კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ვის გამო უთხრა მარიამ ხორგუაშვილმა უარი „პრადას“ და რატომ ფიქრობდა ის, რომ შეყვარებულს მისი თავიდან მოშორება უნდოდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მოდელი მარიამ ხორგუაშვილი საზოგადოებამ ყოფილ მეუღლესთან ერთად, ულამაზესი წყვილის სტატუსით გაიცნო. ეს ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა, მარიამი ახლა სხვა ადამიანთან თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს – საკუთარ პროფესიაზე უარი თქვა და ახლა ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვებას აპირებს.
  მარიამ ხორგუაშვილი: 12 წლამდე ძალიან ბიჭური ბავშვი ვიყავი. ფეხბურთის თამაში მიყვარდა და კაბასა და გოგოსთვის დამახასიათებელ სხვა ელემენტებთან საერთო არაფერი მქონდა (იცინის). შემდეგ მშობლებმა ჩემი და შეიყვანეს სამოდელო სააგენტო „სლაიდში“ და რატომღაც ვთქვი, რატომ ის და მე – არა? მეც მინდა-მეთქი. არასერიოზულად შეხედეს ჩემს სურვილს, ჩემი ხასიათი და მოდელობა ერთმანეთთან კავშირში არ იყო, მაგრამ არ მაწყენინეს და მეც მიმიყვანეს. იმდენად მომეწონა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ფოტოსესიები, მეიქაფის გაკეთება, დავინტერესდი. სააგენტომაც ინტერესი გამოიჩინა ჩემდამი და მათი კომპლიმენტები სტიმულს მაძლევდა. მოკლედ, ჩემი და მიხვდა, რომ მოდელობის სურვილი არ ჰქონდა, მე – პირიქით.
– როგორ გახდი ნინო ცქიტიშვილის რჩეული?
– ბავშვი რომ გავაჩინე, ნინომ შემომთავაზა თანამშრომლობა. მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს სფერო აღარ მაინტერესებდა, მთელი ყურადღება ბავშვზე მქონდა გადატანილი. რაღაც დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმის დაბრუნება მინდოდა და ნინოს ვკითხე, შემოთავაზება თუ იყო ისევ ძალაში. დამთანხმდა, გავაფორმეთ კონტრაქტი და რეალურად აქედან დავიწყე მოდის სფეროში საქმიანობა, მანამდე ყველაფერი მაინც უფრო სამოყვარულო დონეზე იყო. ნინო ცქიტიშვილი ჩემი მეორე დედაა, მაქსიმალურად დამტვირთა გადაღებებით.
– საქართველოს ფარგლებს გარეთ რა ხდება?
– პირველად მილანში ჩვენი სააგენტოს მოდელებთან ერთად წავედი ერთი თვით. ძალიან გამიჭირდა ბავშვის დატოვება. ამას დაემატა ისიც, რომ რთულ პერიოდში ჩავედი – მილანის „ფეშენ-ვიქისთვის“ მიდიოდა ქასთინგები და მოდელები მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩამოსული. ქასთინგების რიგში სამასი გოგო იდგა. ორი საათი რომ რიგში დგახარ და ადგილზე მისულს გეტყვიან, გამარჯობა, ნახვამდისო – ეს ძალიან რთულად გადასალახია. ეს გამოცდილება ნერვების ფასად დამიჯდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სიმაღლეს, მე 1 მეტრი 74  სანტიმეტრი ვარ, მაგრამ ჩემი აღნაგობა და სიგამხდრე მიწყობს ხელს და მოდელის პარამეტრებში კარგად ვჯდები. თუმცა, იქ ძალიან მაღალი სტანდარტებია და როცა ამ ყველაფერს ეჯახები, თვითშეფასება გიქვეითდება. ბოლოს თმის მოვლის საშუალებების იტალიაში ყველაზე ცნობილი ბრენდის ქასთინგზე მივედი. იქ ისე „ყრიდნენ“ გოგოებს ქასთინგიდან, ნორმალურად არც უყურებდნენ, ამიტომ მეც უიმედოდ ვიყავი. მაშინ თმა მოკლედ მქონდა და ისე მოხდა, რომ ჩემი სახე ძალიან მოეწონათ. სახლში რომ მოვედი, სააგენტოდან დამირეკეს, აყვანილი ხარ და ბარგი ჩაალაგე, ხვალ რომში მიდიხარ გადაღებაზეო. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სამუშაო იმ პერიოდისთვის, ძალიან მაღალი ანაზღაურებით, რამდენიც ჩვენთან, ალბათ, არასდროს იქნება. ერთი წლის შემდეგ იმავე სააგენტომ დამპატიჟა მილანში. პირველი ჩასვლა ცოტა რთულად მახსოვდა და წასვლა არ მოვინდომე, მაგრამ ძალიან ბევრი დათმეს. მოდელის უცხოეთში ყოფნის მინიმალური დრო ერთიდან სამ თვემდეა. ნაკლები დროით არ უღირთ, მაგრამ ჩემთან დათმობაზე წამოვიდნენ – ორი კვირით ჩავიდოდი და თუ შემდეგ დარჩენას მოვინდომებდი, კონტრაქტს გამიგრძელებდნენ. დავთანხმდი და  სრულიად მარტო წავედი. მეორედ რომ ჩავედი, უკვე ყველაფერში გარკვეული ვიყავი და ისე აღარ მიჭირდა. დაიწყო ისევ ქასთინგები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი „პრადას“ ეკუთვნოდა. ახალი კოლექციის ფეხსაცმელების გადასაღებად ეძებდნენ მოდელს. იდეალური ფეხები სჭირდებოდა და მომწერეს, „პრადაა“ და სასწაულად მოიწესრიგეო (იცინის). მე რატომ უნდა ამირჩიონ-მეთქი, ამ ფიქრით წავედი, გადამიღეს ფოტოები და წამოვედი. მეორე დღეს მწერენ – „პრადამ“ აგიყვანაო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო, „პრადას“ ოჯახთან მომიწია მუშაობა. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო, მაგრამ განვიცდიდი შვილის გვერდით რომ არ ვიყავი და ძალიან მინდოდა სახლში დაბრუნება. წამოსვლა რომ მიწევდა, ამ დროს მითხრეს, რომ
„პრადას“კიდევ ერთი გადაღება სჭირდებოდა. ძალიან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან შვილთან აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი. ამის გამო სააგენტოსთან შეტაკებაც მომივიდა. ჩემს კატეგორიულ უარს ცოტა აგრესიაც მოჰყვა, ბოლოს მომწერეს: „გოგო, ეს „პრადაა“.  მაგრამ არ მინანია გადაწყვეტილება, ჩემთვის საკმარისია, რასაც ვაკეთებ. უფრო მეტი ცუდი არაა, მაგრამ რაც მაქვს, იმასაც ვირგებ. საბოლოო ჯამში, ამ შესაძლებლობაზე უარის თქმამ მიმახვედრა, რომ ამ სფეროში ყოფნა ისე ძალიან აღარ მინდოდა. არ ვფიქრობ, ბევრს მივაღწიე-მეთქი. ყველა მეუბნებოდა, რომ შესაბამისად არ მოვინდომე. ზოგჯერ გადაღებაზე იმიტომ არ წავსულვარ, რომ მეძინებოდა, რამდენჯერმე საერთოდ დავანებე თავი და მერე ისევ თავიდან დავიწყე. ვიცი, რომ ასე დიდი წარმატება არ მოვა. ამისთვის არაადამიანური შრომაა საჭირო. უთქვამთ ხოლმე, რა გაწუწუნებს, შენ ერთ გადაღებაში გაძლევენ ჩემი ერთი თვის ხელფასსო. ჰგონიათ, მივედი, გავიღიმე კამერასთან და ფული „ჩამახუტეს“. რეალურად თითოეული გადაღება დიდი შრომაა და იქამდე მისასვლელი გზა – კიდევ უფრო დატვირთული. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, მოდელობას დავემშვიდობო. მგონია, რომ ჩემი თავი ამ საქმეში ამოვწურე. გარკვეულ გადაღებებში მონაწილეობას მივიღებ, მაგრამ ეს ჩემი მთავარი საქმე აღარ იქნება. ახლა ძალიან მინდა, ჩემი ტანსაცმლის ხაზი გამოვუშვა. თავდაპირველად ფინანსურად ჩემი საქმრო დამეხმარება. ეს ადამიანი გვერდით მიდგას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის გამომივიდეს, რაც გულით მინდა.
– საზოგადოებამ ყოფილ მეუღლესთან ერთად გაგიცნო და თქვენი დაშორების ამბავიც საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა. როგორ გამოიარე ის პერიოდი?
– დიახ. ხალხმა მეტწილად ჩემი პირველი ქორწინების შემდეგ გამიცნო. ჩვენს ფოტოებს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არა მხოლოდ საქართველოში, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ელექტრონულ ვერსიაშიც მოხვდა სტატიები ჩვენზე. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ დამთავრდა. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო, მით უმეტეს, როცა საერთო შვილი გვყავს. თან, ამხელა აჟიოტაჟის ფონზე, მართლა ვფიქრობდი, რას იტყვის ხალხი-მეთქი. შემდეგ შევრიგდით, რომ ბავშვის გამო ოჯახი შეგვენარჩუნებინა. თუმცა, საბოლოოდ მივხვდით, რომ ჯობდა, ორივე ჩვენს გზაზე წავსულიყავით და ასეც მოხდა. დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. არც იმას ვნანობ, რომ მაშინ გავთხოვდი, რადგან არაჩვეულებრივი შვილი მყავს. ახლა სხვა ადამიანი მიდგას გვერდით და ძალიან ბედნიერი ვარ. იმ ადამიანსაც ბედნიერებას ვუსურვებ საკუთარ გზაზე.
– ალბათ, რაღაც მომენტში ახალი ურთიერთობის დაწყება რთულიც იყო, როგორ გამოჩნდა შენი საქმრო შენს ცხოვრებაში?
– კი, რთული იყო. არც მიცდია სერიოზული ურთიერთობის დაწყება, ამისთვის არ ვიყავი მზად. ყველამ იცის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შვილს დავუთმე. სამშობიაროში გვერდით რომ დამიწვინეს, იმის შემდეგ სულ ჩემთან ერთადაა,  ერთმანეთისთვის განუყრელი ადამიანები ვართ და მესამეს ჩვენ გვერდით ვეღარ წარმოვიდგენდი. ტრადიციული ქართული ოჯახი მაქვს და მშობლებისგან გარკვეული შეზღუდვები მქონდა, რაც ძალიან კარგი აღმოჩნდა. რაღაც მომენტში, ალბათ, ოჯახის ასეთი დამოკიდებულება არ გაძლევს საშუალებას, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. მე არ ვიცი, დავუშვებდი თუ არა შეცდომას, რომ არა ეს მომენტი, მაგრამ ვფიქრობ, კარგია ის, რომ ჩემი მშობლები სათანადოდ მომიდგნენ. ძალიან ბევრი ფერება და დათმობა არ მიყვარს, ამან შეიძლება, ცუდი შედეგი მოიტანოს. გაშორების შემდეგ იყვნენ თაყვანისმცემლები, შევხვედრივართ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მიჭირდა ურთიერთობის დაწყება. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, ყველა ცუდი ადამიანი არ არის და აუცილებელი არაა, მეორეც შეცდომა იყოს. გაშორებიდან სამი წლის შემდეგ გამოჩნდა ვაკო. „ინსტაგრამზე“ მომწერა. ჩვეულებრივი, თითქოს არაფრის მომტანი მიმოწერა გვქონდა, მაგრამ პირველივე შეხვედრისას კარგი ურთიერთდამოკიდებულება გაგვიჩნდა. მესამე წელია, ერთად ვართ და ყველაფერი ძალიან კარგადაა. საქმროა, მაგრამ გათხოვებას მაინც არ ვჩქარობ (იცინის). პირველად ვიჩქარე, პატარა ვიყავი და ქორწინება გადაჭარბებულად ზღაპრულად წარმომედგინა. ვხვდები, რომ ეს დრო დავკარგე და საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახდინე. ახლა რადგან ჩემი შვილიც წამოიზარდა, მინდა, დრო საკუთარი თავის განვითარებას დავუთმო. ბანალურად ჟღერს, მაგრამ მინდა, როგორც ქალი, დამოუკიდებლად ვიდგე ფეხზე. ჩემი საქმრო მაქსიმალურად ცდილობს კომფორტული პირობები შემიქმნას. ამიტომ არსად გვეჩქარება. ერთად ვმოგზაურობთ, ბავშვთან ერთად ვისვენებთ, ბევრს ცოლ-ქმარი ვგონივართ... არაფრით განსხვავდება ჩვენი ცხოვრება ცოლ-ქმრის ცხოვრებისგან, მაგრამ გაოფიციალურებას მაინც არ ვჩქარობთ.
– როგორც ყველა დედა, ალბათ, შენც ფიქრობდი, როგორ მიიღებდა შენს შვილს საყვარელი ადამიანი.
– მე მყავს შვილი, რომელიც ყველაფერს მირჩევნია. ამაზე არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემი საქციელიდან ჩანდა, რომ ადამიანთან, რომელიც ჩემს შვილს ვერ მიიღებს, ვერაფრის გამო ვერ ვიქნებოდი. არ ვალამაზებ, მართლა ზუსტად ასე იყო – სანამ ამას მე თვითონ გავუსვი ხაზი, ვაკომ ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა – ჩემი შვილი საკუთარივით მიიღო. ბავშვის გაცნობამდე დროს ვწელავდი, დემე სამი თვის შემდეგ ნახა ვაკომ და იმ დღის შემდეგ დემეტრეც გიჟდება ვაკოზე, ვაკო კი დემეტრესთვის მეორე მამაა. ძალიან გამიმართლა, ვხვდები, რომ ბევრი ვერ იღებს ამ რეალობას და წყვილი პრობლემების წინაშე დგება. ურთიერთობის გასერიოზულების შემდეგ იმაზეც ვფიქრობდი, მისი ოჯახი როგორ მიიღებდა ჩემს შვილს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დავა არავისთან მინდოდა, მით უმეტეს ბავშვთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის სამარცხვინო იქნებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ძალიან კარგად დალაგდა, მისმა ოჯახმა დემეტრე საკუთარივით მიიღო.
– ვაკო რა პროფესიისაა და შენ საქმიანობასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?
– ვაკოს ოჯახს ბიზნესი აქვს და ვაკოც ამ საქმეშია, გარდა ამისა, სამშენებლო ბიზნესშია ჩართული. ჩემს მოდელობაზე არასდროს ჰქონია პრობლემა. პირიქით, მილანში წასვლასთან დაკავშირებით რომ ვყოყმანობდი, მეუბნებოდა, აუცილებლად უნდა წახვიდეო. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ხანდახან მეგონა, ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა (იცინის). რეალურად, რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ჩემთვის კარგი უნდოდა და ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ ნაბიჯი წინ გადამედგა, მერე რომ სინანულის გრძნობა არ გამჩენოდა. დღესაც ძალიან ბევრს აკეთებს ჩემთვის და ბედნიერებაა, როცა გვერდით მისნაირი ადამიანი გყავს.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფ Vazhak-ს.

скачать dle 11.3