კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ დადიოდა და ეძებდა მეეტლე ახალდაქორწინებულ გოგლა ლეონიძეს ერთი თვე ქუჩებში

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  კეთილი, გულუბრყვილო, ადამიანზე მზრუნველი, თავისუფლების მოყვარული, სამშობლოსა და წინაპრების მაღმერთებელი, უბრალო ხალხის გულშემატკივარი – ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია პოეტისა და მწერლის, გოგლა ლეონიძის პიროვნების დასახასიათებლად...  „ადამიანზე ზრუნვა სიხარულს ანიჭებდა. საოცარი უნარი ჰქონდა მოსმენის, სიტყვას არ შეაწყვეტინებდა არავის, ბოლომდე მოუსმენდა... სხვაზე ფიქრობდა მუდამ – გული არ დაეჩაგროს, არ ეწყინოსო – დარდს გულთან მიიტანდა, – იგონებს ქალიშვილი, ნესტან ლეონიძე, – უსტუმროდ მზესაც კი სითბო აკლიაო, იტყოდა. სხვაგან ვერ ძლებდა, ერთ კვირაზე მეტს ვერ ჩერდებოდა მოსკოვში. ჩვენ დაგვტოვებდა და წამოვიდოდა. მთელი დღე არქივში იჯდა, უარს ამბობდა დელეგაციებში შორს წასვლაზე… ბოლოს უარი თქვა ინდოეთში თუ ჩინეთში წასვლაზე, იმ სიშორეზე რა წამიყვანს, რა გამაძლებინებსო. ახლოს იყო უბრალო ხალხთან, მიწასთან… შენდობის დიდი უნარი ჰქონდა. თამადობა უყვარდა, იმდენად სმა კი არა, ხალხთან ურთიერთობა ეხალისებოდა. იწყებდა სამშობლოს, წინაპრების სადღეგრძელოთი, მათი ღვაწლის აღნიშვნით. სვამდა პატარა ჭიქით, ქამრიანი ჭიქით. სძულდა ჩაის ჭიქებით სმა. არ სვამდა არაყს, კონიაკს. ღვინის გარდა არაფერს სვამდა. არ მინახავს მთვრალი. ნასვამი უფრო კარგი ხდებოდა – მხიარული, ალერსიანი. უყვარდა სხვისი დახმარება. მთხოვნელს მიუწერდა წერილს, დაურეკავდა, წაჰყვებოდა კიდეც. პასუხი შემატყობინეთო, დაუბარებდა. ხშირად, მადლობის ნიშნად, ცოცხალ ცხვარს მოგვიყვანდნენ ხოლმე. აღარ იცოდა, რა ექნა, უკან ხომ ვერ გავატან, ეგონებათ, რომ საჩუქარი დავიწუნეო. არაფერი არ მინდა, რისთვის შეწუხებულხართო, ეტყოდა ხოლმე. გაუგზავნიდა ამ ცხვარს წყნეთის დარაჯს. ის კი, ჩვეულებისამებრ, ეტყოდა, მგელმა მოიტაცაო. მამას, რა თქმა უნდა, არა სჯეროდა, მაგრამ უხაროდა, კარგია, რომ მაგის ცოდვაში არ ჩავდექიო. ეამებოდა სოფლური პური და კამეჩის მაწონი. სწყინდა, როცა სინათლეზე მოფრენილ პეპლებს ხოცავდნენ, რას ერჩით, ისედაც ერთი დღე აქვთ, გაიხარონო. ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობდა ჩიტებს გალიით, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს გათავისუფლების სიხარული ეგრძნო. აჭმევდა, წყალს დაალევინებდა და მერე გააშვებინებდა. აი, ახლა შენა გლოცავსო. ძალიან კეთილი, ბავშვივით გულუბრყვილო იყო, ზოგი კიდევაც ბოროტად იყენებდა ამას. სინათლე, მზე უყვარდა. ფარდებს გადასწევდა, მზემ შემოიხედოსო. სიბნელე სძულდა – მგზავრობისას ყოველთვის ასანთსა და სანთელს გავატანდით ხოლმე. ბოლოსაც, ალბათ, ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, რაც მოხდა. ისევ ისე გავატანეთ სამუდამო გზაზე ასანთი და სანთელი… სიკვდილი სძულდა, არასოდეს ლაპარაკობდა ამაზე, მხოლოდ ერთხელ, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, მითხრა: თქვენ უკვე უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით, მანამ ადამიანი ცოცხალია, სიკვდილს იმასთან რა უნდა, როცა გარდაიცვლება, ის უკვე ვერაფერს ვეღარ იგრძნობსო. ეს იყო მარტში. ოთხი თვის შემდეგ კი… ადამიანი უნდა მადლობელი იყოს ყოველი წუთის, რომელიც ღმერთმა უბოძაო. ეჯავრებოდა უხეში სიტყვა – ადამიანის სულს ატლანქებსო. ყოველგვარი ძალადობა ეჯავრებოდა. ბავშვი თავისუფლად
უნდა გაზარდო, არ არის საჭირო ამდენი შენიშვნებიო, მეტყოდა. პატარა რომ მყავდა, აკვანში იწვა. მამა ჩუმად შესულიყო და არტახები აეხსნა, ხელები გაეთავისუფლებინა, ბავშვი ნახევრად გადმოკიდებული იყო, რომ შევედი. – შემეცოდა, ვინ იცის ხელის გაშლა როგორ უნდოდაო. ასეთივე მოსიყვარულე შვილი იყო, მოსიყვარულე – დედის გულჩვილი იყო. დედის საფლავზე ცრემლებით ტიროდა. ბებოს გარდაცვალების დღეებში ბიძაჩემ ლევანსა და მამას ერთ ოთახში ეძინათ. დედა ამბობდა, როგორც პატარა ბიჭები, ისე ტიროდნენ მთელ ღამესო. ბოლო წლებში განსაკუთრებით უყვარდა ბუნებაში ყოფნა. სამსახურიდან მანქანით მცხეთისკენ გავლა, ნატახტრისკენ – ჰაერზე გავივლიო, ბავშვებს წაიყვანდა ხშირად. ბოლო წელს, იმ გაზაფხულზე მეც წავყევი. წაგვიყვანა წილკანში. შემდეგ გამოვბრუნდით. ნატახტართან, მინდორზე ხის ქვეშ ვისაუზმეთ. მე მკლავზე მძივი მქონდა შემოხვეული. თბილისში რომ ჩამოვედით, მაშინ მივხვდი, რომ დავკარგე. ძალიან შევწუხდი. მამამ მკითხა, ძვირფასი იყოო? მე მივუგე, არა, ძვირფასი არ იყო, მაგრამ ძალიან მიყვარდა-მეთქი. ერთი-ორი დღის შემდეგ სამსახურიდან დამირეკა, რაკი შენ ეგ მძივი გყვარებია, წავიდეთ, იქნებ ვიპოვოთო. წარმოიდგინეთ, რომ ვიპოვეთ. მამა ძალიან ნასიამოვნები იყო. არ უყვარდა კინტო და ყარაჩოღელი. უკვირდა მათით გატაცება. არ უყვარდა კვიპაროსი. სასაფლაოს ხეს ეძახდა. არც პალმა, ჩვენებური არ არისო. წიწვოვანი ხეები მოსწონდა, მაგრამ ის არ მოსწონდა, ყველგან წიწვოვანს რომ რგავდნენ, არ ეტყობა არც გაზაფხული, არც შემოდგომაო. იყო ძალიან უპრეტენზიო. ძალიან ადვილი იყო მასთან ცხოვრება. არასდროს არაფერს გაიძულებდა, თავს არაფერს მოგახვევდა. უყვარდა თავისუფლება, ძალდატანება დანაშაულად მიაჩნდა. შენიშვნებს ერიდებოდა. არაფერს მოითხოვდა. ფიროსმანის ქუჩაზე ¹29-ში, სადაც ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა, მემორიალის გახსნა უნდოდა. ოცნებობდა ფიროსმანის ძეგლზე, ერეკლეს, დავით აღმაშენებლის, თამარის ძეგლი უნდოდა თბილისში, თამარის ქუჩა და მოედანი. ფიროსმანის საფლავს დაეძებდა. უნდოდა ფილმი ფიროსმანზე. სცენარზე მუშაობდა. ფიროსმანის თვრამეტი სურათი გადასცა მუზეუმს, ეს ერის საკუთრებაა და მე უფლება არ მაქვს, ჩემს ბინაში ჩავკეტოო. ათობით ხელნაწერი საბუთი, სიგელი, უძველესი წიგნები გადასცა ხელნაწერთა ინსტიტუტს. თბილისში ჩამოსვლისას მლეთის ქუჩაზე ¹5-ში, სადაც ვაჟა-ფშაველა რჩებოდა თავისი ძმის, სანდროს ბინაზე, მემორიალი უნდა მოეწყოსო. ბარათაშვილის კრებულში ლექსს – „საყურეს“ – მიწერილი აქვს მამას ხელით: „თაყვანს ვცემ ილიას და აკაკის, მაგრამ მე გამაკვირვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვაჟა ფშაველამ!..“ (წყარო: „არტინფო“).
***
  ...მომავალი მეუღლე, თავადური წარმოშობის ეფემია გედევანიშვილი, გიორგიმ 1919 წელს, თავისი დის ოჯახში გაიცნო. ბედის ირონიით, ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც პირველი დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა, პოეტის დის მული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეფემიასაც მოეწონა ახალგაზრდა პოეტი, მაგრამ მისი მშობლები ამ ურთიერთობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. რასაკვირველია, გოგლა და ეფემია სისხლით ნათესავები არ იყვნენ, მაგრამ რაღაც
ნათესაური კავშირი მაინც არსებობდა. ამიტომ ეფემიას მშობლები ქორწინებას არ თანხმდებოდნენ. (წყარო: „ქართული აზრი“)  ...გოგლასა და ეფემიას თავიდან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა დიდი სიყვარული და მეგობრების თანადგომა სირთულეების დაძლევაში დაეხმარათ... ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინოს მოგონებებში ვკითხულობთ: „პაოლოს ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და ტიციანმა განათლების კომისარიატში შევიარეთ, სადაც
გიორგი ლეონიძე მუშაობდა. დერეფანი რომ გავიარეთ, ფანჯარასთან მტირალი გოგონა დავინახეთ. ტიციანს დავანახე. ეს ის გოგონაა, გოგლას რომ უყვარსო, მითხრა. გოგლასთან რომ შევედით, მაშინვე ისა ვკითხე, ფეფიკო რატომ ტიროდა-მეთქი. მის მშობლებს გაუგიათ, ერთმანეთი რომ გვიყვარს და ძალზე უკმაყოფილონი არიანო. თუ მართლა გიყვარს, ადექი და ჯვარი დაიწერე!... მოდი, დღესვე მოვიტაცოთ... მართლაც, ჩვენ ფეფიკო თავის მეგობართან წავიყვანეთ და დავმალეთ. ტიციანი ვახშმის გასაწყობად და სტუმრების დასაპატიჟებლად „ქიმერიონში“ გაიქცა. გოგლა და მე კი ბეჭდის საყიდლად გავვარდით ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ, საუბედუროდ, ბეჭედი ვერსად ვიშოვეთ. მაშინ ჩვენი ბეჭდები შევთავაზე. გოგლამ და ფეფიკომ სიონში დაიწერეს ჯვარი ჩვენი ბეჭდებით. ჯვრისწერის შემდეგ „ქიმერიონში“ მივედით ეტლით, ჩამოსვლისთანავე ახლად დაქორწინებულთ ბეჭდები მოვხსენით და მეეტლეს მივეცით, რადგან ფული არ გვქონდა. მერე ეს მეეტლე ერთი თვე დაგვდევდა, რომ ბეჭდები გამოგვესყიდა...”
წყვილისთვის ჯვარი მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს სიონის ტაძარში დაუწერია. ქორწილი კი ცისფერყანწელებს „ქიმერიონში” გადაუხდიათ. საქორწინო სუფრას პაოლო იაშვილი თამადობდა, ხოლო სუფრაზე საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი მღეროდა.
ყველა დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ლეონიძეების მშვენიერი ოჯახი შეიქმნა, რომელიც მეგობრობის ერთგვარ კერად იქცა. აქ ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები და მწერლები. სტუმრები დიდ ყურადღებას გრძნობდნენ გოგლას მშვენიერი მეუღლისგან. თავის მოგონებებში შალვა აფხაიძე წერს: „გიორგი ხშირად მეტყოდა, წამოდი, ვისადილოთო. წავყვებოდი შინ და იწყებოდა ფეფიკოს ფაციფუცი. ჩემი მეგობრობა ამ მხრივ მეტ ჯაფად აწვებოდა დიასახლისს. ის დრო წარმტაცი და ნათელი იყო”.
  1931 წელს „ცისფერყანწელთა” ჯერ ისევ ბედნიერ საძმოს განსაკუთრებით ძვირფასი მეგობარი ბორის პასტერნაკი სტუმრობდა. რუსი პოეტი აღფრთოვანებული დარჩა გოგლას მეუღლის შინაგანი სამყაროთი და მშვენიერებით, რადგან კარგად ხედავდა, რომ ეფემია, ერთი მხრივ, განასახიერებდა ბრძენ, ლამაზ, ზრდილობიან და პატიოსნებით აღსავსე ქართველ ქალს, ხოლო, მეორე მხრივ, ის იყო ცოლი გამოჩენილი პოეტისა და მზად იყო, ეკეთებინა ყველაფერი, რაც მის მეუღლეს სახელსა და დიდებას მოუტანდა. ტიციან ტაბიძისთვის გამოგზავნილ ბარათში პასტერნაკი საქართველოში გატარებულ ზაფხულზე საუბრობს და განსაკუთრებული მოწიწებით ეფემიას იხსენებს. „გახსოვთ, წინა ღამე ლეონიძეებთან გავატარე. გადავწყვიტე, უკანასკნელი საღამო წყნარად გამეტარებინა, მაგრამ ძალით წამიყვანეს საგურამოში და თბილისში 3 საათზე დავბრუნდით. ცოცხალ-მკვდარი ჩავედი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ეფემია ალექსანდრეს ასული ბევრს მღეროდა და ერთი მშვენიერი, ლაბირინთივით ჩახლართული მეგრული სიმღერა „ოუ ნანა” მასწავლა. ახლა, როცა მანდ გატარებულ ორ კვირას, ეფემია ალექსანდრეს ასულს და თქვენ გიხსენებთ, სულ იმ სიმღერას ვღიღინებ”.
  რაც შეეხება ეფემიასთვის მიძღვნილ გიორგი ლეონიძის ლექსებს, 1936 წელს პოეტმა სიჭაბუკეში დაწერილი ლექსები სათუთად შეკრიბა, მოზრდილ რვეულში გადაიტანა და ეფემიას უძღვნა. უცნობია, სად და რა ვითარებაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რვეული ოჯახიდან დაიკარგა, ამიტომ ეფემიასთვის მიძღვნილი ლექსები აღარ გვაქვს. თუმცა, ცნობილია, როგორ ეძვირფასებოდა პოეტს ყველაფერი, რაც ეფემიასთან აკავშირებდა. პოეტის მეუღლე სოფელ გოროვანიდან იყო. მკვლევარი მარკოზაშვილი იხსენებს: ერთხელ გოგლამ მცხეთაში წაიყვანა მხატვარი უჩა ჯაფარიძე და დაახატინა სახლი, სადაც ახალგაზრდობის დროს ეფემიას ხვდებოდა.
  სურათს პოეტმა ასეთი წარწერა გაუკეთა: „ვუძღვნი ჩემს მეგობარ ფუფუცის 1919-20 წლების სამახსოვროდ და მოსაგონებლად ჩემ მიერ საგანგებოდ დაკვეთილ სურათს. გოგლა, 2 აპრილი, 1943 წელი”.
  აღსანიშნავია, რომ დედისეულ პატარძეულთან ერთად, პოეტი არც ამ ადგილს ივიწყებდა და ყოველთვის ადიოდა. როცა ეფემია გარდაიცვალა და მისთვის საფლავის ადგილის შერჩევაზე ბჭობდნენ, გადაწყდა, რომ ის უნდა დაკრძალულიყო პატარძეულში, იმ სახლის ეზოში, სადაც გიორგი ლეონიძე გაიზარდა.
  …„ფანტაზიაა შემოქმედის მკვიდრი მშობელი“, თუმცა მწერლის შთაგონების წყაროდ ბევრი გაუხმაურებელი ისტორია ქცეულა და ბევრ თანამედროვეს აუღია კალამი თვალწინ მომხდარი ამბის აღსაწერად. გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები უნდა ყოფილიყო და არავინ მოელოდა ისეთ დრამატულ სიუჟეტს, როგორიც ავტორმა დაგვიხატა, თუმცა საქმე ისაა, რომ მასში მართლაც ბავშვობის მოგონებებია მოთხრობილი და არც მისი პერსონაჟებია მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი. წლებია, საქართველოში სახელი მარიტა ვირზე უკუღმა შესმულ ქალთან ასოცირდება და შესაძლოა, არც არავის გასჩენია ეჭვი, რომ ის ჩვენს რეალობაში არსებობდა. სინამდვილეში კი პატარძეულში მსგავსი ფაქტი მართლა მომხდარა. ამის შესახებ ავტორს შვილიშვილისთვის უთქვამს. „ნატვრის ხე“ გიორგი ლეონიძის შემოქმედების მწვერვალად ითვლება, თუმცა თავად არ მოსწონდა. მწერალ ხუტა ბერულავას უთხოვია გოგლასთვის, ბავშვობის მოგონებებზე რაიმე დაეწერა. მართლაც დაიწყო მოგონებების წერა. რეალური ისტორიები შეცვალა და მოგონებების ნაცვლად „ნატვრის ხე“ მიიღო. ხშირად ვეკითხებოდი, ვინ იყვნენ რეალური პერსონაჟები. თურმე, პატარძეულში ერთ ქალს უცხოვრია, ვისაც ქმრისთვის უღალატია, ვირზე შეუსვამთ და ისე უტარებიათ, მაგრამ ის არ მომკვდარა, მას მერე დიდხანს იცოცხლა. იმ ქალს არც მარიტა ერქვა, გოგლამ კი მასზე მთელი ისტორია ააგო. „ნატვრის ხეში“ მაინც ძირითადად მისი ფანტაზიაა, გოგლას რომ ყველაფერი ასე აღეწერა, როგორც სინამდვილეში იყო, ალბათ, ნაწარმოები ასეთი საინტერსო არ გამოვიდოდა“, – იხსნებდა ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ლეონიძის შვილიშვილი. მარიტას ისტორია რომ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, ამას პოეტი რომან ზუკაკიშვილიც ადასტურებს. მან ბაბუის ნაამბობი წლების წინ kvira.ge-სთან საუბრისას გაიხსენა: „ჩემს უბანში ღვთისმშობლის ეკლესიაა, ძალიან წყნარი უბანია, ესაზღვრება გიორგი ლეონიძის უბანს. პაპაჩემისგან ვიცი ისიც, პატარა ყოფილა და ორღობეში ვირზე უკუღმა შესმული ქალი ჩამოუტარებიათ. გიორგი ლეონიძემ საკუთარი თვალით ნახა ვირზე უკუღმა შესმული მარიტა. სოფლის ქალები გვეუბნებოდნენ, კენჭები ესროლეთ, ცუდი ქალიაო. ანუ რაც „ნატვრის ხეში“ ასახა გიორგი ლეონიძემ, ნამდვილია. ან ნახა გოგლამ ეს სურათი, ან სოფლელი ბიჭებისგან მოყოლილ ამბავზე დაწერა თავისი ცნობილი წიგნი“, - ამბობს ის.
  გიორგი ლეონიძე 1966 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილი გიორგი ქავთარაძე იხსენებს: „ბაბუა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან სიცოცხლის ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური გახლდათ. ავადმყოფობამდე ერთი კვირით ადრე ნიკო ბერძენიშვილის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა. ჯანმრთელი კაცი იყო, არაფერი აწუხებდა. როდესაც ავად გახდა, „ლეჩკომბინატში” დავაწვინეთ. შემდეგ გვთხოვა, წყნეთის აგარაკზე წაგვეყვანა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა და სახლში მშვიდად უნდოდა ბოლო დღეების გატარება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოთახში, სადაც იწვა, ბოძი გაიბზარა. ალბათ, ესეც რაღაცის მანიშნებელი იყო...”



скачать dle 11.3