კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გაწირეს მამია ბერიშვილი ნოე რამიშვილის ნათესაობის გამო

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  მამია ბერიშვილის ოჯახი ნოე რამიშვილთან ნათესაობის გამო მუდმივად რეპრესიების ქვეშ იყო. მისი და მისი ოჯახის ცხოვრება სავსეა ტრაგიკული ისტორიებით. ეს ის ადამიანია, რომლის დამსახურებითაც დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი სამშობლოში (მასალები გამოყენებულია გურამ შარაძის „ფრანგული დღიურებიდან“, რუსუდან ნიშნიანიძის დამოუკიდებელი მთავრობის მანდატით მსოფლიოს წინაშე უფლებამოსილი შეხვედრებიდან და  გურამ შარაძის „უკანასკნელი მოჰიკანთაგანიდან“).
  მამია ბერიშვილი დაიბადა გურიის სოფელ შუა სურებში. მამა – ნესტორ ბერიშვილი შეძლებული გლეხი იყო. დედა – მართა რამიშვილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის და გახლდათ.  12 და-ძმაში მამია ყველაზე უმცროსი ყოფილა.
1921 წელს, ბოლშევიკების შემოსვლისთანავე, ბერიშვილების მთელი ოჯახი სახლიდან გამოყარეს. მას შემდეგ მუდმივად  განიცდიდნენ რეპრესიებს ნოე რამიშვილთან ნათესაობისა და 1924 წელს ერთ-ერთი ძმის, შალვა ბერიშვილის ემიგრაციაში წასვლის გამო. 1930 წელს ყველა დაიჭირეს, მათ შორის 13 წლის მამიაც და თითქმის ორი წელი თბილისის საპატიმროებში ჰყავდათ გამომწყვდეული. და-ძმებს ერთ ადგილას ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ ისინი სწავლას მაინც ახერხებდნენ. მამიამ საშუალო სკოლა თბილისში ექსტერნად დაამთავრა. 1934 წელს ქალაქ უფის სამედიცინო ინსტიტუტში შევიდა, ორი წლის შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
  1941 წელს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული მამია ბერიშვილი ომში ექიმად გაიწვიეს. სევასტოპოლში ტყვედ ჩავარდა, იქიდან პოლონეთში, ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. ნოე ჟორდანიას შემწეობით, 1943 წელს საფრანგეთში მოხვდა, ფრანგულ ჯარში მოხალისედ შევიდა და კიდევ ორი წელი იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ომის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ემიგრაციაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა საქართველოსთან არალეგალური ურთიერთობა 1953 წლამდე არ შეუწყვეტია. ბავშვობიდან კარგად იცნობდა თურქეთიდან გადმოსასვლელ ბილიკებს და ემიგრანტული მთავრობის დავალებით მალულად  გადადიოდ-გადმოდიოდა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარზე, ჩამოდიოდა თავის მშობლიურ სურებსა და ჩოხატაურში.
  ტრაგიკულია ბერიშვილების ოჯახის ისტორია. მამია ბერიშვილი ამბობდა, რომ მისი სანათესაოდან 56 კაცია დაღუპული და მათგან 22-ის საფლავიც არ იციან. მამა სამი წელი იყო გადასახლებული, საიდანაც დაავადებული დაბრუნდა და გარდაიცვალა. უფროსი ძმა, მალაქია 1921 წლის თებერვალში კოჯორთან დაღუპულა. მომდევნო  – შალვა, 1924 წლის აგვისტოს ამბოხების აქტიური მონაწილე, საზღვარგარეთ გაიქცა, ორი ათეული წელი დაჰყო ემიგრაციაში, პარიზში ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მარჯვენა ხელი იყო. სამშობლოში დაბრუნებული გადაასახლეს, 70 წლისა გათავისუფლდა, დაოჯახდა, ქალიშვილიც ეყოლა და 90 წელს გადაცილებული თბილისში გარდაიცვალა. მესამე ძმა, ტიტე  – მათემატიკის მასწავლებელი ჭიათურაში, გერმანელმა ფაშისტებმა დახვრიტეს ვარშავაში 1939 წელს. 1943 წელს, რუმინეთში, ტყვეობაში დაიღუპა კიდევ ერთი ძმა – ბიკენტი,  მომდევნო და – ნინო  1949 წელს უსასრულო დაკითხვებისა და წამების დროს შემოაკვდათ. მათი დედა კი – 86 წელს მიღწეული მოხუცი, ყაზახეთში გადაასახლეს და იქ უსასრულო ტრამალებში ჩაიკარგა.
  მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლევილში დასახლდა. გახდა ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე. 1986 წელს მან ამ პოსტზე შეცვალა „ლევილის დედა“ – ნამეტია ბერძენიშვილი-გოგუაძისა. 1959 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანია. და რაც ყველაზე მთავარია, მამია ბერიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ერთ–ერთი მესვეური, მასვე ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მეტად მდიდარი კოლექცია. მისი  ფრანგი მეუღლე ქალბატონი ქრისტიანი ერთგულად ედგა მხარში ბატონ მამიას, აწარმოებდა ქართული ასოციაციის ფრანგულ ოქმებს, უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს.
  1996-1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების – ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების – კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
  სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონი მამია რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. მონაწილეობდა საარქივო დოკუმენტების გაშიფვრა-აღწერაში. 2002 წლის აგვისტოში უკანასკნელად იმყოფებოდა სამშობლოში. 2003 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევილთან ახლოს, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში.
  მამია ბერიშვილს დარჩა ვაჟი – ტიერ ბერიშვილი, შვილიშვილები – რემი და ფაბიენი. უფროსი დის – ოლღას შთამომავლები არიან მათემატიკოსი, აკადემიკოსი ბორის ხვედელიძე და მეცნიერი-მედიკოსი გივი ხვედელიძე. შალვა და გერონტი ბერიშვილების შთამომავლები თბილისში ცხოვრობენ. გადასახლებაში დიდხანს ნაწვალები მეათე ძმა – ნოე კი ოჯახთან ერთად სურებში ცხოვრობს.

скачать dle 11.3