კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 შხამიანი სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30-32(1023)


  ყავის საამო სურნელმა ნესტოებში შეუღიტინა და ძილის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. ნებივრად გაიზმორა და თვალები გაახილა. სერგი სამზარეულოში ფუსფუსებდა და ხმადაბლა ღიღინებდა. მარიშკამ ტუმბოდან მობილური აიღო და საათს დახედა. იშვიათად დგებოდა ასე ადრიანად. თუმცა ხვდებოდა, რომ ამიერიდან რეჟიმის შეცვლა მოუწევდა. მისი გეგმა ნელ-ნელა ხორცს ისხამდა და იმ ფინალისკენ მიდიოდა, რომელიც ბევრი წლის წინ დაგეგმა. ახლა უკვე შეეძლო, დამშვიდებით დალოდებოდა, როდის შესთავაზებდა რეზი მასთან გადასვლას. ნიადაგი თითქმის მომზადდა. ბავშვები ნელ-ნელა ეჩვეოდნენ. სოფიას უკეთესობა არ ეტყობოდა. რეზიც დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ასეთ დაძაბულობას და აუცილებლად დანებდებოდა.
– საუზმე მზად არის – სპეციალურად ჩემი ძვირფასი ქალბატონისთვის!  საძინებელში  მხარზე  ტილოგადაგდებულმა სერგიმ შემოიხედა და ქალს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
– დღეს ცოტა ადრე უნდა წავიდე სამსახურში. იქნებ ადგე, რომ რამდენიმე წუთი ერთად გავატაროთ.
– ლაპარაკი მინდოდა შენთან.
– სუფრასთან ვილაპარაკოთ. მშვენიერი ბლინები გამომივიდა. ჟოლოს ჯემიც მაქვს.
– კარგი. მოვწესრიგდები და მოვალ...
***
  რეზი არ ელოდა ასე ადრიანად ანას სტუმრობას. მარიშკას დედა ახლობელი იყო მისთვის. წლების წინ ეს ქალი მასზე და სოფიაზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილებზე. სოფიასაც დედასავით უყვარდა. თუმცა ბოლო დროს ვერ ახერხებდნენ ანასთან სტუმრობას. ქალიც ბოლოს სამი წლის წინ იყო მათ მოსანახულებლად, როცა ტყუპები დაიბადნენ და ახალ სახლში გადავიდნენ...
– შეიძლება, შემოვიდე? – მორიდებით იკითხა ქალმა და ოთახიდან ფეხშიშველა გამოტანტალებულ ტყუპებს სიყვარულით მიაჩერდა, – როგორ გაზრდილან, როგორი ლამაზები არიან. ალბათ, როგორი ბედნიერებაა მათ გვერდით ყოფნა.
– ჰო, ძალიან მართობენ. განსაკუთრებით ახლა, როცა სოფია ჩვენ გვერდით არ არის. მობრძანდით, ანა დეიდა, ჩაი დავლიოთ. მარიშკას ნახვა ხომ არ გინდოდათ, წუხელ აქ არ დარჩენილა, მე შევთავაზე, ბარემ ჩვენთან გადმოსულიყავი, მაინც სულ აქ ხარ-მეთქი და ნივთების გადმოსატანად სახლში წავიდა. თან, რაღაც საქმეებიც მაქვს მოსაწესრიგებელიო... ძალიან მეხმარება.
ქალმა ამოიოხრა. მაგიდის ფეხთან ჩაცუცქული ნიტა აიყვანა და ლოყაზე აკოცა.
– ჩაი მოიცდის. მოდი, ამათთვის საუზმის მომზადებაში მოგეხმარები.
– არა უშავს, შევეჩვიე უკვე. თქვენ არ შეწუხდეთ. თან, მალე ძიძაც მოვა.
ქალმა მორიდებით გაუღიმა ახალგაზრდა კაცს და გაჩუმდა. აშკარად, სათქმელს თავს ვერ აბამდა. რეზი მიხვდა, რომ თავად უნდა წაეშველებინა სიტყვა.
– ქალბატონო ანა, შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?
– რეზი, შვილო... არ იფიქრო, რადგან აქ მოვედი, რეალობას ვარ მოწყვეტილი და ხავსს ვებღაუჭები. არასდროს ჩავრეულვარ მარიშკას პირად ცხოვრებაში. იქნებ ეს შეცდომაც იყო, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი. სოფიაზე კი განსაკუთრებით ვნერვიულობ.
– კარგად ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ.
ანამ ამოიოხრა.
– ჯერ სოფიას ამბავი მითხარი. მართლა ასეთი სერიოზული მდგომარეობაა?
– დიახ, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით.
– დიაგნოზი რა არის?
– რეზიმ ჩაის ფინჯანი ანასკენ მისწია და მაგიდას თვითონაც მიუჯდა.
– ანა დეიდა, არ ვიცით. მთავარი პრობლემაც, სწორედ, ეგ არის, რომ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. სამი თვეა, რაც პრობლემები დაეწყო. ყველანაირი გამოკვლევა გავუკეთეთ – არაფერი! საიდან მოდის მისი ასეთი არაადეკვატურობა, ვერავინ მეუბნება.
– იქ, სადაც ახლა არის, რით მკურნალობენ?
– მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ცენტრია. პროცედურებით მკურნალობენ.
– მერე? რამე წინსვლა არის?
რეზიმ თავი გააქნია.
– ჯერჯერობით არაფერი. ყოველდღე მივდივარ, მაგრამ უკეთესობას ვერ ვამჩნევ.
– რის გაკეთებას აპირებ?
კაცმა გაოცებით შეხედა ქალს. შეეცადა, მიმხვდარიყო, რატომ ეკითხებოდა ამას ანა. ამიტომაც პასუხი ცოტა დაუგვიანა.
– არ ვიცი, მართლა ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ. გუშინ უკვე ეჭვიც შემეპარა, რომ ვერ გააცნობიერა, რაზეც ვილაპარაკე. მარიშკა ძალიან მეხმარება, ზრუნავს ჩემზეც, ბავშვებზეც. სულ აქ არის, გვიანობამდე. მარტო მე ვერაფერს შევძლებდი. გუშინ ვუთხარი, იქნებ ცოტა ხნით აქ გადმოხვიდე მეთქი.
ანას ფინჯნიანი ხელი აუთრთოლდა და თავაუწევლად ჰკითხა:
– ანუ, მარიშკა დათანხმდა აქ გადმოსვლაზე?
– კი. მითხრა, სანამდეც დაგჭირდები, მანამდე ვიქნებიო. რამდენიმე ევროპულ კლინიკაში გავაგზავნე სოფიას მდგომარეობის აღწერილობა, პასუხს ველოდები. შეიძლება, წავიყვანო. მარიშკას დახმარება ძალიან მჭირდება. ვხვდები, როგორც დედას არ მოგეწონებათ, მისი ცხოვრება ასე მჭიდროდ რომ უკავშირდება ჩემი ოჯახის პრობლემებს და ეგოისტად თუ ჩამთვლით, არ მეწყინება. მარიშკასგან მეტისმეტს ვითხოვ – არ ვიცი. შეგიძლიათ, მისაყვედუროთ.
– მარიშკა ბავშვი არ არის. ალბათ, იცის, რასაც აკეთებს, შეიძლება, სოფია ვინახულო?
– არ გვირჩევენ მასთან ვიზიტორების სიმრავლეს, – თქვა რეზიმ, – მეც ერთი საათით შევდივარ და ეს საკმაოდ მძიმე ერთი საათია ხოლმე.
– კარგი, რეზი. თუკი დაგჭირდები, მეც შეგიძლია, დამირეკო. არ მოგერიდოს.
– გმადლობთ, ანა დეიდა. მძიმე პერიოდი გვაქვს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიო, რომ გადაივლის. მარიშკაც ამას მეუბნება.
– კარგი, წავალ ახლა მე. დაგირეკავ ხოლმე, სოფიას ამბავს გავიგებ.
– მადლობელი ვარ. თუ გნებავთ, დარჩით კიდევ ცოტა ხანს, მარიშკა, ალბათ, მალე მოვა.
– არა, წავალ. თუ არ შეწუხდები, ტაქსი გამომიძახე.
***
მარიშკა ჩუმად სვამდა ყავას და მოღიმარ სერგის თვალმოუშორებლად შეჰყურებდა. დღეს, ახლა უნდა ეთქვა ყველაფერი. მერე ნივთები და ტანსაცმელი ჩაელაგებინა, საღამოსვე უნდა გადასულიყო რეზისთან. მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა, მართალია, ცოტა სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი. ეს ის არ იყო, რის მიღებასაც ქალი ინატრებდა საყვარელი მამაკაცისგან. რეზის ის სჭირდებოდა ბავშვებზე ზრუნვისთვის, სახლის მისახედად. ეს არ იქნებოდა ორი სიყვარულით ანთებული ადამიანის შეხვედრა, რომანტიკული ვახშამი, სიყვარულის ახსნა და ერთგულების ფიცი, მაგრამ მარიშკამ იცოდა, რომ აქამდეც მივიდოდა, მთავარი იყო, ცოტა კიდევ მოეთმინა, ხოლო რაც მართლა არ გაუჭირდებოდა, მოთმინება იყო.
– რაზე ფიქრობ? – ჰკითხა კაცმა, – გელაპარაკები და ჩემი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გაგიგონია.
– ჰო, მართლა ჩავფიქრდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
სერგიმ გაოცებით შეხედა.
– ვერ მივხვდი, რას გულისხმობ, იქნებ, უფრო გასაგებად ამიხსნა.
– ჩვენი ურთიერთობა... მგონი, დროა, დავამთავროთ.
სერგიმ გაჭირვებით გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ლუკმა და დაახველა.
– წუხელ საწოლში არაფერი გეტყობოდა, – ჩაილაპარაკა ირონიულად, – ბლინი არ მოგეწონა თუ ყავა იყო ცივი.
– კარგია, რომ ხუმრობ. მიყვარს კაცები მსუბუქი ხასიათით, ცხოვრებას მარტივად რომ უყურებენ და ურთიერთობას არ ძაბავენ. იმედია, ბოლომდე შევინარჩუნებთ ამ პათოსს და მეგობრებად დავრჩებით.
– აჰა, ახლა გავიგე, მშორდები!
მარიშკამ თავი დაუქნია.
– დამიჯერე, არ ღირს შენი ოჯახის დანგრევა ჩვენი პატარა რომანის გამო. მით უმეტეს, რომ არ მიყვარხარ.
– ჰმ, როგორი გულახდილი ხარ.
– თამაშს რა აზრი აქვს? – მხრები აიჩეჩა მარიშკამ, – ბავშვები ხომ არ ვართ. ისედაც იცოდი, რომ რომანტიკა ძალიან შორს არის ჩემგან.
– ჰო, ვიცოდი, მაგრამ ჩვენ წყვილი ვიყავით. გეგმები გვქონდა.
– სასაცილოა, სერგი, ნუ გაართულებ ყველაფერს. მინდა, ვიმეგობროთ, თან არ მინდა, შენი ცოლის მიმართ სასტიკი ვიყო.
სერგიმ წყენით შეხედა ქალს.
– შენთან მეგობრობაც არ გამოვა. არანაირი ფასეულობა არ გაგაჩნია.
– შენ, ცოლიანი კაცი ლაპარაკობ ფასეულობებზე, რომელსაც საყვარლად გყავდი? სერგი, რატომ აფუჭებ იდეალურ სიტუაციას?
– ისევ ის შენი ძველი საყვარელი, ხომ? დამალვას აზრი არ აქვს.
– მისი ცოლი არ არის შენთვის ხელის შემშლელი?
– ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც შენ საერთოდ არ გეხება. მადლობას გიხდი საუზმისთვის. ახლა კი უნდა წავიდე. მხოლოდ მაშინ დამირეკე, თუ ჩემი მეგობრულად ნახვა მოგინდება.
მარიშკამ ტუჩები ხელსახოცით გაიწმინდა და კაცს მხარზე დაადო ხელი.
– ტყუილუბრალოდ იბღვირები. მოვა დრო და მადლობას მეტყვი, ცხოვრება რომ არ დაგინგრიე.
– მარიშკა, იქნებ...
– არა, სერგი, არავითარი იქნებ. გასაღები შემოსასვლელში, სარკესთან დატოვე. საკიდზე. საუკეთესო იყავი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.
***
ქალს სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა.
– არ მჯერა, არა, წარმოუდგენელია. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი ჭკუიდან შეიშალა. სოფია ყოველთვის სიმშვიდის განსახიერება იყო, გაწონასწორებული, თბილი, მოსიყვარულე. მას შენ უყვარხარ. და ბავშვები?! თქვენ გარეშე ვერ გაძლებს.
– მესმის თქვენი მდგომარეობა, ქალბატონო თინა, მაგრამ მეც ძალიან მიჭირს. დღითიდღე უარესდება მდგომარეობა. გუშინ მეგონა, რომ ვერ მიცნო, მერე დამელაპარაკა და სხვა ადამიანი იყო ჩემ წინ. გაღიზიანებული, ნერვიული, აგრესიული. არც სახლში მინდა დაბრუნება და არც ბავშვების ატანა შემიძლიაო.
– წარმოუდგენელია. წამიყვანე მასთან, გთხოვ. მე დედამისი ვარ და მის გვერდით უნდა ვიყო. იქნებ, შევძლო და დავეხმარო. ჩემი გოგო, ჩემი ულამაზესი, ჭკვიანი გოგო. რა დაემართა, უნდა ვნახო...
– იმის სათქმელად მოვედი, რომ ცოტა ხანი მასთან მნახველების მისვლა აკრძალულია. ექიმებმა ასე გადაწყვიტეს.
– „ექიმებმა გადაწყვიტეს“... არაფერი იციან მაგ ექიმებმა. ამდენი ხანია, ისიც ვერ თქვეს, რატომ არის ასე.
– ყველაფერს ვცდილობ, რაც შემიძლია, – ამოიოხრა რეზიმ, – საშინელ დღეში ვარ, აქეთ ბავშვები, ოფისი... ყველაფერს ხომ ვერ მივატოვებ. ფულიც საჭიროა, თანაც, არც ისე ცოტა.
– შენ მისი ქმარი ხარ. დაეხმარე, არ მიატოვო!
– ქალბატონო თინა, ამას რატომ მეუბნებით. არ ვაპირებ მის მიტოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს. ჩემი მშვიდი, უწყინარი სიფრიფანა ცოლი, ჩემი სოფია ახლა ისეთი უცხოა და შორეული.
– არ მიატოვო, რეზი, გთხოვ... – ქალი სიძეს მოეხვია და ატირდა.
***
  სერგის ძალიან გაუკვირდა, როცა მარიშკას დედამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, ვერ მიხვდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა ქალს. ალბათ, მარიშკამ არ უთხრა, ერთმანეთს რომ დავშორდით და ჩვენი ურთიერთობის სერიოზულობა აინტერესებსო, მარიშკაზე ისედაც მოსდიოდა ბრაზი და უარესად გაღიზიანდა. ცდილობდა, როგორმე დაბრუნებოდა ძველ ცხოვრებას. არ ეფიქრა მარიშკაზე. საქმეში და ოჯახურ მოვალეობებში ჩაფლულიყო. ამიტომ ანასთან შეხვედრასა და ისევ მარიშკაზე საუბრის პერსპექტივამ სულაც არ აღაფრთოვანა, მაგრამ ქალისთვის უარის თქმისაც მოერიდა. ანა ერთხელ ჰყავდა ნანახი, მარიშკას მიაკითხა სახლში და ქალი აივანზე გამოვიდა მის დასანახად. მაშინ გაეღიმა ქალის ამ ცნობისმოყვარეობაზე. მარიშკასთვის არაფერი უთქვამს. ახლა ეს ოფიციალური შეხვედრა იყო. ამიტომ, როგორც კაცმა, მისი ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო. პატარა, მყუდრო კაფე შეარჩია, სადაც მშვიდად შეძლებდნენ საუბარს. მერე დანიშნულ დროს სახლში მიაკითხა და კართან დაელოდა. ქალიც მალე გამოჩნდა. ჩქარი ნაბიჯით მივიდა მანქანამდე, უკანა კარი გააღო და ჩაჯდა. სერგიმ მეგობრულად გაუღიმა.
– გამარჯობა, სერგი. მოდი, ჯერ ნუ დავიწყებთ საუბარს. აზრებს მინდა, თავი მოვუყარო.
– როგორც იტყვით, ქალბატონო ანა.
კაცი ფარულად აკვირდებოდა ქალს, რომელიც შეშფოთებული ჩანდა, გაფითრებული იყო და თითებით პატარა ჩანთის საკეტს აწვალებდა. კაფეში რომ დასხდნენ, სერგიმ ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთა. ანა საუბრის დაწყებას აგვიანებდა.
– გისმენთ, ქალბატონო ანა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– მარიშკაზე მინდა, დაგელაპარაკოთ, სერგი. თქვენ, მგონი, გიყვართ ჩემი შვილი.
სერგიმ უხერხულად ჩაახველა. ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა ქალისთვის ის, რასაც იმ წუთას ფიქრობდა. ანამ სიტყვა წააშველა.
– სერგი, მე ახლა თქვენს ურთიერთობაზე არ ვაპირებ ლაპარაკს. ეს თქვენი საქმეა, მხოლოდ თქვენ ორის. მარიშკას ცხოვრებაში ისედაც არასოდეს ვერეოდი, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა მაფიქრებს. შეიძლება, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს.
– ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ. თუ იმის თქმა გინდათ, რომ მე ცოლი მყავს და ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მე და თქვენი შვილი ერთმანეთს დავშორდით.
ქალმა ამოიოხრა.
– სწორედ, ეს ვერ დამამშვიდებს. უფრო – პირიქით. სერგი, თქვენ გსმენიათ რამე რეზის შესახებ?
– დიახ. ვიცი, მარიშკას რომ უყვარდა ბავშვობაში და ახლა მეგობრობენ, სიმართლე გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ, რეზის მიმართ გრძნობა ახლაც აქვს. ამიტომაც დამშორდა.
– პრობლემაც მაგაშია. მარიშკა რეზისთან გადავიდა საცხოვრებლად. მისი ცოლი, სოფია სპეციალურ დაწესებულებაშია მოთავსებული. დიაგნოზი არ იციან, მაგრამ მარიშკას მონაყოლით და რეზისთან საუბრის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ფსიქიკურად არ უნდა იყოს კარგად.
– გასაგებია, თუმცა, ვერ ვხვდები, ჩემთან რატომ მოხვედით. მე რა კავშირი მაქვს ამ ყველაფერთან?
– უნდა დამეხმაროთ. თქვენ ხომ გამომძიებელი ხართ? – ანამ მუდარით გაიშვირა კაცისკენ ხელები. სერგი შეცბა.
– რა ხდება?
– მომისმინეთ და შეშლილად ნუ ჩამთვლით. დედა ვარ და მიყვარს ჩემი შვილი, როგორიც არის, ისეთი. არ მინდა, ციხეში აღმოჩნდეს ან გამოუსწორებელი, ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი გახდეს. ინტუიცია მკარნახობს, რომ არც ისე შორს არის ამისგან.
– მითხარით, რას ეჭვობთ. გპირდებით, არ გაგაწყვეტინებთ და შევეცდები, სწორად გავიგო თქვენი შიშების მიზეზი.
– მე მინდა, თქვენ დაადგინოთ სოფიას ცუდად ყოფნის მიზეზი.
– რანაირად, ქალბატონო ანა, მე ხომ ექიმი არ ვარ.
– რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო მეტის გარკვევა შეგიძლიათ, ვიდრე ექიმს. მე ეჭვი მაქვს, რაღაც ისეთი ხდება, რასაც ექიმი კი არა, გამომძიებელი სჭირდება. მარიშკა ძალიან ჯიუტია და სამწუხაროდ, იმ ბიჭთან ყოფნის სურვილი აიკვიატა. დიახ, ეს უფრო აკვიატებული, მანიაკური ახირებაა, ვიდრე სიყვარული. ვამჩნევ, როგორ ჰყავს ამ ახირებას შეპყრობილი. რამდენჯერმე მითხრა, მიზანთან ძალიან ახლოს ვარ, ახლა ხელს ვეღარაფერი შემიშლისო.
სერგიმ სიგარეტს მოუკიდა და თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდის ზედაპირზე.
– მეც ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ის აინტერესებდა. ჩემთან იყო, მაგრამ ახლოს არ მოდიოდა. სულ დისტანციაზე იყო და გამისხლტა კიდეც.
– იმედი მქონდა, თქვენ გვერდით დაივიწყებდა რეზის, მაგრამ მასთან ყოფნის სურვილი ავადმყოფობად გადაექცა. ყველაფერზე შეეძლო წასულიყო, რეზი და სოფია  ერთმანეთისთვის რომ დაეცილებინა. არ მჯერა მაგ გოგოს უცნაური ავადმყოფობის. გთხოვთ, დამეხმაროთ სიმართლის გარკვევაში.
სერგი შუბლშეკრული უსმენდა. უცებ, რაღაც აზრმა გაუელვა და ცარცივით გათეთრდა... – ნუთუ ეს... ის... არა, ოღონდ ეს არა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3