კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ ეძნელებოდა დავით მესამე კურაპალატს თავის შვილობილთან განშორება და რატომ ჩამოართვა მან მძევლები აფხაზეთის დიდებულებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  975 წელს დიდმა ქართველმა მამულიშვილმა, იოანე მარუშისძემ პირველი ნაბიჯი გადადგა თავისი გეგმის განხორციელების, საქართველოს გაერთიანების საქმეში – დავით კურაპალატის სამხედრო ძალით ქართლის ერისთავად გამოცხადდა ბაგრატ ბაგრატიონი.
  მემატიანე წერს დავით მესამე დიდ კურაპალატზე: „ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა“. ის კავკასიაში ყველაზე ავტორიტეტულ, ძლიერ და გონიერ ხელმწიფედ ითვლებოდა. „იყო პირველად ღმრთის-მოყუარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთ-მოყუარე და ფიჩოსანთ (ბერ-მონაზონთ)-მოყუარე, ყოველთათვის კეთილის-მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა“. დავით მეფემ, უფლისციხეში ქართლის ერისთავად დასვა ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი და ერისთავის მცირეწლოვნობის გამო, საქმეები მამამისს, უფლისწულ გურგენს ჩააბარა – ქართველთა მეფე ბაგრატ მეორის ძეს.
  დაიბარა ქართლის აზნაურები და „უბრძანა: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი და დაყვნა დღენი მცირედნი და წარვიდა ტაოს“.ქართლის აზნაურებისა და ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო დავით კურაპალატის სიტყვები, რომ ბაგრატი არისო ტაოს, ქართლისა და აფხაზეთის მემკვიდრე, მისი შვილობილი და გაზრდილი, მაშასადამე, აღნიშნული ქვეყნების მომავალი გამაერთიანებელი. ბაგრატის ხელისუფლების გარანტორი იქნებოდა თვით დავით კურაპალატი.
  იმ ხანებში ბიზანტიაში დიდი ამბები იყო. მცირეწლოვან კეისარს, ბასილი მეორეს და მის თანამმართველ უმცროს ძმას, კონსტანტინე მერვეს, ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა.
დავით კურაპალატმა 12 000-კაციანი ჯარი გაუგზავნა ბიზანტიის მცირეწლოვან იმპერატორებს საშველად.
  ისარგებლეს ქართლის აზნაურებმა, როგორც სჩვეოდათ ხოლმე. „ვითარ წარხდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუეულება ქართლისა აზნაურთა: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა, და მოიყვანნეს ლაშქარნი კახეთით; და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად“.
  მცირეწლოვანი ბაგრატ ერისთავის, მამამისის, უფლისწული გურგენისა და დედის, აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტის ქართლის აზნაურთა მიერ ღალატით კახელებისთვის გადაცემის ამბავი რომ შეიტყო დიდმა ხელმწიფე დავით კურაპალატმა, ძალიან გამწარდა: „გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად“.
  შეეშინდათ კახელებს. დავით კურაპალატის ჯარი ბიზანტიის ტახტის მემკვიდრეობის საკითხებს წყვეტდა და ისინი რას შეძლებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ძალიან გააბრაზეს დიდი ხელმწიფე დავითი. მაგრამ, გარკვეული მოგების მიღება მაინც უნდოდათ, ტერიტორიული დათმობა დავით კურაპალატისგან და ივაჭრეს.
  „და რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თვით დაიჭირეს“ (წირქვალისა და გრუის ციხეები ახალგორის მუნიციპალიტეტშია). წირქვალის ციხე – სოფელ წირქვალთან 2 კილომეტრში, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს. გრუის ციხეც ქსნის ხეობაში, მდინარე ალეურას მარჯვენა შენაკად გრუისხევის შუაწელზე მდებარეობს.
  დავით კურაპალატი დათანხმდა. მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო შვილობილის უსაფრთხოება და ტყვეობიდან გამოხსნა. უფლისციხე, ანუ ქართლის საერისთავოს ცენტრი დაიბრუნა. ქართველთა შორის ზედმეტ სისხლისღვრასაც მოერიდა და დროებით დაითმინა კახეთის მმართველთა საქციელი.
  უფლისციხე, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად დავით კურაპალატის ხელში იყო, იურიდიულად მაინც აფხაზთა მეფეების საკუთრებას წარმოადგენდა და ამიტომ, მემატიანეს ასე უწერია: „მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და დედა ბაგრატისი“. დაბრუნდა ქართლის მცირეწლოვანი ერისთავი ბაგრატ ბაგრატიონი დედასთან და მამასთან ერთად უფლისციხეში, როგორც ქართლის ერისთავი. მაგრამ, არ დატოვა დავით კურაპალატმა მცირეწლოვანი ბაგრატი უფლისციხეში. ეშინოდა, კვლავ რაიმე ხიფათი არ შემთხვეოდა. ამიტომ, თავისთან წაიყვანა ტაოში და გვერდიდან არ იცილებდა შვილობილს. ძალიან ჰყვარებია უშვილო დავით კურაპალატს ბაგრატი და ვერ ელეოდა ტაოდან მის გაშვებას.
  ამასობაში გავიდა სამი წელიწადი. დადგა 978 წელი.
  იმ პერიოდში აფხაზეთში ცუდი ვითარება იყო. აფხაზთა უსინათლო მეფე თეოდოსი მესამე ვერ უძღვებოდა სახელმწიფოს. „მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე. განირყუნა ქუეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება, პირველთა მეფეთაგან განწესებული. იხილეს რა წარჩინებულთა მის ქუეყანისათა, იყვნეს ყოველნი ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა“.
  დიდი მამულიშვილი იოანე მარუშისძე ისევ თავისი გეგმის განხორცილებაზე ფიქრობდა. აფხაზეთში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, სწრაფად ემოქმედა, არ დალოდებოდა ბაგრატის სრულწლოვანებას და გაემეფებინა აფხაზეთში. აფხაზეთის დიდებულები დათნხმდნენ მის გეგმას. „ამან-ვე ივანე მარუშის-ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერის-თავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისგან“.
  როგორც ზემოთ ვთქვით, კი უნდოდა დავით კურაპალატს თავისი შვილობილი ბაგრატი გაემეფებინა აფხაზეთში, სწორედ ამიტომ დათანხმდა ბაგრატის გაერისთავებას ქართლში, მაგრამ წლების მერე. უშვილო ხელმწიფეს ეძნელებიდა შვილობილთან განშორება, უნდოდა, ჯერ თავისთან ჰყოლოდა. დიდ პოლიტიკოსებს და მეფეებსაც აქვთ ადამიანური გრძნობები. გაუჭირდა შვილობილთან განშორება. გარდა ამისა, თეოდოსის აფხაზთა ტახტიდან გადაყენებასაც ერიდებოდა. ამიტომ, დავით კურაპალატმა „დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი; ვითარცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი, და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისა-ვე კერძოსა ტაოსა“. მაგრამ, ქართლსა და აფხაზეთს სჭირდებოდა მტკიცე ხელისუფლება და ამიტომ „მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა“. თან ბოლომდე არ ენდო აფხაზთა დიდებულებს მეფე დავითი, მძევლები აიყვანა მათგან, ყოველი შემთხვევისთვის, რათა არაფერი დაეშავებინათ მისი შვილობილისთვის.
  იმ დროისთვის უკვე თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის იყო უფლისწული ბაგრატი. გაემგზავრნენ ბაგრატ ქართლის ერისთავი, მამამისი, გურგენ უფლისწული, დედამისი, გურანდუხტ აფხაზთა მეფის ასული და იოანე მარუშისძე აფხაზთა დედაქალაქ ქუთათისისკენ.

скачать dle 11.3