კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ჭეშმარიტების გზაზე

ყველა სულიერი მდგომარეობის საერთო წყარო
  სულიერი მდგომარეობები, ანუ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გრძნობები სულში შემთხვევით კი არ არსებობენ, არამედ თავისი მიზეზები და მყარი კანონები აქვთ.
  წყარო, საიდანაც ისინი მომდინარეობენ, მუდამ ერთი და იგივეა, ხოლო მიზეზი, რომელიც მათ ხელს უწყობს, აძლიერებს ან ასუსტებს, მუდამ მჭიდრო კავშირშია თავად ადამიანის ბუნებასთან. ესაა ყველა ადამიანისთვის საერთო წყარო თვითშენახვისა, ანდა, თუ გნებავთ, საკუთარი თავის სიყვარულისა; ბუნებრივია, რომ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს და თვითშენახვაზე ზრუნავს. ამ გრძნობის გარეშე ადამიანი არ იქნებოდა ადამიანი; ამიტომ, ასევე ბუნებრივია, რომ ადამიანს მოსწონს ყველაფერი, რაც მის თვითშენახვას უწყობს ხელს, ხოლო უკმაყოფილებას აღუძრავს ყველაფერი, რაც ამ გრძნობას ხელს უშლის და მის სიცოცხლეს ეწინააღმდეგება.

სასიამოვნოსა და
უსიამოვნოს შესახებ
  ზემოთ ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ ადამიანისთვის სასიამოვნოა ის, რაც თვითშენახვის გრძნობას ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამის საპირისპირო კი არასასიამოვნოა. ამის მიხედვით თუ ვისმსჯელებთ, სასიამოვნო და უსიამოვნო ცხოვრებაში ბევრი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, უნდა ითქვას, რომ ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილებები ძალზე ცოტა აქვს. შემოქმედმა ადამიანს უბოძა ბუნება, რომლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალზე ადვილია. საუბედუროდ, ადამიანი ისე დაშორდა ბუნებრივ ცხოვრებას, რომ ათასი ხელოვნური, მაგრამ არანაკლებ მწვავე მოთხოვნილება გაუჩნდა. განა ბევრი ესაჭიროება ადამიანს შესამოსად, მაგრამ რამდენი ტანსაცმელია მოგონილი, რომლის უქონლობა ადამიანში გასაჭირის განცდას ბადებს. დანაყრებისთვის პურისა და ხორცის ნაჭერი საკმარისია, მაგრამ რამდენი სხვადასხვაგვარი კერძია მოგონილი, რომელნიც, როცა ვეჩვევით, ჩვენთვის აუცილებლობად გადაიქცევიან. წყურვილის მოსაკლავად ბუნებამ შესანიშნავი, მზა სასმელი მოგვცა, მაგრამ ადამიანებმა მოიგონეს ათასი სხვა საშუალება, რომელთა უქონლობა ბევრისთვის უბედურებაა, ხოლო შეძენა – მრავალი სიამოვნების წყარო. აქედან მოდის, სწორედ, სასიამოვნოსა და უსიამოვნოს ესოდენი სიმრავლე ადამიანის ცხოვრებაში; იმის მოკლება, რასაც ადამიანი ასე მიეჩვია, უსიამოვნების წყაროა, ხოლო მათი წარმოდგენა კი სასიამოვნო გრძნობებს ბადებს. აქედან ცხადია, რომ რაც უფრო სადად ცხოვრობს ადამიანი, რაც უფრო მეტად იზღუდავს მოთხოვნილებებს, მით უფრო ბედნიერია ის. დაე, ამტკიცონ პოლიტეკონომიის წარმომადგენლებმა, რომ ფუფუნების ზრდა და მოთხოვნილებათა გაფართოება ვაჭრობასა და საერთო კეთილდღეობას უწყობს ხელს. ფსიქოლოგს, რომელიც ადამიანის სულს სწავლობს, კარგად ესმის, რომ რაც მეტი მოთხოვნილება და ჩვევა აქვს ადამიანს, მით უფრო უბედურია ის, ყველა თავისი მოთხოვნილების ადვილად დაკმაყოფილებაც რომ შეეძლოს.
წმიდა მღვდელმთავარი
გაბრიელი (ქიქოძე)


скачать dle 11.3