.
– რა თქმა უნდა, იშვიათია, შენნაირი თავდადებული მეგობარი.
მარიშკა კაცთან სულ ახლოს მივიდა და მკერდზე თავი დაადო.
– იქნებ, მე მარტო მეგობრობა არ მინდა შენგან.
რეზის გააჟრჟოლა.
– მარიშკა, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, გამიგე, ჩემი გონება არეულია. ვერაფერს ვაანალიზებ. ძალიან ვნერვიულობ და შეიძლება, რაღაც ისეთი ჩავიდინო, რასაც მერე ვინანებ.
– ნუ ხარ ასეთი დაძაბული, მოდუნდი. აი, ეს არის ის, რაც შენ გჭირდება. მომენდე და დანარჩენზე არ იფიქრო. მე ხომ არაფერს გთხოვ, სულ არაფერს.
ქალი მთელი ტანით ეკვროდა კაცს. რეზი უკვე ყურთან გრძნობდა მის გავარვარებულ სუნთქვას და თავბრუ ესხმოდა. შეუძლებელი იყო ინსტინქტებთან ბრძოლა და მისი დაუფლების მწველ სურვილთან გამკლავება. ქალის მკვრივი მკერდი მუჭში მოიქცია და მის ტუჩებს დაეწაფა...
***
  სერგის ორი დღე დასჭირდა ინფორმაციის შესაგროვებლად იმ გამაჯანსაღებელ ცენტრზე, სადაც სოფია იყო მოთავსებული. კიდევ ერთი დღე მოინდომა იმ ექიმების გამოკითხვას, ვინც მისი მდგომარეობის შესახებ რაღაც იცოდა. ეჭვი სულ უფრო უმძაფრდებოდა. ნერვიულობამაც იმატა, თუ ეს მართლა ის იყო, რასაც ვარაუდობდა, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ვერ წარმოიდგენდა, თუ შეიძლებოდა ქალი ასეთი დაუნდობელი ყოფილიყო.
მანქანა უზარმაზარ ჭიშკართან გააჩერა და ეზო შორიდან დაათვალიერა. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. გადაწყვიტა, ჯერ შეუმჩნეველი ყოფილიყო. მაგრამ მალე მიხვდა, რომ შიგნით შეღწევას ვერ მოახერხებდა. ამიტომ მობილური ამოიღო და წინასწარ მოძიებულ ნომერზე დარეკა. მაშინვე არ უპასუხეს. მერე ქალის ხმა გაისმა:
– დიახ, გისმენთ.
– ჩემ შესახებ დაგირეკეს. თქვენთან გასაუბრება მინდა.
– დიახ, დიახ, საქმის კურსში ვარ. უკვე მობრძანდით? ახლავე მივიღებ ზომებს, რომ ჩემამდე  მოგაცილონ.
რამდენიმე წუთის შემდეგ დაცვის თანამშრომელმა, საკმაოდ შთამბეჭდავი ზომისა და აღნაგობის მამაკაცმა გამომძიებელი შენობაში შეიყვანა და კაბინეტამდე მიაცილა. დამხვდური ახალგაზრდა და საკმაოდ ელეგანტური ქალბატონი აღმოჩნდა. მან სერგის თავაზიანად გაუღიმა და სავარძელზე მიუთითა.
– დაბრძანდით. რით შემიძლია გემსახუროთ?
– როგორც ვიცი, ეს კლინიკა თქვენი საკუთრებაა.
– დიახ. ეს უფრო რეაბილიტაციის ცენტრია. ჩვენ განსაკუთრებული პაციენტები გვყავს.
– დიახ. ვიცი. ნამდვილად განსაკუთრებული პაციენტები გყავთ, განსხვავებული.
ქალმა გაოცებით შეხედა გამომძიებელს.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. აქ არანაირი კანონდარღვევა არ ხდება. ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ. ყველა პაციენტი კმაყოფილია. კმაყოფილები არიან მათი ოჯახის წევრებიც.
– მე აქ თქვენი კლინიკის საქმიანობის შესასწავლად არ მოვსულვარ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ყველაფერი წესრიგშია. უფრო ის მაინტერესებს, რამდენად შეიძლება, თქვენი დახმარების იმედი გვქონდეს.
– მითხარით, რაში გინდათ, რომ დაგეხმაროთ?
– ერთი კონკრეტული პაციენტის შესახებ მინდა, მაქსიმალური ინფორმაცია მომაწოდოთ.
ქალმა მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები.
– ეს თხოვნაა თუ მოთხოვნა?
– ანუ, გაინტერესებთ, რისი უფლება მაქვს? მოდით, ნუ ეცდებით, ეს შეამოწმოთ, – გაუღიმა სერგიმ, – მერე პატარა ფურცელი აიღო, მასზე რაღაც დაწერა და ქალს წინ დაუდო.
– აი, პაციენტის სახელი და გვარი. დიდხანს ნუ მალოდინებთ.
– კონკრეტულად რა გაინტერესებთ? – მოლბა ქალი და გამომძიებელს მორჩილად მიაჩერდა.
– ყველაფერი, რაც მას ეხება – დიაგნოზი, მკურნალობის სტრატეგია, მედიკამენტები, ვიზიტორები, საკვები...
– გასაგებია, მონახულებასაც ხომ არ გეგმავთ?
– ჯერ ამ ყველაფერს გავეცნობი და მერე უშუალოდ პაციენტსაც ვნახავ. თქვენს კაბინეტს დავიკავებ ცოტა ხნით, ხომ შეიძლება?
– დიახ, რა თქმა უნდა, თავი დაუქნია ქალმა, რომელსაც მოუსვენრობა დაეტყო.
გამომძიებელმა გაუღიმა.
– ნუ ნერვიულობთ. ვეცდები, დიდი დრო არ წაგართვათ.
– რამდენი ხანიც გნებავთ... ყავას, ჩაის მოგართმევთ და სადილზეც დაგპატიჟებთ – ჩვენ აქ კარგი სამზარეულო გვაქვს, რესტორნის შეფ-მზარეულით.
– დიდი მადლობა, – სერგიმ გაიცინა, – ესე იგი, პაციენტებს განსაკუთრებული მენიუთი კვებავთ? საინტერესოა, წამლებს რას ასმევთ, მედიკამენტებიც განსაკუთრებული გაქვთ?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. ჩვენ მედიკამენტებს იშვიათად ვიყენებთ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. მკურნალობის ჯანსაღი და ექსკლუზიური მეთოდები გვაქვს.
– კარგი. მაშინ დროა, საქმეს შევუდგეთ. ყველა დეტალი მაინტერესებს, თუნდაც უმნიშვნელო.
ორი საათის შემდეგ სერგის ნახევარი კოლოფი ჰქონდა მოწეული და ოთხი ფინჯანი ყავა დალეული. პერანგის საყელო გაიხსნა და კაბინეტის ფანჯარა გამოაღო. საღამოს სიგრილე ესიამოვნა. გახურებული შუბლი შეუშვირა ნიავს. კარის ხმაზე შემობრუნდა.
– რამდენიმე კითხვაც მაქვს და წავალ.
– დიახ, ბატონო სერგი, გისმენთ.
– ფაქტობრივად, ყველაფერი ვნახე, სოფიას მკურნალობის გეგმასაც გავეცანი. მითხარით, გყოლიათ სხვა ასეთი პაციენტი ასეთი პრობლემებით?
ქალი დაფიქრდა.
– სიმართლე გითხრათ, არა.
– გულახდილად მითხარით, რას ფიქრობთ ამ პაციენტზე, რატომ უარესდება მისი მდგომარეობა? თქვენც ხომ ატყობთ, როგორი რეგრესია. მალე, ალბათ, სერიოზული ფსიქიკური პრობლემებიც იჩენს თავს.
– იცით, რაშია საქმე. მე იშვიათად ვარ ხოლმე ჩართული პაციენტების რეაბილიტაციაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხვდები იმ პაციენტთან ჩვენს კრახს, მაგრამ მიზეზი ვერ ავხსენი.
– ჰკითხეთ, მის ექიმს რა მედიკამენტს იღებს?
– დიახ. მხოლოდ მსუბუქ დამამშვიდებელს, ძილის გასაუმჯობესებლად. აი, მოვიტანე ფლაკონი, თავად ნახეთ.
სერგიმ ფლაკონი გამოართვა და ეტიკეტს დააშტერდა. მერე ქალს მიუბრუნდა.
– შეუძლებელია, ამ პრეპარატმა ასეთ მძიმე შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი. ეტიკეტზე წერია, რომ მისი მიცემა თავისუფლად შეიძლება ბავშვებისთვის.
– დიახ, აბსოლუტური სიმართლეა.
სერგიმ კოლოფი გახსნა, რამდენიმე აბი ხელისგულზე გადმოყარა, დააშტერდა და დასუნა. მერე რაღაც აზრმა გაუელვა.
– მომისმინეთ, თქვენ აქ აფთიაქი გაქვთ?1
– დიახ. პატარა.
– ეს პრეპარატიც იყიდება?
– კი, მაგრამ როგორც სოფიას პირადმა ექიმმა მითხრა, პაციენტისთვის პრეპარატი მის ახლობელს მოაქვს.
– აჰა, ასეც ვიცოდი. შეგიძლიათ, ერთი თხოვნა შემისრულოთ?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– თქვენი აფთიაქიდან ეს მედიკამენტი მომიტანეთ და მეტად აღარ შეგაწუხებთ.
***
  სერგიმ სოფია მხოლოდ შორიდან დაინახა, რამდენიმე წუთი უყურებდა და სულ უფრო უმყარდებოდა ეჭვი. ქალის მზერაში სიცოცხლე არ ჩანდა. აჩრდილს ჰგავდა და არა ადამიანს. ამოიოხრა, ორივე კოლოფი ჯიბეში ჩაიდო და პირდაპირ კრიმინალური ლაბორატორიისკენ გაემართა. სთხოვა, როგორც კი ანალიზის პასუხს მიიღებდნენ, მაშინვე ეცნობებინათ მისთვის და სახლში წავიდა. თავი სტკიოდა ფიქრისგან და ცუდი მოლოდინისგან. ცოლი სახლში არ დახვდა. ბავშვებთან ერთად მშობლებთან იყო წასული. ტანსაცმლის გაუხდელად წამოწვა დივანზე. საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული. ახლა უკვე უჭირდა იმის დაჯერება, რომ ასეთი ქალის მიმართ გრძნობა გაუჩნდა. მე, გამომძიებელს, რომელსაც ამდენ ნაძირალასთან მქონია შეხება, როგორ დამემართა, რომ მარიშკას ჭეშმარიტი სახე ვერ დავინახეო. მისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ იცნობდა ქალს, რომლის გვერდითაც იყო. თითქმის შეუყვარდა, ოჯახიდან წამოსვლასა და მასთან მთელი ცხოვრების გატარებას გეგმავდა.
საკმაოდ გვიანი იყო, როცა ლაბორატორიიდან დაურეკეს. მისი ეჭვები დადასტურდა. გული ყელში მოებჯინა, სუნთქვა უჭირდა. წამოხტა და აივანზე გავიდა. როგორმე უნდა დამშვიდებულიყო, რომ ახლა მაინც არ შეშლოდა რამე.
***
  მარიშკამ იმ დღეს პირველად უყვირა ბავშვებს და თავისი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინა. ტყუპებს ჯერ გაუკვირდათ, მერე სავარძელთან შეიყუჟნენ და იქიდან შესცქეროდნენ დამფრთხალი თვალებით, სიბრაზისგან აჭარხლებულ ქალს. მარიშკას გაცოფება სატელეფონო ზარს უკავშირდებოდა. გოგამ დაურეკა სანატორიუმიდან და უთხრა, რომ ვიღაც ოფიციალური პირი სოფიას მდგომარეობით დაინტერესდა.
– იდიოტო, ოფიციალური პირი რას ნიშნავს? წესიერად ვერ გაარკვიე, ვინ იყო? რას ნიშნავს, ვერ შეძელი? მაგიტომაც ხარ იდიოტი. უნდა მცოდნოდა, რომ ვერაფერს მოაბამდი თავს. ახლა მირეკავ და მეუბნები, შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დადგესო? იცოდე, ასე იოლად ვერ გამოძვრები ამ საქმიდან. შენ კიდევ არ იცი, როგორი საშიში შეიძლება, ვიყო... არ მაინტერესებს, ერთ საათს გაძლევ. ყველაფერი უნდა ვიცოდე, რა აინტერესებდა იმ კაცს, საერთოდ ვინ იყო და რა ინფორმაცია მიაწოდეს... მოიცადე, შენ ახლა რას მეუბნები, ჩემი მედიკამენტი გაქრა? გოგა, დებილი ხარ? შენ ვერც კი წარმოიდგენ, ეგ რას ნიშნავს. რა აფთიაქში უყიდი, იდიოტო?! როგორ შეიძლებოდა, შენი იმედი მქონოდა. გოგა, გაფრთხილებ, ამ საქმეში შენც ჩემ გვერდით ხარ და გაგიყოლებ კიდეც... იმიტომ, რომ დებილი ხარ... წადი, წადი და მოძებნე ის ფლაკონი, მოძებნე და იპოვე! ეს ბრძანებაა!
– მარიშკა, რა ხდება? ვის უყვირი?
ქალი შემობრუნდა და რეზის ნაძალადევად გაუღიმა.
– ასე ადრე ადექი? ბავშვებმა გაგაღვიძეს? გეუბნებოდით, არ იხმაუროთ-მეთქი. ზოგჯერ ისეთი უმართავები არიან...
რეზიმ უკმაყოფილოდ შეხედა.
– მარიშკა, მეორედ აღარ თქვა ჩემს შვილებზე ასეთი საზიზღრობა და აღარასდროს დაუყვირო.
– ჰო? ანუ, მე არაფრის უფლება არ მაქვს? სულ არაფრის? მხოლოდ მათი დორბლიანი პირი უნდა მოვწმინდო და შენიშვნაც ვერ უნდა მივცე? არა, ასე არ გამოვა. ძალიან ხომ არ ათამამებ? მე კი არაფრად მაგდებ.
რეზი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გაცეცხლებულ ქალს, მაჯაში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.
– ახლა მომისმინე, მე შენთვის არ მითხოვია ჩვენზე ზრუნვა. თავად გამოიჩინე ინიციატივა. აქ შენი პრინციპები არ გამოგადგება. არც იფიქრო, რომ ის, რაც ჩვენ შორის წუხელ მოხდა, რამეს შეცვლის. ჩემი შვილები ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იქნება და თუ აქ ყოფნას აპირებ, ამას უნდა შეეგუო. არა, კი არ უნდა შეეგუო, მოცემულობად უნდა მიიღო. ჯერ ისევ სოფიაა ჩემი ცოლი. მადლობელი ვარ, ჩემს დახმარებას რომ ცდილობ, მაგრამ მას ვერასდროს შემიცვლი. მით უმეტეს, ბავშვებს. ამიტომ თავი ხელში აიყვანე და ჩემს შვილებს ცხოვრებას ნუ დაუმძიმებ. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, წადი, მე გავიგებ...
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3