კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ანი ტყებუჩავა: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეგოისტობა სულაც არაა ცუდი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მორიგი სეზონის დასასრული ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ნინამ გადაწყვიტა, საკუთარი გარდაცვალების რეპეტიცია მოეწყო და ოჯახისგან შორს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდისთვის მიემართა.
  ანი ტყებუჩავა: ვიღაცებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება. რეალურად კი ასეთებიც ხდება და უარესებიც. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფილმსა თუ სპექტაკლში, შესაძლოა, ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც რეალობაში. ბევრი ამბობს, რომ ნინას მიერ შვილების დატოვება უდიდესი ეგოიზმია, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანის ტვინს რაღაც ზღვარი აქვს. გარკვეულ მომენტში თავდაცვის რეჟიმი ირთვება და შეიძლება, ამ დროს რადიკალური ნაბიჯებიც გადადგა, ამაში არაფერია ახალი. პრობლემები ადამიანებზე ინდივიდუალურად მოქმედებს, მით უმეტეს, როცა საქმე ონკოლოგიურ დაავადებას ეხება.
– მაყურებლის ერთი ნაწილი ამართლებდა ნინას, მეორე პირიქით – ეგოისტ ქალს ეძახდა, რომელმაც შვილებს საკუთარი გადაწყვეტილებით დიდი ტრავმა მიაყენა. ბევრი წერდა იმასაც, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება ძალიან ცუდი და მძიმე გზავნილია ონკოპაციენტებისთვის.
– როდესაც ადამიანები გამოგონილ გმირებზე ასე ბრაზდებიან და ენთებიან, მგონია, რომ შეუძლიათ, თავად, ხვალ უარესი გააკეთონ. ხშირად, ყველაზე მეტად მაშინ გეშლება ნერვები, როდესაც ხედავ, სხვა აკეთებს იმას, რაც შენც გინდა, გააკეთო, მაგრამ ვერ ბედავ. რაღაცების გაკეთების უფლებას მეც ვერ ვაძლევ საკუთარ თავს და სხვა რომ აკეთებს, მერე ნერვები მეშლება. ხანდახან მიფიქრია, რა კარგია, როცა ადამიანს საკუთარი თავის წინა პლანზე დაყენება და ეგოისტურად მოქცევა შეუძლია. მე ვფიქრობ, ისეთ კონდიციამდე მივიდა ნინას ოჯახი, რომ პაუზა ნამდვილად სჭირდებათ. თუ ეს პაუზა იქნება და არა ფინალი, ძალიან კარგი. ზოგჯერ, როცა რაღაც ჩიხში შედის, რადიკალური ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ბავშვებს ნინა ისეთი დაამახსოვრდებათ, როგორიც ახლა არის – კარგია თუ ცუდი, სხვაა, მაგრამ ეს არ არის სუსტი ადამიანის საქციელი. შევთანხმდეთ, რომ ნინა ძლიერი ადამიანია. მისი ქმედება შეიძლება, ეგოისტურია, მაგრამ აქ გაცილებით სხვა რამეებია მნიშვნელოვანი. იქნებ, იმიტომ წავიდა, რომ არ უნდა ოჯახი და მეგობრები აწვალოს. განა არ ჯობს, ბევრი ოჯახი მანამდე დაიშალოს, სანამ ძალადობამდე მივლენ? ოჯახის დანგრევა კარგი არაა, მაგრამ ძალადობას ხომ სჯობს. როცა ბავშვები დასტრესილ მშობლებს და უსიყვარულო გარემოს უყურებენ, ეს ხომ არ მოქმედებს მათზე კარგად?! იგივე შეგვიძლია, ვიფიქროთ ამ შემთხვევაშიც. თუმცა, მე, როგორც მსახიობი, ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ საკუთარი ვალდებულებისთვის თავი კარგად გამერთმია.
– ანის შესრულებაზე არავის უდავია. ანის რა შეიძლებოდა, ნინას ადგილას გაეკეთებინა?
– შეიძლება, ზუსტად ასე არა, მაგრამ მსგავსად მოვქცეულიყავი. თუმცა, ისეთი საკითხია, რომ ცალსახად რამის თქმა გამიჭირდება. ვიღაც იტყვის, საქართველოში ასე არ ხდება, დედა ხუთ შვილს ვერ დატოვებსო. შვილებსაც ტოვებენ და სხვა მძიმე ნაბიჯებსაც დგამენ, ეს გამართლება არაა, თუმცა ყველაფერს თავის მიზეზი აქვს.  
– რა შეტყობინებები მიიღეთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისგან?
 – მსგავსი პრობლემის მქონე არაერთ ადამიანს და მათ ოჯახებს ვიცნობ. არაერთი შეტყობინება მივიღე მათგან. ამბობენ, რომ წინასწარ ვერ იტყვი, ასეთ სიტუაციაში, ვინ როგორ მოიქცევა. ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგს შეიძლება, ბოლო დღეებში ოჯახური რუტინა ენატრებოდეს, ზოგმა კი ასეთი რამ ჩაიდინოს. რაც შეეხება მესიჯს – რამდენი ფილმი უნდა ვნახო დედის მიერ შვილის მიტოვებაზე, რომ მეც იგივეს გაკეთების სურვილი გამიჩნდეს? ყველა შეყვარებულმა თავი უნდა მოიკლას, რადგან რომეო და ჯულიეტა აქვთ ნანახი? ჩემი აზრით, მთავარი ისაა, რომ ურთიერთობები ჩიხამდე არ უნდა მიიყვანო. ნინამ ვერ აპატია ქმარს ღალატი. ვერავის მოსთხოვ, რომ  ვინმეს რამე აპატიოს, თუ არ გამოსდის, რა ქნას? თვითონაც უნდა ეს შეძლოს და იტყუება კიდეც, რომ აპატია, მაგრამ არ გამოსდის.
– ყოფილი ონკოპაციენტის გამოხმაურებას ვკითხულობდი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ონკოპაციენტები ყველაფერს ძალიან ემოციურად აღიქვამენ და თითოეულმა სიტყვამ შესაძლოა, დიდად იმოქმედოს მათ გადაწყვეტილებებზე...
– ონკოპაციენტები, ბუნებრივია, ამ საკითხში ძალიან გაცნობიერებული ადამიანები არიან. ის, რომ ერთი ტაბლეტით გინდა, კარგად გახდე, ადამიანის ხასიათის ნაწილია. მარტივ გამოსავალს ყველა ვეძებთ, მაგრამ იმავდროულად, ისიც ვიცით, რომ ასე არ ხდება. არა მგონია, ეს ადამიანები ისეთი მიამიტები იყვნენ, რომ სერიალის ზემოქმედების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ბალახით ან სოდით იმკურნალონ. ჭკვიანი კაცები თუ ქალები არიან  და ხშირ შემთხვევაში, აქეთ აიმედებენ და ამშვიდებენ საკუთარი ოჯახის წევრებს. ამიტომ ცოტა არასერიოზული მგონია, რომ ამ სერიის ნახვის შემდეგ ვიღაცამ შამანებთან დაიწყოს მკურნალობა.
– რამდენად ეგოისტია ნინა, ანის აზრით?
– რაღაც დონეზე ყველა ეგოისტები ვართ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეგოისტობა სულაც არაა ცუდი, თუ ამით სხვას არ გააუბედურებ. ნინას ვერ დააბრალებ, რომ ოჯახი და შვილები არ უყვარს. ჩვენ გარშემო უამრავი საშინელი ადამიანია და ხალხს რომ ვაკვირდები, მათზე არ ღიზიანდებიან, ვინც მართლა უნგრევს სხვას ცხოვრებას, ისე, როგორც სერიალის გმირებზე და ამ შემთხვევაში – ნინაზე, რაც ძალიან არაბუნებრივად მეჩვენება. ნინა იდეალური არაა, როგორც ყველა ადამიანს, არც მას გამოსდის ყველაფრის ვიღაცის ხათრით კეთება. რას ვიზამთ, რთულია ცხოვრება. ხომ არის გამოთქმა „არასოდეს თქვა არასოდეს“ – ამიტომ ცოტა არასერიოზული მგონია ნინას საქციელის ცალსახად დაგმობა. ჩემთვის მთავარია, ის, რასაც მაყურებელს ვთავაზობ, მსჯელობის საგანი გახდეს. ამ შემთხვევაში ასე მოხდა და დარწმუნებული ვარ, ადამიანები იფიქრებენ ამაზე. სამუდამოდ ბავშვების დატოვება არა, მაგრამ ბევრი გოგოსგან მსმენია, ცოტა ხნით მეც სიამოვნებით გავქრებოდი უკანმოუხედავადო. იმიტომ, რომ უკან უკეთეს მდგომარეობაში დაბრუნდეს და ისევ საკუთარი შვილის საკეთილდღეოდ, რომელსაც დალაგებული ფსიქიკის მშობელი სჭირდება. ჯობს ხუთი წელი იყო კარგი და პროდუქტიული ადამიანი, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიღაცები გააუბედურო. ცალსახად რამის თქმა რთულია, როცა რთულ ფსიქოლოგიურ და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ადამიანს ხავსი სჭირდება, რომელსაც მოეჭიდება და ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ნინას ოჯახი არ დაუნგრევია, არავისთვის უღალატია, ბევრი პლუსი აქვს ამ ადამიანს, მარტო იმიტომ, რომ სახლში ჯუჯღუნებს, ისიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო და რაღაცები არ მოსწონს, ხაზს ვერ გადავუსვამთ. ჩემი მიზანი იყო, მისი მონოლოგით გამოჩენილიყო, რომ ნინა არაა გასართობად და ტვინის გასანიავებლად წასული დედა. მინდოდა, დამენახვებინა, რომ მან ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო. თუმცა, რაც უფრო ვიზრდები, უფრო მეტ პატივს ვცემ იმ ადამიანს, ვინც ამბობს, „არ შემიძლია“, ვიდრე მას, ვინც ამბობს, რომ ყველაფერი შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში ამას იმხელა მსხვერპლის ფასად აკეთებს და ისე ცუდად, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარ თავსაც აზარალებს და მასაც, ვისაც მისი იმედი ჰქონდა.
– ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა ელის ამ პერსონაჟს – გაქრება სერიალიდან ნინა?
– არა მგონია, ნინა იქ სამუდამოდ დარჩეს, თუმცა ისეთი ფინალია, რომელიც შეიძლება, ბევრნაირად განვითარდეს. ისეც ხდება ხოლმე, რომ ძალიან მაგარ სერიალებში, სამი სეზონის შემდეგ ყველა მთავარ გმირს ხოცავენ და შემდეგ სულ სხვები იქცევიან წამყვან პერსონაჟებად. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, „ფორმულა კრეატივი“ გადაწყვეტს, ვინ არის საჭირო და ვინ – არა.
– სეზონის ემოციური დასასრულის შემდეგ, არდადეგებს როგორ ატარებთ?
– ახლა მეგობრებთან ერთად ვისვენებ ზღვაზე და შემდეგ მოვივლით მთას ბავშვებთან ერთად. შემოდგომით, რთველამდე კახეთსაც ვესტუმრებით. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე, როგორც მშობელმა, გადავწყვიტე, რომ ბავშვები ზღვაზე არ წამომეყვანა. პატარები არიან და ვფიქრობ, რომ მთაში უფრო დაცულები იქნებიან ვირუსისგან, რადგან იქ უფრო მეტად გავაკონტროლებ უსაფრთხოების ნორმებს. ახლა იტყვიან, ნინასავით ეგოისტი ყოფილა, თვითონ ზღვაზე წავიდა და ბავშვები თბილისში დატოვაო (იცინის). მაგრამ ხაზს გავუსვამ, სულ რამდენიმე დღით (იცინის). თან ხუთი წელია, ზღვაზე მარტო არ ვყოფილვარ და ახლა რამდენიმე დღით გამოვიპარე. სინამდვილეში, ბავშვებმა გადასარევად იციან, რომ მშობლები რამდენიმე დღით დაისვენებენ, თავად კი ამ დროს ბებოებთან არიან, რომლებიც ძალიან უყვართ და შემდეგ წავალთ იქ, სადაც მათ ძალიან მოსწონთ.
– ემოციური დედა ხართ?
 – ძალიან ემოციური ვარ და უშრეტი ფანტაზია მაქვს, რაც მღუპავს და მაგიჟებს ხოლმე. შეიძლება, დავჯდე და წარმოვიდგინო, ახლა შეიძლება, ბავშვი საიდანმე გადმოვარდეს, თავი დაარტყას და ასე შემდეგ, ყველანაირ ხიფათზე ვფიქრობ (იცინის). იდეალური მშობელი არ ვარ, თუმცა, ვცდილობ, უღირსი არ ვიყო, რომ ჩემს შვილებს ტრავმები არ დავუტოვო. ადამიანები ვართ და შეცდომებს ყოველდღე ვუშვებთ, მაგრამ არ მეგულება მშობელი, რომელსაც არ უნდა, კარგი შვილი გაზარდოს.

скачать dle 11.3