კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ორგვარი სიმართლე

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-27(1018)

  ახლა პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა, მაგრამ აზრი აღარ აქვს დამალვას: რომ წამოვიზარდეთ, უკვე მიყვარდა ისე, როგორც მოზარდ გოგოს შეუძლია შეუყვარდეს პირველი სიყვარულით. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მდიდარი იყო მისი ოჯახი თუ ღარიბი, სულ მის ყურადღებას, ბიჭურ ზრუნვას, სიყვარულის ახსნას ველოდი, მაგრამ ის ზედაც არ მიყურებდა – ასე მეგონა თავიდან. თუმცა საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე თუ მივხვდი, რომ მასაც ვყვარებივარ და ამ თემაზე დალაპარაკებას ვერ მიბედავდა ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო.
  მერე მაინც გაბედა, სიყვარული ამიხსნა, ტუჩებში მაკოცა (სხვათა შორის, მანამდე ვერცერთმა ბიჭმა ვერ გამიბედა კოცნა) და მაშინვე მიმატოვა; ერთი სიტყვით, მასხრად ამიგდო და მთელი უბნის დასაცინი გამხადა. მაშინ 18 წლისაც არ ვიყავი და, ჩემი ასაკიდან და გამოუცდელობიდან გამომდინარე, ვერ მივხვდი, რატომ მოიქცა ასე. თუმცა, რომც მივმხვდარიყავი, მაინც ვერ გავამართლებდი, რადგან დღესაც, ამ ასაკში, მიმაჩნია, რომ ეს არ იყო კაცური საქციელი. მოკლედ, მიმატოვა და, როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე თვითონ შორიდან მადევნებდა თვალს და ჩემს განცდებზე კაიფობდა. ეს რომ შევიტყვე, სადარბაზოს წინ დავხვდი, მთელი ეზოს გასაგონად კარგად გავლანძღე და, ძალიან რომ სტკენოდა გული, სულ გაღლეტილი და გლახაკი ვუძახე. როგორც ჩანს, მიზანში მოვახვედრე მის თავმოყვარეობას და, მგონი, მეორე დღესვე მომიტაცა. გულში გამარჯვებას ვზეიმობდი, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემმა კინაღამ ვენები გადაიჭრა, ჩემი გათხოვების ამბავი რომ შეიტყო. უკვე ფორმალური შერიგების შემდეგ დედა თვითონ გამომიტყდა, რომ რატი ეზოში დაუბარებია, გაულანძღავს, გაუთათხავს, სულ „მათხოვრების ოჯახი“ უძახია და ჩემთან ახლოს მოსვლა და დალაპარაკებაც კი აუკრძალავს. მხოლოდ მამაჩემს არ უკადრებია რატისთვის არაფერი და არ ჩარეულა ჩვენს პირად ცხოვრებაში არც ჩვენს დაქორწინებამდე და არც მერე, ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ ამას ჩარევა ჰქვია: მამა ჩვენთან მოვიდა ნაქირავებ ბინაში, საჩუქრები მოგვიტანა, ბავშვი მოინახულა (მაშინ ერთი-ორი თვის იყო ჩვენი პირველი შვილი) და წასვლისას მითხრა, დედაშენი არაფერში ჩარიო, თორემ ოჯახს დაგინგრევს. შენ არ იცი, მაგას როგორ შეუძლია ადამიანის განადგურებაო. გულში ვიფიქრე. თუ ასეთი საშინელი ადამიანია, რატომ არ გაეყარე-მეთქი, მაგრამ არაფერი მიპასუხია. თუმცა ძალიან მეწყინა მამასგან, დედაზე ასე რომ მელაპარაკა და გავებუტე, ძალიან დიდხანს არ ველაპარაკებოდი. საერთოდ, ვაღიარებ, რომ დედაჩენმა ძალიან მომაქცია თავისი ზეგავლენის ქვეშ და ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მას სურდა, თუმცა ამას ვერ ვხვდებოდი.
  რამდენიმე თვე ნორმალურად ვცხოვრობდით, მერე კი ჩვენ შორის ურთიერთობა საშინლად დაიძაბა. თითქოს დედაჩემი არ იყო საკმარისი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩემი დედამთილი და მული მოდიოდნენ ჩემთან და, თუ რატი სახლში არ იყო, მთელი დღე დედაჩემს ლანძღავდნენ, მე კი სულ მტუქსავდნენ და მთელ ჩემს ოჯახს ამცირებდნენ. მამაშენის ნაპარავი ფულებით რომ ხართ გათამამებული შენ და დედაშენი, ჩემს შვილზე მეტი ხომ არ გგონია თავიო. ძალიან დიდხანს ვითმინე, ბოლოს კი ვუთხარი: თქვენ თუ მხოლოდ იმიტომ მოდიხართ, რომ მე და ჩემი მშობლები გვლანძღოთ, თავს ნუღარ შეიწუხებთ მოსვლით-მეთქი. მათ კი გადაბრუნებულად მოუტანეს ენა რატის და ჩემი მოსიყვარულე ქმარი უცებ მონსტრად იქცა: სახლში სულ ყვიროდა, ჩხუბობდა, მერჩოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან მოსულმა დედამთილმა მითხრა: ძალიანაც ნუ იფხორები, ჩემს შვილს დიახაც ყველაფერი ვუთხარი, რასაც შენზე მეზობლები ლაპარაკობენო. წამოვეგე ანკესზე და ავპილპილდი – ჩემზე ვინ რა უნდა თქვას, მათ ხელში გავიზარდე-მეთქი. ვითომ არ იცი, რაც აქვთ სათქმელი, შენი კავალრები დღესაც მოდიან და შენ გკითხულობენო. კაცმა რომ თქვას, ისეთი რა მითხრა, მაგრამ ისე გადავირიე, კინაღამ კანიდან ამოვვარდი. კი მივხვდი, რომ უარესის მოგონება ვერ გაბედა, რადგან ხელმოსაკიდებელი ფაქტები არ გააჩნდა, მაგრამ საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი, რადგან, ძნელი მისახვედრი არ იყო, რაც იგულისხმა და ცხოვრებაში პირველად შევჩივლე ქმარს, რატომ მერჩის დედაშენი, რა დავუშავე-მეთქი და, აი, მაშინ კი გადაირია – შენ ვისზე ამბობ საყვედურსო და იმ დღეს პირველად გამარტყა. კედელს მივასკდი და გული წამივიდა. მეორე დილით კი რძე აღარ მქონდა – ერთ დღეში გამიშრა და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ბავშვი კინაღამ შიმშილით მომიკვდა.
  რა თქმა უნდა, ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს და ძალიანაც შევცდი, რადგან აქაოდა, გაუვიდა ძალადობა, ხელიც შემომაჩვია. თან, ეტყობა, ჩემი „კავალრების“ ამბავიც მიტლიკინებული ჰქონდა (ალბათ, უფრო მძაფრი ფორმით) და საშინელი ეჭვიანი გახდა: ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა და საშინელ სცენებს მიმართავდა: სახლიდან მარტოს პურზეც აღარ მიშვებდა; ჩემს მშობლებთან ელემენტარული ურთიერთობა ამიკრძალა, იმ მოტივით, რომ ეზოში ჩემს საყვარლებს შევხვდებოდი; რაც კი კარგი ტანსაცმელი მქონდა, ეკლესიაში წაიღო და მათხოვრებს დაურიგა, მე კი მხოლოდ ძველი და შელახული მაისურები და გრძელი კაბები დამიტოვა; ყველანაირი შარვალი გააქრო სახლიდან – ქალისთვის შარვლის ჩაცმა მკრეხელობააო, არადა,  მისი და და დედამისიც კი შარვლებით დადიოდნენ; ტელეფონზე მხოლოდ მისი ნებართვით და მისი თანდასწრებით უნდა მელაპარაკა... ერთი სიტყვით, ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია.
  მისგან წასვლაზე არც მიფიქრია – მემუქრებოდა, ან დაგასახიჩრებ, ან ბავშვს წაგართმევ და ცხოვრებაში ვეღარ ნახავო. ამიტომ ვითმენდი, მაგრამ ვაი ამ მოთმენას! ბოლოს გადავწყვიტე, მუსიკაზე გადავრთულიყავი, მუსიკაში მეპოვა შვება და, როცა სახლში არ იყო, დედაჩემის ნაჩუქარ როიალს მივუჯდებოდი ხოლმე, მაგრამ ესეც ამიკრძალა და, ერთ დღესაც, სულაც გამიყიდა როიალი, ის ფული კი დედამისს მისცა – რაც გჭირდება, იყიდეო.
საბოლოო ჯამში, ისე დამატერორა, გაღიმებულიც რომ დამენახა, მაინც შიშით მისკდებოდა გული. ერთხელ გამოვუტყდი, შენი მეშინია-მეთქი და ძალიან კმაყოფილმა მიპასუხა – შიში შეიქმს სიყვარულსაო. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი სიყვარული თანდათან დნებოდა და ქრებოდა.
– და ამ ყველაფრის შემდეგ სექსი გქონდათ ხოლმე? – თავს ძალა დავატანე და ყველაზე უხერხული შეკითხვა დავუსვი.
 – იმას თუ სექსი ჰქვია... – ამოილაპარაკა გაწითლებულმა ნიაკომ.
– რას გულისხმობ?
– ძალადობას, – კიდევ უფრო გაწითლდა ნიაკო, – ნორმალური „ის“ კი ძალიან იშვიათად გვქონია, უფრო დასაწყისში.
– ოთხი შვილი შენ გინდოდა?
– პრინციპში, მინდოდა, მაგრამ არა ასე მიყოლებით.
– მაშ, რატომ მოიქეცი ასე?
– რატის უნდოდა.
– რატომ, ზოგადად ბავშვებზე გიჟდება?
– არა. მეუბნებოდა, ბევრი შვილი რომ გეყოლება მოსავლელი, უკანალის საქნევად დრო აღარ დაგრჩება, თანაც, ოთხი შვილის დედასთან ურთიერთობას არავინ გააბამსო.
– კარგი, აღარ შეგეკითხები, განაგრძე, – ვთხოვე, მოსმენილი ამბებით გულშეღონებულმა.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ მოყოლის თავი აღარ მაქვს და, თუ შეიძლება, კითხვები დამისვით, ასე უფრო გამიადვილდება, – ნიაკოს თვალები ცრემლით აევსო და შევნიშნე, რომ ხელები უკანკალებდა.
– რა კითხვები? – დავიბენი უცებ.
– ნებისმიერი, რაც პირად ცხოვრებას შეეხება.
– თუ გინდა, შევწყვიტოთ საუბარი.
– არა, თქვენ მკითხეთ, მე გიპასუხებთ.
– მერე, ეგ ხომ ჩვეულებრივი ინტერვიუ გამოვა.
– არა უშავს, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი.
– კარგი, როგორც გინდა. სისხლჩაქცევები მართლა თვითონ ჩნდებოდა შენს სხეულზე?
– არა.
– გცემდა?
– ჰო.
– მერე ინანიებდა?
– ზოგჯერ.
– რატომ არავის ეუბნებოდი?
– მემუქრებოდა.
– თქვენი სცენები ბავშვების თანდასწრებით ხდებოდა?
– ხანდახან, ოღონდ ადრე, სანამ პატარები იყვნენ. რომ წამოიზარდნენ, უკვე ვეღარ ბედავდა, – ნიაკომ პატარა პაუზა გააკეთა და ძალიან მშვიდად მითხრა: – იცით, ვნანობ, რომ თქვენთან ჩემს ცხოვრებაზე მოსაყოლად მოვედი, სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– რატომ? – ვკითხე, თუმცა სულაც არ გამკვირვებია.
– რატი წავიდა, ალბათ, სამუდამოდ და ახლა რჩევები აღარ მჭირდება, არც თანაგრძნობა. უკვე თვითონ ვიცი, როგორ მოვიქცე და როგორ ვიცხოვრო.
– მაგალითად, რა იცი?
– ვიცი, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ჩვენი ერთად ყოფნა; ვიცი, რომ ჩემი  აქ მოსვლაც შეცდომა იყო; ისიც ვიცი, რომ ქალი არ უნდა გაჩერდეს ქმართან (და, საერთოდ, კაცთან) არც მადლობის ნიშნად, არც შვილის გაჩენის მიზნით, არც შიშის გამო. კაცთან უნდა დარჩე მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად გიყვარს და მასაც უყვარხარ; კიდევ ის ვიცი, რომ, თუ გინდა, მძიმე წარსულმა არ დაგამარცხოს, ის უნდა დაივიწყო, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელია, მით უფრო, თუ იმ წარსულთან თუნდაც ერთი შვილი გაკავშირებს და, ვიცი კიდევ ის, რომ კაცისკენ აღარასოდეს გავიხედავ, მთლიანად ოქროსიც რომ იყოს.
– და მაინც, ყველა ერთნაირი არ არის. უამრავი ძალიან კარგი მამაკაცი დადის თუნდაც მხოლოდ ჩვენს ქალაქში.
– ღმერთმა ქნას, მაგრამ მე – „პას“. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, მეც ბევრი შემეშალა და ჩემი შეგუებაც ძნელია. ამიტომ, ისინი თავისთვის, მე – ჩემთვის. მე თუ მკითხავთ, მეტ-ნაკლებად ყველა ერთნაირია, თუმცა ვთვლი, რომ ისინიც ამავეს ამბობენ ჩვენზე, ქალებზე.
– საერთოდ აღარ გიყვარს? – ვკითხე ჩუმად.
– ვინ? – ვითომ ვერ მიხვდა.
მე არ დავუზუსტე, მხოლოდ გამომცდელად შევხედე თვალებში.
– ა, რატი? – ცოტა ბავშვურად გამოუვიდა ტყუილი, – იცით, მეგონა, რომ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მიყვარდა, ახლა კი ვხვდები, რომ მისი არცერთი ნამცეცი, არცერთი ნაწილაკი აღარ არის ჩემში დარჩენილი, არადა, სულ ერთი დღეა, რაც წავიდა, მე კი უკვე ძალიან თავისუფლად ვსუნთქავ და ხვალის გეგმებსაც კი ვაწყობ, რადგან ვიცი – ისე შორსაა, რომ ვეღარ მომწვდება ვერც თავისი სიყვარულით, ვერც თავისი ეჭვიანობით.
– ხვალ რომ დაბრუნდეს, როგორ მოიქცევი?
– ახლა მგონია, რომ აღარ დავბრუნდები მასთან, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. საერთოდ, მგონია, რომ მეც ისევე, როგორც ყველა ქალი,  ცოტა არაადეკვატური და არაპროგნოზირებადი ვარ. ამიტომ, თუ ეს მაინც გავაკეთე, დაწერეთ თქვენს ჟურნალში, რომ ქალზე სულელი არსება ღმერთს არ შეუქმნია... ახლა კი გთხოვთ, დავასრულოთ ეს კითხვა-პასუხი, მე ჩემი სათქმელი ამოვწურე. გარწმუნებთ, ერთი ტყუილიც კი არ წამომცდენია. ამდენი სიმართლე ერთად ცხოვრებაში არ მითქვამს, – თქვა ნიაკომ და წამოდგა.
– რატიმაც დაახლოებით ეს მითხრა, – ვუთხარი ღიმილით.
– არავინ აღიარებს, ტყულები გითხარიო, – მიპასუხა ნიაკომ ღიმილითვე, – ისე კი ყველას თავისი სიმართლე აქვს, ოღონდ, თითოეული ეს სიმართლე ცალმხრივია და არა სრულყოფილი, – მერე გადამეხვია, გადამკოცნა, მადლობა მითხრა და წავიდა.
მარტო რომ დავრჩი, თავიდან ბოლომდე მოვისმინე ორივე ისტორიის ჩანაწერი და გავიფიქრე:
მართლაც ყველას თავისი სიმართლე აქვს, ჩემი აზრით, გამიზნულად არცერთს არ უთქვამს ტყუილი. უბრალოდ, როგორც თვითონ ხედავდნენ და აფასებდნენ საკუთარ ცხოვრებას, ისე ყვებოდნენ. ანუ, თავისი პოზიციიდან ორივე მართალი იყო, უბრალოდ, როგორც სულ დასაწყისში ვთქვი, თითოეული მათგანი თავისი რაკურსიდან იყურება. რეალური მთლიანობა სიმართლისა კი ოდნავ სხვანაირად გამოიყურება. ამის ახსნა მარტივი მაგალითით შეიძლება: დავდგეთ, ვთქვათ, ვინმეს პორტრეტის წინ და დავხუჭოთ ორივე თვალი. მერე ჯერ მარჯვენა გავახილოთ და შევხედოთ პორტრეტს, მერე კი მარცხენა, მარჯვენა ისევ უნდა დავხუჭოთ და იგივე გავაკეთოთ. ცალ-ცალი თვალით სრულ პორტრეტს ვხედავთ, ოღონდ, სხვადასხვა რაკურსით, ამიტომ ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, თითქოს ამ პორტრეტის რაღაც ნაწილი ვერ დავინახეთ, უფრო სწორად, თუ ვიტყვი, მარჯვენა თვალით პორტრეტის სხვა ნაწილზე კეთდება აქცენტი, მარცხენათი – სხვა ნაწილზე, მაგრამ თუ ორივე თვალს ერთად გავახელთ და თანაც ჩვენი მხედველობისთვის მისაღები მანძილიდან შევხედავთ, აბსოლუტურად სრულყოფილად დავინახავთ ამ პორტრეტის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს.
არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ეს მაგალითი კარგად ხსნის ცალმხრივ და სრულყოფილ სიმართლეებს შორის განსხვავებას. ამიტომ, სრულყოფილი სიმართლის დასადგენად ორივე მხარის ჩვენებისა თუ მოსაზრების შეჯერებაა საჭირო, რისი გაკეთებაც მკითხველს გვინდა მივანდოთ.
დასასრული
скачать dle 11.3