კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გახდა მირანდა ჩხეტიანი ერთ-ერთი პირველი მეღვინე ქალი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშში ერთ-ერთი პირველი მეღვინე ქალი, მირანდა ჩხეტიანი ცხოვრობს. 35 წლის ფერმერს 700 ვაზის ნერგი აქვს გაშენებული და შემოდგომისთვის კიდევ 600-ის დამატებას აპირებს. ტვიშის „ცოლიკოურის“ განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოს მალე ამერიკის ბაზარზე დააგემოვნებენ. წარმატებული ფერმერი მამაპაპისეულ კარ-მიდამოში სრულიად მარტო ცხოვრობს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვაზის მოვლასთან და ღვინის დაყენებასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს საკუთარი ხელით აკეთებს. მან დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ კარგ ღვინოს მხოლოდ მამაკაცები აყენებენ და როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არაერთი აღიარება მოიპოვა.
  მირანდა ჩხეტიანი: ქუთაისში დავიბადე, თუმცა ყოველთვის ტვიშში ვცხოვრობდი, ბავშვობა და სკოლის პერიოდიც აქ გავატარე. სკოლას რომ ვამთავრებდი, ქალაქში უნდა გადავსულიყავი, მაგრამ სახლში ასაკოვანი ბებია გვყავდა, რომლის მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, ამიტომ მის მოსავლელად, საკუთარი სურვილით დავრჩი. ოთხი წლის წინ ბებია გარდაიცვალა და მშობლებისგან გაჩნდა მოთხოვნა, რომ ახლა მაინც დამეტოვებინა სოფელი. მეუბნებოდნენ, აქეთაც ვიცხოვრებდით და იქითაც, რატომ უნდა ვყოფილიყავი მარტო, მაგრამ არ დავთანხმდი. ისე მიყვარს ჩემი სოფლის სახლი, ეზო და ყველაფერი, რომ ვერ შეველიე. ასე შემოვრჩი სრულიად მარტო სოფელს, თუმცა ეს  ჩემი დიდი სურვილი იყო. რა თქმა უნდა, მშობლებიც მაკითხავენ პერიოდულად. 2013 წელს სოფელში გაკეთდა ვაზის სანერგე მეურნეობა, სადაც მუშაობა დავიწყე. ეზოში ბაბუას გაშენებული ვაზი გვქონდა და გადავწყვიტე, ნერგები ჩემს მიწაზეც დამერგო. პირველად 500 ძირი დავრგე. ყოველდღე ვუყურებდი, ჩემი დარგული ვაზი როგორ იზრდებოდა, ლამაზდებოდა და ძალიან შემიყვარდა ეს საქმე.
– მაღალმთიანი სოფლები დაცლილია მოსახლეობისგან, არ გიჭირს მარტო ცხოვრება?
– ბუნებრივია, მიგრაცია ჩვენს სოფელსაც შეეხო და არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი. ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, გზის არარსებობაა, რაც გადაადგილებას ართულებს. ჩვენთან  მკაცრი ზამთარი იცის და შეიძლება, ისე მოთოვოს, რომ გზა საერთოდ ჩაიკეტოს. თან, როცა მოსახლეობა არ არის, გზის გაკვალვაც არ ხდება. ისე, მარტო ცხოვრების და შიშის მომენტი არ მაქვს, ისე ვარ მიჩვეული ამ ყველაფერს, არანაირი დისკომფორტი არ მაწუხებს. მომწონს ჩემი ცხოვრება და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბებოს გარდაცვალების შემდეგ, ერთი, რაც ვიფიქრე, უცხოეთში ნათესავებთან წასვლა იყო, მაგრამ ვერ დავთმე აქაურობა და სხვაგან ფუფუნებას სოფელში დარჩენა ვარჩიე.
– ერთ-ერთი პირველი მეღვინე ქალი ხარ, როდის დაინტერესდი ამ საქმით?
– ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ვაზის მოვლის პროცესში. ბაბუას ჰქონდა ვენახი. მის დანატოვარ ძველ ვაზს მამა უვლიდა და  მე და ჩემი ძმაც ვეხმარებოდით ხოლმე. შესაბამისად, შეხება სულ მქონდა როგორც ვენახთან, ასევე ღვინოსთან. საკუთარი ვაზი 2013 წელს გავაშენე, მანამდე ბაბუას დარგულს და გაშენებულს ვუვლიდით. ამ ეტაპზე  700 ძირი ვაზი მაქვს და შემოდგომით 600 ძირის დამატებას ვაპირებ. თავიდან ეს ყველაფერი სურვილით დავიწყე და არ ვუყურებდი ისე, როგორც ბიზნესს. ამ საქმის სიყვარული მქონდა და მსიამოვნებდა ეს პროცესი, ასევე, ოჯახური მოხმარებისთვის ვიყენებდით. ტვიში მაღალმთიანი სოფელია და ხშირად სტურმობენ ტურისტები, ერთ ზაფხულსაც რუსი ქალბატონი იყო ჩამოსული, რომელსაც რაჭველი მეღვინე მეგობარი ახლდა. როცა ჩემთან მოვიდნენ, უცებ პური, ყველი და ღვინო გამოვიტანე. აქედან დაიწყო ყველაფერი – ღვინომ მოწონება დაიმსახურა. ამ ბიჭმა ვაზიც ნახა და ვისაუბრეთ წარმოების შესახებ. იქვე ვთქვი, რომ რეალიზიაციის დიდი სურვილი მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ მირეკავს ეს ადამიანი და მეკითხება, რამდენი ლიტრი ღვინო მქონდა დარჩენილი, ვუპასუხე, რომ 60 ლიტრი მექნებოდა. მითხრა, წვეთი არ მომეკლო და მალე ჩამომიტანდა ყველაფერს, რაც რეალიზაციისთვის მჭირდებოდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მართლაც ჩამოვიდა და ასე მეგობრების დახმარებით დავბეჭდე პირველი 60 ბოთლი ღვინო. ამის შემდეგ გამიჩნდა მიზანი და ამ კუთხით სერიოზული მუშაობა დავიწყე.
– მირანდა, ვაზის მოვლასა და ღვინოს დაწურვას ფიზიკური შრომა სჭირდება, არ გიჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება?
– ამ საქმისადმი უზომო სიყვარული მაქვს და ამიტომ არ არის ჩემთვის რთული.  ვაზი ყოველდღე  საჭიროებს ხელის შევლებას, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მაგრამ არ მიჭირს. თან, ყველაფერს ოჯახის წევრების დამხარებით ვუმკლავდები, თუმცა ვცდილობ, ძირითადი საქმე მარტომ გავაკეთო. გასხვლის პროცესს საკუთარი თავის გარდა არავის ვანდობ (იცინის). „მწვანე ოპერაციებში“ კი ოჯახი მეხმარება, რადგან ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერ გასწვდება.
– როგორც ვიცი, შენმა ღვინომ უცხოეთშიც მოიპოვა აღიარება...
– ბუნებიდან გამომდინარე, ტვიში მიკროზონაა, სადაც ბუნებრივად ნახევარტკბილი თეთრი ღვინო დგება და ეს გემო განსხვავდება სხვა გემოებისგან, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ, მათ შორის უცხოეთშიც.  მალე ამერიკის ბაზარზე გავიტანთ, უკვე დაბეჭდილი გვაქვს ბოთლები. გასული წლის გაზაფხულზე, ჰოლანდიაში პირველად ჩატარდა მსოფლიო მეღვინე ქალთა გამოფენა და საქართველოდან ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელმაც ქართული ღვინო წარადგინა. ასევე, ჰააგაში, საქართველოს საელჩოში გვქონდა წარდგენა. ყველგან დადებითი შეფასება მოჰყვა და ეს  ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მალე მარნის მშენებლობას ვიწყებ, 18 000 ლარის ოდენობის გრანტი მოვიპოვე და ჩემს ოცნებას ავიხდენ – ძალიან მინდოდა, საკუთარი მარანი მქონოდა.
– როცა უცხოები იგებენ, რომ მეღვინე ხარ, რა რეაქცია აქვთ?
– თავიდან უფრო უკვირდათ, ამბობდნენ ხოლმე: ქალი და ღვინო? როგორ შეიძლება? მაგრამ ნელ-ნელა ეს სტერეოტიპები იმსხვრევა. თან, ახლა მომრავლდნენ მეღვინე ქალები, მე რომ დავიწყე, რაჭა-ლეჩხუმში პირველი მეღვინე ქალი ვიყავი.

скачать dle 11.3