კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვის უხშირდებოდა გულისცემა ვერიკო ანჯაფარიძის ხსენებაზე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ვისაც ახსოვს ფილმი „მონანიება“, მისი ფინალი და ცნობილი ფრაზა: „ეს გზა ღვთიმშობლის ტაძართან მიმიყვანს?!“ რამდენიმე წამია მსახიობი ეკრანზე, მაგრამ მისი გამოჩენა მთელი ფილმის ტოლფასია – ასე შეეძლო ვერიკო ანჯაფარიძეს. მისი ეს ეკრანული და თეატრალური  თვისებები გავაერთიანე და საინტერესო მოგონებებთან ერთად, მის დღიურებში გადავიტანე. აქედან გაგაცნობთ უფრო ახლოს ამ დიდი მსახიობს.  
პატარა ვერიკო და დიდი აკაკი
  მეოცე საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ  საღორიის ტყეში აღნიშნა. როგორც ვერიკო ანჯაფარიძის დიდი მკვლევარი ნათელა ურუშაძე თავის მონოგრაფიაში – „ვერიკო ანჯაფარიძე”, რუსუდან მიქელაძის მოგონებაზე დაყრდნობით წერს: სტუმართა შორის ქართველი ერის უგვირგვინო მეფე აკაკი წერეთელიც ბრძანდებოდა. „უეცრად გამოჩნდა პატარა გოგონა. ისიც წამოეყვანათ ამ დღესასწაულზე. ასაკმა და მომხიბვლელობამ გოგონა ერთბაშად აქცია მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრად. დიდმა მგოსანმა ხელში აიყვანა იგი და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა – შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში, კარგად დაიხსომე! მაშინ ვინ იცოდა, რომ საუკუნის დამდეგს ამ ქვეყნად მოვლენილი ეს პატარა გოგონა ამ საუკუნის ლამის დამლევამდე ივლიდა ქართული თეატრის რთულ გზაზე და მთაწმინდაზე დაიდებდა სავანეს, როგორც უდიდესი მსახიობი-მოღვაწე.“
 გზის დასაწყისი
  პატარა ვერიკოსათვის პირველ დიდ თეატრალურ შთაბეჭდილებად ალექსანდრე იმედაშვილის ოტელო იქცა. აკი თვითონაც იგონებდა: „მას შემდეგ, რაც ვნახე „ოტელო”, არ მახსოვს ჩემი ცხოვრების ისეთი პერიოდი, როდესაც გატაცებული არ ვყოფილიყავი თეატრით.“ გავა დრო და 18 წლის ვერიკო გამოცდებს ჩააბარებს აიდაროვის დრამატულ კურსებზე. მისი პირველი პედაგოგი ილარიონ პევცოვი იყო, რომელმაც იმ საიდუმლო სამყაროს კარი შეუღო, თეატრი რომ ჰქვია. ახალგაზრდა ხელოვანს ჰქონდა ნათლად გამოკვეთილი მიზანი: „მინდა, საკუთარი, მშობლიური რამ ვითამაშო ქართულ ენაზე. მე ხომ იმიტომ ვმეცადინეობ, რომ განათლება მივიღო და შემდეგ მშობლიურ სცენას ვემსახურო” (ავტორი – ს.მეტრეველი).
 სიყვარულის დაბადება
   1918 წელი ვერიკოს სამშობლოში დაბრუნების წელია. ეს იყო დრო, როცა საფრანგეთიდან ახლად ჩამოსული გიორგი ჯაბადარი დასს აგროვებდა, თეატრ-სტუდიას აყალიბებდა. ვერიკო ანჯაფარიძე ამ სტუდიის საიმედო ძალა იყო. სწორედ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში, საგარეჯოში, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი. ვერიკოს უკვე კარგად იცნობდნენ თეატრალურ წრეებში. 24 წლის მიხეილ ჭიაურელს მისი სახელის ხსენებაზე გულის ცემა გახშირებია, მანამდე არ ჰყავდა, თურმე, ნანახი. თავად ასე იხსენებდა: „მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი
კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... „ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს“, – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, – მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე, არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე“...
 გენიალური კონფლიქტი
  გავა კიდევ რამდენიმე წელი და 1923 წელს ერთმანეთს შეხვდება ორი დიდი ხელოვანი, თეატრისთვის დაბადებული ორი შემოქმედი, ორი გენია – ვერიკო ანჯაფარიძე და კოტე მარჯანიშვილი და დაიწყება ქართული თეატრის „ოქროს ხანაც”.
მათი შეხვედრა და გაცნობა კონფლიქტით დაიწყო:
მისალმების შემდეგ ვერიკომ შეკითხვით მიმართა მარჯანიშვილს:
– მიმიღებთ უკან?
– თქვენზე ზღაპრებს ჰყვებიან, მაშასადამე, ვალდებული ვარ!
ვერიკომ იგრძნო ქვეტექსტი, მიუხვდა ირონიას მარჯანიშვილს და სიტყვაც არ დაამთავრებინა:
– თქვენ შესახებაც ჰყვებიან!
აქ უკვე მარჯანიშვილი წამოენთო:
– რას ჰყვებიან?
– რომ თქვენ დიქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!
– ახლავე გაეთრიე! – დაიღრიალა წონასწორობადაკარგულმა მარჯანიშვილმა.
როგორც ნათელა ურუშაძე წერს, ნებისმიერი კონფლიქტი ვერიკოსათვის ადამიანის ხელახალი აღმოჩენა იყო. ამიტომაც არ აკლდა დიდი მსახიობის ცხოვრებას სკანდალები. კაცმა რომ თქვას, ამის გარეშე ინტერესს დაკარგავდა ცხოვრება თეატრში!
 დაბადების თარიღისთვის
... 1986 წლის 1 სექტემბერს (5 თვით ადრე გარდაცვალებამდე) თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში სასწავლო წლის დაწყებასადმი მიძღვნილი საზეიმო შეკრება გაიმართა. როცა ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა, სიტყვა ვერიკო ანჯაფარიძეს მისცა, დარბაზი ფეხზე წამოდგა:
– თქვენ ფეხზე ადექით, რატომ?  (პაუზა...) თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია, რომ ადექით. თქვენ  ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ (რამდენიმე დღეში შეუსრულდებოდა 89 წელი, ამიტომ გამოიყენა ეს საშუალება და არ თქვა, 89 წლის ვარო) და აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად  დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია. მე არასოდეს მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი... თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც თეატრი. მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი... ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა. და, ამასთან ერთად, არცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც  თეატრი, იმიტომ რომ თეატრი, თქვენი საკუთარი ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ. თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება ათას ქვეყანაში ათას ეპოქაში ათასი სახით... მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს, ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები: ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის. და აი, მე, ამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომი, დღეს გზას გილოცავთ თქვენ, ახალფეხშემოდგმულთ“.
 ფატი გურიელი   
  მაყურებელი ყოველთვის შეჩვეული იყო მსახიობის ზეაწეულ საუბარს, პათეტიკას სცენაზე. ვერიკო ანჯაფარიძის ფატი გურიელი (სპექტაკლი „შთამომავლობა”) – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ გენიალური მსახიობის ინტონაცია გახადა ჩვეულებრივი, სასაუბრო მეტყველებასთან ძალზე დაახლოებული. როგორი მკერდისმიერი თბილი ბგერები იღვრება სცენიდან... როგორი რბილი, ლირიკული, სევდიანად მარტოსული და ამაღლებულია ყველა ეპიზოდში ვერიკო ანჯაფარიძის ფატი გურიელი. მას ცხოვრებამ ბევრი რამ ანახვა – ავიც და კარგიც. ახლა, ასაკში მყოფს, წლები არ აწევს სიმძიმედ, პირიქით, ახალგაზრდული გზნებით მიუყვება გასავლელ გზას და ცდილობს, სიმშვიდე, ურთიერთგაგება და თანაცხოვრების კულტურა დაამკვიდროს გაცივებული ურთიერთობების ოჯახში, რომლის წევრები ფიქრობენ, თითქოს სახელმწიფო საქმეებს აკეთებენ, სინამდვილეში კი ვეღარ იტანენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ხელი ეშლებათ ცხოვრებაში და ასეთ ცხოვრებას, ვერიკოს გმირი თავის გატანას უწოდებს! ფატი გურიელის დაუვიწყარი სახე მსახიობის მოქალაქეობრივი სტატუსის სიძლიერითაც იყო ინსპირირებული. ვერიკოს გმირი გვახსენებდა არა მხოლოდ შორეულ წარსულს, არამედ პოლიტიკურ აწმყოსაც. სამშობლოს სიყვარული ოჯახიდან უნდა დაიწყოს – ეს იყო მსახიობის მთავარი დარდი და საწუხარი სცენაზე. მას ადარდებდა ამ ოჯახის არა პრივილეგირებული და წამყვანი პოზიციები საზოგადოებაში, არამედ მოჩვენებითი ღირებულებები, არამყარი ფასეულობები. ფატი გურიელი სამყაროს ილუზიების გარეშე უცქერდა (თუმცა, არც რომანტიკა აკლდა), მას სურდა, ოჯახში ყველას ტყუილის გარეშე ეცხოვრა. ამიტომაც, მისი მონოლოგი სპექტაკლის ფინალში, ფაქტობრივად, მხილებასთან ერთად, იყო ადამიანურის გადარჩენის მხურვალე თხოვნაც. როგორც თეატრმცოდნეები წერენ, ფატი გურიელი არ იყო დიდი აქტიორული მიღწევა ვერიკო ანჯაფარიძისთვის. მას ნათამაშები ჰქონდა მსოფლიო კლასიკური დრამატურგიის შედევრები, მაგრამ ეს როლი მწვავე სოციალური ჟღერადობით მაინც განსაკუთრებულ სცენურ სახედ დარჩა მის შემოქმედებაში. დღემდე არ კარგავს აქტუალობას ალექსანდრე ჩხაიძის დრამატურგიული ქმნილება გიგა ლორთქიფანიძის ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლითა  და ვერიკო ანჯაფარიძის დაუვიწყარი ნამუშევრით.



скачать dle 11.3