კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 14 წლის ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის „სიმების ხელოვნების“ მიხედვით შექმნილი ნამუშევრებით უცხოელები დაინტერესდნენ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

14 წლის ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი „სტრინგ ართის“ მიმდევარია. მან ხელოვნების ეს მიმართულება ინტერნეტის დახმარებით შეისწავლა და დღეს მისი ნამუშევრების რეალიზაციას ეწევა. ნიკოლოზის უცხო, კრეატიული და ძალიან ლამაზი ნამუშევრები არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელებსაც მოსწონთ. 14 წლის ხელოვანი ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.  
ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი: 14 წლის ვარ, თბილისში ვცხოვრობ და მე-18 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. „სტრინგ ართების“ გაკეთება, დაახლოებით, ერთი წლის წინ დავიწყე. ინტერნეტში ვნახე და შემდეგ ავითვისე, ვისწავლე. ნამუშევრებს, მხოლოდ ჩემთვის, დახმარების გარეშე ვქმნიდი.  მომეწონა ეს სფერო და ვფიქრობ, ბოლომდე გავყვები. გარდა ამისა, მიყვარს ხატვა და ზოგადად, ხელოვნება მიტაცებს. ერთი პერიოდი ვუკრავდი კიდეც. ხატვის ნიჭი გენეტიკურად მაქვს, დეიდები მყავს მხატვრები, მაგრამ „სიმების ხელოვნებას“ რაც შეეხება, ჯერჯერობით  მხოლოდ მე ვეუფლები.
– როგორ მზადდება „სიმების ხელოვნების“ მიხედვით ნამუშევარი და რა მასალით მუშაობ?
– ვმუშაობ ჩვეულებრივი, დამუშავებული ხის მასალებით. ხეზე ლურსმნებით ვაგებ ფიგურებს, მერე ამ ყველაფერს საღებავით ვღებავ და ვაგებ ძაფებს. ვიყენებ კაპრონის ძაფს, რადგან ძნელად წყდება და ვინც
შეიძენს, ნამუშევარი მარტივად არ დაუზიანდება. ეს ყველაფერი მაღალი ხარისხის მასალისგან მზადდება. თავდაპირველად ვიწყებ ესკიზის შექმნას, რომელიც წინასწარ მაქვს განსაზღვრული. ჩანაფიქრი გადამაქვს ფიცარზე და აღვნიშნავ წერტილებით, სადაც ლურსმნები უნდა ჩავსვა.
– რა მიზნით დაიწყე ნამუშევრების შექმნა და რა დანიშნულება აქვთ მათ?
– თავიდან ამ ყველაფრის შექმნა იმისთვის დავიწყე, რომ ინტერიერი გამელამაზებინა, თუმცა არა მარტო ჩემი სახლის. მსურდა, გამეყიდა კიდეც. არ მინდოდა, ეს მხოლოდ ჰობის დონეზე ყოფილიყო და მგონი, გამომივიდა. ზოგი ინტერიერისთვის იძენს, ზოგსაც კი უბრალოდ, ორიგინალურობის გამო მოსწონს.
– ნამუშევრები მინიატურულია თუ დიდი ზომის? რეალიზაციაში გეხმარებიან?
– დიდი ზომის ნამუშევრებია, ერთი არის 60 სანტიმეტრი სიგანისა და სიგრძის, ყველაზე პატარა 25-25-
ზე მაქვს. საკმაოდ დიდი ნამუშევრებია. პირველად, როდესაც ამ ყველაფრის გაკეთება დავიწყე, ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ იმაში, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფებს გაეგოთ. როცა სანაცნობოს გავაცანი, მერე დავიწყე უფრო ფართო მასშტაბებზე გადასვლა, საიტი შევქმენი. მშრალ ხიდზე დამქონდა ნამუშევრები და იქ გამოვფენდი ხოლმე. მათ ნახულობდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. ტურისტების მხრიდან დიდი დაინტერესება იყო, ზოგისთვის ძალიან უცხო იყო, მოსწონდათ და იზიდავდათ ასეთი კრეატიულობა.
– ვინმე გეხმარება ნამუშევრების შექმანში, თუ ყველაფერს თავად აკეთებ?
– ოჯახის წევრებიც არიან ჩართულები, მაგრამ ძირითადად – მასალის მომარაგებაში, დანარჩენი, უშუალოდ ნამუშევრის შექმნის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ მე მეხება.  ბებია დიდ როლს ასრულებს ჩემს წარმატებაში და ჩემი მთავარი დამხმარეა. მაგალითად, როცა მჭირდება ლურსმნები, ყოველთვის მზად არის შემიძინოს დიდი რაოდენობით, თან, ისე, რომ მუშაობის პროცესში ხელი არ შემემშალოს. ახალ წელს უამრავი ფიცარი მომიტანა, სულ სხვადასხვა ზომის და ეს იყო ჩემი საახალწლო საჩუქარი
(იცინის).
– გამორჩეულად თუ გიყვარს რომელიმე ნაუშევარი და რამდენად გიჭირის მათი გასხვისება?
– მაქვს ნამუშევარი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ეს არის წრიული ლურჯი და თეთრი ფერებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან დამწყდება გული, თუ მისი გაყიდვა მომიწევს. სხვა ნამუშევრების გასხვისებას დიდად არ განვიცდი ხოლმე, რადგან ვფიქრობ, რომ მას კიდევ შევქმნი. ნამუშევრების ზომები, სანტიმეტრები, თითოეული დეტალი გათვლილი მაქვს და შესაბამისად, მათი თავიდან შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს გათვლები ახალი ნამშევრის შექმნაშიც მეხმარება, მახსენდება წინა გამოცდილება და უფრო მიმარტივდება საქმე.
– რა შეგრძნებაა, როცა 14 წლის ასაკში საკუთარი შემოსავალი გაქვს?
– სასიამოვნო განცდაა ის, რომ ჩემი შრომით შემიძლია, მოვიპოვო ფული, რომელიც იქნება საკუთარი და ჩემი სურვილით შევძლებ ნებისმიერი რამის ყიდვას.  მახარებს ისიც, რომ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული. თან ოჯახის წევრებსაც მხარში ვუდგავარ.  
– რამდენად ახერხებ მუშაობის შეთავსებას სწავლასთან და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– პირველ რიგში, ვსწავლობ გაკვეთილებს და როცა  თავისუფალი დრო მრჩება, ესკიზების ხატვას ვიწყებ. თუ ერთი დღის განმავლობაში ვერ შევძელი საქმის ბოლომდე მიყვანა, მაშინ მეორე დღეს ვაგრძელებ და ერთ ნამუშევარს, დაახლოებით, 2-3 დღეში ვასრულებ ხოლმე. თუ თავისუფალი დღე მაქვს, მაგალითად, შაბათი ან კვირა, მაშინ ნამუშევრის შექმნას ერთ დღეში ვასწრებ. თუმცა, გააჩნია ზომას და სირთულეს. რაც შეეხება გეგმებს, მინდა, რომ გავყვე ხელოვნებას და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო.

скачать dle 11.3