კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რამ გაამწარა გიორგი მესამე გარგარის ბრძოლის დროს და როგორ ამშვიდებდნენ მას თანამებრძოლები

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1163 წელს, გაგის ციხესთან ქართული ჯარის გამარჯვებისა და მაჰმადიანური კოალიციის უკან დახევის შემდეგ, მეფე გიორგი მესამემ ჯარი შინ გაუშვა, თვითონ ლორესთან, გარგართან დაბანაკდა მცირერიცხოვანი შენაერთით და ნადირობდა. „მეფის წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგვი და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა, ვითარ ითქმის ინდოთა აღწერილსა ქილილა-დამანასა შინა იგავი ბუთა და ყუავთა, ეგრეთვე ამან, სახედ ყუავისა გამომცდელმან ლაშქართამან, მოისხნა ფრთენი და აფრინდა, და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა, და მეტყუელმან ესრეთ თქუა: „აჰა, ჟამი კუალად-გებისა ჩუენისა. უკუეთუ აწ არა მიხუდეთ, სხუა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ“.
  ქართველი ისტორიკოსის ცნობა შეიძლება, ზღაპრულად მოეჩვენოს ვინმეს, „მოისხნა ფრთენი და აფრინდა, და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა”, სინამდვილეში კი ისე უნდა გავიგოთ – მზვერავად შემოპარული ელჩი ჩუმად გაიპარა მეფის ბანაკიდან, სადაც სტუმრად იყო, სწრაფი სვლით, ცხენების გამოცვლით და ალბათ, დაუსვენებლად მივიდა მაჰმადიანთა კოალიციასთან, რომელიც ჯერ საქართველოს საზღვრებს დიდად არც მოსცილებოდა და რომელიც კვლავ ემზადებოდა ჩვენს სამშობლოში ჩუმად შემოსაჭრელად, რათა მოულოდნელი მანევრით მეფე გიორგის ისეთ დროს დასხმოდა თავს, როდესაც არ იქნებოდა ჯართან ერთად. მეფის ბანაკიდან გაპარულმა მზვერავმა, დაარწმუნა მაჰმადიანი მთავრები, სასწრაფო მარშით ევლოთ, ღამით მიპარვოდნენ და მოულოდნელად თავს დასხმოდნენ ქართველთა მეფეს და მის ამალას.
  ალბათ, ჩვენმა წინაპრებმა მაჰმადიანთა მოციქულის გაუჩინარება ვერც შეამჩნიეს, ქართული არხეინობა გამოიჩინეს, ისინი ხომ შესანიშნავ სანადირო და სალხინო ადგილას იდგნენ, გამარჯვებულნი, გალაღებულნი... გარშემო არავინ ეგულებოდათ, ვის დამარცხებასაც ვერ შეძლებდნენ.
მაჰმადიანებს განსხვავებული ცნობა აქვთ გადმოცემული მეფე გიორგის მცირერიცხოვანი ჯარის დამარცხების მიზეზებთან დაკავშირებით. ისიც მოულოდნელობის ეფექტის შესახებ გვიამბობს, თუმცა, ამ ვერსიით, მაჰმადიანი ელჩის მაგიერ მეფე გიორგის წინააღმდეგ მოღალატეს უმოქმედია.
  იბნ ალასირის ცნობით, ილდიგუზ ათაბაგმა, რომელიც ფლობდა ადარბადაგანის, ჯებელისა და ისპაჰანის დიდ ტერიტორიებს, შეკრიბა დიდი ლაშქარი, მიიმხრო ხლათის მმართველი, მარაღას მთავარი და სხვა მაჰმადიანი მბრძანებლები, შეუტია საქართველოს დიდი ჯარით. მაჰმადიანებმა 1163 წელს ააოხრეს საქართველოს საზღვრები და უამრავი ტყვე წაიყვანეს. მათ შეებრძოლა გიორგი მეფე. ომი ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, რაღაც ხრიკის წყალობით, მაჰმადიანებმა გაიმარჯვეს. ვიღაც მოღალატე, ქართველების ბანაკიდან, მისულა ელდიგუზ ათაბაგთან, მიუღია მაჰმადიანობა და მეფის ჯარის მდებარეობის შესახებ ცნობები მიუცია მაჰმადიანებისთვის. ერთ დღესაც მოღალატემ, მაჰმადიანთა რაზმით, უკნიდან შემოუარა ჩვენს ლაშქარს, როდესაც ჩვენი წინაპრები პირისპირ ებრძოდნენ ათაბაგისა და სხვა მაჰმადიანი მთავრების ჯარს და მოულოდნელად ზურგიდან შეუტევია ქართველთა ლაშქრისთვის.
ასეთი მოულოდნელი მეთოდით გაუმარჯვიათ მაჰმადიანებს.
  როგორც ქართული, ისე მაჰმადიანური წყარო ამტკიცებს, რომ ვერაგული ხერხით გაუმარჯვიათ მაჰმადიანებს.
ორივე წყარო გარკვეულად მსგავს ცნობას გვაწვდის მოულოდნელი მანევრის შესახებ. თუ ქართველი ისტორიკოსი ამბობს სიმართლეს, რაც უფრო მეტად სავარაუდოა, მაინც არ უნდა მოედუნებინა მეფეს ყურადღება და მაჰმადიანთა პირველი გაქცევის მერე არ უნდა გაეშვა ჩვენი ჯარი დასასვენებლად, ბოლომდე უნდა გასდევნებოდა მტრის ჯარს ჩვენი ლაშქარი და გაენადგურებინა.
ორივე ვერსიით, მოულოდნელობის ეფექტის წყალობით, მაჰმადიანებს გაუმარჯვიათ. გარგართან მეფე გიორგის მცირერიცხოვანი ჯარი დამარცხდა და ჩვენი ხელმწიფე ძალით წამოიყვანეს დიდებულებმა და გადაარჩინეს სიკვდილს ან ტყვეობას.
ქართველი მეომრები კი არ გარბოდნენ, არამედ თავი გაწირეს და ბრძოლა-ბრძოლით იხევდნენ უკან, მეფეს და უმთავრეს ძალებს რომ გაესწროთ სამშვიდობოზე.
  ძალიან ნერვიულობდა გიორგი მესამე გაქცევის გამო. მისთვის წარმოუდგენელი იყო ქართული ჯარისა და მისი, როგორც მეფის, უკუქცევა. ძალიან უნდოდა ბოლომდე ებრძოლა, უნდოდა, შეჰკვდომოდა მტერს, მაგრამ, როგორც ჩვენი მემატიანე წერს, დიდებულებმა ამის საშუალება არ მისცეს. მეფეს რომ უკან არ დაეხია, გარგართან მდგარი ჩვენი წინაპრების მცირერიცხოვანი ნაწილი, მეფის რამდენიმე ათასკაციანი ამალა, ჯარის მხოლოდ ერთი შენაერთი, მთლიანად განადგურდებოდა, მეფე ტყვედ ჩავარდებოდა ან ბრძოლაში დაიღუპებოდა. ეს კი ქართული სახელმწიფოსთვის გამოუსწორებელი ზარალი იქნებოდა, განსაკუთრებით მეფის დატყვევება.
  დამჯერე იყო მეფე გიორგი, უსმენდა თანამებრძოლების თათბირს, ემორჩილებოდა გონივრულ რჩევას, მაგრამ, გაქცევა ძალიან ადარდებდა და ძალიან ღელავდა ვაჟკაცი.
  თანამებრძოლები ცდილობდნენ მის დამშვიდებას და ისტორიიდან მსგავსი მაგალითები მოჰყავდათ. ეუბნებოდნენ თურმე:
„მეფეო, ოდესმე ალექსანდრესცა იძლივა დედაკაცისა მიერ და ეგრეთვე სამბსონ სიბილასა-გან და სხუანი სახენი ხელმწიფეთა ძლეულებისანი წინა უყვნეს... ვინათგან იგიცა (დავით ჰურიათა მეფე) საულისაგან იდევნებოდა მეფე და წინასწარმეტყუელი.“ დავით წინასწარმეტყველი უფლის მამად არის წოდებული, ისიც თუ იდევნებოდა, ჩვენც გავიქცეთ ახლა და მოვა დრო „და კუალად შემძლებმან ძლევათამან ჩვეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა”.
იძულებით მოჰყავდათ ქართველთა დაუმარცხებელი მეფე გიორგი მესამე თანამებრძოლებს. გამწარებული იყო ჩვენი ხელმწიფე, მაგრამ, დაემორჩილა სარდლების მოთხოვნას. სახელმწიფოს ხიფათში ჩაგდება არ შეიძლებოდა, მეფის სიცოცხლით გარისკვა სახელმწიფოსთვის მიუღებელი იყო. მეფის ამალასთან შედარებით, ძალიან მრავალრიცხოვანი გახლდათ მაჰმადიანთა ჯარი.
  მეფე მშვიდობით გამოარიდეს უთანასწორო ბრძოლას ჩვენმა წინაპრებმა. ჩვენი მემატიანე აქებს გიორგი მეფის მეომრებს და მადლობას უძღვნის უფალს. ასეთი რამ სმენილი არ არის, მეომრების გმირობამ და უფლის ხელმა დაიცვაო მეფე. მაჰმადიანები კი შეშფოთებულან და დევნა ვერ გაუბედიათ. მოულოდნელად თავს დავესხით და ვერაფერი დავაკლეთ, ახლა უკვე იცის, რომ ვებრძვით და რაღას დავუშავებთო. „ვინათგან უგრძნეულოდ დამსხმელთა ვერ ხელთ ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა – დევნა არს აჩრდილთა და წიაღითა პყრობა ქართა. აწ უკუნ ვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან ამისნი მმადლობელნი, თვისადვე მამულად“.
  მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჯარი ჰყავდათ მაჰმადიანებს, მაინც ეშინოდათ, სწრაფად ლაშქარი არ შეეკრიბა მეფე გიორგის. განსაკუთრებით ფრთხილობდა, თურმე, ადარბადაგანისა და ირანის ათაბაგი ელდიგუზი.

скачать dle 11.3