კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 რის გამო გაურთულდა პაატა ხაჩიძეს ოჯახში ურთიერთობები და რა შემთხვევაში წავა ის თანამდებობიდან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პაატა ხაჩიძე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა და მოვალეობების შესრულებას უკვე შეუდგა. პარალელურად, არაერთი გეგმა აქვს ჯგუფ „ქუჩის ბიჭებს“.
  პაატა ხაჩიძე: ჩემს კუთხეში – ბორჯომში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე ღონისძიებების დირექტორად დავინიშნე. უკვე ბევრი გეგმა მაქვს – მთელი ზაფხულის განმავლობაში, პარასკევს, შაბათსა და კვირას სხვადასხვა მომღერლის კონცერტებს გავმართავთ. ესენი იქნებიან, როგორც ადგილობრივი მომღერლები თუ ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე თბილისიდანაც. მინდა, მსახიობებიც მოვიწვიო. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ცოტა რთულია ღონისძიებების დაგეგმვა, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ.
– როცა თანამდებობას ეხება საქმე, იქვეა უკმაყოფილო ხალხიც. მზად ხართ კრიტიკისთვის?
– კრიტიკა ყოველთვისაა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. თუ რამეს არასწორად გავაკეთებ, როგორც მოვედი, შემიძლია, ისე წავიდე. თუმცა, ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ახლა მოვედი და წინ ბევრი გეგმა მაქვს.
– რაც შეეხება გეგმებს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად?
– ჩემთვის პირველ ადგილას ყოველთვის ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ იქნება. ამ ზაფხულს აუცილებლად მოვიწვევ ბიჭებს ბორჯომში, ორი წელია, აქ კონცერტი არ გვქონია. ამ სეზონზე შვიდი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი ბათუმში, კიდევ განვიხილავთ შემოთავაზებებს. მომავალ წელს გვინდა, ფილარმონიაში გავმართოთ დიდი კონცერტი. საარჩევნო წელია. ამის და თავისთავად, პანდემიის გამო, ვერ ვახერხებთ წელს გავაკეთოთ ეს კონცერტი, თორემ საიუბილეო თარიღი გვაქვს – „ქუჩის ბიჭებს“ წელს 25 წელი შეგვისრულდა.
– ამ ყველაფრის ფონზე ოჯახური ცხოვრებისთვის გრჩებათ დრო?
– ამ ეტაპზე ოჯახი ჩემ გვერდით არის, ბორჯომში და ჯერ არაფერს ამბობენ. თუმცა შემოდგომიდან მოუწევთ ჩემ გარეშე ყოფნა. კვირაში ორი დღე მექნება სამსახურიდან თავისუფალი, რომელსაც ოჯახთან ერთად გავატარებ. ამის გამო ცოტა გაგვირთულდა ურთიერთობები. მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერს დავალაგებთ.
– თან, სამი შვილი გყავთ.
– კი, უფროსი გოგონა 12 წლისაა, შუათანა – რვა წლის და მესამე – ხუთი წლის, ბიჭი. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მამობა კარგად ამეთვისებინა. უფროსი უკვე დიდი გოგოა და გვეხმარება კიდეც მე და ჩემს მეუღლეს. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე დილიდან საღამომდე სახლში ვიყავი, სულ კონცერტები გვქონდა, ჯგუფის ცხოვრება აქტიური იყო. ამას ემატებოდა სხვა საქმეებიც, რაც ოჯახის საარსებოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, არ მგონია, ჩემი სახლიდან შორს ყოფნა ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული სიახლე და დიდი პრობლემა იყოს. თუმცა, რაღაცებთან შეგუება მაინც მოუწევთ. მაგალითად, იმასთან, რომ კვირაში ხუთი დღე, ფაქტობრივად, სახლში არ ვიქნები.
– მეუღლესთან საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეთ, ორწლიანი განშორება, მაგრამ მოახერხეთ ისევ ერთ ოჯახად დარჩენა.
– თავიდან მეგონა, ჩვენი დაშორება ხუმრობა იყო. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ცარიელ ოთახში გავიღვიძე და მივხვდი, რომ სახლში არავინ ბრუნდებოდა, არც მეუღლე და არც ბავშვები. მომაკლდა ყურადღება, სითბო, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. რთულია ასე ცხოვრება, როცა სულ სხვა რამეს ხარ მიჩვეული. ძალიან რთული პერიოდი გავიარე. პირველი რვა თვის განმავლობაში ღრმა დეპრესიაში ვიყავი. შემდეგ თავი ხელში ავიყვანე. ჩვენი ჯგუფის ბიჭები მაშინ ძალიან დამიდგენენ გვერდში. აქტიური პერიოდი გვქონდა, საზღვარგარეთ დავდიოდით კონცერტებით. მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ჩემი მეუღლე შემომერიგებინა.
– როცა ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, მარტივი არაა თავიდან დაწყება. როგორ მოახერხეთ?
– სიმღერაც მივუძღვენი, ხშირად მივდიოდი სახლში, ბავშვებთანაც ხშირად ვიყავი, უყურადღებოდ არ დამიტოვებია. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე. ოჯახის დანგრევაში დიდ როლს ფინანსებიც თამაშობს, მაგრამ მხოლოდ ეს არაა, მთავარი მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაა. რაღაც ეტაპზე, ალბათ, ორივე მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით, რომ ჩვენს შვილებს ვჭირდებოდით და არა მხოლოდ შვილებს, ერთმანეთი გვჭირდებოდა და ამიტომ ოჯახი უნდა შეგვენარჩუნებინა. ჩემმა მეუღლემაც იფიქრა და მიხვდა, რომ ერთად უნდა დავრჩენილიყავით, თუმცა ორი წელიც არაა პატარა დრო. ძალიან პრინციპული ადამიანია და ეს ყველამ იცის.
– ამბობდით, კაცისთვის უფრო რთულია, როცა ოჯახური ჰარმონია ირღვევაო.
– რა თქმა უნდა, კაცისთვის ძალიან რთულია, თუმცა იმასაც გააჩნია, ვის როგორ მიაქვს ეს ყველაფერი გულთან. თუმცა, რომ ამბობენ, კაცისთვის უფრო მარტივია, კაცს შეუძლია წავიდეს მეგობრებთან ერთად, დალიოს და ყველაფერი დაივიწყოსო, ასეც არაა. ეს არის რაღაც ეტაპი, რომლის შემდეგაც ხვდები, რომ ვერ ივიწყებ. დროსტარებითა და მეგობრებთან თავდავიწყებამდე სმით თუ ქეიფით პრობლემა არ წყდება. შემდეგ მოქმედების დრო მოდის. საქმით ბევრი რამ უნდა დაამტკიცო. მე ვეცადე და საბედნიეროდ, გამომივიდა.
– ახლა როგორია თქვენი თანაცხოვრება?
– უფრო მეტი გრძნობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ. უფრო მეტად გვესმის ერთმანეთის, მეტად ვუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობას. უფრო დამთმობები გავხდით, მეტად ვაანალიზებთ, რა შეიძლება, ვკითხოთ და რა არა ერთმანეთს. მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ. უფრო ბავშვების მიმართ გვაქვს ყურადღება გამახვილებული. კარგად გვესმის, რომ მე თუ სახლიდან ვარ გასული, ეს ისევ ჩვენი ოჯახისთვისაა საჭირო. ეჭვები აღარ არის ურთიერთობასთან დაკავშირებით. ყველაზე ცუდია, როცა რაღაცაზე გაქვს ეჭვი, ზუსტად მაშინ იწყება პრობლემები. დღეს ჩვენ უკვე არ გვაქვს ეს პრობლემა, შესაბამისად, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ვფიქრობ, რომ ცუდი დღეები აღარ გვექნება, არც შავი კატა გადაგვირბენს (იცინის).
– ბავშვებმა როგორ მიიღეს თქვენი განშორება? შერიგების შემდეგ ყველაზე ბედნიერები, ალბათ, ისინი იყვნენ.
– კი. ბავშვებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩვენს შერიგებაში, ეს განსაკუთრებით უფროსი გოგოს დამსახურებაა. დაშორებულები რომ ვიყავით, ძალიან განიცდიდნენ. ბუნებრივია, შვილები ძალიან მიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობდი, მათთან დიდი დრო გამეტარებინა. ამიტომ, ძალიან გაუჭირდათ ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ გადავლახეთ. იმ პერიოდში დაბრუნდა ლილე ჩემს ცხოვრებაში, როცა განსაკუთრებულად ვჭირდებოდით ჩვენს შვილებს ერთად.

скачать dle 11.3