კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ზურა ბერიკაშვილი: მამა მეჩხუბებოდა, რადგან რაც მეკუთვნოდა, იმასაც კი არ ვითხოვდი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ზურა.
გვარი: ბერიკაშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მძიმედ მახსენდება, ბაღში რომ პირველად დამტოვეს. პატარა ვიყავი, მაგრამ ის მომენტი და ემოცია კარგად მახსოვს. მეგონა, დედა წავიდა და დამტოვა, თურმე იქვე კართან, შორიახლოს მდგარა და მთელი დღე მიცდიდა. სიმართლე გითხრათ, ბაღი მერეც არ შემყვარებია.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბავშვობიდან თეატრში, სპექტაკლებზე დავდიოდი. ალბათ, ამან – უფრო. თუმცა, გადაწყვეტილება მეათე კლასში მივიღე, მანამდე არ ვფიქრობდი მსახიობობაზე, უფრო კინოოპერატორობა მინდოდა. თუმცა, ბოლოს მაინც სამსახიობოზე გავაკეთე არჩევანი.
– მშობლების როლი...
– გადაყოლილებები იყვნენ ჩვენზე, ძალიან დიდი როლი აქვთ. არ ჰქონდათ ბევრი მოთხოვნა, არც სიმკაცრით გამოირჩეოდნენ. დედა უფრო მტუქსავდა ხოლმე, ცუდად ვსწავლობდი და ეს იყო ჩვენი კონფლიქტის მიზეზი. შეზღუდვებიც ზომიერად გვქონდა.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებასა და ნდობას – ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია.
– ბედისწერა...
– მჯერა, რომ არსებობს. ხალხური გამონათქვამია: რაც არის შენი ბედი, არ აგცდებაო. და, ალბათ, ასეა. უბრალოდ, ცოტა შენც ხელი უნდა შეუწყო.
– რისკი...
– სანახევროდ რისკიანი ვარ. უფრო ბევრს ვფიქრობ და მერე ვიღებ გადაწყვეტილებას, ამას დიდად რისკს ვერ დავარქმევ. რისკი ხან ამართლებს, ხან – არა. სწორედ ამიტომაც ჰქვია რისკი, თუმცა უნდა გარისკოს ადამიანმა, ეს აუცილებელიც არის ხოლმე.
– მაღიზიანებს...
– ამ ბოლო დროს პოლიტიკოსები. ჩემთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია, როცა ადამიანს ჰგონია, გატყუებს და შენ ვერ ხვდები. აი, ასეთი „გაქნილი“ ადამიანები მაღიზიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შენზე ჭკვიანები არიან. ვიღაცისთვის შეიძლება, ჩემი საქციელიც გამაღიზიანებელი იყოს. სამყარო ასეა მოწყობილი, ყველა ერთნაირი ვერ ვიქნებით, ამიტომ ხან რა შეიძლება არ მოგეწონოს სხვაში და ხან – რა.
– შური...
– პროფესიის მიღმა, ალბათ, შური რაღაც იუმორის დონზე ყოფილა – ბილ გეიტსის შემშურებია (იცინის). არც სამაგიერო გადამიხდია ვინმესთვის.
– სიყვარული...
– ვინც მიცნობს, მოსიყვარულედ მთვლის.
– დრო და სიყვარული...
– ეს არის გრძნობა, რომელიც, თუ ნამდვილად არსებობს, სამუდამოდ თან გაგყვება. უბრალოდ, ასაკთან ერთად სხვა სახით გამოიხატება: შვილი, შვილიშვილი... თუ თავიდანვე შეგიძლია მისი განცდა, მერე გაქვს და გაქვს.
– ის, რაც უპატიებელია...
– საბედნიეროდ, მეგობართან მსგავსი შემთხვევა არ მქონია, რომ რაიმე უპატიებელი გაეკეთებინა ჩემ მიმართ, ან პირიქით, მე – მის მიმართ. ბევრი ბავშვობის მეგობარი მყავს, ერთად რომ ვართ გაზრდილები და გულწრფელად ვამბობ, მსგავსი რამ არ მახსენდება. არის რაღაცები, რაც მართლა უპატიებელია, მათ შორის შეურაცხყოფა, ჩაგვრა და მოტყუება.
– ვეჭვიანობ...
– იშვიათად. არ ვარ ეჭვიანი.
– თქვენთან მეგობრობა...
– ძალიან მარტივია, თუ ადამიანი შევიყვარე.
– ვყვირი...
– რთულია ჩემი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ გამოვედი, ხანდახან ჩემი თავის მეც მეშინია ხოლმე, ოღონდ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
– ვემტერები...
– კონკრეტულად ასე არავის მტერი ვარ, უბრალოდ არ მიყვარს მატყუარა და უპირობო ხალხი.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს. მთავარია, ბოდიშამდე არ მიიყვანო საქმე.
– მაკომპლექსებს...
– უამრავი რამ. კონკრეტულს ვერ გამოვყოფ, თუმცა ვებრძვი ამას. ეს კომპლექსები რაღაცაში მიშლის კიდეც ხელს. მამაჩემიც მეჩხუბებოდა: ნუ ხარ კომპლექსიანი და მორცხვიო, რაც მეკუთვნოდა, იმასაც კი არ ვითხოვდი ხოლმე.
– მაკვირვებს...
– პატარა ბიჭების თავგანწირვა ყოველთვის მაკვირვებდა და მაკვირვებს დღემდე. მტრის წინაშე რომ არ იჩოქებიან. ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, წესით, გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ რამხელა სიმამაცე, შინაგანი ძალა და ვაჟკაცობა უნდა გქონდეს მტრის წინაშე წინა ხაზზე დადგე, წარბი არ შეიხარო, თავი არ დაუწიო... უახლოეს წარსულშიც ასეთი თავგანწირვის არაერთი მაგალითი გვაქვს. სწორედ ასეთი ადამიანები მაკვირვებენ და მეამაყებიან.
– ვნანობ...
– ბვერ რამეს, პროფესიაშიც ბევრი დრო გავფლანგე, ცუდ პერიოდშიც მომიწია პროფესიული საწყისები – 90-იან წლებში. მაშინ ყველამ იცის რა რთული პერიოდიც იყო და ამ დაკარგულ დროს ვნანობ.
– ვაგროვებ...
– ბავშვობაში ვაგროვებდი ბევრ რამეს, მათ შორის დანებსა და სიგარეტის კოლოფებსაც (იცინის). ახლა მაქვს პატარა სასმელების საინტერესო კოლექცია, რომელიც ჩამომაქვს უცხო, უცნაური და საინტერესო ქვეყნებიდან.
– თავისუფლება არის...
– როცა შინაგანად ხარ თავისუფალი, როცა შენშია ეს განცდა. თუმცა რაღაც ჩარჩოებში ყოფნა მე მომწონს. ქვების სროლა მინდა და თავისუფალი ვარო, იძახო, ასე არაა. რაღაც ცხოვრებისეული ფორმები არსებობს და მასში უნდა მოექცე.
– ვზარმაცობ...
– ხშირად, მაგრამ ვებრძვი.
– ვოცნებობ...
– ბევრ რამეზე, მათ შორის, ჩემმა შვილებმა რომ მაინც იცხოვრონ დალაგებულ ქვეყანასა და სიტუაციაში. როცა ეს დალაგებულია, მერე უკვე სხვა ოცნებები იწყება.
– ვეძებ...
– ბოლომდე თავისუფლებას, რაც ვერ ვიპოვე და დღემდე ძებნის პროცესში ვარ.
– მოგონება მამაზე...
– უამრავი მოგონება მაქვს მასთან და სულ კარგი მახსენდება. მის ბოლო სპექტაკლში შევხვდით ერთმანეთს, მისი უშუალო პარტნიორი ვიყავი. მანამდე სცენაზე ერთად არ ვმდგარვართ. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო და ემოციურია. სცენაზეც კი ისეთი განცდა მქონდა, რამე რომ შემშლოდა, იქაც გამომიყვანდა სიტუაციიდან. რაღაც სხვა იმედი და შეგრძნება იყო...
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მამამ მითხრა: როგორც ცხოვრებაში, ასევე სცენაზეც, ყოველთვის მართალი იყავი. არასოდეს ითამაშო, ცხოვრებაში – მით უმეტესო. დღემდე მადგება ეს რჩევა.

P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ილია ბაბურაშვილს.
скачать dle 11.3