კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 უყვარს, როცა კლავს

რიჩარდ მატისონი

  ის უკვე ოცდაცამეტი წლის იყო, მაგრამ მამაკაცებთან ურთიერთობა არ გამოსდიოდა. უფრო სწორად, ბოლომდე ვერ მიჰყავდა. მაგრამ ამას ხან საკუთარ უიღბლობას აბრალებდა, ხანაც იმას, რომ ჯერაც ვერ გამოვიდა დედიკოს „მფარველი“ კალთიდან. ბოლო შემთხვევის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონდა და პატარა, მყუდრო ბინა იქირავა, ისეთი, მის გემოვნებას რომ შეეფერებოდა. ბოლომდე მშვიდად მაინც ვერ იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა დედა პრეტენზიული ტონით ურეკავდა და კატეგორიულად სთხოვდა, უფრო სწორად, მოითხოვდა, მასთან მისულიყო. ეს ზარები ყოველთვის აფორიაქებდა და წონასწორობას ურღვევდა.
– გამარჯობა, დედა...
– შენ ისევ სახლში ხარ? არ წამოსულხარ?
– დედა, ხომ გითხარი, რომ არ მოვიდოდი. არტურს ვხვდები. დღეს მისი დაბადების დღეა.
– არტური? ეს კიდევ ვინღაა. ახალი საყვარელი გაიჩინე? როგორი ძუკნა ხარ, რამდენჯერ გითხარი, არცერთი მამაკაცი არ უნდა დააყენო დედაშენზე წინ. მე ერთადერთი ვარ. კაცები კი; მოდიან და მიდიან. ეგ შენი არტურიც მიგატოვებს. აი, ნახავ...
– დედა, ასე ნუ ლაპარაკობ, – ელვირამ იგრძნო, როგორ აევსო გული წყენით, თვალებზე კი ცრემლი მოადგა. ძალიან უნდოდა, რომ ამჯერად მაინც სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი. არტური სხვებს არ ჰგავს, ვუყვარვარ, პატივს მცემს, კარგი ადამიანია...
– კარგი ადამიანი? ჰა, ჰა... როგორი გულუბრყვილო ხარ, მიამიტი და სულელი. იცოდე, ისევ გეტკინება გული, –  დედა გაჩუმდა.ელვირამ ზუსტად იცოდა, რას ფიქროქბდა ის. შემთხვევით არ დაურეკავს სწორედ ახლა.
– დედა, მე მომწონს არტური. დღეს კი, მისი დაბადების დღეა, უკვე საჩუქარიც ვუყიდე.
– საჩუქარი... ჰმ, ჩემთვის არასდროს გიყიდია საჩუქარი.
– დედა, ამას როგორ ამბობ. კვირაში ორ დღეს შენთან ვატარებ. დღეში რამდენჯერმე გირეკავ. მეც ხომ მინდა, მქონდეს პირადი ცხოვრება.
– დღეს ჩვენი დღე იყო – ხუთშაბათი ჩვენი დღეა.
– ხვალ მოვალ, დედა, რა მნიშვნელობა აქვს.
– რამდენი რამე არ გესმის, ელვირა. პირველკლასელივით იქცევი. ესე იგი, ვერაფერი გასწავლე.
ელვირას ხელები აუკანკალდა. როგორ უნდოდა, ყურმილი აპარატზე დაეხეთქებინა, დედასთან მივარდნილიყო და ისტერიკა აეტეხა. რაც ხელში მოხვდებოდა, დაემტვრია, ეყვირა, ეწივლა და პასუხი მოეთხოვა იმ ყველაფრისთვის, რაც მის ცხოვრებაში ცუდი ხდებოდა.
– დიდი ხანია, ხვდები არტურს? – ისევ გაიგონა დედის პრეტენზიული ხმა.
– ერთი თვეა.
– ჩემთვის კი არაფერი მოგიყოლია.
– დედა, ჯერ ისეთი არაფერი ხდება, ვაპირებდი მოყოლას. კარგი ადამიანია-მეთქი. ეთნოგრაფიით არის გატაცებული. საინტერესო რაღაცებს მიყვება ხოლმე აფრიკულ ტომებზე.
– სულელი, სულელი პირველკლასელი...
ელვირას ყურმილი შერჩა ხელში. ხალისი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჰქონდა, როცა მეხუთე ავენიუზე საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქარს არჩევდა, უკვალოდ გაუქრა. მისი გული მოთუხთუხე ვულკანს ჰგავდა. გრძელი, შეფუთული კოლოფი დივანზე მიაგდო და სამზარეულოში გავიდა. მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინო იდგა. იქვე იდო გრძელი დანა და ნამცხვრებით შავსე ყუთი. არტურს შეუთანხმდა, რომ მის დაბადების დღეს ჯერ სახლში აღნიშნავდნენ, მერე კი სადმე, კლუბში წავიდოდნენ და დროს დილამდე ერთად გაატარებდნენ.
„ღმერთო... დედა, რატომ უნდა დამთავრდეს ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც შენ გინდა“. ელვირამ სიმწრით მომუშტა ხელები და სასოწარკვეთით დაიგმინა. მერე დიდხანს იდგა ცხელი შხაპის ქვეშ. როცა ფუმფულა ხალათში გახვეული სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, უკვე ბინდდებოდა. სააბაზანოდან ისევ ისმოდა წყლის ხმაური. ელვირა დივანზე დაჯდა, ტელეფონი აიღო და დარეკა?
– არტურ, – თქვა ტირილნარევი ხმით და გაჩუმდა.
– გასეგებია, ელვირა, ისევ დედაშენი ცდილობს შენზე იმბრძანებლოს. ეს უნდა დასრულდეს. მე ახლავე მოვალ და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით.
– ჰო, მაგრამ დედაჩემის გრძნობებსაც უნდა ვცეთ პატივი.
– გავიგე, თუმცა უკვე დიდი გოგო ხარ და გრძნობები შენც გაქვს.
– ის დედაჩემია.
– მე უკვე მოვდივარ, ელვირა და ჩვენ შესანიშნავად გავატარებთ დროს. დღეს ჩემი დაბადების დღეა.
– ჰო, ვიცი, მაგრამ...
– არავითარი მაგრამ. მე აღარ დავუშვებ, რომ ასე მოგექცეს. ისედაც ბევრის უფლება მიეცი.
ელვირამ გულში ტკივილი იგრძნო. თითქოს ვიღაცამ პაწაწინა, მაგრამ საკმაოდ ბასრი შუბი უჩხვლიტა. უნდოდა, მთელი ხმით ეყვირა: გთხოვთ, დამეხმარეთ, დამეხმარეთ... საკუთარ თავთან ბრძოლაში ყოველთვის მარცხდებოდა. ისევ ტკივილი და განცდა იმისა, რომ არაფრის შეცვლა არ შეეძლო. თავში ნელ-ნელა მომწიფდა აზრი: „მე ის ვარ, ვინც კლავს და ეს სულ ასე იქნება... იმიტომ, რომ დიდი ხანია, მეც მკლავენ“...
კარი ისე გაიღო, ელვირას არაფერი გაუგონია. დივანზე იჯდა, ხელში დანა ეჭირა და თვალებში „ყინული“ ჩასდგომოდა. არტური ფრთხილად მიუახლოვდა.
– ელვირა, ელვირა...
ქალს თითქოს არ ესმოდა. არტური ცოტა დააფრთხო მისი სახის გამომეტყველებამ. სცადა, როგორმე გამოერთმია დანა, მაგრამ ელვირაში წარმოუდგენელი მეტამორფოზა მოხდა, რომელსაც კაცი ვერაფრით წარმოიდგენდა. ელვირა წამოხტა, დანიანი ხელი მოიქნია და არტურს რამდენიმე სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. დანა მხოლოდ მაშინ გადააგდო ხელიდან, როცა დარწმუნდა, რომ კაცი აღარ სუნთქავდა. ტვინი დაცხრა, ყველა კუნთი მოეშვა და ელვირას მზერა ისეთი მშვიდი გაუხდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. სისხლიანი ხელები საგულდაგულოდ დაიბანა, არტურის გვამს გულგრილად გადააბიჯა და ტელეფონის ყურმილი აიღო.
– დედა, ეს მე ვარ – ელვირა. მაპატიე, რომ ასე მოვიქეცი, მინდა, დღევანდელი საღამო შენთან ერთად გავატარო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დამაგვიანდა... ერთი ბოთლი ღვინო და ნამცხვარი მაქვს, მოვალ და ჩვენი განსაკუთრებული სიახლოვე აღვნიშნოთ...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3