კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№30 ჭეშმარიტების გზაზე

                                               ამპარტავნება
  ამპარტავნება არის გრძნობა, რომელიც ჩვენში ჩნდება, როცა წარმოვიდგენთ ან, ასე ვთქვათ, გონებით ვჭვრეტთ საკუთარ ნამდვილ ან მოჩვენებით შინაგან თუ გარეგან თვისებებს და როცა საკუთარ მდგომარეობასა და დროებით კეთილდღეობას (მაგალითად, სიმდიდრეს, წარმოშობას და ასე შემდეგ) სხვა ადამიანთა მდგომარეობასა და კეთილდღეობასთან ვადარებთ. მას სხვაგვარადაც განსაზღვრავენ: ამპარტავნება საკუთარი თავით გაკვირვებაა. მართლაც, თუ ამპარტავანი ადამიანის სულიერ მდგომარეობას კარგად ჩავწვდებით, აღმოჩნდება, რომ მას შინაგანად, თითქოსდა, გაკვირვებია საკუთარი თავისა, თავის ღირსებებს უპირატესობას ანიჭებს და აქებს. ყველა გრძნობათაგან ამპარტავნება საკუთარი თავის სიყვარულის უახლოესი ნაშიერია და რადგან ადამიანი საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე არ არსებობს, იშვიათია ადამიანიც ამპარტავნების გარეშე. საკვირველი ისაა, რომ რაოდენ უბედური და ბედისგან დაჩაგრულიც არ უნდა იყოს კაცი, როგორი შეზღუდულიც უნდა იყოს გარეგნული თუ შინაგანი მდგომარეობით, ყოველთვის იპოვის შემთხვევას, თავისი თავი სხვას შეადაროს და შინაგანად საკუთარ თავს მიანიჭოს უპირატესობა. ხშირად მათხოვრებიც კი ერთმანეთის წინაშე ძონძებით ტრაბახობენ და ერთმანეთს აბუჩად იგდებენ. ამპარტავნება ხშირად გვაიძულებს, საკუთარ თავს ისეთი ღირსებები მივაწეროთ, რომლებიც არ გაგვაჩნია, რაც ხელს გვიშლის, დავინახოთ ის ნამდვილად არსებული ნაკლოვანებები, რომელთა ცოდნაც ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა. რა ხშირად ვამაყობთ იმითაც კი, რაც სასირცხილოა!
  ამპარტავნებას არაფერი აქვს საერთო საკუთარი თავის პატივისცემის საქებ გრძნობასთან, რომელიც პატიოსანი ცხოვრების საფუძველი და ჭეშმარიტი ღირსების შედეგი უნდა იყოს, მაგრამ პატივს უნდა ვცემდეთ არა ჩვენს სისუსტეს, არამედ იმას, რაც ჩვენში პატივისცემის ღირსია. ამის შედეგად კი გამოსწორებისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ.
  ამპარტავნებას თავისი სახეცვლილებები და ხარისხები აქვს. პატივმოყვარეობა მისწრაფებაა იმისკენ, რომ ფუჭსა და უმნიშვნელო უპირატესობებში (მაგალითად, სილამაზეში, მდიდარ ჩაცმულობაში და ასე შემდეგ) ვიპოვოთ კმაყოფილება. ქედმაღლობა ზოგჯერ ამპარტავნების უმაღლეს ხარისხს ნიშნავს, ზოგჯერ კი იმას ჰქვია, რაც აპარტავნებაში სასაცილოა. გულზვიადობა ამპარტავნების უმაღლეს ხარისხს გამოხატავს. ის უნებურად ვლინდება გარეგან ნიშნებში, როგორიცაა ზეიმურობა მეტყველებასა და მოძრაობებში. მაღლა შემართული თავი, მედიდური გამოხედვა და ასე შემდეგ. ყველა ეს ნიშანი უმეტესად სასაცილოა, რადგან ძალზე ცოტას შეუძლია, ისინი შინაგანი ღირსების გამოხატულებად აქციოს.
  ბოლოს, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამპარტავნება ყველაზე ხშირად შეზღუდული და არცთუ ჭკვიანი და ღირსეული ადამიანების თვისებაა. თუმცა ამის ახსნა ძნელი არ არის. მართლაც, ჭკვიანი ადამიანი ამპარტავანი ვერ იქნება, რამეთუ, მართალია, თავის თავში მრავალ ღირსებას გრძნობს, მაგრამ ამავე დროს, საკუთარ ნაკლოვანებებშიც კარგად ერკვევა. და პირიქით, შეზღუდულ ადამიანს საკუთარი თავის სწორად შეფასება არ ძალუძს. მას მუდამ ეჩვენება, რომ საოცარი ღირსებების მქონეა. თუმცა, ისეც ხდება (და ძალზე ხშირადაც), რომ ზოგიერთი თვალშისაცემი ქედმაღლობით შეგნებულად მალავს სულის შინაგან სიცარიელეს.
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
скачать dle 11.3