კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ დასრულდა ერთ წამში მერიკო კარტოზიას ბავშვობა და როგორ იცილებს ის საფრთხეს შეგრძნებებით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ჟურნალისტსა და პროდიუსერს, მერიკო კარტოზიას, საკმაოდ რთულ თემებზე უწევს მუშაობა. რთულია, უცრემლოდ და უემოციოდ უყურო მის სიუჟეტებს დაავადებული, შეჭირვებული და დაუცველი ადამიანების შესახებ. მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაშიც ყოფილა რთული მომენტები, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და სტრესები, რაც მხოლოდ რწმენით, აქტიურობითა და პოზიტიური აზროვნებით გადალახა.
  მერიკო კარტოზია: ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა – ლაღი, მხიარული და საინტერესო, რადგან მარტო არ ვიყავი, გვერდით მყავდა ტყუპისცალი და, ჩემი ენერგეტიკული მეორე ნახევარი და ერთად ვოცნებობდით ბედნიერ მომავალზე. ბავშვობიდან მოგვწონდა ჟურნალისტიკა, ვიღებდით სამოყვარულო ვიდეოებს, ჩვენი რუბრიკები გვქონდა და წამყვანები ვიყავით. ანუ, ბავშვობიდან ჟურნალისტობანას ვთამაშობდი, მინდოდა ხალხისთვის საინტერესო ვყოფილიყავი, სხვა პროფესიაზე არც მიოცნებია და ეს ოცნება ავიხდინე. 20 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ – ნიუსების რეპორტიორიც ვიყავი, ექსკლუზივებზეც მიმუშავია, მწვავე თემებზეც და მნიშვნელოვანი მოვლენების დროს, წინა ხაზზეც ვყოფილვარ. „მაესტროზე“ ვიყავი „ექსკლუზივის“ საავტორო გადაცემის წამყვანი, სადაც საინტერესო და ღირსეულ ადამიანებს ვწერდი და ამ საქმეს ახლაც, „პოსტ ტვ-ზეც“ ვაგრძელებ. გადაცემას – „სიკეთე მარტივია“, რომლის ავტორიც ვარ, საქველმოქმედო დატვირთვა აქვს. ხალხის ჩართულობით ძალიან ბევრი ადამიანის ირგვლივ გავერთიანდით საჭირო დროს, საჭირო ადგილას და ძალიან ბევრის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. კეთილი ადამიანების დახმარებით ბევრს სიცოცხლეც ვაჩუქეთ. მე გადაცემით, უბრალოდ, ვაწვდი ადამიანებზე ინფორმაციას, მერე კეთილი ადამიანები ჩნდებიან და ბევრი მეუბნება: სიკეთის შუამავალი ხარო (იცინის).
– გადაცემამ – „სიკეთე მარტივია“, მართლაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რამდენად რთულია და მძიმე ემოციურ- ფსიქოლოგიურად იმ თემებზე მუშაობა, რასაც ყოველდღიურად ეხები?
– როდესაც ამ გადაცემის გაკეთება დავიწყე, პატრიარქთან მივედი. ჩვენს უწმიდესს რომ მოვუყევი  ჩემი გადაცემის შესახებ, მითხრა: სიკეთე იშვიათია, მარტივი არ არისო. რასაკვირველია, ვეთანხმები მას – დიახ, რთულია, თუმცა, მე მინდა, სიკეთე მარტივი იყოს. ჩემი  დევიზია – „ერთად გავახაროთ ადამიანები“, რასაც ყოველი ჩემი სიუჟეტის დასრულების შემდეგ ვამბობ. მინდოდა, ადამიანებს მონდომებოდათ სიკეთის კეთება, თუმცა, ჩვენ გარშემო იმდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს, მითითება არ სჭირდებათ, ისე ეხმარებიან უცნობებს, უანგაროდ და სიხარულით. ემოციურად ძალიან რთულია იმ სიუჟეტზე მუშობა, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება. თუმცა, რომ ხედავ, მისი გასვლის შემდეგ, ხუთ დღეში, ასი ათას ლარს აგროვებ და ამით, გამოჯანმრთელებაში ეხმარები, წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია. ძალიან რთულია, როცა ბავშვი ცუდადაა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა მიწევს. იმდენად რთულია მათი მოსმენა, რომ ყოფილა შემთხვევები, ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიტირია. როცა ხუთი წლის ბავშვი ამბობს, რომ ღმერთი არის მთავარი, ის შეიძლება, მალე წავიდეს მასთან, არ ეშინია და ამისთვის მზად არის, ამის მოსმენა ძალიან ძნელია. ვცდილობ, ვიყო ოპერატიული და ისეთ დროს მივიდე ადამიანთან, როცა ეს მას ძალიან სჭირდება. მგონია, ყველა ჩემი რესპონდენტი ჩემი ოჯახის წევრია. მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც განსაცდელის დროს მყავს ჩაწერილი. მართლა რთულია, თუმცა, პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ჩემი ემოციების მართვაში ეს მეხმარება.
– თავად, თუ მდგარხარ რთული მომენტის წინაშე და თუ გადაგიტანია ცხოვრებისგან „დარტყმები“?
– რა თქმა უნდა, მქონია რთული პერიოდები. მამა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და მეგონა, მისი წასვლით დასრულდა ყველაფერი. მაშინ, 15 წლის ვიყავი და საკმაოდ რთული პერიოდი გადავიტანე. ეს ის ტკივილი იყო, როცა მივხვდი, ერთ წამში დასრულდა ბავშვობა, გავიზარდე და დაიწყო ჩემი შეგნებული ცხოვრება. მამასთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება მქონდა და ახლაც, სიზმრად და შეგრძნებებით ვხვდები, რომ ის სულ ჩემ გვერდითაა. ასე რომ, გარდაცვლილ მამასთან კავშირი მუდმივად მაქვს და როცა ვლოცულობ, სულ ვთხოვ, მანიშნოს რამე. ინტუიციაც მაქვს განვითარებული და მოვლენებს ხშირად წინასწარი შეგრძნებებით ვხვდები. არაფრისგან და შემთხვევით არაფერი ხდება,  უბრალოდ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ რაციონალური აზროვნება და შეგრძნებებს მივაქციოთ ყურადღება. ჩემს ინტუიციას ვენდობი და ზუსტად ვიცი, როგორ ავირიდო საფრთხე, როგორ დავიცვა თავი. თუმცა, ყველა ადამიანს, ზემოდანაც გვიცავს ის ძალა, რომლის გარეშეც, უბრალოდ, სიცოცხლე გაგვიჭირდებოდა. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თავადაც მქონდა, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ამიტომაც განვიცდი, როცა ადამიანს ამ მხრივ უჭირს. ვიცი, რამდენს ნიშნავს ამ დროს ადამიანის გვერდით დგომა და იმედიანი თვალები. ხდება ღირებულებების გადაფასება – იცვლი აზროვნებას, შეხედულებებს, გახსენდება წარსული, რაღაცებზე გეცინება, რაღაცაზე კი გული გწყდება, რომ დრო დაკარგე. აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხდები. ამ დროს რწმენაა მთავარი.
– რისი გადაფასება მოხდა შენში იმ რთულ მომენტში და ახლა, როცა დაავადება დამარცხებულია და უკან იხედები, რა განცდაა?
– მივხვდი, რომ ზოგჯერ ადამიანები თავად ვირთულებთ ცხოვრებას, უნიშვნელო პატარა ყოფითი პრობლემების გამო. არ უნდა ვიყოთ მატერიალისტები, რაღაცაზე დამოკიდებული, ზედმეტად არ უნდა განიცადო რაღაც-რაღაცები. ცხოვრება მართლა ერთი წამია და არ იცი, ხვალ რა იქნება. ამიტომ, უკეთესია, ყოველდღიურობით ვიცხოვროთ და ვიფიქროთ, ისე, თითქოს დღეს არის ბოლო დღე, ვიყოთ სიკეთისა და სიყვარულის მატარებლები. მოვეფეროთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს დროულად, ვუთხრათ ის სიტყვები, რაც გვინდა, დროზე გავაკეთოთ ის, რაც მოსასწრებია, პოზიტიური და შედეგიანი, რომ მერე არ დაგვიანდეს. ხუთი წლის წინ რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე, აღარც კი მახსოვს. შრომა და აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია. განსაცდელი იმიტომ გეძლევა, რომ მიხვდე და რაღაც-რაღაცები გადააფასო, მოცემულ რეალობას შეეგუო და დეპრესიაში ჩავარდნის გარეშე ეცადო, გამოასწორო. მიუხედავად სირთულეებისა და განსაცდელებისა, ცხოვრება გრძელდება.

скачать dle 11.3