კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ლოლა წერეთელი: ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ათი წლით უმცროსი ადამიანი შემიყვარდა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მომღერალ ლოლა წერეთლისა და მისი ყოფილი მეუღლის გიორგი წერეთლის განქორწინება მათი მსმენელისთვის საკმაოდ მოულოდნელი და უსიამოვნო ამბავი აღმოჩნდა. ლოლამ განქორწინების შედეგად ძალიან ბევრი რამ დაკარგა და რთული პერიოდის გამოვლა მოუწია, თუმცა ახლა თავს უკვე კარგად გრძნობს და გვერდით ჰყავს მამაკაცი, რომელიც ყოველ დილას მისთვის სიყვარულის ახსნით იწყებს.
– ლოლა, როგორ დაიწყო თქვენი და გიორგის ურთიერთობა, თქვენი გაცნობის მომენტში, ვის იცნობდა მსმენელი და ვის არა?
– გიორგი ჩემს კლუბში მოვიდა და მომღერლად ავიყვანეთ. იმ დროისთვის მე ყველა მიცნობდა. როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოდიოდნენ, ლოლას არსებობის შესახებ უკვე იცოდნენ. ჩემი ბიზნესი მქონდა – ორი კლუბი და კარგად ვმუშაობდი, მსმენელისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. გიორგი ერთ-ერთი რესტორნის კარგი მომღერალი იყო, რომელსაც შესანიშნავად გამოსდიოდა მსმენელთან ურთიერთობა, თუმცა თბილისში არავინ იცნობდა. მითხრა, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა. მერე ნელ-ნელა ყველამ გაიცნო. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გავხდით. ჩემი შეცდომა, ალბათ, ის იყო, რომ ათი წლით უმცროსი ადამიანი შემიყვარდა. არ მინდოდა, ასე მომხდარიყო, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. მე თვითონ ვაკოცე, ვიგრძენი, რომ ის იყო ჩემი მამაკაცი. მაგრამ ძალიან შემრცხვა, ასე რომ მოვიქეცი და წამოვედი იმ სამსახურიდან, სადაც ერთად ვმუშაობდით. გადავწყვიტე, მხოლოდ მეგობრებად დავრჩენილიყავით. მე ძალიან კარგი მეგობარი ვარ. მეგობრობას პირად ურთიერთობებში არ ავურევ. ასე რომ, ჩემი გრძნობების გამჟღავნების შემდეგ მისგან თავს შორს ვიჭერდი. ცოტა ხანში თვითონ მოვიდა და მითხრა, შენ ხარ ის ქალი, რომელთან ერთადაც მინდა მთელი ცხოვრების გატარებაო.
– ამ დროს რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში?
– შეიძლება, მე არ ვიყავი გამხდარი გოგონა, მაგრამ ყველა ქალს ჰყავს თავის თაყვანისმცემელი. მათ ნაკლებობას არასოდეს ვუჩიოდი – თბილისში იქნებოდა, ისრაელში, ჰოლანდიაში თუ სხვა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. თუმცა, ჩემთვის მთავარი საქმე იყო. ძალიან უნდა მომეწონოს კაცი, ყველა ის თვისება უნდა დავინახო მასში, რომელსაც მე ვაფასებ, რომ ყურადღება მივაქციო, რაც ძალიან იშვიათად ხდება. გიორგი ზუსტად ასეთი აღმოჩნდა, მასში იმ ყველაფერს ვხედავდი, რაც ძალიან მომწონდა, დაწყებული სუნით, რა მხრივაც ძალიან პრეტენზიული ვარ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის, არასდროს ვჩხუბობდით. მარტო სიყვარულში კი არა, ყველაფერში საოცარი ჰარმონია გვქონდა და ამიტომაც შედგა „ბომბა“ დუეტი, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარდა. მერე შეიქმნა ის სიმღერები, რაც ძალიან პოპულარული გახდა და მსმენელმა, ახალგაზრდა კაცისა და „ბებერი“ ქალის ქორწინების შესახებ რომ გაიგო, ამან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია (იცინის). ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა, ჩვენს დუეტს, რა თქმა უნდა, ჩვენს სიმღერებთან ერთად, განსაკუთრებულად საინტერესოს ხდიდა და გადაცემიდან გადაცემაში გვეპატიჟებოდნენ.
– როდის მიხვდით, რომ თქვენი იდილია დაირღვა?
– ორი წლის წინ. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. მაგრამ არ არსებობს, ქალმა არ იგრძნოს, რომ ურთიერთობაში რაღაც საშინელება ხდება, როცა ამ კაცთან ნამდვილი სიყვარული გამოგიცდია. შეიძლება, მეც ვიყავი დამნაშავე, რაღაცების გამო რომ არ შევაწუხე, მაგრამ კარგად ვხვდებოდი, რომ ჩვენი კამათის მიზეზი, თითიდან გამოწოვილი იყო. ვგრძნობდი, რაც ხდებოდა, ისიც ვიცოდი, ვის ეხებოდა საქმე, მე თვითონ ავიყვანე ეს ქალბატონი სამსახურში. არ ვამბობ, რომ მაშინვე რაღაც დაიწყო მათ შორის, მაგრამ ეს ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში მოხდა.
– ურთიერთობის დასრულების შემდეგი პერიოდი, ალბათ, ძალიან მძიმე იყო.
– გიორგიმ თვითონ თქვა, რომ ყველაფრის რესურსი დაკარგა, მეც ყველაფერი დავკარგე. ოჯახი, სამსახური, ბიზნესი. სამი თვე ვიჯექი სახლში. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მიჭირდა საერთო მოგონებებთან გამკლავება. შემდეგ ჩემმა ამხანაგმა, ჩემს გაზრდილ გოგონას, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის – „ტიფლისო“ შარდენზე – მენეჯერია, სადაც მე დღეს ვმუშაობ, დაურეკა და უთხრა, მოდი და წაიყვანე, თორემ ამის ასე გაჩერება აღარ შეიძლებაო. მუშაობა დამაწყებინეს, შემდეგ ისევ დავიწყე ფრენები ისრაელში, მოსკოვში, ნელ-ნელა გამოვფხიზლდი, მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდებოდა. მას შემდეგ, სულ ჰაერში ვარ, კორონათი გამოწვეულ შეფერხებას თუ არ ჩავთვლით. სამ ივლისს ათენში მაქვს კონცერტი დაგეგმილი. მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ჰოლანდია, ნიუ-იორკი, ბელგია, ათენი, სალონიკი – ჩემი საყვარელი მსმენელი ყველგან მელოდება.
– ზუსტად ასეთი მოგზაურობის დროს გაიცანით საყვარელი მამაკაცი, რომელიც ახლა თქვენ გვერდითაა, არა?
– ისრაელში ვიყავი, საღამოს გოგოები კაფეში ვისხედით და იქ გავიცანი ფრანგი მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში, ბორდოში ცხოვრობს. ერთი კვირა ვიყავი იქ და ეს დრო ერთად გავატარეთ. ულამაზესი ადგილები დავათვალიერეთ და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. თბილისშიც ჩამოვიდა და ახალ წელს ერთად შევხვდით. მამით ფრანგი, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ დედით სომეხია. ძალიან მოეწონა ჩემი შესრულებული სომხური სიმღერა. სულ მთხოვს, რომ ფრანგულად ვუმღერო, მაგრამ პრინციპულ უარს ვეუბნები, რადგან არ მომწონს ფრანგული ენა (იცინის). ერთმანეთს სომხური სიტყვებით და ფრანგული აქცენტით ვესაუბრებით (იცინის). 56 წლის ძალიან სიმპათიური მამაკაცია, თავის ბიზნესი აქვს. ძალიან მხიარული და ხალისიანია. სასიამოვნოა, როცა ადამიანს ასე უყვარდები და დიდ ყურადღებას იჩენს. ჩემგან განსხვავებით, ის ნებისმიერ დროს მზად არის ქორწინებისთვის.
– თქვენ როგორ უპასუხეთ მის სიყვარულს?
– თავიდან ვერთობოდით. ერთმანეთს ვწერდით, ვურეკავდით. თბილისში რომ ჩამოვიდა, ეს უკვე სერიოზული ნაბიჯი იყო. მთელი ახალი წელი აქ გაატარა. მეუბნება: მიყვარხარ, ლოლა, შენთან ერთად ცხოვრება მინდაო. მე ვეუბნები, აღარაა მაგის დრო და როგორი ურთიერთობაც გვაქვს, ისეთი დავტოვოთ, არც მე ვარ პატარა გოგო და არც შენ – პატარა ბიჭი-მეთქი.
– ანუ, დაქორწინებაზე აღარ ფიქრობთ?
– თვითონ – კი, მე არა. რა აუცილებელია ხელის მოწერა? ეს ნაბიჯი რომ გადადგა, ადამიანი ძალიან უნდა გიყვარდეს, მე ჯერ მხოლოდ მომწონს. მგონია, რომ სიყვარულამდე ვერც მივალ. ძალიან ჯიუტი ვარ, თუ ვამბობ, რომ სიყვარული აღარ იქნება, ესე იგი, აღარ იქნება. ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უამრავი მსმენელი მყავს, მათგან უდიდეს სიყვარულს ვიღებ. ორი დისშვილი მყავს და ეს ყველაფერი ცხოვრებას მივსებს. ჩემ გვერდით მამაკაცია და რა საჭიროა ფორმალობები?! ჯერ ასე ვფიქრობ და მერე რა იქნება, არ ვიცი (იცინის).
– დისტანციურად ურთიერთობა არ გიჭირთ?
– არსებობს თვითმფრინავი, რომელიც სხვათა შორის, ძალიან მიყვარს, მანძილი და მონატრება უფრო ამძაფრებს გრძნობებს. აპრილშიც ვაპირებდი საფრანგეთში წასვლას, მაგრამ პანდემიამ შემიშალა ხელი. დილით რომ ვიღვიძებ და ტელეფონს ვიღებ, პირველი, რასაც ვკითხულობ, მისი სიტყვებია – „ჟეტემ, ლოლა. ბედნიერ დღეს გისურვებ. რომ გაიღვიძებ, დამირეკე“. განა ეს ბედნიერება არ არის?!
– გაგიჭირდათ ტკივილის შემდეგ ამ ადამიანის თქვენს ცხოვრებაში შემოშვება?
– კი. მეგონა, აღარავის შემოვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, როცა ადამიანი აღარ გიყვარს, მერე ყველაფერს ცივი გონებით უყურებ. ცუდად რომ ვგრძნობდი თავს, ერთხელ დავჯექი და ვიფიქრე, რა მჭირს სამაგისო, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყო-მეთქი. 54 წლის ვარ და ისეთი ხმა მაქვს, გვერდიდან რომ ვუსმენ, ახალგაზრდა გოგოსი მგონია. პროფესია მაქვს, ამდენ ხალხს ვუყვარვარ და რატომ უნდა ვთქვა ამ ყველაფერზე უარი? სხვათა შორის, იმ ცუდ პერიოდში ალბომი ჩავწერე. ვიბრძოდი ცხოვრებისთვის. ჩემს თავს ვეუბნებოდი: მე მაგარი გოგო ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება ასეთი ვიყავი და ვიქნები-მეთქი.
  ერთი რამ მინდა, ვთქვა, განქორწინების შემდეგ, სულ მწერენ: რატომ ვარ გიორგის გვარზე. ჩვენი დუეტი ხალხმა წერეთლების ოჯახად გაიცნო, მთელ მსოფლიოში ამ გვარით დავდიოდი და ეს უკვე ჩემი სასცენო სახელია. სულ მწერენ, გამოიცვალე, სომეხი როგორ დადგა წერეთლადო. ხალხო, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ ქართველობას არ ვჩემულობ, ეს, უბრალოდ, ჩემი პროფესიის ნაწილია. მშვენიერი გვარი მაქვს – ტატიანი არასდროს დამიმალავს, რომ სომეხი გოგო ვარ, ვარანცოვზე, მუსიკოსების ოჯახში გაზრდილი. რა მნიშვნელობა აქვს, სომეხი ვარ თუ ქართველი, თბილისელი ხომ ვარ. რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რა გვარს ვატარებ. მე ვარ ლოლა და მორჩა. გიორგის ოფიციალური ცოლი ვიყავი და უფლება მაქვს, ეს გვარი ვატარო. ეს რატომ უშლის ვინმეს ნერვებს, ვერ ვხვდები.
  პანდემია რომ წავა, ახალი რესტორანი მოვა, ამისთვის ბევრს ვმუშაობ და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ფრანგი მამაკაცი მყავს გვერდით, ათასობით მსმენელი და ბედნიერი ვარ. შრომა არ მეზარება და ყველაფერს ვცდილობ იმისთვის, რომ ლამაზი სიბერე მქონდეს. ორ ქვეყანაში ვიქნები საფრანგეთი – ბორდო, საქართველო – თბილისი. ორივეგან მაქვს სახლი და საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვგრძნობ, რომ ხალხს ვუყვარვარ. იციან, თუ ლოლა მღერის, ესე იგი, ყველა ბოლომდე ერთობა და ეს განსაკუთრებით მახარებს. არ დავმალავ, რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

скачать dle 11.3