კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გიორგი ოვაშვილის რომელ ფილმზე მისდიოდა გული მაყურებელს და რის გამო დაიმსახურა რეჟისორმა ზღვარგადასული მუქარა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი რეჟისორი, რომლის ორი ფილმი „ოსკარზე“ გაიგზავნა და რომლის ნამუშევრებსაც ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე, როგორც დადებით ისე ნეგატიურ კონტექსტში, ამასთან, მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო, თავს წარმატებულად სულაც არ მიიჩნევს და პირიქით, საკუთარი ნამუშევრები დაუკმაყოფილებლობის განცდას უტოვებს.
  გიორგი ოვაშვილი: სამი-ოთხი წლისას, ნახატების საოჯახო თეატრი მქონდა. საბავშვო ჟურნალიდან ვჭრიდი პერსონაჟების ნახატებს, ჯოხებზე ვამაგრებდი, სკამების საზურგეებზე პლედს ჩამოვაფარებდი, უკან დავჯდებოდი და ამ ნახატების მეშვეობით სხვადასხვა ისტორიას ვყვებოდი. ოჯახის წევრებს ვაიძულებდი ხოლმე, რომ დასწრებოდნენ ჩემს სპექტაკლს. 13 წლის ვიყავი, როცა მასწავლებელმა კლასი დიდ კინოთეატრში წაგვიყვანა. უცებ დარბაზში სინათლე ჩაქრა, უზარმაზარი ეკრანი განათდა, გამოჩნდნენ ადამიანები და დაიწყო მოქმედებები. მერე აღვიდგინე, რომ ეს იყო ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი „ჩერმენი“, მთიელ გმირზე, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ სპექტაკლმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, იქიდან რომ გამოვედი, ზუსტად ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა და მას შემდეგ აზრი არ შემიცვლია. თუმცა არ ვიცოდი, ეს რა საქმე იყო. მერე თანდათანობით გაირკვა, რომ ეს იყო რეჟისურა.
– ამ გზაზე იყო დაბრკოლება – მშობლების სურვილით თუ პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, სულ სხვა პროფესიის სწავლა დაიწყეთ.
– ჩემი სურვილი ძალიან შორს იყო იმ რეალობისგან, რომელშიც მე მიწევდა ცხოვრება. ეს მიუწვდომელი მიზანი იყო. მაგრამ მე ცოტა ახირებული ვარ, რასაც ჩავიფიქრებ, აუცილებლად უნდა შევასრულო.  ამიტომ მშობლებს წინააღმდეგობა არ გავუწიე და იმიტომაც, რომ საბჭოთა ჯარში არ მოვხვედრილიყავი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ საკუთარ სურვილზე უარი არ მითქვამს და ხუთი წლის შემდეგ, მართალია, თეატრალურში გამოცდაზე ნახევარი ქულა დამაკლდა, მაგრამ იმ წელს გამონაკლისი დაუშვეს და რამდენიმე ასეთ სტუდენტს კინორეჟისურაზე სწავლის საშუალება მოგვცეს.
– მას შემდეგ ბევრმა წელმა ჩაიარა, არაერთ ფილმზე იმუშავეთ, ბევრი წარმატება და აღიარება გქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ოსკარზე“ მოხვდა  და აქედან ერთი – „მოკლე სიაში“, ანუ ცხრა ფილმს შორის, ამბობთ, თავს წარმატებულ ადამიანად არ მივიჩნევო. რას ნიშნავს ეს?
– არ ვიცი, ზოგადად, რა კრიტერიუმები არსებობს წარმატების ან წარუმატებლობისთვის, ცოტა რთულია ჩემთვის წარმატების კრიტერიუმების განსაზღვრა. თუ ჩემეული კრიტერიუმებით განვსაზღვრავ, არ მგონია, რომ მე რამე ისეთი გავაკეთე, რაც თუნდაც, საკუთარ თავთან მამყოფებს თვითკმაყოფილების მდგომარეობაში. ძალიან შორს ვარ მაგ განცდისგან. პირიქით, რაც უფრო მეტის კეთება მიწევს, უკეთ ვხვდები, რამდენად მეტის გაკეთება მინდა და ვერ ვახერხებ. ამიტომ თუ რაღაც ეტაპზე ჩემი ნამუშევარი „წარმატებული“ გახდა ეს ჩემი შეფასება ვერ იქნება. თუ ვინმე თვლის, რომ წარმატებულია, ეს – მათი კრიტერიუმებით და ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი კრიტერიუმები. მე, ჩემი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ეს წარმატებაა.
– როცა „ოსკარზეა“ საუბარი, ეს ბევრს ნიშნავს ნებისმიერი და მით უმეტეს, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის. არ იყო ეს თქვენთვის დიდი ემოცია და ერთგვარი საზომი?
– თავიდან თუ მიკვირდა ხოლმე, ანუ გაოცებული ვიყავი ჩემი ფილმების „წარმატებებით“ და გამარჯვებებით სხვადასხვა ფესტივალებზე, შემდეგ გაოცების მომენტიც დავკარგე, თუმცა, სიხარულის მომენტი არც არასდროს მქონია. ყურადღებაც კი აღარ მიმიქცევია ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თუ არითმეტიკას გამოვიყენებთ, ჯამში, ალბათ, ჩემს ფილმებს ასი საერთაშორისო ჯილდო მაინც აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის აღტაცების, თვითკმაყოფილების ან სიხარულის განცდის მიზეზი. პირიქით, ყოველი ასეთი მომენტი, უფრო მეტ და მეტ ტკივილს იწვევდა ჩემში, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, უფრო მეტი უნდა გავაკეთო.
– ანუ, ფილმებს მოჰყვება წარმატება, აღიარება, მაგრამ ამ წარმატებების მიუხედავად, თქვენი ნამუშევრები არ განიჭებთ სრულყოფილების შეგრძნებას?
– არა მხოლოდ სრულყოფილების, ჩემი ნამუშევრები ჩემში ყოველთვის იწვევს დაუკმაყოფილებლობის განცდას. ძალიან ხშირად, დარბაზში ვმჯდარვარ და გამოუცხადებიათ, რომ ჩემი ფილმი არის ამ ფესტივალის გამარჯვებული. სანამ საკუთარი სავარძლიდან სცენაზე ავდივარ, ვფიქრობ, რა უნდა ვთქვა, რა მაქვს სათქმელი? ყოველთვის მიჭირდა სცენიდან რამის თქმა, ეს ჩემში არასოდეს იწვევდა აღტაცებას. როდესაც ადამიანები იწყებენ საუბარს ჩემს ფილმებზე, მის აღიარებაზე ან მის გამარჯვებაზე, დაუკმაყოფილებლობის, მარტოობის, ჩაკეტილობის განცდა მეუფლება. როდესაც ჩემი ფილმი „ოსკარის“ მოკლე სიაში მოხვდა, ამას ლოს-ანჯელესში ორთვიანი წინასწარი კამპანია უძღოდა. როგორც წესი, ამ კამპანიას ესწრება ყველა რეჟისორი, ვისი ფილმიც იქაა წარდგენილი. ფაქტობრივად, იმ პერიოდის აქტივობები განაპირობებს  ფილმის წარმატებას და მე პრინციპულად არ წავედი, ყველა მეუბნებოდა, რომ აუცილებელი იყო ჩემი ჩასვლა. ვამბობდი, თუ ფილმს არ შეუძლია, თვითონ გააკეთოს რამე, მე რა შუაში ვარ? მე სრულიად გულწრფელი ვიყავი, მაგრამ ეს არავის ესმოდა. როგორც იქნა, ორი დღით ჩამიყვანეს, უკვე შედეგები გამოცხადებული იყო და იქაც მეუბნებოდნენ, არ გიხარია, ნახე, რა ხდებაო. ფიქრობდნენ, რომ უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ მეორე დღესვე წამოვედი. ერთადერთი, რაც ალბათ, ჩემს პროფესიაში მსიამოვნებს  და ტკბობას მანიჭებს, მუშაობის პროცესია.
– რა არის ის, რაც სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებას მოგიტანდათ? რა შედეგი გინდათ?
– თუ დადგება ეს მომენტი, როცა მე შედეგით მივიღებ კმაყოფილებას, მაშინ, ალბათ, იქვე უნდა დავასრულო ეს საქმიანობა. შემდგომი ამოცანა აღარ იქნება. ალბათ, გავურბივარ კიდეც საბედისწერო თვითკმაყოფილებას, რომელმაც შეიძლება, შეგიწიროს.
– გითქვამთ, ეს ის დროა, როცა საკუთარი თავი უნდა გავინადგურო, რათა თავიდან დავიბადოო. რას გულისხმობდით?
– ჩემს საქმიანობაში რაღაც ეტაპი დასრულდა. მე ძალიან მინდოდა ტრილოგიის გაკეთება, რასაც ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი დრო – ათი წელი მივუძღვენი. „გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“ და „ხიბულა“ – ამ სამმა ფილმმა ჩემგან იმდენი წაიღო, დროის, ემოციური თუ სხვა რესურსის სახით, მივხვდი, ეს უნდა დამესრულებინა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი ნულიდან დამეწყო, როგორც პირველი კურსის სტუდენტს. ამ განწყობით ვმუშაობ ახალ ფილმზე – „მშვენიერი ელენე“, ეს სრულიად ახლებული ექსპერიმენტია ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის. ეს არის ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. არ მჯერა ზოდიაქოს ნიშნების, მაგრამ მორიელი ვარ და მაინც ვკითხულობდი მისი თვისებების შესახებ. მორიელმა თავი თუ არ გაინადგურა, ვერ დაიბადება, ჩემი ცხოვრებაც ასე წარიმართა. ვინადგურებ თავს, იმისთვის, რომ თავიდან დავიბადო და შემდეგ იწყება ახალი ეტაპი.
ჩემი სამივე ფილმი უკომპრომისობით გამოირჩევა. გამოირჩევა იმითაც, რომ ვერც ერთში ვერ მივაღწიე იმას, რაც მსურდა, სამივე დაუკმაყოფილებლობის განცდას მიტოვებს.
– გია ვოლსკისგან კრიტიკა დაიმსახურეთ, პედოფილიაზე იყო საუბარი ერთ-ერთ ფილმში.
– იყო ასეთი სკანდალური მომენტი, მე მადლობა გადავუხადე, კრიტიკა ყოველთვის მობილიზებულს მამყოფებს და მოტივაციას მაძლევს. იუმორით ნათქვამი მაქვს, რომ ამ კრიტიკამ კინოთეატრებში ფილმის მაყურებლების რაოდენობა გაზარდა და მადლობა, რომ თავისდაუნებურად ეხმარებიან ფილმს. პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, პროფესიული შესაძლებლობების რეალიზების მხრივ, ალბათ მაინც „ხიბულაა”, თუმცა ეს ფილმი ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე ნაკლებად დაფასებული აღმოჩნდა. ყველაზე მეტად გახდა ლანძღვისა და თავდასხმის ობიექტი და ესეც შესანიშნავია ჩემთვის. მე, როგორც რეჟისორმა, აქ მეტის ჩადება შევძელი, შედეგზე არ ვსაუბრობ.
– თქვენს ნამუშევრებს მაყურებლის ემოციები, მრავალფეროვანი დამოკიდებულებები და საინტერესო ისტორიები მოჰყვება ხოლმე.
– ყველა ფილმს ჰქონდა ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული შეფასებები. სრულიად ემოციური, პოზიტიური და დადებითი, ამასთანავე სრულიად ნეგატიური, თავდასხმის დონემდე მისულიც. სამივე ფილმს მოჰყვა ჩემზე თავდასხმა სხვადასხვა მოტივით, მუქარა, მაგრამ მიხარია, რომ ამასთან ერთად არსებობს ძალიან პოზიტიური შეფასებები. ყველაზე ემოციური იყო „გაღმა ნაპირი“, მასში წამოჭრილი პრობლემებიდან გამომდინარე. ბევრი რამ მომხდარა ჩვენებების დროს, იყო ცრემლები, ადამიანებს გული მისდიოდათ, განიცდიდნენ, მეხვეოდნენ.
– ბუნებრივია, რომ ეს გახარებთ, მანამდე თავდასხმასა და მუქარაზე საუბრობდით, ეს როგორ გავლენას ახდენს თქვენზე და შესაბამისად, შემოქმედებაზე?
– თავიდან ასეთი თავდასხმები ჩემზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებდა, თუმცა არავის გამოვკიდებივარ. მერე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის სასარგებლო კონტექსტში უნდა მიმეღო, ამით ადამიანები მეხმარებოდნენ, ფხიზლად ვყოფილიყავი და თვითტკბობას არ მივცემოდი. როცა ამ საკითხს ასე უდგები, მნიშვნელობა აღარ აქვს, სუბიექტურია ეს თავდასხმები და კრიტიკა თუ ობიექტური. ყველანაირ კრიტიკას ვისმენ, ზღვარგადასული მუქარაც ბევრი ყოფილა, მაგრამ მერე უკვე ამაზე აღარ ვრეაგირებდი. შენ ხომ გაქვს უფლება, რაღაც გააკეთო, შენ ხომ ამას ადამიანებისთვის აკეთებ, მაშინ, მათ რატომ არ აქვთ უფლება, ასევე ღიად გამოხატონ თავიანთი აზრი. ლანძღვა-გინება კიდევ სხვა თემაა, რაც რაღაცებს არღვევს, მაგრამ ამაზეც აღარ მქონია რეაქციები. მით უმეტეს, „ხიბულაზე“ ძალიან ბევრი ლანძღვა-გინება მივიღე და ჩემი მხრიდან – არაფერი განსაკუთრებული, მე ყოველთვის ღიმილით ვხვდებოდი მსგავს მომენტებს.

скачать dle 11.3