კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№28 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  გიორგი ჩერქეზოვი – მძარცველი, იმალებოდა სამიკიტნოებში. ნაძარცვსაც იქვე სტოვებდა. ის ძარცვავდა დიღომთანაც და ერევნის ტრაქტზეც, მას ნახავდით ავჭალასთანაც და სოღანლუღთანაც. ერჩოდა ქალაქში მომავალ ფარდაგიან ურმებსა და მხედრებსაც. ფოსტასაც უდარაჯდებოდა და შიგ ტფილისშიც თუ რამ გამორჩეულ საქმეს უჩურჩულებდნენ, არც იმას აკლდებოდა. მერე ამღერებდა მას ორთაჭალის დუქნებში. მან ბერენშტამის წიგნის მაღაზიის გაქურდვისას ვიტნეის რევოლვერი ჩაიგდო ხელთ, შვიდ ტყვიიანი და ასეთი იარაღით პოლიციასაც იოლად გაექცეოდა. სანამ ისინი თავისას დატენიდნენ, მისი შვიდი ვაზნა იქაურობას ხვრიტავდა. ეს ის წელია, კარლ დიტრიხსონმა საინჟინრო ბაღში დიდი და გამორჩეული წარმოდგენა რომ გააჩაღა, მონგოლფიეს ბუშტები აუშვეს ცაში, ვოლტიჟორი სიდორლონდი გაჭიმულ თოკზე დაიარებოდა, ინგლისელი მალემსრბოლი ალე ვოლტე, დიდი მახრჩობელა გველი და ათას ოთხასი ფარანი დაენთოთ იქაურობის გასანათებლად, თითქოს და ტიურილის ბაღი ყოფილიყოს და არა მტკვრის პირას გაშლილი გასართობი ალაგი. იქ მყოფნი გაძარცვა ჩერქეზიშვილმა და გამოტაცებული ნივთებით გამორბოდა. სალდათებმა თოფის სროლა შორიდან აუტეხეს. რევოლვერმა აქ დააღალატა, რაკი მისი ტყვია არ სწვდებოდა იმათ და ამ სროლაში ის მადათოვის კუნძულზე მოკლეს 1858 წელს.
  სოლომონ ჩივაძე – მძარცველი, 1900-იან წლებში მოხეტიალე აქეთ-იქით. მისი დამქაშები იყვნენ დათა მჭედლიძე და არტაშა ასლამაზოვი. ისინი თავს დაესხნენ ღამით სახლში გიორგი მაისურაძეს. ამ საქმეზე ისინი ოგანეზა ალთუნაშვილმა დაითანხმა, რომლის საყვარელიც იყო მაისურაძის დედა მაკა. ალთუნაშვილი დაჰპირდა მას, რომ ცოლად მოიყვანდა, ოღონდ თუ მზითვად სამი ათას მანეთს მოიტანდა და ამ ფულის წართმევა მათ ერთად მაკას შვილი გიორგისათვის გადაწყვიტეს. მის სახლში შევარდნილი ჩივაძე ფეხებში სწვდა მძინარე მაისურაძეს, ასლამაზოვი და მჭედლიძე კი ტახტზე ავიდნენ და ხელები გაუკავეს. მაისურაძე არ ნებდებოდა, თუმცა მძარცველებმა მას სახეში ბებუთის ცემა დაუწყეს. „ნუ მკლავთ! ფული ჭერში მაქვს, წაიღეთ!“ – ყვიროდა ის, თუმცა ამ დროს ოთახში დედამისი შემოვარდა და ბოროტმოქმედებს მიაძახა, – „საშარდე ასოს ჯირყვლები დაუჭერით, ნუ აყვირებთ, ხმა ჩააწყვეტინეთ!“ მაისურაძეს თოთხმეტი ჭრილობა მიაყენეს და ბოლოს ბებუთი ყელში გამოუსვეს და თავი მოაჭრეს. შემდეგ მკვდარი ხევში გადააგდეს, დედამისმა კი იქაურობის სისხლისგან გაწმენდა დაიწყო. ამბავი არ დაიმალა. მკვლელები დაიჭირეს, გამოტეხეს და ყველა სიკვდილით დასაჯეს.
  გეურქ ჩინჩიკიანცი – ქურდი, დამქაშობდა ხაჩატურ ბიჩინიანცთან. ყველგან ერთად სჩანდნენ, აბანოშიც, დუქანშიც, ხოჯივანქის ყომარშიც და ორთაჭალის ბაღებშიც. მათ ადრე ბრალად ედებოდათ თულაევას გაქურდვა და მისთვის 5 000 მანეთის მოპარვა. მათივე დამქაში იყო, ასევე, კახარ ხარაზოვი, სპარსეთის ქვეშევრდომი, 65 წლის, ნაჯიბგირალი, ნაყაჩაღარი, ხელებზე იერუსალიმური დამღებით. მათ შეკრეს ეს ბანდა და ქურდავდნენ სახლებსა და მაღაზიებს. იღებდნენ უხმოდ მინას და ფანჯარაში ძვრებოდნენ. მათ ერთად გაქურდეს 1894 წელს საფაროვის თამბაქოს მაღაზია ჰანის ქუჩაზე. ამ საქმეზე დაიჭირეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში.
  ვანო ჩომახიძე – დამქაშობდა სტეფანე გეურქოვსა და ვანო ყალიბეგოვთან, მეტსახელად „პაჩო“. ისინი ძარცვავდნენ ღამის გამვლელებს ანჩისხატის უბანში და სალდათის ბაზრის მიდამოებში. ერთხელ, კარაპეტას დუქნიდან გამოსულები, გერმანელთა კოლონიისაკენ დაიძრნენ და ბაღ „შტუტგარტს“ მიადგნენ, საცა დაუხვდათ ბლომად გერმანელი, ბოლო სეირნობა რომ გაემართათ ფრონტზე გამგზავრებამდე. დაწყებულიყო პრუსიის, ჩრდილო მიწებისა და ბავარიის 1871 წლის ომი საფრანგეთთან და ტფილისში მობილიზაცია გამოეცხადებია იმათ კონსულს ოტო სიმენსს და მიემგზავრებოდნენ ფრონტის ხაზზე გერმანიაში. ღვინო მოსმულმა ყალიბეგოვმა ბაღში მხარი გაჰკრა და დაეძგერა იქ მყოფ რეზერვის ოფიცერს და ბებუთიც იშიშვლა და აცრა ეგრე ფერდში და გერმანელებმაც იშიშვლეს თავიანთი დანები და ბაღში ომი გაჩაღდა, თითქოს და არა კუკია, არამედ სტრასბურგის მიდამოები ყოფილიყო. ამათ ერთის მხრივ, ამოეშველნენ ახვერდ ვართანოვი და არტემ არსადანოვი, იქიდანაც – გერმანელები ბლომად და ამ დროს გაისმა პოლიციის სტვენა და ამირხანოვი შემოვარდა თავისი ბიჭებით და ამათ შუა ჩადგომა და დაშლა სცადეს და ჩომახიძემ და მათმა დამქაშებმა აქაც მისცეს დანები და მოათალეს იმათ ნეკნები. შემდეგ გაიქცნენ, მაგრამ მეორე დღეს დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და ჩასვეს მეტეხის ციხეში. ამ ჩხუბში მძიმედ დაიჭრა და კინაღამ მოკვდა პრუსიიდან საგანგებოდ გამოხმული ბარონ მანტოიფელი, მერე გმირი ნაირგვარი კამპანიებისა, გმირი მარს ლა ტურთან და სედანის ბრძოლაში, დროშის ამწევი პარიზში და, კიღამ დარჩა ის ეგრე გათლილი ფერდით შუა კუკიაზე, და ეს შავი არწივის ორდენისა და დიდი რკინის ჯვრის კავალერი კიღამ მოიკლა აქ, „სან-სუსის“ ბაღის გვერდით და დაესო მას ზედ ხის ჯვარი კუკიის ლუთერანულ ეკლესიაზე.
ამპირის სტილის საძინებელი
  სპარსელებს არ გასჭირვებიათ კარის გაღება და ბაღდადიანცის ბინაში შეღწევა. მათ გასწიეს საძინებლისკენ და შიგ ვიღაც ახმახი დაინახეს, ლოგინიდან წამოგდებულ კაცს თავში რომ უთაქებდა და ემუქრებოდა. აბოევი კი ამ დროს მეორე ოთახში იყო, საათს დასტრიალებდა და პირველი მან დაინახა სამი რევოლვერიანი, ნონიკაშვილს რომ წამოსდგომოდნენ და მიხვდა, რომ საქმე ვერ იყო დამში და ვიდრე დაასწრებდნენ, პირველი მან ესროლა.
ისა-აბას-ოღლი მოცელილივით დაეცა კრიალოსანთან ერთად, მისმა დოსტებმა კი საპასუხო სროლა ატეხეს და ჯერ აბოევს გაუხვრიტეს თავი და შემდეგ ნონიკაშვილსაც მოარტყეს და ის პირაღმა გადავარდა ლოგინზე.
– ქვა სადაა? – სომხური კაზიმმა იცოდა.
–  რა ქვა? – ბაღდადიანცი ძალიან შეშინებული იყო.
– საფირონი! შაჰ-აბასის საფირონი!
– წყეულ იყოს ეგ ქვა! – დასძახა ბაღდადიანცმა უმცროსმა, – მაგან მოკლა მამაჩემი, მაგან მოიტანა მთელი ჯანდაბა, მაგის გასაყიდად მიდიოდა, რომ დაეცნენ და მოკლეს. ის ქვა გაქრა. ყველა დაიჭირეს და ქვა ვერ იპოვეს. ის ეშმაკის ქვაა!
– სტვენა გაისმა, უნდა ვიჩქაროთ! – ამბობდა მეორე სპარსელი.
– სად დაეცნენ? – ყვიროდა კაზიმი ოთახში.
– გოლოვინსკზე, ფოსტასთან! – ხელები თავზე აეფარებია ბაღდადიანცს.
– არავინ გაექცათ, ყველა დაიჭირეს? – არ ეშვებოდა კაზიმი.
– არავინ, არავინ!
კაზიმს თავში სხვადასხვა აზრი უტრიალებდა, იმის ავაზაკობა ბევრ მთვარეს ითვლიდა, არაერთი რამ ბიაბრობა ენახა, სიჩქარემ ფიქრებისა და იმის ტვინის ურდულები გააღო.
– მამაშენი სად დაასაფლავეს? – ნეკნებში წიხლი მისცა მან სოვდაგარს.
– მამაჩემი?
– სად დაასაფლავეს? – ახლა რევოლვერი ჩასცხო თავში.
– ვერაზე! – წამოეთრიე! ხელი სტაცა მას და კალსონებისა და ღამის ჩაჩის ამარა გამოაგდო კიბეზე. ოღონდაც სიმშვიდე არც აქ ელოდათ.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)


скачать dle 11.3