კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ლელა მებურიშვილი: ჩემ გარშემო საზღვრები გავავლე, ყველასთან აქტიურად აღარ ვურთიერთობ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლელა მებურიშვილი ზაფხულის არდადეგებს ოჯახთან ერთად ატარებს. პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვრებს გარეთ გასვლას ვერ ახერხებს და გადაწყვიტა, ეს ვითარება საქართველოს კუთხეების უკეთ გასაცნობად გამოიყენოს.
  ლელა მებურიშვილი: როგორც ყველას, წელს მეც განსხვავებული ზაფხული მაქვს, თავისუფალი არ ვართ ჩვენს გეგმებში. ვერ წავალთ იქ, სადაც მოგვინდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ხალხმრავლობას მოვერიდოთ. მაგრამ რადგან დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ჩვენც გავთამამდით და რამდენიმე ადგილას წავედით ბავშვებთან ერთად. ბათუმში ვიყავით ივნისის ბოლოს და საოცრად სასიამოვნო გარემო დაგვხვდა. ბავშვები არ იყვნენ ნამყოფები და ძალიან მოეწონათ, ბედნიერები დააქროლებდნენ ველოსიპედებს (იცინის). ზღვაში კატერით გავედით და გაგვიმართლა – დელფინები გამოჩნდნენ და ჩვენ გარშემო დახტოდნენ. მოკლედ, ჯადოსნურ ზღაპარში აღმოვჩნდით. ვიყავით კახეთშიც, სადაც ხშირად დავდივართ ხოლმე და ძალიან კარგად გავერთეთ. როცა საზღვრებს იქით გასვლა არ შეგვიძლია, უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. ბარშიც შეგვიძლია დასვენება, მთაშიც და ზღვაზეც. ძალიან მინდა სვანეთში წასვლა, სადაც სამწუხაროდ, არ ვარ ნამყოფი და აუცილებლად წავალ რაჭაშიც, რომელიც ძალიან მიყვარს. ასე რომ, საწუწუნო ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ამ სიტუაციის დადებითი მხარეა.
– შენს მეუღლეს ძალიან ხშირად უწევდა სხვა ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით წასვლა. ეს მდგომარეობა როგორ აისახა მის საქმიანობაზე?
 – ყველას საქმეზე ძალიან ცუდად აისახა, ჩემზეც, ჩემს მეუღლეზეც, ჩემს ძმებზეც. ყველა აქტიურად ვთანამშრომლობდით სხვა ქვეყნებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც სასარგებლო იყო. ახლა მქონდა მნიშვნელოვანი შემოთავაზება, საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი გადაღებაზე და ვერ წავედი. ძალიან არასასიამოვნოა, როცა შენი კარიერისთვის განსაკუთრებით საინტერესო პროექტზე გიწევს უარის თქმა. არადა, ასეთი კარგი შემოთავაზებები ყოველდღე არ ჩნდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს კრიზისი ყველას შეეხო.
– ბევრმა წყვილმა აღმოაჩინა, რომ ამდენი დროის ერთად გატარება, თურმე კონფლიქტებსაც იწვევს, თქვენ?
– დღის განმავლობაში წყვილები ერთად არ არიან. საღამოს ორი საათით ხვდებიან, იმ დროსაც კიდევ ბევრი საქმე აქვთ და ვეღარ ახერხებენ ურთიერთობას, რაც ძალიან ცუდია. ბავშვებსაც ვერ უთმობენ დროს, ეს, ჩემი აზრით, კატასტროფაა. პატარები მშობლების გარეშე იზრდებიან და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებად ყალიბდებიან. მერე გვიკვირს, რატომაა ქვეყანაში ამდენი ძალადობა და უსამართლობა. ვინც შეძლო და ეს კარანტინი ამ თვალსაზრისით სასიკეთოდ გამოიყენა, ძალიან კარგი. ბევრი მიხვდა, რომ ძალიან გვიჭირს, რომ ურთიერთობები დაგვავიწყდა და თავისუფალ ორ წუთსაც მობილურში ვატარებთ. საბედნიეროდ, მე და ჩემს მეუღლეს ცუდი არაფერი აღმოგვიჩენია ერთმანეთში. მაქსიმალურად მედგა გვერდით, მარტო ვიყავით და სახლში ძალიან ბევრი საქმე მქონდა. თან ბავშვები არ იყვნენ მიჩვეულები, რომ ყველაფერს მე ვაკეთებდი და რომ მთხოვდნენ, მეთამაშეო, ვპასუხობდი: ახლავე, საჭმელს გავაკეთებ და მოვალ, გავრეცხავ და მოვალ და ასე შემდეგ (იცინის). მაგრამ მერე მივეჩვიე ყველაფრის კეთებას, თავადაც მეხმარებოდნენ და ყველაფრისთვის გვყოფნიდა დრო. მარტივი არაა ეს ყველაფერი. წყვილმა ბევრი უნდა იშრომოს და იფიქროს იმაზე, როგორ შეინარჩუნონ ოჯახში ჰარმონია და სიყვარული.
– რა არის ამისთვის მთავარი?
– თუ ეს ორმხრივი მცდელობა არ იქნება, ერთმა ადამიანმა რაც უნდა ბევრი გააკეთოს, არ გამოვა, თუ მთლიანად არ გადადებს საკუთარ თავს და არ გაწირავს, რაც არასწორი მგონია. იქნება რთული პერიოდებიც, პრობლემებიც, ჩხუბიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა იცი, რომ ერთად ყოფნა გინდათ, ხან ერთი თმობს და ხან – მეორე. ურთიერთობების გახალისება და გამრავალფეროვნება მუდმივად საჭიროა როგორც მეუღლესთან, ისე შვილებთან. მე ვფიქრობ, მუდმივად უნდა ეცადო, განვითარდე, რომ გარშემო მყოფებისთვის ყველა ეტაპზე საინტერესო ადამიანად დარჩე.
– ბავშვებს რაც შეეხებათ, უფროსი დედას ჰგავს, გოგონა – მამას...
– თავიდან ბიჭი ძალიან ჰგავდა მამას, მაგრამ ახლა მეუბნებიან, რომ ზუსტად მე ვარ, თუმცა, მე ამდენად ვერ ვიმსგავსებ. გოგოზე მეუბნებიან, რომ ბაჩოს ჰგავს, მაგრამ ჩემი ბავშვობის ფოტოებს რომ ვუყურებ, ძალიან მგავს. ხასიათითაც რაღაც საერთო აქვთ ჩვენიც და რაღაც განსხვავებულიც. მინდა, ისე გავზარდო, რომ ის თვისებები, რომელიც ჩემში არ მომწონს, მათ არ ჰქონდეთ. უფრო თავისუფლები, დამოუკიდებლები და უშიშრები იყვნენ. მეც თავისუფალი და უკომპლექსო ვიყავი. საერთოდ არაფრის მეშინოდა, არ მრცხვენოდა, არაფერზე ვნერვიულობდი. უდარდელი და ლაღი ბავშვი ვიყავი. მაგრამ, რომ გავიზარდე, ნელ-ნელა რაღაცები შეიცვალა. მეგობრები დამცინიან, გინდა პატარა ბავშვივით ლაღი იყო და არაფერზე ნერვიულობდე? ასაკი რომ გემატება, ეგრე არ გამოდისო. მაგრამ მინდა, ჩემი შვილები მაქსიმალურად დიდხანს იყვნენ ლაღები და უშიშრები.
– დროსთან და მიღებულ გამოცდილებასთან ერთად, როგორ ადამიანად ჩამოყალიბდი ემოციურ-ფსიქოლოგიურად?
– არ ვიცი, რამდენად აინტერესებს ეს ჩვენს მკითხველს, მაგრამ ყოველთვის ძალიან ემოციური ვიყავი. ნანახმა კი არა, მონათხრობმა მძიმე ამბავმაც შეიძლება, ისე იმოქმედოს ჩემზე, რომ ფიზიკურად გავხდე ცუდად და დიდი დრო დამჭირდეს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა, პირიქით, უფრო ემოციური ვხდები. ადრეც ხომ ასეთი ვიყავი, მაგრამ არაფრის მეშინოდა. როცა მარტო ხარ და საკუთარი თავი მხოლოდ შენ გეკუთვნის, უფრო თავისუფალი ხარ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ახლა, როცა შვილები მყავს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მეც კარგად უნდა ვიყო, რომ ისინი გავზარდო ჯანმრთელები და კარგები. მე ძალიან ფრთხილი ვარ, თუმცა, ჩემი მეუღლე ძალიან მშიშარაა ბავშვებთან მიმართებაში. ვაიმე, დააცემინა, ვაიმე, კოღომ უკბინა – ყველაფერზე ძალიან ნერვიულობს. მე უფრო ზომების მიღებაზე გადავდივარ და ვცდილობ, ჩემი ემოციებით ბავშვებიც არ ავაღელვო. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ისევ ჩამოყალიბების ეტაპს გავდივარ. ყოველი ახალი გამოცდილება, ახალს გმატებს და გზრდის.
– ემოციებთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში ალბათ, თავდაცვის მექანიზმიც გამოიმუშავე.
– ზოგადად, ემოციურობას არ გამოვხატავ და ვინც არ მიცნობს, შეიძლება, არც იცოდეს, რამდენად ემოციური ვარ. სამწუხაროდ, დიდად არც დადებით ემოციებს ვამჟღავნებ. შეიძლება, აღფრთოვანებული ვიყო, მაგრამ სიხარულისგან ყვირილი და სიგიჟეების ჩადენა არ დავიწყო, რაც ძალიან არ მომწონს. ემოციები არ უნდა შეიკავო. რაღაცაზე რომ ბრაზდები, უნდა იჩხუბო, რამე რომ მოგწონს უნდა შეგეტყოს. მე ძალიან თავშეკავებული ვარ. ზოგჯერ, საჭირო როცაა, მაშინაც არ გამოვხატავ საკუთარ აზრს, სხვა ადამიანს დისკომფორტი რომ არ შევუქმნა, რაც არასწორია. შეიძლება ეს ჩემი თავდაცვის მექანიზმიცაა. ირგვლივ იმდენად ბევრი ნეგატიური ინფორმაცია და ემოცია გროვდება, წლების შემდეგ, ჩემდაუნებურად, ისე მოხდა, რომ ჩემ გარშემო საზღვრები გავავლე. ყველასთან აქტიურად აღარ ვურთიერთობ. ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ რადგან ცუდი ამბების მოსმენა არ მსიამოვნებს და ვერ ვიტან ჭორაობას, წლების შემდეგ, თავისთავად, გრჩება რამდენიმე ადამიანი, რომლებისგანაც დადებითად იმუხტები და ემოციებისგან არ გცლიან.  ბუნებრივია, ვცდილობ, ახლო ურთიერთობა მქონდეს იმ ადამიანებთან, ვისგანაც დადებითს ვიღებ. როცა ყველა შენი ენერგიის წაღებას ცდილობს, სხვანაირად არ გამოვა, თორემ ბავშვებთან ისეთი აურით მოვალ, შეიძლება, ცუდად გავხდე. ჩემი აზრით, აურასაც გაფრთხილება უნდა. მერე ისე გამოდის, რომ ყველას სიამოვნებს შენთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ ნეგატივითა და ჭორებით არ ხარ დაბინძურებული. მართლა არ მაინტერესებს ასეთი ამბები. ტელევიზორსაც თითქმის არ ვრთავ, სოციალურ ქსელებსაც არ ვიყენებ დიდი დოზით. იმდენი საშინელება ხდება, რომ ჯობს, არ შემოუშვა შენში ეს ყველაფერი.
–  ბევრ ქალს მოსწონს, რომ ზრუნვის ობიექტია, რადგან „სუსტ სქესს“ წარმოადგენს და მისი დასაყრდენი ქმარია. მეუღლე რას ამბობს, რამდენად ძლიერი მეორე ნახევარი ჰყავს გვერდით შენი სახით?
– ვფიქრობ, ბაჩო უნდა გრძნობდეს, რომ მე ვარ მისი საყრდენი და ძალა, რომლის იმედიც შეუძლია, ნებისმიერ მომენტში ჰქონდეს. კაციც ისევე საჭიროებს გვერდით დგომას და დასაყრდენს, როგორც ქალი. იდეალური არავინაა, ყველას აქვს თავის სისუსტე და სჭირდება რთულ მომენტში შეგრძნება, რომ გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავს. მე დიდხანს ვიყავი მარტო, 30 წლის გავთხოვდი და მიჩვეული ვარ, რომ თავად უნდა მოვაგვარო ჩემი პრობლემები, თვითონ უნდა მივიღო გადაწყვეტილებები და საკუთარ თავში ვგრძნობ ძალას, რომელიც დამეხმარება, ჩემი ცხოვრება მარტომ ვმართო, მაგრამ როცა ოჯახი გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, თანადგომის უნარი გქონდეს. კაციც და ქალიც, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, გვერდით საყრდენს უნდა გრძნობდეს. შეიძლება, ვთვლი, რომ ძლიერი ვარ და მარტოც ბევრ რამეს გავართმევ თავს, მაგრამ შეგრძნება, რომ გვერდით ადამიანი მყავს, რომელიც ძალას მომცემს, თუნდაც ჩემი საქმის უკეთ გასაკეთებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პროფესიის ადამიანებს, მით უმეტეს, საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, მეუღლეები ვერ უდგანან გვერდით. ზოგჯერ გვიანობამდე გვიწევს მუშაობა, შეიძლება, გადაღება მთელი ღამეც გაგრძელდეს. ყოველთვის არა, მაგრამ ასეც ხდება და დაღლილს კიდევ რომ ოჯახის წევრი გირეკავს და გსაყვედურობს, ამდენ ხანს სად ხარო, ალბათ, ვერაფერს შეძლებ. ბაჩო, პირიქით, სულ მამხნევებს, რას წუწუნებ, ყოველთვის ხომ არ გაქვს ამხელა გადაღება, ყოველთვის ასე ხომ არ იღლები, ეს შენი საქმეა, რაზე ნერვიულობო. შეიძლება, ორი სიტყვით ისეთი ძალა მომცეს, რომ ყველა პრობლემა დამავიწყდეს. იმედი მაქვს, რომ თვითონაც იგივეს გრძნობს ჩემგან.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტოს ავტორია ფოტოგრაფი გიორგი ცაავა. სტატიაში გამოყენებული ფოტო კი ფოტოგრაფ ზუკა ფირცხალაიშვილს ეკუთვნის.

скачать dle 11.3