კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მემკვიდრე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– სიყვარულის დავლიეთ. ახლა რის სადღეგრძელო შევსვათ, საყვარელო? – თქვა ქალმა და მამაკაცს გაუღიმა.
– ახლაც – სიყვარულის, – ღიმილითვე მიუგო მამაკაცმა და დაამატა, – შენი შვილების სიყვარულისა შევსვათ.
ქალმა შამპანურის ბოკალი აიღო და სადღეგრძელოს თქმა დააპირა, მაგრამ მამაკაცს შეხედა და ღიმილი  სახეზე შეეყინა. ბოკალი მაგიდაზე დადგა და უთხრა:
– ბესო, რა გჭირს? ჩემი შვილები შენი შვილები არ არიან?
მამაკაცმა საათს დახედა და ქალს უპასუხა:
– არა. არ არიან.
ქალს სახეზე შეძრწუნება გამოეხატა, შემდეგ გაიღიმა, მაგრამ ნაძალადევად და მამაკაცს უთხრა:
– რას სულელობ, ბესო? ნახევარმა ბოთლმა შამპანურმა დაგათრო? ან ეს რა ხუმრობაა?
ბესომ მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია. ისევ საათს დახედა და ქალს მიუგო:
– არ ვსულელობ, მარიკა და მთვრალი კი არა, ოდნავ გაბრუებულიც კი არ ვარ. თანაც, სრულ სიმართლეს გეუბნები და ზუსტად ვიცი, რომ ლევანი და ლალი ჩემი შვილები არ არიან, თუმცა ორივე ღვიძლი შვილივით მიყვარს... ჯერჯერობით.
– რას ჰქვია ჯერჯერობით. გაგიჟდი, ჭკუიდან გადახვედი? – ხმას აუწია მარიკამ.
ბესომ ფაილი გახსნა, მარიკას ფურცელი წინ  დაუდო და მშვიდად უთხრა:
– ესაა „დეენემის“ ანალიზების პასუხები და აქ შავით თეთრზე წერია, რომ ნომერი პირველი და ნომერი მეორე ნიმუშები ტყუპები არიან და რომ ნომერ პირველ და ნომერ მეორე ნიმუშებს ნომერ მესამე ნიმუშთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვთ. ნომერი პირველი ნიმუში ლევანიკოა, ნომერი მეორე ნიმუში – ლალიკო, ხოლო ნომერი მესამე ნიმუში კი მე ვარ.
მარიკამ ცივად გაუშვა ხელი ფურცელს, რომელიც მაგიდაზე გაცურდა და იატაკზე დავარდა. ქალმა გაფითრებული სახე ხელებში ჩარგო და ერთხანს უხმოდ იჯდა. შემდეგ თავი ასწია და მამაკაცს უთხრა:
– დიდი ხანია, შენთვის ყველაფრის მოყოლა მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი.
ბესომ ისევ საათს დახედა და უთხრა:
– დროზე მომიყევი ყველაფერი და რაც მთავარია, არაფერი მომატყუო, თორემ თერთმეტ წუთში მოკვდები და აღარაფერი გიშველის. ხოლო თუკი შეძლებ ჩემს დარწმუნებას, რომ სიკვდილის ღირსი არ ხარ, მაშინ გადაგარჩენ. შამპანურში საწამლავი ჩაგიყარე და თუკი უკვე ათ წუთში გამანეიტრალებელს არ დალევ, ვეღარაფერს გიშველი.
იმის მაგივრად, რომ ქალს სახეზე შეძრწუნება აღბეჭდვოდა, მამაკაცს მშრალად უთხრა:
– ბევრი არაფერია მოსაყოლი. შენ რომ ცოლად გამოგყევი, სამი კვირის ფეხმძიმე ვიყავი, თუ ვისგან, ამის მიხვედრა, ალბათ, არ გაგიჭირდება.
– ალბათ, კოტე ქავთარაძისგან, – თქვა ბესომ.
– კი, მისგან. შენ კარგად იცოდი, რომ კოტე სიგიჟემდე მიყვარდა და ის რომ არ დაღუპულიყო, ჩემი ქმარი გახდებოდა. თუმცა, ეს უბედურება მოხდა და დედაჩემმა მაიძულა, ცოლად შენ გამოგყოლოდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ მიყვარდი. მერე შემიყვარდი, მართლა, მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
– შენ გარდა კიდევ ვინმემ იცოდა, რომ ლევანიკო და ლალიკო ჩემი ღვიძლი შვილები არ იყვნენ? – იკითხა ბესომ.
– მხოლოდ დედაჩემმა, – თქვა ქალმა.
– არც ბიძაშენმა, მამიდაშენმა ან სხვა ვინმემ? – ჰკითხა ბესომ.
– არა. მეტმა – არავინ.
– ზუსტად იცი?
– ზუსტად ვიცი!  – მტკიცედ თქვა მარიკამ და დაამატა, – მაპატიე, საყვარელო, რომ ეს ამბავი დაგიმალე და მერწმუნე, სულ ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ არ მინდოდა, გული გტკენოდა. რომ ვხედავდი, როგორ გიყვარდა ლალიკო და ლევანიკო, ეს მაჩერებდა. თუმცა, დაფარული ამქვეყნად არაფერია და ადრე თუ გვიან ყველაფერი მჟღავნდება.
– კი, მჟღავნდება, – ცივად თქვა ბესომ.
მარიკამ ვედრებით შეხედა მეუღლეს, რაც იმას ნიშნავდა, – არ მომკლაო, ხმამაღლაც დააპირა ეთქვა. დაიწყო კიდეც:
– საყვარელო არ მომკ... – თუმცა კისერი მოსწყდა, ხელები ჩამოეყარა, თვალები დახუჭა და თავი მაგიდაზე დადო...
ბესო ქობულაძეს არც შეუხედავს მარიკასთვის, მაგიდიდან სიგარეტი აიღო და გააბოლა.
***
პოლიციის მაიორმა განცხადების კითხვა დაასრულა და ფაილში ჩადო. ბესო ქობულაძეს თანაგრძნობით შეხედა და უთხრა:
– ბატონო ბესარიონ, ახლა თქვენი გამოკითხვა უნდა ჩავატარო და ეცადეთ, ზუსტი პასუხები გამცეთ.
– დიახ. მკითხეთ, – მიუგო ბესომ მაიორს.
მაიორმა ჩაახველა და დაიწყო:
– ბატონო ბესარიონ, ბოლოს როდის ნახეთ თქვენი მეუღლე, მარიკა კვაჭაძე.
– გუშინწინ, დილის ათის ნახევარზე. მე ის თავისი ფირმის ოფისთან ჩამოვსვი და ჩემს საქმეებზე წავედი, – მიუგო ბესომ მაიორს.
– მასთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი როდის გქონდათ?
– ორი დღის წინ ველაპარაკე, საღამოს. თვითონ დამირეკა. ოფისში გავუარე და სახლში წამოვიყვანე. გუშინწინ კი საღამოს, დაახლოებით, ექვს საათზე მე დავურეკე, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ჩვეუფლებრივ, დღეში მილიონჯერ მირეკავს ხოლმე, მაგრამ, გუშინწინ რომ არ დამირეკა, მე თუითონ შევეხმიანე, თუმცა უშედეგოდ.
– მეუღლის ძებნა როდის დაიწყეთ?
– გუშინწინვე. როგორც კი ტელეფონით ვერ დავუკავშირდი, ჯერ ყველა ჩვენს ახლობელს გადავურეკე, მაგრამ არსად იყო. გუშინწინ მთელი ღამე, გუშინ მთელი დღე და წუხელაც სად არ ვეძებეთ მე და ჩემმა მეგობრებმა მანქანებით, მაგრამ ვერსად მივაგენით. წყნეთსა და წავკისში აგარაკები გვაქვს და თბილისში კი – ორი სახლი. ვიფიქრე, რომელიმე მათგანში ხომ არ წავიდა და ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი. მაგრამ არცერთში არ იყო. ოთხივეში ვიდეოკამერები გვაქვს. ყველა დავათვალიერე, მაგრამ არსად გამოჩენილა. ვეძებდით მორგებში, მტკვრის პირას, მოკლედ, სად არა, მაგრამ კვალსაც კი ვერსად მივაგენით. ბოლოს მარიკა მისმა თანაშემწემ, ინგა ქოიავამ ნახა. მარიკას უთქვამს, ბანკში მივდივარ მნიშვნელოვან საქმეზე და საღამოს დავბრუნდებიო. მარიკა ოფისის უკანა შესასვლელიდან გამოსულა და მისი კვალი კორპუსების ეზოში იკარგება. შიგ ეზოებში ვიდეოკამერები არაა. გარეთ კი ირგვლივ ყველა კამერის ჩანაწერები შევამოწმეთ, მაგრამ მარიკა არსად არის დაფიქსირებული.
– ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე ტერიტორიიდან არ გასულა? მე კორპუსებს ვგულისხმობ, – იკითხა მაიორმა.
– არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ ჩემი ძებნის შედეგები მოგახსენეთ და ჩემზე უკეთ, ალბათ, პოლიცია იმოქმედებს, – თქვა ბესომ.
– ძვირფასეულობას ატარებს?
– მხოლოდ ქორწინების ბეჭედს. ოქრო-ბრილიანტებით მორთვა არ უყვარს. თან ჰქონდა ნიანგის ტყავის ჩანთა, მაგრამ არა მგონია, ვინმე მას ძარცვის მიზნით დასხმოდა თავს. თანაც დღისით-მზისით.
– გატაცებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის ვერსიას გამორიცხავთ? – იკითხა მაიორმა.
– აი, სწორედ ესაა ის იმედი, რაც მასულდგმულებს და მაფიქრებინებს, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალია, – თქვა ბესომ და დაამატა, – თუმცა, ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია, იმედი მაქვს, რომ შემეხმიანებიან.
– კარგი, ბატონო ბესარიონ. თქვენთან მე მეტი შეკითხვა არ მაქვს და მოქმედებას ახლავე დავიწყებთ, – თქვა მაიორმა.
– მხოლოდ, ძალიან ფრთხილად, ბატონო მაიორო. თუკი მარიკა გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნითაა გატაცებული, ბოროტმოქმედები არ უნდა დაფრთხნენ, თორემ, შეიძლება, ჩემი მეუღლე მოკლან კიდეც, – თქვა ბესომ და დაამატა, – ჩემგან კი, რაც საჭირო იქნება – ფული, ტრანსპორტი თუ სხვა რამ, უკან არაფერზე დავიხევ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამირეკოთ.
ბესო ქობულაძე პოლიციის მაიორს გამოემშვიდობა და ვაკეში, თავის ფეშენებელურ სახლში დაბრუნდა. ეზოში მას ქეთო შანიძე შეეგება და ჰკითხა:
– რა ქენი, ბესო, შეიტანე განცხადება.
– შევიტანე, ქეთო, –  მიუგო ბესომ ლევანისა და ლალის ძიძას, 40 წლის ქალს, რომელიც ბავშვებს დაბადებიდან უვლიდა.
– მერე რა გითხრა პოლიციამ? – არ მოეშვა ძიძა.
– მოვძებნითო, – მოკლედ მიუგო ბესომ და იკითხა:
– ბავშვები სად არიან?
– სადილობენ.
– ვასო არ გამოჩენილა?
– იყო და წავიდა. დაიბარა, საღამოს მოვალო.
– კარგი, გასაგებია, – თავი დააქნია ბესომ, – ცოტა უნდა დავისვენო და  სახლში არავისთვის ვარ. ბავშვებს მოგვიანებით ვნახავ.
– კარგი. შენთან არ გამოვუშვებ, – უთხრა ქეთომ და სასადილო ოთახისკენ გაემართა, რომ ბავშვები გაეკონტროლებინა.
ბესო სახლში შევიდა  და კაბინეტში ჩაიკეტა. სავარძელში მოკალათდა, სიგარეტი გააბოლა და ფიქრს მიეცა. ათიოდე წუთის შემდეგ ტელეფონმა დარეკა. ბესომ დაფარულ ზარს დახედა და გულაჩქარებულმა უპასუხა.
– გისმენთ.
– ფიროსმანის ოცდაშვიდთან რომ სანაგვე ბუნკერია, „ადიდასის“ წითელი პაკეტი დევს და აიღე. – მოესმა ბესოს მამაკაცის დაწვრილებული ხმა და მობილურიც გათიშა.
ბესო ქობულაძე სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან. ეზოში მას ტყუპები შეხვდნენ, შეახტნენ, ხელები მოხვიეს და კოცნიდნენ.
– მამიკო, მამიკო, დედიკო მალე ჩამოვა? – ერთხმად ჰკითხა და-ძმამ ბესოს.
– კი, მალე ჩამოვა, – მიუგო ბესომ.
– სად მიდიხარ? – კვლავ ერთდროულად იკითხეს ბავშვებმა.
– სამსახურში და მალე მოვალ. მეჩქარება, – უთხრა ბესომ ბავშვებს, შემდეგ ორივეს აკოცა, ძირს ჩამოსვა, ძიძას ანიშნა, წაიყვანეო და მანქანისკენ გაემართა.
ქეთომ და ტყუპებმა თვალი გააყოლეს ბესოს მანქანას, რომელიც ეზოდან ნელი სვლით გავიდა და ქუჩაში კი საგრძნობლად მოუმატა სისწრაფეს. სულ მალე ბესო ქობულაძეს „ადიდასის“ პარკში მოთავსებული ყუთი ეკავა ხელში. შიგნით მობილური ტელეფონი და დაბეჭდილი ფურცელი იდო, რომელშიც ეწერა: „ქუჩაში დარჩი. ცხრის ნახევარზე დაგირეკავ“.
ბესომ საათს დახედა – ცხრის ოცდარვა წუთი იყო. ზუსტად ორი წუთის შემდეგ ტელეფონმა დარეკა და ბესომ უპასუხა:
– გისმენ.
– ალბათ, უკვე განცხადება შეიტანე პოლიციაში მეუღლის დაკარგვის თაობაზე და შეიძლება, ძაღლები გაზიან ტელეფონზე. ამიტომ გაგიჩითე ახალი ტელეფონი და ამაზე ლაპარაკი უსაფრთხოა. რა ქენი, შეიტანე? – თქვა წვრილხმიანმა მამაკაცმა.
– კი. შევიტანე, – მოკლედ მიუგო ბესომ.
– რაო, მერე, ვიპოვითო შენს ტურფას? რა იციან, რომ ის შარშანდელი თოვლივით გააქრე? – ირონიით თქვა უცნობმა.
– რა გინდა, რისთვის მირეკავ? – ჰკითხა ბესომ. უცნობმა კი მიუგო:
– იცი, რა? გადავწყვიტე, ამ საქმიდან ცოტა ხეირი მეც ვნახო. მართალია, მილიონერი ხარ, მაგრამ ბევრი არ მინდა. მილიონსაც კი არ მოგთხოვ და მხოლოდ ასი ათას დოლარს გამოგართმევ, თუ, რა თქმა უნდა, გაიმეტებ.
– გავიმეტებ. სად და როდის მოვიტანო?
– მოიცა, მოიცა, ეს კარგადაა მოსაფიქრებელი, რომ არ ჩამავლო. რაც უნდა იყოს, მხოლოდ მე ვიცი, რომ ცოლი დაბრიდე და ცოცხალი მოწმე რაში გჭირდება?
– ნუ გეშინია.
– შენ გეშინოდეს, – ჩაეცინა უცნობს და დაამატა, – მე რა? ცოლი შენ მოკალი, მე ხომ არა? მე მხოლოდ ის ინფორმაცია მოგაწოდე, რაც მოგაწოდე. დანარჩენი კი შენ ჩაიდინე. მაინც, რა უქენი – დაახრჩვე, ყელი გამოჭერი თუ ტყვია დაახალე?
– რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, შური ვიძიე და ისე გავაქრე, რომ ვერავინ იპოვის, – თქვა ბესომ და დააყოლა, – მაინც, რატომ მითხარი ეს ინფორმაცია? რა გამოძრავებდა? მარიკას რომ დაკავშირებოდი და დაგეშანტაჟებინა, ნებისმიერ თანხას გამოვიდოდა.
– ხომ გითხარი უკვე, რომ ფულში არაა აქ საქმე. ღორი და ხარბი არ ვარ, თორემ არც შენ დაინანებ რამდენიმე მილიონს.
– აბა, რაშია მაშინ საქმე?
– შურისძიებაში, ჩემო ბესო, შურისძიებაში. მარიკაზე მე შური ვიძიე და შენ აგასრულებინე ის, რაზედაც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.
– მაინც რისთვის იძიე შური?
– რისთვის და გაუზიარებელი სიყვარულისთვის. მარიკა მე ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ვერ ვბედავდი გამხელას და შორიდან ვეტრფოდი. ხოლო, როცა გავბედე, მან დამცინა.
– ერთი ეს მითხარი, – საიდან იცოდი, რომ მარიკა კოტესგან ფეხმძიმედ იყო?
– კოტიკოსგან, – მოკლედ მოუჭრა უცნობმა.
– კოტიკოსგან? – გაიმეორა ბესომ.
– კმარა. მე თვითონ დაგიკავშირდები. ტელეფონი კი შეინახე. თანაც დაიმახსოვრე, რომ თუკი ჩემს მოხელთებას შეეცდები, თავად გაებმები მახეში.
– ნუ გეშინია. ფულს მოგიტან, აიღე და თავი დამანებე. სულ არ მაინტერესებს შენი ვინაობა.
– შეხვედრამდე, – თქვა უცნობმა და ტელეფონი გათიშა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3