კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ნინო ჩხეიძე: იმდენად ეჭვიანი ვარ, რომ ეს მაწუხებს ხოლმე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ნინო.
გვარი: ჩხეიძე.
პროფესია: მომღერალი.
მოგონება ბავშვობიდან...
– საოცრად წყნარი და დამჯერი ბავშვი ვიყავი. ვერ წარმომედგინა ვინმეს შევწინააღმდეგებოდი, რასაც მეტყოდნენ, ის უნდა გამეკეთებინა.  ერთი წელი დავდიოდი გახანგრძლივებულ ჯგუფში, რომელიც არ მომწოდნა. რომ გავიზარდე, მერე ვთქვი, არ მინდოდა იქ მევლო-მეთქი და დედაჩემმა მითხრა: შვილო, გეთქვა, რატომ დაისტრესე თავიო (იცინის).  
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ახლა ვხვდები, ყველაფერი, რასაც ადამიანი ბავშვობაში აკეთებს, შემთხვევით არ ხდება. პატარაობაში ძალიან მიყვარდა ქართული სიმღერები და ვაგროვებდი ჩანაწერებს, ასევე, ვთამაშობდი რადიობანას. დღემდე ყველა მომღერლის კასეტა, ვიდეო და აუდიოჩანაწერი მაქვს შენახული.  მერე გავიდა დიდი ხანი, თითქმის 30 წელი და ისე მოხდა, რომ რადიო გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი – ამჟამად ორი რადიო მაქვს. ეს იყო ჩემი საოცნებო პროფესია, თუმცა, იმავდროულად, ქართულ სიმღერასთან ყოველთვის მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული. უბრალოდ, ისეთი მორცხვი ვიყავი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე სცენაზე გამოვიდოდი. გაგიკვირდებათ და დღესაც არ მიყვარს ბევრ ხალხში ყოფნა – სახლში მირჩევნია. დღეს ყველა იმ სფეროში ვარ, რაზეც ვოცნებობდი და ბავშვობაში ვთამაშობდი. ამიტომ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს, რა ანიჭებთ მათ სიამოვნებას, რომ მათ შემდგომ განვითარებას შევუწყოთ ხელი.
– ჩემი მეტსახელი...
– რომ გავიზარდე, ჩემმა ძმამ დამარქვა ნიო. მერე შემრჩა ეს სახელი და  გავაკეთე ქუდების ხაზი, რომელსაც „ნიო“ დავარქვი, ჩემს სტუდიასაც „ნიო“ ჰქვია, მანქანის ნომერიც ამ სახელით ავიღე და დღემდე ბევრი მეძახის.
– პროფესიული ჩვევა...
– იმ დღეს, როცა სცენაზე გამოვდივარ, ვარ  ჩუმად, არ ვსაუბრობ. დღის განმავლობაში უნდა ვიყო განმარტოებული, დავიძინო და დავისვენო. ეს
აუცილებელი რიტუალი მაქვს. კიდევ, მნიშვნელოვანია ყოველ გამოსვლაზე მეცვას ახალი კაბა – განწყობას მმატებს და მეხმარება იმაში, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარო.
– მწამს...
– ღმერთის, სიკეთისა და იმის, რომ ცხოვრებაში რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი უკან გვიბრუნდება.  
– ვრისკავ...
– ადრე უფრო ვრისკავდი... ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ თვალდახუჭულმა შემიძლია, გავრისკო, მანამდე ვფიქრობ ხოლმე. უაზრო რისკი – რულეტკის პრინციპით – არ მიყვარს. მიახლოებული შედეგი მაინც უნდა ვიცოდე და გააზრებული მქონდეს.
– ვერიდები...
– კონფლიქტს. არ მიყვარს უსიამოვნება და კამათი. ზოგი ამბობს: კამათში იბადება ჭეშმარიტებაო. არ ვეთანხმები და ვერ ვიტან ამ გამოთქმას.  
– სიყვარული...
– ერთადერთი ძალაა, რომელიც ღირებულია ამ ქვეყანაზე და რომლისთვისაც ვცხოვრობთ. სიყვარულია ის, რაც ყველაფერს ატრიალებს. ადამიანს რატომღაც ჰგონია, რომ ეს გრძნობა მხოლოდ კონკრეტული ვინმეს მიმართ სიყვარულით შემოიფარგლება. ასე არაა, სიყვარული ყველაფერია და ყველაფერშია. როცა შეყვარებული ხარ, მისი ენერგიით ივსები, ბრწყინავ, ანათებ და წარმატებასაც აღწევ. ეს ენერგია არის ის, რაც ამოძრავებს დედამიწას. ჩემს თავსაც ვეუბნები ხოლმე: ყოველდღე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენში ეს გრძნობა განვავითაროთ-მეთქი. რაც უფრო მეტი გვექნება სიყვარულისგან გამოწვეული დადებითი ემოცია, ბევრად უფრო კარგად ვიქნებით ჩვენც და ჩვენს გარშემო მყოფებიც.
– დრო და სიყვარული...
– ყველა ურთიერთობაში, გინდ დედაშვილური, გინდ ცოლქმრული, აუცილებელია პატივისცემა. ურთიერთობაში არ მიყვარს დისტანციის დარღვევა, ერთმანეთთან ზღვარგადასული საუბარი. როცა ადამიანები ამ დისტანციას კარგავენ, მერე უფასურდებიან ერთმანეთისთვის, რაც აფუჭებს ნებისმიერ ურთიერთობას. მე ჩემს მეგობრებთანაც მაქვს ზღვარი, რომელსაც არ გადავალ და არც ის მომეწონება, თუ თავად გადმოკვეთენ.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– ამ გადმოსახედიდან, სიყვარულს ვერ  დავარქმევდი, მაგრამ სასიამოვნოდ მახსენდება. სკოლის მოსწავლე ვიყავი, ერთი ბიჭი მომწონდა, რომელსაც არც კი ვიცნობდი. ვიცოდი, სად ცხოვრობდა და ჩემს მეგობრებთან ერთად მივდიოდი ხოლმე მის სახლთან. ეს ბიჭი არც გამიცნია და ბუნებრივია, ჩვენს შორის არც არაფერი ყოფილა. შეიძლება, იმ პერიოდში ამას სიყვარულს ვარქმევდი, მაგრამ  ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, რაღაც გულწრფელი. მერე ძალიან მარტივად, თავისით გადამიარა.
– მეუღლის როლი...
– ძალიან დიდია. ჩემი მშობლები სულ მანებივრებდნენ, მაგრამ ეს გააორმაგა და გააათმაგა გიორგიმ. რაც კი მინდოდა და რაც კი ოცნება მქონდა, ყველაფერში გვერდით დამიდგა. თუნდაც ის, რომ სიმღერა ჩამეწერა და სცენაზე გამოვსულიყავი, გიორგის დამსახურებაა, მან მომცა ამის გამბედაობა და სტიმული. დღემდე ყველანაირად მეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც საკითხებზე ვორჭოფობ ხოლმე. გიორგი ყოველთვის კარგი მრჩეველია.
– ის, რაც უპატიებელია...
– შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის და თუ მიხვდება, ბოდიშს მოგიხდის, მოინანიებს, შეიძლება, ყველაფერი აპატიო, მაგრამ მიზანმიმართულად ცუდის გაკეთება, ბოროტება, ქურდობა ეს ჩემთვის უპატიებელია. პატიებით კი ვეტყვი, რომ ვაპატიე, მაგრამ ის ადამიანი ჩემთან აღარ იქნება. არ მიყვარს საქმის გარჩევა და მსგავსი ამბების განხილვა, უბრალოდ, ვქრები იმ ადამიანის ცხოვრებიდან და მორჩა. მიზანმიმართულად ჩემს ზურგს უკან რაღაცის გაკეთებას ვერავის ვაპატიებ.
– ვეჭვიანობ...
– კი. მაგრამ წლებთან ერთად ვცდილობ, დავაბალანსო, თუმცა მაინც ეჭვიანი ვარ და ეს თვისება ურთიერთობებში მიშლის ხელს,  რადგან ან ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მე მინდა ან – არა.  იმდენად ეჭვიანი ვარ, რომ მაწუხებს ხოლმე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.  
– მეშინია...
– ვფიქრობ, შიში ვირუსივითაა, სარეველა, რომელიც ჩვენში შემოდის და მერე ყველაფერს ედება. როდესაც შიშთან დაკავშირებული ფიქრი მომივა ხოლმე, იმ წუთში ვცდილობ, გავაქრო. ამ დროს საკუთარ თავს ვეუბნები: არ უნდა ავყვე ამ განცდას.
– ვემტერები...
– არაფერს, იმიტომ, რომ ჩემთვისაა  ეს ძალიან ცუდი – რასაც ემტერები იმას ვერაფერს დააკლებ, ყველა იმას გააკეთებს, რაც სურს და ტყუილუბრალოდ მოიშლი ნერვებს. შესაბამისად, არავის და არაფერს ვემტერები. მგონია, რომ მტრობა ცოტა უსაქმურების თემაა, როცა ადამიანს საქმე არ აქვს, მაშინ ფიქრობს, ვიღაცას გადაემტეროს.
– ბოდიშის მოხდა...
– დანაშაულის აღიარება არ მიჭირს, შეიძლება, ვაგრძნობინო ადამიანს, რომ დამნაშავე ვიყავი და საქციელით გამოვასწორო, მაგრამ უშუალოდ ბოდიშის მოხდა ცოტა მიჭირს, თუმცა მომიხდია.  
– მაკომპლექსებს...
– წონა. ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი და სულ მგონია, რომ  მსუქანი ვარ. ყოველთვის მინდა, უფრო გამხდარი ვიყო, ვიდრე ვარ.
– ვიტყუები...
– არ მიყვარს ტყუილი. ვერ ვიტყვი, არასოდეს  მომიტყუებია-მეთქი, რაღაცის საჭიროების შემთხვევაში მითქვამს, მაგრამ ეს არ ყოფილა მავნებელი, მიზანმიმართული და დაგეგმილი. მგონია, რომ დაგეგმილი ტყუილი ცალკე ნიჭია, რადგან რომც დავგეგმო, არ გამომივა.  
– ვაგროვებ...
– თეფშებს, ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს და მერე კედელზე ვკიდებ. უკვე ორი დიდი კედელი მაქვს სავსე.
– ვზარმაცობ...
– თითქმის არასდროს, რადგან არ მიყვარს. ახლაც ზაფხულია და ვგეგმავ, რომ ვიმუშაო.  მგონი, ცოტა გადაზედმეტებული მაქვს და არც ასე ვარგა, საჭიროა, დრო დასვენებისთვისაც გამოვყო და დავაბალანსო, თუმცა ამას არ ვაკეთებ. ეს ფსიქოლოგია ბოლო წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა და რატომ, არ ვიცი.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– საქმეზე და გარეგნობაზე.
– როცა მაქებენ...
– მრცხვენია, არ მიყვარს. ასევე არ მიყვარს სადღეგრძელოები და მინდა, რომ მალე დასრულდეს ხოლმე.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ალბათ, გიორგის უკრაინაში წასვლამ. მას შემდეგ ძალიან გავიზარდე და ბევრი რამე ავიღე საკუთარ თავზე, მანამდე პატარა გოგო ვიყავი და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ზუსტად ასე ვიცხოვრებდი და არაფერს შევცვლიდი, უბრალოდ რაღაც წლებში ბევრად დაკვირვებული ვიქნებოდი და ხალხსაც გავფილტრავდი. ყველასთან გულღია ვიყავი, ჩემი გულის და სახლის კარი ყველასთვის ღია იყო. ასე აღარ მოვიქცეოდი.

скачать dle 11.3