კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გია დავითიანი: კარგ ცხოვრებაზე უარი ვთქვი, საქართველოში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გია.
გვარი: დავითიანი.
პროფესია: მუსიკოსი.
 – მოგონება ბავშვობიდან...
– მცხეთის რაიონში ცხოვრობს ერთი ჩემი მეგობარი და ბიჭები მასთან ვიყავით სტუმრად, 18-19 წლისები ვიქნებოდით. ქეიფის დასრულების შემდეგ, მეგობარმა მოგვაკითხა მანქანით და გვითხრა, ხიდამდე ჩაგიყვანთო. რეალურად ხიდამდე კი არა და ხიდის ქვეშ ჩაგვიყვანა – მანქანით მტკვარში გადავვარდით. მამას ნაყიდი ფრანგული კოსტიუმი მეცვა, რომელიც ძალიან მიყვარდა და  ვუფრთხილდებოდი, რასაც ყველა ამჩნევდა. საბედნიეროდ, ყველანი გადავრჩით, მაგრამ ჩემზე იყო მითქმა-მოთქმა: მანქანა ჰაერში იყო, მიფრინავდა, გია კიდევ თავის კოსტიუმს ჯავრობდაო.
– მშობლების როლი...
– დედა მყავს 85 წლის და მამა, სამწუხაროდ, გარდამეცვალა. ვთვლი, რომ მშობლების დამსახურებაა ის, რომ არაერთი პროფილი მაქვს – დავამთავრე ზოოვეტერინარული ინსტიტუტი და ასევე, მუსიკალური ტექნიკუმი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– დედას ხშირად დავყავდი ცირკში, წარმოდგენებზე. მაშინ სცენაზე იყო ორკესტრი და ყველა მუსიკა მათი მეშვეობით სრულდებოდა. ერთ დღესაც აღმოვჩნდი ისეთი კაცის გვერდით, რომელსაც საქსოფონი ეჭირა ხელში. ეს კაცი ფეხზე წამოდგა და სოლო პარტია შეასრულა. ისე მესიამოვნა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მოხიბლული დავრჩი. მაშინ 8-9 წლის ვიქნებოდი.  ამის მერე ამ ინსტრუმენტზე ყველაფერი მაინტერესებდა. ეს ინსტრუმენტი გახლდათ ტენორ-საქსოფონი, რომელიც შემდეგ ჩემს განუყოფელ ნაწილად ავირჩიე. 15 წლისამ ვიშოვე ინსტრუმენტი და დავიწყე მეცადინეობა. იმ პერიოდში სულ სხვა დრო იყო, სულ სხვა შეხედულებები. უბანში მუსიკალური ინსტრუმენტის ხმა საიდანაც გამოდიოდა ცოტა სხვანაირად უყურებდნენ. როცა ქუჩაში ინსტრუმენტით მიწევდა გასვლა, ვცდილობდი, ვიწრო ქუჩებით მევლო, ვინმეს რომ არ დავენახე – მეთაკილებოდა. დრო იყო ასეთი. ერთადერთი გაკვეთილი ჩამიტარა ალექსანდრე მანჯგალაძემ, დიდმა მუსიკოსმა და მერე გარდაიცვალა. იმის შემდეგ ჩემით დავიწყე მეცადინეობა და რაც შევძელი, ეს არის.
– პროფესიული ჩვევა...
– სცენაზე სიმღერაც მიწევს და საქსოფონზე დაკვრაც. ეს არ არის მარტივი, რადგან შეიძლება, ერთ ნაწარმოებში შვიდჯერ მოგიწიოს საქსოფონის პარტიის დაკვრა. ინსტრუმენტი, რომელზეც ვუკრავ, ჩემი სხეულის ნაწილია, რომელიც  კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, აუცილებლად ხელში უნდა დავიჭირო, მოვეფერო და ჩავიხუტო.  ეს პროცედურა თუ არ მაქვს ჩატარებული, სცენიდან უკმაყოფილო ვბრუნდები. ინსტრუმენტთან „ჩახუტების” შემდეგ ყველაფერი თავისით ლაგდება...
– ადამიანში ვაფასებ...
– პირველ ადგილზე ვაყენებ პატიოსნებას. პატიოსანი კაცი არასოდეს ცუდ საქმეს არ გააკეთებს.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ადამიანი, რომელიც ფიქრობს შვილებზე, ოჯახზე. ის ადამიანია წარმატებული, რომელიც მარტო თავისთვის კი არ შრომობს, არამედ მისი ახლობლების
კარგად ყოფნისთვისაც ირჯება. მქონდა შემოთავაზება, რომ წავსულიყავი ამერიკაში, სადაც მექნებოდა კარგი ბინა, კარგი მანქანა და კარგი შემოსავალი, მაგრამ უარი ვთქვი. კარგი ცხოვრება მარტო ჩემთვის კი არ მინდა, არამედ ჩემი საყვარელი, ახლობელი ადამიანებისთვისაც. რად მინდა ისეთი ქონება, რომელსაც ჩემი ბავშვობის მეგობარი ვერ შემიფასებს, ვერ მოვა ჩემთან, ვერ დავსხდებით ერთად. აქედან გამომდინარე, არ მინდა ამერიკა, არც სხვა ქვეყანა, ჩემს საქართველოში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია.
– რთული პერიოდი...
– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეანიმაციის ერთ სართულზე, მარცხენა მხარეს მამაჩემი მეწვინა, მარჯვენა მხარეს – მეუღლე მეოთხე სტადიის სიმსივნით. ამ ყველაფერს გავუძელი... ცხოვრება გრძელდება, შვილები, შვილიშვილები გვყავს და მათ გამო უნდა ვიყოთ მაგრად. თუ,  წინაღობა შეგხვდება ძლიერად უნდა დახვდე, რომ არ მოგერიოს და დაგამარცხოს.
– მწამს...
– ჩემი ღმერთის. მგონია, რომ იესო ქრისტე ჩემი ღმერთია, რადგან ძალიან ჩემნაირია და ყოველთვის მეხმარება. „ღმერთო, დამეხმარე“ – მითქვამს და რომ არ გაკეთებულიყო ის საქმე, არ არსებობს. 61 წლის გავხდი, ამ წლების განმავლობაში, სულ ვგრძნობდი უფლის მხარდაჭერას.
– ცოდვა  – ეს არის...
– ბევრი კარგი ადამიანი დადის ამ ქალაქში, მაგრამ ბევრს რომ შეხედავ, მიხვდები, ცოდვილია. მას რომ არ ეტყვი მისი ცოდვის შესახებ და ყურადღებას არ მიაქცევ, სწორედ, ეგაა ცოდვა. ვგულისხმობ შემდეგს: მამაჩემის თაობის დროს სულ სხვა ურთიერთობები და აწონ-დაწონილი სიტყვა-პასუხი იყო. ძველი თბილისი, თავისი განათლებით, ინტელექტით, ქუჩით, ყველას გვეამაყებოდა. ახლა ყველაფერი არეულია ერთმანეთში, ამის მეშინია კიდეც და თან ცოდვად მიმაჩნია. ვინც ამ არეულობას ხედავს და არ ფიქრობს მის აღმოფხვრაზე, ეს ცოდვაა. მოდი, ურთიერთობების დროს რაღაც წესები დავიცვათ, ერთმანეთს უფრო მეტი პატივი ვცეთ, უფრო მეტი კარგი ვუთხრათ. ესპანეთში ერთ პატარა, ვიწრო ქუჩაზე ვცხოვრობდი და ასეთ ფაქტს შევესწარი: ქალბატონი პარკინგზე აყენებდა მანქანას, მის უკან კი მანქანების კოლონა იდგა. როგორც ჩანდა, ეს ქალბატონი ვერ ფლობდა კარგად საჭეს. საბოლოოდ, ბევრი ცდის შემდეგ, შეძლო მანქანის დაყენება. მის უკან მდგომი მძღოლებიდან არცერთს არ გამოუხატავს პრეტენზია, არც ერთს არ დაუსიგნალებია, რაც ჩვენი რეალობისთვის ცოტა უცნაური რამაა. აი, ამ კულტურასა და ურთიერთპატივისცემაზე ვსაუბრობ.
– ვრისკავ...
– ვცდილობ, ისეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე, სადაც რისკზე წასვლა იქნება საჭირო.
– ბედისწერა...
– ყველა ადამიანი თავის ბედს თავად ქმნის, მაგრამ ამ ამბავში იღბალი აუცილებელია. ბევრმა ჩემმა ახლობელმა წარჩინებით დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი, ხარისხიც დაიცვა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ქალაქურად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა კაცს „პანჩური უხდება”. თუ ვინმემ „პანჩური“ ისე ამოგარტყა, როგორც საჭიროა, კარგ ადგილზე მოხვდები, ოღონდ შენს შესაძლებლობებზეც ბევრია დამოკიდებული, სწორედ, ამიტომ ვთქვი: ადამიანი საკუთარ ბედს თავად ქმნის-მეთქი.
– მაკვირვებს...
– ყველაზე ძალიან ახალი ტენდენცია მაკვირვებს, ახალგაზრდა ოჯახების უმეტესობა რომ დანგრეულია. ეს მოდაში შემოვიდა თუ რა არის, ვერ ვხვდები.
– დრო და სიყვარული...
– ცოლ-ქმარი რომ ასაკშია, 90 წელს ზემოთ და ერთმანეთზე მზრუნველობას არ წყვეტენ: ჩაის  დაუსხამენ ერთმანეთს და „პეჩენიას“ მიაწოდებენ, აი, ესაა სიყვარული, რომელიც უძლებს დროს და წლებს. ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა იყოს გავლილი, რომ მიხვდე ეს გრძნობა ნამდვილია თუ არა.  
– იდეალური ქალი არის...
– არიან იდეალური ქალები, რომლის გულისთვისაც კაცმა შეიძლება, მაქსიმუმი გააკეთოს.  
– ის, რაც უპატიებელია...
– ყველაფერს ვაპატიებ ადამიანს, ღალატის გარდა. პლეხანოვზე დაბადებული ადამიანი ვარ და ბევრი რამის მომსწრე ვყოფილვარ, ტყვიების ზუზუნსაც კი გადაუვლია ჩემს თავზე, მაგრამ მოღალატე კაცის პატიება არ შეიძლება. კაცი რომ უმიზეზოდ ოჯახს დაანგრევს, პატივს არ ვცემ.
– ვეჭვიანობ...
– ხანდახან... ჩემს ქცევებს რომ ვაკვირდები, ვხვდები, ეჭვიანი ვარ. ადამიანს ეჭვით რომ ელაპარაკები, ამ დროს საუბარი სიკეთისკენ არ მიდის. შესაბამისად, ეს თვისება ხელსაც მიშლის ურთიერთობებში. ამიტომ, საქმე  რომ უსიამოვნებმადე არ მივიდეს, ყველაფერს იქვე ვასრულებ ხოლმე.
– სამაგიერო გადამიხდია...
– მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩემთვის სიკეთე გაუკეთებია. ყოველთვის ვცდილობ, იმ ადამიანს, ვინც ჩემზე ზრუნავს და სიკეთეს მიკეთებს, ორმაგად სიკეთით გადავუხადო.
– შემშურებია...
– კარგი მუსიკოსის, კარგი ინსტრუმენტალისტის...
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, რომ ბოდიში მქონდეს მოსახდელი.
– მაკომპლექსებს...
– სიმსუქნის კომპლექსი მქონდა და 80 კილოგრამი დავიკელი, ოპერაცია გავიკეთე და პატარა ბიჭივით გავხდი. ახლა ბროწეულაში მაქვს ჩემი პატარა ბაღი, სადაც 25 წლის წინ ჩემი ხელით გავაშენე ნაძვნარი.. ვტკბები ამ სილამაზის შემყურე.
– ვიტყუები, როცა...
– საჭიროება მოითხოვს. ხანდახან თავად სიტუაციიდან გამომდინარე გიწევს ტყუილის თქმა, ოღონდ ისეთი ტყუილი არ უნდა თქვა, რომ ადამიანს „თვალში ნაცარი შეაყარო“.

скачать dle 11.3