კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ აღზარდა ჯემალ გოკიელმა მსოფლიო ვარსკვლავები და რას წერდა მასზე ამერიკელი პიანისტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  წელს გამორჩეული ქართველი დირიჟორის – ჯემალ გოკიელის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა. იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, გადაიდო. დიდი დირიჟორის ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ კი ჩვენს მკითხველს მისი შვილი – მთარგმნელი გია გოკიელი უყვება.
  გია გოკიელი: მამა – ჯემალ გოკიელი 1920 წელს დაიბადა ქუთაისში, მუსიკოსების ოჯახში. მის დედას პეტერბურგის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, ფორტეპიანოს სპეციალობით. მამა კი – ვანო გოკიელი, ცნობილი  კომპოზიტორი,  საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართული სიმფონიური მუსიკის სათავეებთან იდგა და მოგვიანებით კონსერვატორიის რექტორიც გახლდათ. ჩვენი შორეული წინაპრები იტალიიდან წამოსული მისიონერი კათოლიკეები იყვნენ. თავდაპირველად სამხრეთ საქართველოში დასახლებულან, სოფელ გოკიოში და ჩვენი გვარი – გოკიელიც აქედან მოდის. ვაჭრობითა და ოქრომჭედლობით იყვნენ დაკავებული. დიდი ბაბუა, რაფიელ გოკიელი,  პირველი გილდიის ვაჭარი ყოფილა, რომელიც საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა,  სტამბოლში ქართული კათოლიკური ეკლესიისა და საკვირაო  სკოლის დაარსებაში მიუღია მონაწილეობა. მამას ძალიან ადრე გამოუმჟღავნებია მუსიკის ნიჭი და სიყვარული, ბავშვობიდან უკრავდა ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის ორღანზე. ათი წლის იქნებოდა,  ოჯახი თბილისში რომ  გადმოსახლდა.
– მამათქვენის წარმატებები როდიდან დაიწყო?
– მამამ მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. მოსკოვისა და თბილისის კონსერვატორიებში სწავლობდა ძალიან ცნობილ პედაგოგებთან: გაუკთან, სტოლიაროვთან და ოდისეი დიმიტრიადისთან. ომი რომ დაიწყო, ჯარში გაიწვიეს და თეირანში მსახურობდა, სადაც სამხედრო ორკესტრის დირიჟორობა ებარა. მაგრამ  იქ რაღაც მძიმე ინფექციური დაავადება შეეყარა და სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ 15 წლის ბიჭი იყო, როდესაც ევგენი მიქელაძის მოწაფე გახდა. სწორედ მისგან ისწავლა დირიჟორის ხელოვნების საიდუმლო.
– დღეს ჯემალ გოკიელს იცნობენ, როგორც სახალხო არტისტს. ეს პერიოდი როდის დადგა მის ცხოვრებაში?
– სახალხო არტისტის წოდება 1980 წელს მიიღო.  მისი, როგორც დირიჟორის, პროფესიული კარიერა კი 1948 წლიდან დაიწყო და 1991 წლამდე მუშაობდა ჯერ თბილისის ოპერაში, შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე სცენაზე იდგა და საკუთარ საქმეს ემსახურებოდა. მთავარ დირიჟორად არასდროს დაუნიშნავთ, მაგრამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ეკავა. პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა – თბილისის კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ასწავლიდა  სტუდენტებს.
– იმ დროის უმთავრესი ფიგურა იყო პოდიუმზე. რა ემოციებით იხსენებდა იმ პერიოდს?
– მას იმ პერიოდში მოუწია დირიჟორობა, როცა სიმფონიური ორკესტრი ძალას იკრებდა, რაც თავისთავად, ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა, მამა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას და ტალანტების აღმოჩენას. დიდ სცენაზე ბევრი მუსიკოსის გზის გამკვალავი იყო, მათ შორის, მარინე იაშვილის, ლიანა ისაკაძის, ელისო ვირსალაძის... იმ პერიოდში თითქმის  ყველა სახელგანთქმული ინსტრუმენტალისტის დებიუტი სიმფონიურ ორკესტრთან მისი ხელმძღვანელობით შედგა. მაგალითად, ელისაბედ ლეონსკაიას დავასახელებ, რომელიც შემდგომში მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. ეს გახლავთ დღესაც მოქმედი პიანისტი, რომელიც რიხტერთან ერთად დუეტში უკრავდა. შემდეგ ავსტრიაში გადასახლდა და  მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებული  პიანისტი გახდა. მამა უდიდეს ვარსკვლავებთან თანამშრომლობდა, როგორც შემსრულებლებთან, ისე კომპოზიტორებთან. დავასახელებ იმავე სვიატოსლავ რიხტერს, ლევ ობორინს, ჰენრიჰ ნეიჰაუზს, ჯონ ბრაუნინგს, ბრიჟიტ ანჟერერსა და სხვებს. მეგობრობდა დიმიტრი შოსტაკოვიჩთან, მისი ყველა სიმფონია აქვს აჟღერებული და შოსტაკოვიჩს ძალიან მოსწონდა მამას მიერ შესრულებული მისი ნაწარმოებები.
– მისი ურთიერთობებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო საზღვრებს გასცდენოდა. თუმცა საბჭოთა რეალობა, ბუნებრივია, ამის საშუალებას არ მისცემდა.
– არაერთი შემოთავაზება, მოწვევა მიუღია სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა,  ხელისუფლება უმალავდა. მამა არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი. პრინციპულად არ უნდოდა იქ შესვლა და იმ დროს, ასეთ ადამიანებს მაინცდამაინც არ სწყალობდნენ. ამიტომ დაიწყო მისი შევიწროება და იგნორირება. მაშინ საზღვარგარეთის გასტროლების შესახებ გადაწყვეტილებებს მოსკოვში იღებდნენ – „გოსკონცერტში“. კარგი გასტროლის დამსახურებისთვის დიდი მფარველი იყო საჭირო, რომელიც „გაგქაჩავდა“ და ცხადია, კომუნისტებთან ძალიან დიდ მეგობრობაში უნდა ყოფილიყავი. ამის მიუხედავად, მამამ მაინც სამჯერ „გააღწია“ სოციალისტურ ქვეყნებში: პოლონეთში, იუგოსლავიასა და რუმინეთში, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ერთ-ერთი ასეთი მოწვევა დანიის სამეფო ორკესტრიდან მიუღია, მაგრამ იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა დაუმალა.  
– სოციალურ ქსელში წერდით: ამერიკელი პიანისტის შეფასებებით მამა ძალიან ამაყობდაო.
– დიახ. საბჭოთა კავშირში ამერიკელი პიანისტის გასტროლების სერია მოეწყო და ერთ-ერთი კონცერტი საქართველოშიც გამართა. საპასუხისმგებლო კონცერტებს თითქმის ყოველთვის მამას ანდობდნენ ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც და მათი თანამშრომლობა შედგა. ეს პიანისტი იყო გრანტ იოჰანესენი. იმ დროს  გამოდიოდა ჟურნალი „ამერიკა“, რომლის ხელში ჩაგდებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, მამაჩემს შეატყობინეს, რომ ამ ჟურნალში მასზე გრანტ იოჰანესენი წერდა, რაც მამასთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი  იყო. ეს ხომ არ იყო შეკვეთილი მასალა, ამ ადამიანმა მამასთან თანამშრომლობის შემდეგ, საკუთარი სურვილით მოინდომა ძალიან თბილი სიტყვებით ეხსენებინა იგი. წერდა: დირიჟორი ჯემალ გოკიელი უსაზღვროდ ნიჭიერი, აშკარა რომანტიკოსების აწ თითქმის გადაშენებული თაობის წარმომადგენელია  და მასთან თანამშრომლობა უდიდესი სიამოვნებაა, ბევრჯერ დაკრულ და გაცვეთილ ნაწარმოებებს სრულიად ახალი სული შთაბერა და იმედი მაქვს, ახლო მომავალში, გოკიელს შეერთებულ შტატებში ვიხილავთო.
  აღსანიშნავია ისიც, რომ მამას არაჩვეულებრივად ეხერხებოდა არანჟირება. არანჟირება, ანუ საორკესტრო ხმების ინსტრუმენტებზე განაწილება, ძალიან რთული ხელოვნებაა: კომპოზიტორები მამას აბარებდნენ ხოლმე ამ საქმეს, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც იყო.
– მან ძალიან დაგაახლოვათ საკუთარ სამყაროსთან. ალბათ, კულისებში გაზრდილ ბავშვებად რომ მოიხსენიებიან, ზუსტად ამ კატეგორიას მიეკუთვნებით.
– დიახ. გარდა ამისა, ძალიან ხშირად დავყავდი გასტროლებზე და ორკესტრის ყველა წევრს  ვიცნობდი. ეს სამყარო ჩემთვის მეორე სახლივით იყო. ზოგჯერ უცხოელი მუსიკოსები წვრილმან სუვენირებს მჩუქნიდნენ, როგორიც მანამდე არ მენახა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით და ძალიან ვამაყობდი ამ უცხო ნივთებით – ბლოკნოტი იქნებოდა თუ საწერი კალამი. პატარა რომ ვიყავი და მამა პოდიუმზე იდგა, მე ძალიან განვიცდიდი. პოდიუმი სცენის კიდესთან იდგა, მამა რომ დირიჟორობისას ემოციებში შედიოდა, ქუსლით უკვე ამ კიდეს აბიჯებდა და ძალიან მეშინოდა, არ გადმოვარდნილიყო. მაშინ არ იყო ისეთი ბარიერები, როგორიც დღესაა (იცინის).
– თქვენს პროფესიულ არჩევანზე რამდენად მოახდინა გავლენა მამის საქმიანობამ?
 – მამას არ უნდოდა, რომ მე მუსიკოსი გამოვსულიყავი, ძალიან უმადური და ინტრიგებით სავსე საქმეაო, ამბობდა და ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა. ამბობდა იმასაც, რომ მუსიკით თავის გატანა ძალიან რთული იყო. არ უნდოდა ეს ხვედრი საკუთარი შვილებისთვის. ამიტომ პატარა ხრიკს მიმართა. თავის მეგობართან მიმიყვანა, რომელიც არ იყო ძლიერი პედაგოგი, არც ყურადღებიანი და ფაქტობრივად, შემაძულა მეცადინეობა. ასე რომ, ჩემი სურვილით გამოვედი მეოთხე კლასის შემდეგ. ახლა ძალიან ვნანობ, არცერთ ინსტრუმენტზე დაკვრა არ ვიცი. არადა, არაჩვეულებრივი იქნებოდა, კარგი მუსიკალური განათლება მქონოდა ან თუნდაც, ჩემთვის მაინც მცოდნოდა რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა. პროფესიად ფილოლოგობა და მთარგმნელობა ავირჩიე. ინგლისური ენიდან ვთარგმნი, უმთავრესად კლასიკურ და  საბავშვო პოეზიასა და პროზას.
– არც თქვენმა შვილებმა აირჩიეს მუსიკალური კარიერა?
– ჩემგან განსხვავებით, ოჯახური ტრადიცია ჩემმა შვილებმა გააგრძელეს. ეტყობა, ჩვენი გვარისგან მათაც გამოჰყვათ ნიჭი. ჩემი სამი შვილიდან ორი წარმატებული მუსიკოსია. მათგან უფროსი – ანანო გოკიელი პიანისტი და არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გახდა გიოტინგენის შოპენის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. შემდეგ სანკ-პეტერბურგის საფორტეპიანო დუეტების კონკურსში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა ბეთჰოვენის კონკურსში გამარჯვება ლონდონში, მხატვრული სიმღერის საერთაშორისო კონკურსზეც გაიმარჯვა შვეიცარიელ პარტნიორთან ერთად ბერლინში. ჰქონდა საკონცერტო ტურნეები მსოფლიოს წამყვან სცენებზე, როგორიცაა ბერლინის ფილარმონია, ლონდონის უიგმორ ჰოლი და სხვა. სოლისტად იყო მიწვეული ჩილეს, არგენტინისა და პერუს ეროვნულ ორკესტრებთან.  სწავლობდა გლაზგოს სამეფო კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და ჰანს აისლერის კონსერვატორაც დაამთავრა. მეორე შვილი – ელისაბედი ფლეიტისტია. განათლება მანაც  გერმანიაში მიიღო, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა, მასტერკლასები ევროპის წამყვან პედაგოგებთან გაიარა. მისი ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ აირჩიეს გუსტავ მალერის ახალგაზრდულ ორკესტრში, რომელიც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდული ორკესტრია და რომელსაც ყოველწლიურად დიდი საორკესტრო ტურნეები აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო დარბაზებში. შესაბამისად, იქ მოხვედრა ახალგაზრდა მუსიკოსისთვის ძალიან დიდი წარმატება და უდიდესი პატივია. ელისაბედი ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დამკვრელი პირველი მუსიკოსია საქართველოდან, ვინც ამ ორკესტრში მოხვდა. მუსიკოსია ჩემი დისშვილიც – ელენე ხონელიძე, კერძოდ,საოპერო მომღერალი. ელენე ბერლინისა და მიუნხენის აკადემიებში სწავლობდა. წელს დებიუტი ჰქონდა აუსბურგის დიდ საოპერო სცენაზე მენოტის ოპერა „კონსულში“.

скачать dle 11.3