კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვინ გამოუხტა მოსაკლავად კოტე დაუშვილს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  კოტე დაუშვილი – ეს სახელი და გვარი ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. „ნატვრის ხე“, „ვინ შეკაზმავს ცხენს?“, „ზღვის შვილები“, „ხევსურული ბალადა“, „შეხვედრა მთაში“... მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი ციციკორეა „ნატვრის ხიდან“. თვითონ არასდროს უყურებდა იმ ფილმებს, სადაც მონაწილეობდა, რადგან საკუთარი თავი ეკრანზე არასოდეს მოსწონდა. დღეს მე, ქართულ კინოში ამ, ერთი შეხედვით, ყველაზე მკაცრი გარეგნობისა და ბუნების მქონე ქართველი მსახიობის დღიურებს გადაგიშლით. მისი საინტერესო ცხოვრებიდან გაიგებთ, როგორი იყო სინამდვილეში კოტე დაუშვილი და საერთოდ, როგორები იყვნენ ჩვენი გენიალური მსახიობები ეკრანს მიღმა.   
  სამართლიანი, ალალი, მიმნდობი და ბავშვივით გულუბრყვილო – ასეთი იყო მსახიობი. სწორედ ერთ-ერთი ჩხუბის კვალი ეტყობოდა სახეზე – ერთ-ერთი ჩხუბის დროს წარბი დაიზიანა და ეს დაღი მას მთელი ცხოვრება ამ უსიამოვნო შემთხვევას ახსენებდა. მსახიობი ბაქოში დაიბადა, თბილისში გაიზარდა და აქ ეზიარა კინოსა და თეატრის ჯადოსნურ სამყაროს... (წყარო: artinfo) კოტე დაუშვილი ხელოვნების მიმართ ინტერესს ბავშვობიდან ავლენდა და დასთან ერთად, მხატვრობით იყო გატაცებული. საბოლოოდ მისი და ამ პროფესიას გაჰყვა, სხვადასხვა გამომცემლობაში წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა, კოტემ კი მსახიობობა გადაწყვიტა. მსახიობობა პირველ სკოლაში სცადა, სადაც დრამწრეში დადიოდა. 18 წლის იყო, როცა სხვადასხვა სპექტაკლში იწვევდნენ და ისიც უდიდესი სიამოვნებით თამაშობდა. პირველი თეატრი, სადაც მისი სამსახიობო ნათლობა შედგა, წითელი არმიის ქართული თეატრი იყო. სამი წლის განმავლობაში მან იქ დაუვიწყარი დღეები გაატარა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა. პირველი პროფესიული სკოლა კოტე დაუშვილმა რეჟისორ შოთა მანაგაძესთან გაიარა, რომელიც წითელი არმიის ქართული თეატრის ხელმძღვანელი იყო. მარჯანიშვილის თეატრში მსახიობი სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში, მოხვდა. თეატრის ერთ-ერთი ვარსკვლავი უშანგი ჩხეიძე ავად გახდა და ის სპექტაკლებში კოლეგებმა შეცვალეს. დუბლიორ მსახიობთა შორის კოტე დაუშვილიც აღმოჩნდა. ამ თეატრში, სადაც ის პირადად კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია, მსახიობმა რამდენიმე წელი იმუშავა. თეატრთან ერთად კოტე
დაუშვილის ცხოვრებაში კინოც შემოიჭრა... მთლიანობაში, კოტე დაუშვილმა 50-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. კინოთი გატაცება მსახიობს ძვირი დაუჯდა. თეატრში ისარგებლეს კოტე მარჯანიშვილის მოსკოვში მუშაობით და რეპეტიციების გაცდენის მიზეზით, მსახიობი თეატრიდან გაუშვეს. თბილისში დაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა მაშინვე მოიკითხა მსახიობი და როცა რეალური მიზეზი გაიგო, თეატრის ხელმძღვანელობას მისი თეატრში დაბრუნება მოსთხოვა. კოტე დაუშვილი თეატრში ნამდვილად დააბრუნეს, მაგრამ კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ისევ დაითხოვეს. მსახიობის ცხოვრების შემდეგი ეტაპი ბაქოსთან არის დაკავშირებული, სადაც ქართულ თეატრში იმუშავა. მონატრებამ თავისი ქნა და საყვარელი საქმით აქტიურად დაკავებულმა კოტე დაუშვილმა უარი თქვა ყველაფერზე და სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მან მუშაობა კინოსტუდიაში დაიწყო, თუმცა მეგობრები და მეუღლე დაჟინებით სთხოვდნენ, თეატრს დაბრუნებოდა. მართალია, მსახიობს ეს არ უნდოდა, მაგრამ მათ თხოვნას ანგარიში გაუწია და მარჯანიშვილის თეატრში მივიდა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც კინოზე გააკეთა და თეატრზე კი უარი განაცხადა. მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე ქართული კინოს ერთგული დარჩა და ისეთი სახეები შექმნა, რომელთა დავიწყებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია... პირველად მსახიობი 23 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე ქეთევან თაქთაქიშვილი იყო. მათ ერთი შვილი შეეძინათ, ჯანგირი – პროფესიით სამხედრო ინჟინერი. მეორედ კოტე დაუშვილი ქეთევან კეთილაძეზე დაქორწინდა. მასთანაც ერთი შვილი ეყოლა  – გივი.
  კეთილი, მეგობრული და ადამიანთა მოყვარული – ასე ახასიათებენ კოტე დაუშვილს კოლეგები. მსახიობთან დაახლოებულ ადამიანებს კარგად ახსოვთ მისი მასპინძლობა. სახლის სარდაფში მარანი მოაწყო, ღვინო დაწურა, არაყი და კონიაკიც გამოხადა, რომელსაც თავისი სახელისა და გვარის პირველი ასოების გამოყენებით „კადე“ დაარქვა, სპეციალური ზარიც ჰქონდა, როცა დარეკავდა, სტუმრებისთვის ზემოდან მის მეუღლესა და ოჯახის წევრებს ჯამ-ჭურჭელი და კერძები ჩაჰქონდათ.
თენგიზ არჩვაძე იხსენებს:
  „როცა ხევსურეთში ფილმებს – „ხევსურული ბალადა“ და „შეხვედრა მთაში“ – ვიღებდით, კოტეს ვერავინ არჩევდა ხევსურებისგან. გადაიცვამდა იმათ ტანსაცმელს, ახოვანი ისედაც იყო, მოახტებოდა უბელო ცხენს და დააჭენებდა. სიყვარულით ყველას „მამუკას“ გვეძახდა, ასე მამაშვილურად გვეფერებოდა. ჩვენც, მასზე უმცროსები, ასეთივე სიყვარულით მივმართავდით. ხომ ასეთი ახოვანი და ბრგე იყო, ისეთი ჩვილი გული ჰქონდა, პატარა რამეზე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე. ძალიან უყვარდა, როცა სხვებზე ზრუნავდა, სულ ერთი იყო, სად ვიყავით – მასთან სახლში, გადაღებაზე, ბარში თუ მთაში. დაიკაპიწებდა ხელებს და ცოტა ხანში ისეთ საჭმელს მოგვიმზადებდა, ნებისმიერ კარგ მზარეულს შეშურდებოდა. სხვათა შორის, ჩობან-ყაურმა მისგან ვისწავლე. მთაში ვიყავით გადაღებაზე და გვითხრა, თბილისიდან სტუმრები ჩამოდიან და კარგად მოვემზადოთო. მართლაც ბიძინა კვერნაძე და პეტრე გრუზინსკი გვესტუმრნენ. ღვინის შოვნა მე დამავალა, თვითონ კი ცხვარი დაკლა, მერე მისივე ტყავში დაჭრილი ხორცი, მწვანილი და ხახვი შეახვია, ნაკვერჩხლიან ორმოში ჩადო და რამდენიმე წუთში ჩობან-ყაურმა გვაჭამა. წარმოშობით შქმერიდან იყო. კარგა ხნის ურთიერთობის მერე გავუთამამდი და ვეხუმრებოდი, რაჭაში სამი რამე მოდის და ხარობს, კარტოფილი, მოჭიდავეები და არტისტები-მეთქი. კინოსტუდიაში ხუმრობით „რაჭფილმი“ შევქმენით, რომლის წევრებიც გახლდით: ალე ომიაძე, კოტე დაუშვილი, ოთარ კობერიძე, ზურაბ ქაფიანიძე და მე. კოტეს უსაზღვროდ უყვარდა თავისი შვილები. მეორე მეუღლე, ქეთევანი რომ გარდაეცვალა, ძალიან განიცადა. მერე თვითონაც ავარიაში მოყვა, ფეხი მოიტეხა, კარგა ხანს მკურნალობდნენ. ერთბაშად მოტყდა. ეტყობა, ქეთევანის წასვლამ იმოქმედა ასე მძიმედ, თორემ ავარია და ფეხის ტკივილი რას დააკლებდა?!  72 წლისა გარდაიცვალა.“
  ფილმი „მდინარის გაღმა“ სვანეთში გადიღეს. კოტე ცხენზე ამხედრებული, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და თოფგადაკიდებული გადასაღებ მოედნისკენ მიდიოდა. უცებ ბუჩქებიდან ვიღაც გადმოუხტა და შესძახა: გაჩერდი, თორემ გესვრი! თურმე, ის კაცი მოსისხლე მტერს მოსაკლავად ელოდა, რომელსაც ცხენით უნდა გამოევლო და კინაღამ მსახიობი მოკლა.

скачать dle 11.3