კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ვინ უსახსოვრა პროფესორ იუსტინე ჯანელიძეს საკუთარი გული

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ლეგენდარული ქირურგი იუსტინე ჯანელიძე იყო მსოფლიო კარდიოქირურგიის ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც 30 წლის ასაკში 1913 წელს, პირველმა დედამიწის ზურგზე, შეძლო გულში ტყვიით დაჭრილი და აორტაგაგლეჯილი ადამიანის გადარჩენა.
  იუსტინე იულიანეს ძე ჯანელიძე დაიბადა 1883 წლის 2 აგვისტოს სამტრედიაში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, საიდანაც 1905 წელს გარიცხეს რევოლუციურ-სტუდენტურ მოძრაობებში მონაწილეობისთვის. სამედიცინო განათლების მიღება შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში დაასრულა და იქვე 1909 წელს ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია ონკოლიგიაში. 1910 წელს, რუსეთში დაბრუნებულს, მოსკოვის უნივერსიტეტმა „წარჩინებული მკურნალის“ წოდება მიანიჭა. 1911-1914 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე. 1911-1912 წლებში ღია გულზე ჩატარებულ ოპერაციებში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ქირურგმა იმ დროისთვის წარმატების არნახულად მაღალ მაჩვენებელს – 27 პროცენტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აბსოლუტურად უნიკალურია იმდროინდელ მსოფლიოში, რადგან ღია გულზე ჩატარებული ოპერაციების წარმატების მაჩვენებელი მაშინ 5 პროცენტს არ აღემატებოდა.
  იუსტინე ჯანელიძის, როგორც მუშა გულზე პირველი ოპერაციის ჩამტარებელი ქირურგის, სახელი მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოშია შეტანილი. მან 1913 წლის 27 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში, პირველად დედამიწის ზურგზე, შეძლო შიგ გულში ტყვიით დაჭრილი და აორტაგაგლეჯილი ადამიანის გადარჩენა.
  1914 წელს იუსტინე ჯანელიძე არმიაში გაიწვიეს. მუშაობდა სამხედრო-საველე სანიტარული მატარებლის ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს ექიმად. დემობილიზაციის შემდეგ იგი დაუბრუნდა კლინიკას, საიდანაც პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდა. მალე დაამტკიცეს პროფესორად და ჩააბარეს საერთო ქირურგიის კათედრა. 1927 წელს კონკურსის წესით აირჩიეს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ, სადაც 16 წელი იმუშავა. მის პატივსაცემად 50-მდე სამედიცინო მანიპულაციას დღესაც მათი პირველაღმომჩენისა და პრაქტიკაში დამნერგავის სახელი ეწოდება.
  1932 წელს იუსტინე ჯანელიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც 1950 წლიდან მის სახელს ატარებს. ამავე პერიოდში იგი აირჩიეს ქალაქ ლენინგრადის გადაუდებელი ქირურგიის საბჭოს თავმჯდომარედ. 1939 წელს კი საბჭოთა კავშირის სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარ ქირურგად დაინიშნა.
  დიდი სამამულო ომის დაწყების პირველივე თვეებიდან იუსტინე ჯანელიძე მთელ ძალასა და ენერგიას ახმარდა დაჭრილებისთვის ქირურგიულ დახმარებას. სამხედრო-საზღვაო ნაწილებში ქმნიდა სამკურნალო-საევაკუაციო უზრუნველყოფის დანაყოფებს. თავისი გამოცდილებით უშუალოდ ეხმარებოდა სხვა ქირურგებსაც გულის, მსხვილი სისხლძარღვების ქირურგიასა და დამწვრობის მკურნალობაში. ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იყო მის მოღვაწეობაში. 1943 წელს სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
  1944 წელს იუსტინე ჯანელიძე დაამტკიცეს საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიის პირველი შემადგენლობის ნამდვილ წევრად. ერთი წლის შემდეგ მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1946 წელს აირჩიეს ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ და ამ მოვალეობას სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა. მინიჭებული ჰქონდა პირველი ხარისხის სტალინური პრემია, დაჯილდოებული იყო ლენინისა და წითელი დროშის ორდენებით, ასევე, მედლებით.
  იუსტინე ჯანელიძეს ორჯერ გადაურჩენია გულში მძიმედ დაჭრილი ბანდიტი. მან კლინიკაში არ შეუშვა პატიმრის ბადრაგი, რითაც სასტიკად გააბრაზა ჩეკისტები და თავისი ყოფნა-არყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაწერისას კი ხელახლა დასაპატიმრებლად განწირულ პაციენტს სთხოვა, თავი დაენებებინა ყაჩაღობისთვის. მანაც მადლიერების ნიშნად არა ფული, არამედ გული მიუძღვნა პროფესორს. ბანდა გაქრა. 1942 წელს, ლენინგრადის ბლოკადის დროს, ტყეში ნაპოვნ გვამს ჯიბეში წერილი უპოვეს: „ჩემს გულს ვუძღვნი პროფესორ ჯანელიძეს“. ყოფილი ყაჩაღი, იმჟამად უკვე – პარტიზანი, თავში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა... მისი გული დღესაც ინახება სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მუზეუმში.
ჯანელიძე მეიოს ფონდის მიწვევით, სამი თვით, აშშ-ში მივლინებით იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნებულმა შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას გულწრფელად აღიარა – 100 წლით ჩამოვრჩებით ამერიკის შეერთებულ შტატებსო. ამ სიტყვებისთვის მაშინ დასაჯეს იმით, რომ ოპერაციების გაკეთება აუკრძალეს და მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება დაუტოვეს. ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ სტალინის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანას დახმარება დასჭირდა. გოგონას მუცლის ტკივილები დაეწყო და ზუსტად ვერავინ ამბობდა მიზეზს. ბოლოს, სტალინის მოთხოვნით, ჯანელიძე მიიწვიეს. აპენდიციტი – უყოყმანოდ დასვა დიაგნოზი პროფესორმა ჯანელიძემ და ოპერაციაც გააკეთა. ამის შემდეგ ლეგენდარულ ქირურგს კვლავ დართეს საქმიანობის ნება. ამბობენ, გაბედული კაცი იყოო. უპარტიოს ვერცერთ თანამდებობაზე ყოფნისას ვერ გაუბედეს პარტიაში შესვლის შეთავაზება.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქირურგები დღესაც წარმატებით იყენებენ იუსტინე ჯანელიძის მიერ დანერგილ მეთოდებს. სახელოვანი მეცნიერი საუკეთესო პედაგოგიც იყო. კარგად ეხერხებოდა ახალგაზრდა კოლეგებისათვის რთული მეცნიერული ფორმულირების მკაფიოდ ახსნა. სანკტ–პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში დღესაც გაიცემა იუსტინე ჯანელიძის ორი სტიპენდია.
  1947 წელს, რკინის ფარდის ჩამოშვების მიუხედავად, იუსტინე ჯანელიძე საფრანგეთის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრად, ევროპის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილ წევრად აირჩიეს. ამერიკამ 2000 წელსაც კი გაიხსენა ჯანელიძის ღვაწლი მსოფლიო კარდიოქირურგიის ისტორიაში.
ღვაწლმოსილი ქირურგი 1950 წლის 14 იანვარს ლენინგრადში გარდაიცვალა. მთელი ქალაქი გლოვამ მოიცვა. შვიდ კილომეტრზე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაომდე ფეხით  მიაცილა და 17 იანვარს დიდი მეცნიერის – მენდელეევისა და დიდი მომღერლის – პიროგოვის საფლავებს შორის მიაბარა მიწას.

скачать dle 11.3