კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ონისე ონიანი: მინდა, რომ უცოდველი ვიყო, მაგრამ არ გამოდის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ონისე.
გვარი: ონიანი.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და ბევრი თავგადასავალი მაქვს. ამ ჩემი სიცელქის გამო ერთი შემთხვევა ჩამრჩა გონებაში, რომელიც სულ მახსენდება ხოლმე. სოფელში ვიყავით მე,  ჩემი ბიძაშვილი და მისი მეგობრები. გადავწყვიტე, ფოკუზი გამეკეთებინა და ცეცხლი ავანთე. ეს ცეცხლი აალდა და დაგვწვა სახეები. ჩემს ბიძაშვილს ბებია და ბაბუა როგორც ბამბის ქულას, ისე ზრდიდნენ. მოკლედ, ამიმხედრდნენ ყველა, რადგან რაც დაგვემართა, ჩემი ცელქობის და მოუსვენრობის შედეგი იყო. ყოველთვის მძაფრად მახსენდება ეს ისტორია, თან ჩემი ბიძაშვილი უკვე გარდაცვლილია და რაღაც სასიამოვნო-სევდიანი ისტორიაა.
– მშობლების როლი...
– არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა მენტალიტეტით იზრდება და რა ატმოსფეროთი იკვებება, მშობლის როლი ყოველთვის ღირებულია ადამიანის ცხოვრებაში. კომუნისტების პერიოდში გავიზარდე და მაშინ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება იყო შვილსა და მშობელს შორის. არ იყო ისეთი თავისუფლება, როგორიც ახლა თუნდაც ჩემი შვილების მიმართ მაქვს. დიდ როლს თამაშობდნენ იმ კუთხით, რომ სითბოში და კეთილ გარემოში ვიზრდებოდი, ყოველთვის სწორ ბიძგს მაძლევდნენ.  ახლა რომ ვუკვირდები, შეზღუდვებიც დიდად არ მქონია. დიდი ნდობა იყო ჩვენ შორის. ისინი არასოდეს მომიტყუებია და სულ სხვანაირი ხათრი და რიდი მქონდა მათ მიმართ.
– პროფესიული ჩვევა...
– მაქვს რაღაცები, რაც თითქოს, უხილავია, მაგალითად, როდესაც სპექტაკლის როლების პირველი განაწილება ხდება და სამუშაო მაგიდასთან შევიკრიბებით, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ვჯდები. მუშაობის პროცესში ერთი და იმავე კალამს ვატარებ. ჩემს საგრიმიოროში მაქვს პატარა კუთხე, სადაც პრემიერის დღეს სანთელს ვანთებ, მერე ჩავდივარ და რაღაც რიტუალი მაქვს ფარდასთან, კულისებთან და ამის შემდეგ,  გავდივარ სცენაზე.
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანები ყოველთვის ფასდებიან თავიანთი შინაგანი სამყაროთი, რომელსაც ღირსეულად ატარებენ. შეიძლება, ცხოვრებაში ნაკლებად ღირსეული საქციელი ჩაიდინო, მაგრამ მთავარია, როგორ ღირსეულად წამოდგები.
– წარმატებული ადამიანი არის...
–  ის, ვინც ძალიან ბევრს შრომობს და დიდ დროს უთმობს თავის საქმეს. როცა ბევრს მუშაობ და შრომობ საკუთარ თავზე, ბუნებრივია, ღირსეულად აღწევ წარმატებას, რაც დასაფასებელია. ამიტომ წარმატებული ადამიანები არიან თავიანთ პროფესიაში შემდგარი პიროვნებები, რომლებიც ინდომებენ და საკუთარ საქმეში სიღრმეებს ეძებენ.
– ცოდვა – ეს არის...
– ცოდვილია ის, ვინც დაუფიქრებლად, შეუგნებლად ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელსაც მეორე ადამიანის გულისტკივილი მოჰყვება. ცოდვილია ის, ვინც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, რომელსაც შეუძლია მოაკვდინოს ადამიანი. ზოგადად, ცოდვილია ის, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე და არ იღებს იმას, რაც მის წინ დევს, ანუ რეალობას არ აღიქვამს.
– მწამს...
– ღვთის მოშიში ადამიანი ვარ და მწამს უფლის. ასევე, სიყვარულისა და სიკეთის. ასევე, მწამს ყველაფერი ცუდისაც, რადგან, სადაც სიკეთეა, იქ ბოროტებაც არის.
– მეშინია...
– მეგობრების, ახლობლების, სამყაროს, ქვეყნის, ღირსების, პიროვნების დაკარგვის. სხვა შიში არ მაქვს, ყველაზე რთულია, როდესაც ცოცხალი ხარ და კარგავ მას, ვინც შენ გვერდით იდგა სულ, გპატრონობდა, შენი მწუხარებისა და სიხარულის გამზიარებელი იყო. ასეთ ადამიანს რომ დაკარგავ, მერე ყველგან ეძებ: თვალებით, გონებით. აი,  ეს საშიშია, რადგან ძალიან ცუდი გრძნობაა. სწორედ, ამ ცუდი გრძნობის მეშინია.
– ბედისწერა...
– ხშირად გვისურვებია ადამიანებისთვის: იღბლიანი ყოფილიყავი, ბედი გქონოდესო. თუ ამას ვუსურვებთ, მაშინ ამ ყველაფრისაც გვჯერა. იღბლიანობა და ქუდბედიანობა სამყაროში მყარ ფეხებზე გამყოფებს. ვემხრობი, რომ ადამიანის ბედი განსაზღვრულია, უბრალოდ, ხანდახან შეგვიძლია, შევცვალოთ. მარტო იმას რომ მივენდოთ – ასეთი ბედი მაქვს და რა ვქნა, გამოსავალი არააო. ქრისტემ გვითხრა: იშრომე და მოგეცემაო.
– შური...
– არ ვიცი, რა არის თეთრი და შავი შური, შემშურებია და გულწრფელად ვამბობ ამას, სწორედ ამიტომ ვართ ადამიანები ცოდვილები, ჩვენდა უნებურად რომ
გვემართება მსგავსი რამეები. მოძღვარსაც ვუთხარი: რა ვქნა, მამაო, შემშურდა-მეთქი. არ შეგშურდა, უბრალოდ, შენც გინდა, რომ ისე გქონდეს, შური სულ სხვა რამეა, შური ბოროტებას იწვევსო, მიპასუხა. მე მაინც ვთვლი, რომ შემშურდა. მინდა, რომ უცოდველი ვიყო, მაგრამ არ გამოდის.
– სიყვარული...
– ლამაზი ფერის ბირთვია, რომელიც შენს მუცელში იდებს ბინას და მზესავით ანათებს, სხივებად ინთება შენს ორგანიზმში. მის ყოველ გახსენებაზე: ცახცახებ, კანკალებ, გიხარია... ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღლებული გრძნობაა. ხანდახან სიყვარულში არ გიმართლებს, გიმტყუნებს, ხვდები, რომ არასწორად შეგყვარებია, იმედი გიცრუვდება, მაგრამ არა უშავს, მერე ისევ მოდის ჭეშმარიტი გრძნობა.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარულს არ გააჩნია დრო, ადგილმდებარეობა, წუთი, წამი. შეიძლება ისეთ დროს დაგემართოს ეს „დაავადება“, რომ სულ არ ფიქრობდე, ორი წამის ამბავია – შეხედო და მორჩა. შენში რაღაცნაირად შემოდის და არანაირი დროის შეგრძნება არ გააჩნია.
– ჩემი პირველი სიყვარული...
– მეორე თუ მესამე კლასში მერხზე, გვერდით მეჯდა ძალიან კარგი გოგონა, რომელიც რაღაცნაირად შემიყვარდა. სახლში მივედი და გამოვაცხადე, რომ მიყვარდა. მერე ყველა მეკითხებოდა, როგორ არის შენი შეყვარებულიო და ეს  მსიამოვნებდა... მერე ჩემი მეუღლე ავარჩიე ცხოვრების მეგზურად.
– მეუღლის როლი...
– ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც შენ გვერდით დგას და შენთან ერთად  აკეთებს ყველაფერს. არის ხოლმე კამათი, მაგრამ ესეც ყოველთვის დიდი გრძნობით გვირგვინდება.
– იდეალური ქალი არის...
– პროვინციული აზროვნება არის ხოლმე,  რომ ქალი უნდა იყოს „კუხნაში“, უნდა აცხოს ხაჭაპურები და ასე შემდეგ. სულაც არ აქვს მნიშვნელობა საკვებს საკუთარი ხელებით მოიმზადებ, თუ ვინმე გაგიკეთებს, ეს მეათეხარისხოვანია. ქალი უნდა იყოს აუცილებლად შემდგარი პიროვნება, თავისი პროფესიის მოყვარული, ნასწავლი, ცოტა პოლიტიკოსი, ცოტა დიპლომატი, დიდი გონებისა და აზროვნების. ადამიანი, რომელიც სწორად დაგილაგებს რაღაცებს.  
– ქალს ალამაზებს...
– ბედნიერება და სიყვარული. რაც უნდა შეუხედავი იყოს ადამიანი, თუ ის ბედნიერი და შეყვარებულია, აუცილებლად ლამაზია.
– ის, რაც უპატიებელია...
– ადამიანის ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება, ტყუილი, ორპირობა... არასოდეს ვაპატიებდი, მაგრამ მერე გასულა დრო და დამოკიდებულება შემცვლია, თუმცა, არ მიპატიებია.
– ვბილწსიტყვაობ...
– ხშირად. მიყვარს და მერე სულ მეჩხუბებიან. მაგრამ ვიდრე რამეს მეტყვიან, მანამდე კვდებიან სიცილით.
– ვემტერები...
– ისეთ ადამიანებს, ვისაც ქვეყანა, თავისი მოძმეები, თავისი ადამიანები არ უყვარს, აბუჩად იგდებენ სხვას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში თავი ცუდად იგრძნო.  
– ვერიდები...
– ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტი, როცა რაღაც სიტუაციაში ვარ და ვერიდები, ისე არ მოვიქცე, რომ ცუდად წარმოვაჩინო საკუთარი თავი ან, თუ ადამიანს ვუყვარვარ, ისე არ დავანახვო თავი, რომ წარმოდგენა შევაცვლევინო. საერთო ჯამში, ვერიდები საკუთარი პიროვნების „ტყლაპოში“ ჩაგდებას.
– ვიტყუები...
– ხშირად, ოღონდ იუმორით. ამას წინათ მეგობრებთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ვამბობ: ისეთი ზღარბის ჩაშუშული ვჭამე, უგემრიელსი იყო-მეთქი. რამდენიმემ დაიჯერა. ასეთი იუმორნარევი ტყუილები მიყვარს.
– ვნანობ...
– რაღაცებს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში და გამოვასწორებდი, მაგრამ მერე არ იქნებოდა ისეთი საინტერესო, როგორიც დღესაა. შესაბამისად, სინანული არაფრის მიმართ არ მაქვს, ზუსტად ასე ვიცხოვრებდი.
– ვაგროვებ...
–  ნივთების კოლექცია მაქვს, რომელიც უცხოეთიდან ჩამომაქვს. თითოეული მათგანი განსხვავებულია, მთელი სამყაროა ამ ნივთებში დანახული. ამ თაროს განსაკუთრებით ვუვლი და მათზე მიკარების უფლება ჩემი მეუღლის გარდა არავის აქვს.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მეგობარმა მირჩია, სანამ ნაბიჯს გადადგამ, ათამდე დათვალე, თუ მაინც მოგინდება იმ ნაბიჯის გადადგმა, მაშინ აუცილებად უნდა გადადგაო. ამიტომ ყოველთვის ვთვლი, ანუ  ვფიქრობ კონკრეტული რამის გაკეთებამდე.

скачать dle 11.3