კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 თემო საჯაია: როგორ შეიძლება ამათი დაქორწინება, ერთი გვარის არიანო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მომღერალი თემო საჯაია და მოდელი მარიტა ჯანაშია დაინიშნენ. მათი ურთიერთობა ნახევარი წლის წინ ტელევიზიაში დაიწყო და აგვისტოში ქორწინებით დაგვირგვინდება.
  თემო საჯაია: განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, საოცარი ხელის თხოვნები მინახავს. ეს, უბრალოდ, გულწრფელი ემოციები იყო, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, როცა ადამიანი გიყვარს. მგონია, რომ ყველა ქალი იმსახურებს იმ ბედნიერ წუთებს, რომელიც შენ შეგიძლია, აჩუქო. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
– განსაკუთრებით რა მოგწონთ და გიყვართ ერთმანეთში?
– რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, მე მართლა მჯერა მეორე ნახევრების არსებობის. შეიძლება, ძველმოდური ვარ, მაგრამ ასეა. მარიტა საუკეთესო ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.
მარიტა ჯანაშია: ადამიანი ხომ კარგი თვისებების გამო არ გვიყვარდება, ამის მიზეზი ამოუხსნელია. ამიტომ, ვერ ვიტყვი რატომ შემიყვარდა, მაგრამ თემო, ზოგადად, ძალიან კეთილი, თბილი და მზრუნველია, რაც არაა ხშირი. სულ რომ ჩემი საქმრო არ იყოს, ეს ის თვისებებია, რომელიც ადამიანში განსაკუთრებით დასაფასებელია და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა.
– „პოსტივიმდე“ იცნობდით ერთმანეთს თუ თქვენი ამბავი სამსახურეობრივი რომანი გამოდის?
თემო: არა, დეკემბერში ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი. მე უკვე იქ ვმუშაობდი, როცა მარიტა მოვიდა. მე ხომ მასზე ზემდგომ თანამდებობაზე არ ვყოფილვარ (იცინის). მაგრამ სამსახურეობრივი გამოდის. მთელი ჩვენი ურთიერთობა პანდემიის ფონზე განვითარდა და მთელი ქვეყანა რომ სახლში იჯდა, ჩვენ ვმუშაობდით. ამიტომ ძირითად დროს სამსახურში ვატარებდით, კაფეებიც კი არ იყო, რომ სადმე გვევლო.     
– როგორ დაიწყო ყველაფერი, პირველს ვის შეუყვარდა?
– პირველად რომ მოვიდა და გავიცანი, უკიდეგანოდ მომეწონა. იმ დღესვე მომინდა, რომ სულ ჩემთან ერთად ყოფილიყო. შოკური ეფექტი პირველივე შეხვედრისას მოახდინა ჩემზე. ამის შემდეგ, მარიტას ვირუსი ჰქონდა. დღემდე ეჭვი აქვს, რომ „კოვიდ 19“ გადაიტანა (იცინის). ამიტომ რამდენიმე კვირა აღარ მინახავს და ერთმანეთს გამოჯანმრთელების შემდეგ, იანვარში ისევ ეთერში შევხვდით. მალევე ჩამოგვიყალიბდა კარგი ურთიერთობა და საკმაოდ მალე გავერკვიეთ ჩვენს გრძნობებშიც. მარიტას მხრიდან შეიძლება, ოდნავ გვიან, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ძალიან მალე გაირკვა. თავიდან ვმალავდით ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ რაც უფრო ცდილობ რამის დამალვას, მგონი, მეტად იგებენ და აღმოჩნდა, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა (იცინის).
მარიტა: ყველაფერი თითქოს თავისით მოხდა. დავჯექით,  გადავწყვიტეთ – „მოდი, ერთად ვიყოთ“ მომენტი არ გვქონია. თავიდან როგორც კოლეგები, ისე ვიყავით, მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. თავიდან თანაწამყვანებმა მითხრეს, მგონი, ამ ბიჭს მოსწონხარო და მე „ტრიბუნა დავიდგი“, რას ლაპარაკობთ, ადამიანური აღარაფერი შეგრჩათ, ყველაფერში რაღაც უნდა დაინახოთ-მეთქი (იცინის). მერე მეც რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მართლა რაღაც იყო და ნელ-ნელა მეც იგივე დამოკიდებულება გამიჩნდა. თუმცა როდის მოხდა ეს, ვერ ვიტყვი. ყველაფერი ისე ბუნებრივად განვითარდა, თვითონაც ვერ გავაცნობიერე.
– ვინ უფრო რომანტიკულია? სოციალურ ქსელში თემო უფრო გამოხატავს გრძნობებს.
თემო: მარიტას, უბრალოდ, დიდად არ უყვარს საჯაროდ ასეთ თემებზე საუბარი. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, ოცდამეერთე საუკუნეში რა დროს რომანტიკა და ლექსებიაო, მაგრამ მე პირიქით მგონია. რატომაც არა, ბევრი ლექსი უნდა გიყვარდეს და ბევრი რომანტიკული სიმღერა. ბევრ, თუნდაც, დებილურ ამერიკულ მელოდრამასაც უნდა უყურო, რომ იქნებ გაგიღვიძოს რაღაც გრძნობები, რომელიც თითქოს დღეს გაყინულია. რატომაც არა? მე „არ მიტყდება“ გრძნობების გამოხატვა. შეიძლება, საჯარო სივრცეში ჩანს, რომ მე უფრო რომანტიკული ვარ, მაგრამ ეგრე არაა. მარიტაც ძალიან რომანტიკული ადამიანია.
მარიტა: როცა სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოების დადება და ლამაზი ტექსტების წერა დაიწყო ძალიან ამიჩუყდა გული, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო. თემო ძალიან რომანტიკულია და მეც – ანალოგიურად, მაგრამ სოციალურ ქსელში არ გამოვხატავ, საერთოდ არ ვარ აქტიური ამ სივრცეში.
– რატომ მალავდით თავიდან თქვენს სიყვარულს?
თემო: საერთოდ, ყველაფერი ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარეა. საქართველოში ხანდახან არ უყვართ, როდესაც სხვა ადამიანები არიან ბედნიერები ან წარმატებულები. ხშირად ძალიან დიდი ნეგატივი მოდის ხოლმე, რისი მიზეზიც ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ საწყის ეტაპზე გვერჩივნა, ასე მოვქცეულიყავით. როცა ყველაფერი საჯარო გახდა, უნდა ვთქვა ისიც, რომ პირიქით მოხდა. ხელის თხოვნის ვიდეოს ქვეშ კომენტარებს რომ გადავავლე თვალი, გამიკვირდა, იმდენად ბევრი დადებითი და კეთილი სურვილი იყო. ერთი-ორი კრიტიკოსიც გამოჩნდა, ერთი იმასაც წერდა, როგორ შეიძლება, ამათი დაქორწინება, ერთი გვარისები არიანო?! საჯაია და ჯანაშია ერთი გვარი ეგონა (იცინის). მაგრამ დადებითი ემოციების ზღვა იყო, რაც ძალიან მესიამოვნა.
მარიტა: ძალიან ემოციური მომენტი იყო, ყველა მეკითხება, იცოდიო? (იცინის) კომენტარებს საერთოდ არ ვკითხულობ ხოლმე, ემოციური ვარ და რამე ცუდი რომ ვნახო, ძალიან განვიცდი. ჩემდა გასაკვირად, ხალხს მართლა ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ერთი ადამიანი წერდა, თუ არ იცოდა, თეთრი კაბა რატომ ჩაიცვაო, არადა, ეს მართლა შემთხვევით მოხდა (იცინის). რეალურად, არაფერი ვიცოდი და გაკვირვებული ვიყავი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი და ლამაზი სიურპრიზი იყო.
– მარიტა გამოჩენის დღიდან საოცნებო გოგოა, თემო არ ეჭვიანობ?
თემო: თუ შენ იცი, რომ შენი შეყვარებული, საცოლე თუ ცოლი არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო არა მარტო საქართველოში, ვფიქრობ, სამყაროში, ობიექტურად აღიქვამ იმასაც, რომ ეს ადამიანი გარეგნულად სხვებსაც მოეწონებათ. თუ ეჭვიანობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ ენდობი, მაშინ ეგეთ ურთიერთობას საერთოდ არ აქვს აზრი. შესაბამისად, ამ კუთხით ეჭვიანი არ ვარ. ერთმანეთის ნდობა გვაქვს. როცა ადამიანს არ ენდობი და მაინც მასთან ერთად ხარ, ეს ავადმყოფური ურთიერთობაა. რა აზრი აქვს ერთმანეთის ნერვების გლეჯაში ცხოვრებას და მუდმივ საყვედურებს, იმას რატომ გახედე და ამას რატომ გამოხედე?! როცა დარწმუნებული ხარ, რომ ერთმანეთი გიყვართ და აღარ არსებობს არცერთი ქალი და კაცი დედამიწაზე ერთმანეთის გარდა, მაშინ ეჭვიანობაც არ არსებობს.
– ნახევარი წელი ბევრისთვის არაა დიდი დრო ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია და ფაქტია, რომ თქვენთვის საკმარისი აღმოჩნდა.
– მე ვიტყოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას თავიდანვე ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა. ამიტომაც არ ვამხელდით. ყველაფერი ინდივიდუალურია. უნივერსალური მოცემულობა, რამდენი ხანი სჭირდება ორ ადამიანს ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც დაოჯახება ჰქვია, არ არსებობს. მე მგონია, რომ მე და მარიტა ყველაზე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ყველაზე ახლობლები ვართ ერთმანეთისთვის. „შერეკილებში“ რომ არის: „ის ის იყო და მე მე ვიყავი“ – ეს მომენტი მაშინ ვიგრძენი, როცა გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო, მარიტას გარეშე ვყოფილიყავი. როცა ამას აცნობიერებ, ხვდები, რომ ცოტა და ბევრი დრო არ არსებობს. ეს არის გოგო, რომელსაც მინდა, მთელი ცხოვრება ვუყურებდე, რომელიც მინდა, რომ სულ ჩემ თვალწინ იყოს, გაღვიძების თუ დაძინების დროს. ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთად ვართ, ცალ-ცალკე არსად დავდივართ. ამას იძულებით კი არ ვაკეთებთ, ორმხრივი სურვილი გვაქვს ერთად ყოფნის. ნელ-ნელა ჩვენი სამეგობროებიც ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. კიდევ ერთი ნახევარი წელი რომ ვყოფილიყავით ერთად, ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა. ორივეს ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ვიღაცები ამბობენ, რა საჭიროა ოჯახი და ურთიერთობის გაოფიციალურება, ხელის მოწერა თუ ჯვრისწერაო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე შეიძლება, ძველმოდური ვარ ეგეთ საკითხებში, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს და რატომ არ უნდა დავიწერო ჯვარი? პირველ რიგში, ქრისტიანი ვარ და მწამს ჯვრისწერის. გარდა ამისა, ოჯახი მხოლოდ ერთად ცხოვრება არაა, ეს ბევრად მეტი ფასეულობაა და რატომ არ უნდა მქონდეს სურვილი, დავოჯახდე იმ ადამიანზე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს? მათიც მესმის, ვინც ამბობს, ოჯახი არაა საჭირო, ჯერ ხუთი წელი უნდა იცხოვრო ადამიანთან და მერე გადაწყვიტოო და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მე ასე მირჩევნია. ვისაც ისე ურჩევნია, ისე გაუმარჯოს.
  მარიტა: რომ ვიხსენებ, რომ რეალურად ექვსი თვეა გასული, თითქოს, არ მჯერა. მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ასაკიც მნიშვნელოვანია და ადამიანიც. როცა ადამიანმა ზუსტად იცის, რა უნდა და რისკენ და ვისთან ერთად უნდა მომავალში ნაბიჯების გადადგმა, მერე უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, რამდენი დროა გასული. რეალურად მოვლენები მართლა სწრაფად განვითარდა, მაგრამ მე და თემო ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ ვიცნობდი. აქამდე ვთვლიდი, რომ თუ ორ ადამიანს ერთად ცხოვრება უნდა, იცხოვრონ. რა საჭიროა ქორწილი და ხელის მოწერა?! ახლა ძალიან შემეცვალა წარმოდგენა. თემოც ისეთი ტიპია, მოგინდება მასთან ერთად ამ ყველაფრის გაზიარება. თანაცხოვრებაც აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ამ გზით წავედით და რატომაც არა?! შეგვეძლო ავმდგარიყავით და უბრალოდ, ცალკე გადავსულიყავით საცხოვრებლად, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ჯვარიც აუცილებლად უნდა დავიწეროთ. ორივეს ძალიან მოგვინდა ეს ყველაფერი.
– ოჯახური ცხოვრება როგორ წარმოგიდგენია?
– გუშინ ახალ წელზე ვსაუბრობდით და საცივის კეთების აზრზე არ ვარ-მეთქი, ვთქვი. შენ არ ხარ, მე ვარ და მე გავაკეთებო, მითხრა. საცივი ძალიან ელემენტარული მაგალითია. საჭმლის კეთება ხომ დეტალია, მაგრამ ოჯახურ ურთიერთობაში ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ ორივე ერთად უნდა ვიყოთ ამ ამბავში. როცა ყველაფერს გადავინაწილებთ, წესით, მარტივი უნდა იყოს.
– როგორ გეგმავთ ქორწილს?
– ეს არ იქნება სტანდარტული ქორწილი თამადით და დიდი სუფრით. აგვისტოს ბოლოს ძალიან ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს.
– კაბა?
– კაბა (იცინის). ორი კაბა მექნება, ორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იზრუნებს მათზე. აქედან ერთზე ჩემი მეჯვარე დიზაინერი – ლადო ბოკუჩავა და მეორეზე – ავთანდილი, რომლის ხელშიც დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა და ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მასთან ერთად გადავდგი.
P.S. სტატიაში გამოყენებული ფოტო ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.

скачать dle 11.3