კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  ნიკო კულაგინი – მძარცველი, დადიოდა ჩოხით, შვიდკაციანი ბანდის წევრი, 70-იანი წლების დასაწყისში გამვლელებს რომ ძარცვავდნენ. ძარცვას თან სდევდა მკვლელობაც. თავიც მოუჭრიათ და თუ ტადეის ცირკში მოჭრილი თავი ლაპარაკობდა, ამათი მოსხეპილი ხმას ვერ იღებდა. საერთოდაც, თბილისს ახსოვდა, გვამს რომ თავსა და ხელ-ფეხს მოაჭრიდნენ, ხურჯინში ჩადებდნენ და მტკვარში მოისროდნენ. სისასტიკე ტფილისის ქუჩებისთვის იშვიათი არ იყო. ბანდა, რომელშიც კულაგინი შედიოდა, ვერაზე დაეხეტებოდა და ხალხს ჯვართან ძარცვავდა. ეს ჯვარი დადგეს ნიკოლოზ პირველის 1837 წელს ტფილისში ეტლიდან გადმოვარდნისა, კისერის არ მოტეხვისა და გადარჩენისა გამო. კულაგინი 1837 წელს დაიჭირეს, როცა თავს ღამის გამვლელებს დაესხნენ და მასთან ერთად ვანო ავთანდილოვი დაიჭირეს.
  არტემ შავერდოვი – ჯიბის ქურდი. აბა, ჯერ როდის დაეხეტებოდა ალექსანდრეს ბაღში და ჩაძინებულებს სძარცვავდა და როცა ჯირითი იყო და ხალხი იკრიბებოდა, იქ ყოფდა ხელებს სხვის ჯიბეში. გამოქანდებოდნენ ცხენით და ბოძზე შემოდებულ ვერცხლის თასს ჯოხს ესროდნენ. გაარტყამდნენ და ჩამოვარდებოდა, ააცილებდნენ და იქნებ ვინმე მაცქერალისთვის თვალი წამოეთხარათ. ამას ერქვა ყაბახი. იმ ბოძს ასე ეძახდნენ სპარსეთში და ადგილსაც ასე დაერქვა. ალექსანდრეს ბაღი ასე გაზომილი და დახაზული არ ყოფილა. ოტო სიმონსონიც, აბა, ჯერ სად იყო, იმის ფეხი აქ ჯერ არ ჩამოდგმულა. ახალი ჯერ არ იყო და ძველი კი გამქრალიყო, სადღა იყო მეფე იესეს სასახლე? იმის საფლავიც გასტკეპნილიყო. მტვერს შუა დამალულიყო. ასე გამქრალიყო, წესს აუგებელი, საფლავდაკარგული. ხალხი კი ბლომად იყო, თანაც მარხვის გასრულებისას სანახაობის დანატრებული აწყდებოდა აქაურობას. ბოლო ჯირითიც ენახა შავერდოვს. ამის მერე რუსებმა გააქრეს, როგორც მოსპეს ბევრი სხვა ტფილისური გართობა, ასევე, აილაგმა ესეც. ის ბოძიც მოიჭრა, ბოლო ჯირითი კი ერისთავმა მოიგო, 40-იანი წლების ბოლო იყო. იმას ოქროს დეზი ეკეთა. ამ დეზში კოწია კსენაშვილმა ორი თუმანი მისცა შავერდოვს. მოხსნა ვითომ და უზანგში ფეხს აყოფიებდა და ააცალა ხელათ იქნებ და ქართველი თავადიშვილის ბოლო სიმდიდრე. იმ დღეს ორი საათი მოიპარა, მერე ერთი დაცემისას გაჰფუჭებოდა და ფიდო მეზვრიშვილი აღარ იბარებდა, ხმა აღარა აქვს და ფული რაში მოგცეო. დაახსომდა ის დღე კარგად. მერე ამდენი ხალხი ერთად აღარც ყოფილა. ჯამბაზები ასე არ სწყვეტდნენ თვალს. ისინი ზევითაც იყვნენ, ცირკი ზევითაც იდგა. ის წელი კიდევ იმად დაახსომდა, რომ უცხო ქურდები ნახა პირველად. ხელათ იცნო, იმათ პარვას რას ვერ მიხვდებოდა. ჯერ აცალა, ათვალიერა. კოხტად შვებოდნენ. სამოსს ალღოს უძებნიდნენ. მერე გაიგო ოდესელი ებრაელები იყვნენ სამნი. ორი დააჭერია, გარადავოის ჩაუკაკლა. იმათმა მესამეც გასცეს. აბა, რად უნდოდა. ექვსჯერ იჯდა მეტეხის ციხეში. რომ გამოდიოდა, აღმართს ჩამოივლიდა, ბაყალხანაში ქალსბადს იყიდდა, ხიდს გადმოვიდოდა და გამოუყვებოდა თათრის მეიდნისა და აბანოებისაკენ, ფეხის გულებს აგურით გაიხეხავდა, კისერზე კოტოშს დაიწებებდა და არამ სისხლს გამოუშვებდა. სახლი არ ჰქონდა, ყავახანებში იდგა. ხან დაუხვდებოდა ტახტი, ხან არა. მოკვდა ჭლექით.
  დალი აღა (ვანო გრიქუროვი) – მძარცველი ქურდი, ის ტატო წულუკიძის საქმეშიც ჩნდება, ის იყო ლუდხანების ხშირი სტუმარი. ლუდხანები, ტფილისში ოდესელი ებრაელების შემოტანილი და გაჩენილი, იყო ქცეული ადგილად გარყვნილებისა და უმსგავსობისა. ეს სარდაფები იყო სიფილისისა და აყალ-მაყალის ადგილები. თავიდან მხოლოდ ებრაელებს ეჭირათ, შემდეგ სხვებმაც გახსნეს. 1876 წელს ყველაზე ცნობილი ლუდხანები იყო 1) ატამანის ქუჩაზე მუზეუმსა და ქალთა გიმნაზიის გვერდით, ბარუტჩევის კანტორის ქვეშ, სარდაფში. 2) მიხეილის ქუჩაზე გალაზოვის სახლში, იქ იყო ლიმონათხანა და იმის ქვეშ ლუდხანა. 3) მანდვე, გურგინბეკოვის სახლში და 4) გოლოვინის პროსპექტზე მირზოევის სახლის ქვეშ, სარდაფში. დალი აღას ხეტიალიც აქ იყო, ხშირად ის კიდევ დომინიკის რესტორანში დადიოდა, სადაც ბილიარდს თამაშობდა. თამაშს ერქვა „იამოკ“, დალი კაი მოთამაშე იყო, ის იტყოდა, რომ ათ დარტყმაში სამოც ქულას აკრეფდა და ამაზე ფსონს ჩამოდიოდნენ, ზოგი მანეთს, ზოგი 25-საც კი. თუ ის იგებდა, ყველაფერს ჯიბეში იდებდა, თუ არა – ყველა მეფსონეს უხდიდა თავისას. ეს ქაღალდის თამაშ „შტოსს“ ჰგავდა, ოღონდ აქ შარების ლუზებში ჩაყრით ითამაშებოდა და მაშინდელი ტფილისის რესტორნებს მეტად ფართედ მოჰფენოდა.
  კონსტანტინ ოლიმპიადისი – ოსმალეთის მოქალაქე, ბერძენი. ტფილისში გასტროლიორი ქურდი. თავის დამქაშ მარადისთან ერთად ჩაიდინა რამდენიმე ძარცვა და ქურდობა. მათ შორის 1887 წელს ებრაელი სანოვიჩი დააყაჩაღეს, საბუთის ბეჭდების მჭრელი. იმისგან გამოიტაცეს 8 ათასი მანეთი და მიიმალნენ. პირველი საპოლიციო ნაწილის ბოქაულმა სვიმონოვმა ნაქურდალის ნაწილს ბაქოში მიაგნო. აქედან დადგინდა, რომ ამის მომპარავები ბერძნები იყვნენ. თუმცა ბაქოში მათი დაკავება ვერ მოხერხდა, ისინი გემით ასტრახანში გაიქცნენ. მაგრამ იქ უკვე დაიჭირეს და მეტეხის ციხეში გადმოაგზავნეს.
ძმები დანდურაშვილები (იგივე ბადალაშვილი)  ქრისტეფორე არარატოვის გაძარცვის გამო დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. იქიდან გაიქცნენ, ჯერ ჭერი გახვრიტეს, მერე ფანჯრიდან გადაძვრნენ და ნაჭრებისაგან დაწნული თოკით მტკვარში დაეშვნენ. მათთან ერთად გაიქცნენ მეხტი-შორინ-ოღლი, პაშაბეკ-დაშტამირ-აღა-ოღლი და ისააკ ოთიაშვილი. სერგო დანდურაშვილისა მერე აღარაფერი ისმის, გეომ კი დაიდამქაშა ორი სიღნაღელი სომეხი, ბაგი ოგანოვი და ვანო ავეტიკოვი, ორივე უკვე ორჯერ სასჯელ მოხდილი, ავეტიკოვი, მათ შორის, 1868 წელს ატამანის ქუჩაზე დუქანში ორი სომეხის მკვლელობის გამო და ამ ბანდაშივე იყო მიხეილ გოგოჭკარიძე, ისაც რამდენჯერმე ნასამართლევი. ამათი ბანდა 1871 წლის ტფილისში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო, ამასთან, სჩანს, ჭერის გახვრეტა იოლად ისწავლეს, რაკი სომხის ბაზარში კარაჯევის დუქანს ამოაჭრეს ჭერი, შიგ ჩასძვრნენ და ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები წამოიღეს. გაბრიელ მირზოევის კერძო ბაღში ისინი შეიპარნენ გერმანელთა კოლონიაში და მებაღეს ეცნენ, ხელში დაჭრეს და ტომარაში ჩადებული ქვით სცემეს. მერე იმის ახალუხი გაიყოლეს, შიგ ოცდაათი მანეთით. დანდურაშვილი შეპყრობილი იქნა მიხეილ ყორღანოვის დუქანში, ავლაბარში, საცა ლოლაძე წამოადგა კაზაკებით. ეს ის ლოლაძეა, მერე ტატო წულუკიძეს რომ შეუვარდა ჯერ კამეჩების ბოსელში, მერე ორთაჭალის ბაღებში დაიჭირა და ბოლოს ყარსთანაც მიაგნო. დანდურაშვილი მიხვდა, რომ სროლით ფონს ვერ გავიდოდა და ხანჯალი და გადაჭრილი თოფი წყლიან კასრში მოისროლა. დუქანში ბევრი სხვა გადამალული იარაღიც იპოვეს. გეო დანდურაშვილს რვა წელი კატორღა მიესაჯა.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3