კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ აღწევდა სასურველ შედეგს სტალინი გლობალურ პოლიტიკაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ლიდერთაგან იოსებ სტალინს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვოდა ჰიტლერის დამარცხებაში, საბჭოთა ბელადს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ეგრეთ წოდებული, „კომუნისტური ბლოკის“ ფორმირებაში და ზოგჯერ მას რკინის მუშტისა და მუქარის ენითაც კი უწევდა ოპონენტებთან ლაპარაკი. ფილოსოფიურ და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტიმოფეი სავიცკი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს მოკავშირე ქვეყნის მეთაურები ხოტბას ასხამდნენ და საქებარ ეპითეტებს არ იშურებდნენ, მათი ჭეშმარიტი მიზანი სტალინის „ევროპული ძალაუფლების“ შეზღუდვა იყო და ამისთვის უკან არაფერზე იხევდნენ. სტალინი რის სტალინი იყო, რომ ვინმეს, თუნდაც, ჩერჩილისნაირ ეშმაკ პოლიტიკოსს გაეცურებინა, მაგრამ შეძლებისდაგვარად თავს არიდებდა კონფრონტაციას და განსაკუთრებული საჭიროების გარდა სიტუაციას არ ამწვავებდა. თუმცა, საბჭოთა ბელადი ყოველთვის იმას აღწევდა, რასაც მიზნად ისახავდა. მისი მიზანი კი იყო მსოფლიოში მძლავრი კომუნისტური ბანაკის შექმნა, რასაც იოსებ ბესარიონის ძემ ჩინებულად გაართვა თავი... ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „სტალინი, რა თქმა უნდა, არ იყო გულუბრყვილო პოლიტიკოსი და მით უმეტეს, არც მიუხვედრელი ადამიანი და ანგლო-ამერიკელების ერთგულების, რასაკვირველია, არ სჯეროდა, თუმცა, თავიდან არც ის ეგონა, რომ ისინი (დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) ასე მალე დაიწყებდნენ კონფრონტაციას, მაგრამ სტალინმა ესეც გაითვალისწინა და მოვლენებს მომზადებული დახვდა. ძირითადად, ის  შეფარულად მოქმედებდა და სანამ ანგლო-ამერიკელები „კეფას მოიფხანდნენ“ და მითითება-საყვედურებს დაიწყებდნენ, სტალინის ბრძანებით, „მისათითებელ-სასაყვედურო“ საქმეები უკვე გაკეთებული იყო და მათ ვერც ანგლო-ამერიკული საყვედურები შეცვლიდა, ვერც სხვა რამ და რომ იტყვიან, წყალი არ გაუვიდოდა. ერთ-ერთი ასეთი ფარული იდეოლოგიური აქცია იყო სტალინის ჩუმი, მაგრამ მტკიცე მითითება იმის შესახებ, რომ კომუნისტური ბლოკის ყველა ქალაქსა და მოზრდილ დასახლებულ პუნქტში უნდა აღემართათ ლენინისა და გამარჯვებული საბჭოთა ჯარისკაცის ბრინჯაოს ძეგლები, ხოლო ამ ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანად უნდა შეესწავლათ რუსული ენა და ლიტერატურა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ ქვეყნებში რუსული ენა, ფაქტობრივად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსს იძენდა, ხოლო კომუნისტური პარტია (ლენინის ძეგლები) და „წითელი არმია“ (გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლები) მათი იდეოლოგიური სიმბოლოები იყო“.
  მხოლოდ 1947 წელს „საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში“ ლენინისა და გამარჯვებული ჯარისკაცის 38 ათასი ძეგლი დაიდგა. რუსულ ენას კი თითქმის 100 მილიონი ადამიანი ეუფლებოდა.
  1948 წელს, როდესაც მოლაყბე-მიმთითებლებმა სტალინის „იდეოლოგიური დესანტის“ რეალური სტატისტიკა შეიტყვეს, სასტიკად გაბრაზდნენ და საბჭოთა ბელადი უკიდურეს ანტიდემოკრატიულობაში დაადანაშაულეს. ჩერჩილმა კი ბრიტანეთის რადიოთი გამოსვლისას ამ აქციას „საბჭოური ძეგლომანია“ უწოდა, მკაცრად მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ძეგლების დადგმა და ბოლოში, დასკვნის სახით, განაცხადა: „ამას შესაძლოა, ჩვენთვის არასასურველი გაგრძელება მოჰყვეს – სტალინის მითითებით, რუსები ლენინისა და წითელარმიელის ძეგლებით მოადგნენ ალბიონს“... მეორე დღეს ჩერჩილის სიტყვების საპასუხოდ გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა საბჭოთა ბელადის სიტყვები, რომელმაც თქვა: „ფრანგებმა თავად დაუდგეს საბჭოთა მეომარს ძეგლები და ეს მხოლოდ მისასალმებელია. ხოლო თუკი ბრიტანელები ფეხს ითრევენ ამ საქმეში, მაშინ მზად ვართ, მათ დავეხმაროთ და ძველ მწყობრში დავაბრუნოთ“. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ სტალინის სიცოცხლეშივე „ცივი ომის“ დროს ბრიტანელებმა არა თუ საბჭოთა ჯარისკაცის რამდენიმე ძეგლი დადგეს თავის ქვეყანაში, მათ შორის ლონდონშიც, არამედ მემორიალური დაფა გაუკეთეს იმ ისტორიულ სახლს, სადაც ლონდონური მცირეხნიანი ემიგრაციის დროს ვლადიმერ ლენინი ცხოვრობდა... მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბრიტანელებმა ეს სტალინის შიშით გააკეთეს. არა, უბრალოდ, ჭკვიანი ალბიონელი პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ საბჭოთა ჯარისკაციც, ლენინიც და მსგავსი ატრიბუტიკა გლობალური მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის შემადგენელი ნაწილები იყო და რადგან ბრიტანელები თავს ამ ისტორიის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟებად მიიჩნევდნენ, არც სიმბოლურ ნაწილში დაიკნინეს თავი. ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ბრიტანული „კონსერვატიზმის სარკედ“ წოდებული ლორდი ჰალიფაქტი წერდა: მიუხედავად ჩვენ შორის უდიდესი დაპირისპირებისა და იდეოლოგიური უფსკრულისა, ბრიტანეთი და საბჭოეთი დიდი მოკავშირეები იყვნენ დიდ ომში. სტალინი კი – უდიდესი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეო.
  როდესაც საბჭოთა ბელადი გარდაიცვალა, უინსტონ ჩერჩილმა ხმამაღლა განაცხადა: უსტალინოდ მსოფლიო პოლიტიკა საინტერესო არააო. ჩერჩილი უდიდესი ავტორიტეტი იყო  პოლიტიკაში და მისი ეს სიტყვები  სტალინის საუკეთესო შეფასებაა“.

скачать dle 11.3