კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 ვირტუალური დაავადება

ელენ ვუდსი

  ოლდ-ჰაუზში  ქურდობა მოხდა.   ძველისძველ, ვიქტორიანული ეპოქის შენობაში ოთხი მობინადრე ცხოვრობდა. ერთი ფლიგელი მდიდარმა და   ექსცენტრიკულმა  ქალბატონმა დაიკავა, რომელსაც   კატები  ისე ძალიან უყვარდა, რომ ნადიმებსაც კი უწყობდა.  მეორე ბინაში გადამდგარი მოსამართლე და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. მესამეში – ახალგაზრდა წყვილი შესახლდა. რაც შეეხება მეოთხე ბინას სახლის მფლობელმა ის შინაბერა დებს მიაქირავა. მეზობლებს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ და, შესაბამისად, არც კონტაქტობდნენ. შინაბერა დებს კი ერთადერთი მოსამსახურე გოგო ჰყავდათ, რომელიც მათი უცნაურობების შესახებაც ყველასთან ყვებოდა. უფროსი მის ანაიდა იყო, რომელიც გულმოდგინედ ზრუნავდა ორი წლით უმცროს დაზე – ამელიზე. ამელი კი იმით იყო გამორჩეული, რომ საკუთარი თავი უმძიმეს ავადმყოფად ჰყავდა გამოცხადებული. იმდენ ვირტუალურ დაავადებას იგონებდა, რომ  ადამიანი მის ადგილას, მკვდარი თუ არა, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მაინც იქნებოდა. მაგრამ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მას ერთხელაც არ მიუმართავს დოქტორი ჰეიდოკისთვის, იჯდა თავის ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და საკუთარი დის გარდა არავის ეკონტაქტებოდა. მის ანაიდა  ყველას უმტკიცებდა, ჩემი და საშინლად იტანჯებაო...
  ერთ დღეს, მოულოდნელად, დებმა ძვირფასი ყელსაბამი დაკარგეს. ქურდად  კი  მოსამსახურე გოგო გამოაცხადეს. საწყალი კინაღამ მოკვდა ნერვიულობით. ცოტათი ქარაფშუტა კი იყო, მაგრამ  მის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ყელსაბამი გამოჩნდა – სამკაულების ყუთის ერთ-ერთ უჯრაში, კუთხეში იყო მიგდებული. თუმცა,  მოსამსახურე მაინც გაუშვეს იმ ბრალდებით, რომ მთელი ჭურჭელი დაამტვრიაო. ინსპექტორი დევისი თავს იტეხდა ამ ყველაფრის გამო. ნუთუ ყელსაბამი მართლა მოსამსახურემ მოიპარა, მერე კი შეშინებულმა დააბრუნა? თუ  გოგონა ქურდი იყო, მაშინ, უახლოეს მომავალში, ოლდ-ჰაუსში  კიდევ ექნებოდა მსგავს შემთხვევას ადგილი. დევისმა მოინახულა დები და ანაიდას  მოსამსახურის ამბავი „შეაპარა“. უთხრა დღეს პატიოსანი მოსამსახურის შოვნა  ძნელია. ორი-სამი თეფშის გატეხას  უნდა შეელიო. მის  მშობლებს ვიცნობ, პატიოსანი, წესიერი ხალხიაო... მის ანაიდამ ჯიუტად გააქნია თავი.  უპასუხა: ყელსაბამი მაგან აიღო და მერე დააბრუნა. ამიტომ, ვეღარ ვენდობითო. მერე  ჰკითხა: ჩემს საწყალ დას ხომ არ მოინახულებთ, გაუხარდებაო... ამელის ოთახში მუქი ფერის ფარდები ბოლომდე იყო დაშვებული. ავადმყოფი  საწოლზე იწვა და სიბნელეში სახე წესიერად არ უჩანდა. ინსპექტორს  სუსტი ხმით გადაუხადა მადლობა ყურადღებისთვის. კაცმა მხოლოდ მისი გახუნებული, ყვითელი თმის აწეწილი ბუჩქი გაარჩია... და, კიდევ, არწივისებური ცხვირი. ოთახში ჰაერი ოდეკოლონისა და მიქსტურების სუნით იყო გაჟღენთილი.
  რამდენიმე დღეში მთელ სამეზობლოს იმედი გაუცრუა ცნობამ იმის შესახებ, რომ დებმა მაინც იპოვეს ახალი მოსამსახურე, თანაც უმწიკვლო რეპუტაციით. სიტუაცია საეჭვოდ სწრაფად ჩადგა კალაპოტში. ინსპექტორი ყოყმანით აქნევდა თავს, როცა ამ ახალი მოსამსახურის ქება-დიდება ესმოდა. შინაბერების „საგანძური“ ოცდაათი წლისა თუ იქნებოდა. საკმაოდ სანდომიანი გარეგნობა ჰქონდა, შავი თმა და ჯანმრთელი, გადატკეცილი კანი. ძალიან გემოვნებით, აკურატულად იყო ჩაცმული. ინსპექტორმა  ერთხელ ნახა ის და კიდევ უფრო გაუმძაფრდა ეჭვი, რომ ახალი მოახლე უჩვეულოდ უნაკლო იყო. სამაგიეროდ, დები იყვნენ აღფრთოვანებულები. ანაიდა ყვებოდა, მერი ჩემს დას ისე უვლის, ლამისაა, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდესო. ინსპექტორმა საკუთარ თავს უთხრა: ეჭვი მაქვს, ეს იდეალური მერი მალე აორთქლდება. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ყველაზე სერიოზულ უსიამოვნებას სწორედ ასეთი უნაკლო ადამიანისგან უნდა ელოდე, თანაც, სრულიად მოულოდნელად. „წინასწარმეტყველება“ ახდა: ზუსტად ოცდაერთი დღის შემდეგ „მერი საოცრება“ გაქრა.  ისე აორთქლდა, როგორც  დილის ნამი. თან სოლიდური რაოდენობის განძეულიც გაიყოლა. დების მოსამსახურემ მეზობლებთანაც „წაიმუშავა“ – როგორც ჩანს, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ოთხივე ბინის გასაღებების ასლების გაკეთება. ახალგაზრდა მისის დერიემ თავისი ბრილიანტები დაკარგა.  ბრილიანტებთან ერთად გაუჩინარდა მისი ძვირფასი ქურქიც. მოსამართლემ და მისმა ცოლმა ძვირფასეულობა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაკარგეს. ყველაზე მეტად კი მაინც მისის მაიკლი დაზარალდა: მას თავისი კატებისთვის ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდა – მათი ყელსაბამები  მთლიანად ოქროთი და ძვირფასი თვლებით იყო მოჭედილი. მისის მაიკლი დარდისგან ლოგინადაც კი ჩავარდა. მის  ანაიდა გამუდმებით ტიროდა. მისი დის ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ უკვე ოთახიდანაც აღარ გამოდიოდა. ინსპექტორი შეშლილივით დარბოდა აქეთ-იქით. სანამ ერთ დღესაც გონება არ გაუნათდა. თავისი თანაშემწე კაბინეტში დაიბარა და უთხრა
 – რა ოსტატურად არის მოფიქრებული, არა?
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.
– ამ ქურდობაზე მოგახსენებ და უზადო რეპუტაციის მოახლეზე. მის კვალს ხომ ვერ მივაგენით? ჰოდა, ვერც მივაგნებთ, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს.
– რაო?! ეს როგორ?!
– ახლავე მოგიყვები. შეიძლება, შოკშიც ჩავარდე, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუვალთ – ქურდი მის  ამელია... ასე გაოცებულიც ნუ მიყურებ. სრულიად წარმოსადგენი და რეალურია. ჯერ მომისმინე, დავიწყოთ იმით, რომ „სასოწარკვეთილი“ დები ლონდონში გადასაბარგებლად ემზადებიან. არგუმენტები გულის ამაჩუყებელი აქვთ – მათ მორალური პასუხისმგებლობა აწუხებთ, მეზობლები რომ დააზარალეს. თანაც, მის ანაიდამ თქვა, რომ ამ ამბავმა მისი და სიკვდილის პირას მიიყვანა და კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია სჭირდება. ძაღლის თავიც მანდ არის დამარხული.  როგორც ჩანს, ეს დები გაქნილი თაღლითები არიან. როცა მათთან ბოლოს ვიყავი, პალტო მერიმ მომაწოდა – მოსამსახურემ. მე ხელჯოხი სპეციალურად დავაგდე ძირს, ისიც მერიმ მომაწოდა და, ბუნებრივია, თითების ანაბეჭდებიც დატოვა. ძალიან ადვილად დარწმუნდებით, რომ მეზობლების ბინაში აღმოჩენილი თითების ანაბეჭდების იდენტურია.  ეჭვი მის ამელიზე ადრევე გამიჩნდა. ის საცოდავი გოგო, პირველი მოახლე, ტყუილად კი არ მოიშორეს თავიდან. ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, თანაც, უმნიშვნელო დეტალებამდეც კი. გინახავს ავადმყოფი, რომელიც ექიმს არასოდეს აკითხავს?  ის  წესიერად თვალითაც  არავის უნახავს. მუდმივად ჩაბნელებულ ოთახში, ლოგინში მწოლარე იღებდა სტუმრებს. ყვითელი თმა კი მხოლოდ პარიკი იყო. ავადმყოფის ნიღაბს მიღმა, ჩემი  ვარაუდით  ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე არსება იმალებოდა. გეუბნებით, თავს დავდებ ამაზე. იმაზეც თავს დავდებ, რომ მის ამელი და მისი სუპერმოწესრიგებული მოსამსახურე ერთად არავის უნახავს, იმიტომ, რომ ისინი ერთნი არიან – ერთი ქალი ორ როლში. ახლა კი რადგან უკვე ყველაფერი იცით,  იმოქმედეთ – ლონდონის მატარებლის გასვლამდე ერთი საათია დარჩენილი...
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3