კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (50)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№27 თამარ ივერი: დედა სულ მეუბნებოდა, გააკეთე ის, რაც ყველას არ შეუძლიაო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პრიმადონა თამარ ივერის დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც კლინიკაში აღმოჩნდა და ქალბატონ თამარს დედის მდგომარეობის გარდა, მათ საერთო მოგონებებსა და იმ მეთოდებზე ვესაუბრეთ, რომლითაც ის აღიზარდა.
  თამარ ივერი: დედას წელიწადზე მეტია, ვატყობდით, რომ ყლაპვა უჭირდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ მოგვყვებოდა ექიმთან, ძალიან ჯიუტია. ბოლოს საჭმელს ვეღარ ყლაპავდა და ამბობდა, ყელში მუწუკი მაქვსო. ალცაჰიმერიც აქვს და მდგომარეობას ბოლომდე ადეკვატურად ვერ აფასებს. ბოლოს ჩემმა მეუღლემ გადაიყვანა სასწრაფო დახმარების საშუალებით, რადგან ძალიან ცუდად გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემის გარდა, მწვავე პნევმონიაც იყო, ორივე ფილტვში წყალი ჰქონდა. კორონავირუსზეც შეამოწმეს და საბედნიეროდ, გამოირიცხა. აღმოჩნდა, რომ საყლაპავი მილი ერთ ადგილას ისე იყო დავიწროებული – თითქმის შეკრული. პრაქტიკულად, საჭმელი კუჭამდე არ აღწევდა და უკან ამოდიოდა. ამიტომაც იყო, რომ ქალი ჩამოდნა. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, მინიქირურგიული ჩარევაა საჭირო, რასაც ოპერაციასაც ვერ დაარქმევ. ძალიან ვნერვიულობთ, როგორ ჩაივლის, რადგან დედა ძალიან გამხდარია და იმუნიტეტიც დაბალი აქვს. ბედნიერება ის არის, რომ ერთ-ერთმა წამალმა უკეთესობაც მოგვცა.
– თუმცა გონზეა. ვიდეო ვნახე, სადაც მღეროდა კიდეც.
- ცოტა არეულად საუბრობს, ჯერ ამდენი გამოკვლევა და ჩარევები და პლუს ალცჰაიმერის ნიშნები. ისე არა, რომ მე ვერ მიცნოს, მაგრამ დღეს, მაგალითად, საავადმყოფოში მეუბნებოდა, ეს უცხო ხალხი რატომ დადის, ეს ფარდა როდის ვიყიდეთო და მსგავს რამეებს.
– ქალბატონი თამარი როგორია ამ სიტუაციაში. მამა ადრე გარდაგეცვალათ, მხოლოდ დედა გყავთ და როცა მის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ალბათ, ძალიან ემოციურია მდგომარეობა.
– მამა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა და მთელი ცხოვრება დედასთან ერთად გავატარე. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ყველგან დედა დამყავდა, სულ ჩემ გვერდით იყო. დღეს რომ მე სცენაზე ვდგავარ, ამაში ლომის წილი დედას მიუძღვის. მამის გარდაცვალების შემდეგ სიმღერისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, დეპრესიაში ვიყავი. დედა ყოველთვის მკაცრი და დომინანტური ქალი იყო, მაიძულებდა, გართობას არ ავყოლოდი. სულ მეუბნებოდა, გააკეთე ის, რაც ყველას არ შეუძლია. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩემს სწავლა-განათლებას და კარიერულ განვითარებას.
  მამა რომ გარდამეცვალა, ფეხქვეშ ნიადაგი გამომეცალა. მამა იყო ჩემი მრჩეველიც და პედაგოგიც. ზუსტად იმ წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ „შევეცოდეთ“ მამაჩემის მეგობრებს – მამა თავად მომღერალი იყო და კომისიაში მისი კოლეგები ისხდნენ. ამ ტრაგედიიდან ძალიან მალე, ცხელ გულზე ძალიან რთული იყო ჩემთვის გამოცდებზე გასვლა და მადლობელი ვარ, რომ მაშინ ამ ადამიანებმა ჩაბარების შანსი მომცეს. შემდეგშიც დედამ ითამაშა ძალიან დიდი როლი, რომ ეს საქმე არ მიმეტოვებინა, რადგან მე ისევ ძალიან დაბნეული ვიყავი. ჯანმრთელობის ფასი არაფერია და ეს განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ. კარგი გამოთქმაა – „ჯანმრთელი მათხოვარი ავადმყოფ მეფეზე ბედნიერიაო“. დედისერთა ვარ და მადლობა ღმერთს, მეუღლე და შვილები მომცა, რომლებიც ასეთ რთულ მომენტებში გულს მაყოლებინებენ. თორემ, მიუხედავად იმისა, რომ მე შინაგანად ძლიერი ადამიანი ვარ, სულ მარტო რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მივსულიყავი.
– დედა ძალიან მკაცრიაო, თქვით და ალბათ, განსაკუთრებით ამას ბავშვობაში და ცოტა მოზრდილ ასაკში გრძნობდით, როცა გაპრანჭვა დაიწყეთ და თქვენს ცხოვრებაში თაყვანისმცემლები გამოჩნდნენ. არა?
– დედა ჩემთვის თავგანწირული იყო და იმავდროულად, ძალიან მესაკუთრე და ეგოისტიც. რომ გავთხოვდი, პირველი პერიოდი ჩემს მეუღლესაც ვერ ეგუებოდა. რაღაც მომენტში არც ელოდა, რომ გავთხოვდებოდი. რადგან დედისერთა ვიყავი, ცოტა ეგოისტური მომენტები ჰქონდა. უფრო ადრეულ ასაკში სულ მეუბნებოდა, გათხოვდიო, მაგრამ მერე აზრი შეიცვალა: არ გათხოვდე, რადგან ქართველი კაცი შემოქმედებით განვითარებაში ხელს შეგიშლის, ჯობს მხოლოდ შვილი გააჩინოო. ამიტომ ბევრი მუშაობა დაგვჭირდა, რომ ჩემი მეუღლე მიეღო (იცინის). თავიდან თვლიდა, რომ ეს დროებითი გატაცება იყო – ახალგაზრდა მამაკაცის რომანი პრიმადონასთან და მეტი არაფერი.
– მერე რით მოიგო თქვენმა მეუღლემ მისი გული?
– თავიდან ამბობდა, ეს შენი ცოლად მომყვანი არაა, ქართველ ბიჭებს უყვართ არტისტებთან ურთიერთობა და მერე უბრალო გოგოს შეირთავენ ცოლადო. მოკლედ, ბევრი ეჭვი ჰქონდა. მაგრამ მერე იგრძნო, რომ რაულს ძალიან ვუყვარდი. რომ თვითონ რაული იყო ინიციატორი ჯვრისწერის, შვილების ყოლის, ხელისმოწერის და ამ ყველაფერმა დაარწმუნა, რომ ეს ადამიანი ჩემდამი ძალიან სერიოზულად იყო განწყობილი. მანამდე ძალიან სკეპტიკურად უყურებდა იმ მიზეზითაც, რომ რაული არ იყო საოპერო სამყაროდან. დედა სულ ელოდა, რომ ჩემი ქმარი დიდი ხელოვანი, თეატრალი უნდა ყოფილიყო და არა „ჯიგრიანი ქართველი“ (იცინის). მამა მომღერალი იყო, ბაბუა – ცნობილი ჟურნალისტი და ფიქრობდა, რომ ოჯახის ესტაფეტას გადავიბარებდი და ცოლად ცნობილ ადამიანს გავყვებოდი. რადგან რაული ერთი ჩვეულებრივი თერჯოლელი სპორტსმენი ბიჭი იყო, ამას თავიდან კარგად ვერ შეხვდა.
  დედა თინეიჯერობის დროსაც შეუვალი იყო. ჩემი გულის საიდუმლოს მას ვერასდროს გავუმხელდი. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მიყვარდა და ვგრძნობდი, რომ ჩემთვის თავს გაწირავდა. არასდროს მომიყოლია მისთვის, ვინ მიყვარდა, ვინ მაკოცა, ვინ თაყვანისმცემელი იყო და ასე შემდეგ. მეგობრებთან ერთად გასართობად და საქეიფოდაც არ მიშვებდა ხოლმე. არისტოკრატი ქალია, ამ ყველაფერზე მაღლა იდგა და ძალიან უნდოდა, მეც მაღლა ვმდგარიყავი. არადა, ამ დროს მე პატარა გოგო ვიყავი და ძალიან მინდოდა გართობა კლასელებთან და მეგობრებთან ერთად (იცინის). უნდოდა, „სტერილურად ვყოლოდი“, რაც რაღაც პერიოდი ვეღარ მოახერხა, რის გამოც კონფლიქტები გვქონდა ხოლმე. თავად გერმანული ენის სპეციალისტია და მაიძულებდა გერმანული და რუსული ძალიან კარგად მესწავლა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან სკოლა რომ დავამთავრე სრულყოფილად ვიცოდი ეს ორი ენა, რაც ძალიან გამომადგა ავსტრიაში კონკურსში გამარჯვების შემდეგ. ბათუმის თეატრი რომ შეიქმნა და იქ წავედი სამუშაოდ, კარგი თუ ცუდი გაგებით, პირველად მაშინ „ამოვისუნთქე“, დედიკოს ბრჭყალებისგან გავთავისუფლდი და 22 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. თუმცა ზარებით იქაც მაკონტროლებდა (იცინის). კარგია ასეთი დომინანტური და მიზანდასხული რომ იყო, ამან ბევრი დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ცუდიცაა. ერთი არასასიამოვნო ისტორია მახსენდება, რომელზეც ახლა მეცინება:
  კლასში ძალიან ცელქი ბიჭები გვყავდნენ, სულ გვაბრაზებდნენ: გვპასტავდნენ, ჩანთაში რაღაცებს გვიყრიდნენ, ხან ცარციან ჩვრებს გვესროდნენ და ამის შესახებ სახლში ვწუწუნებდი. მეორე-მესამე კლასის ამბავს ვიხსენებ. მამაც მოსულა ხოლმე სკოლაში და ლექციები წაუკითხავს მათთვის, არ შეიძლება, გოგონებთან ასე მოქცევაო. კლასში ერთი ტრადიცია გვქონდა, დაბადების დღეებზე თანხას ვკრეფდით და ერთმანეთისთვის საჩუქარს ვყიდულობდით. ჩემს დაბადების დღეზე თოჯინა მიყიდეს, სახლში რომ მოვიტანე და დედას ვაჩვენე, მითხრა: როგორ, მაგ ბიჭებმა აღარ იციან, როგორ გაწვალონ და ახლა მათგან საჩუქარი უნდა მიიღო? მაგათ ვაჩვენებ სეირსო. მეორე დღეს გაკვეთილზე ვზივარ, უცებ დედამ კარი შემოაღო. ვხედავ, ეს თოჯინა უჭირავს ხელში და ბიჭებს მიმართა: იცით, რას გეტყვით, თქვენგან პატივისცემა ის იქნება, რომ ადამიანებს და მათ შორის, გოგონებს, წესიერად მოეპყროთ და ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა გქონდეთო. ნახევარსაათიანი ლექცია წაიკითხა, აპლოდისმენტებიღა აკლდა (იცინის). მაშინ მივიღებ თქვენგან საჩუქარს, როცა ეს ყველაფერი მოგვარდება, ახლა კი ეს თოჯინა დაიბრუნეთო. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ საჩუქარს, თუ ხვალ ისევ ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააგდოთ ბავშვიო. მახსოვს, ტუალეტში შევვარდი და ტირილი დავიწყე, დედასაც ვეჩხუბე – სახლში აღარ დავბრუნდები, კლასის წინაშე შემარცხვინე-მეთქი. დამრიგებელმა უთხრა, ჩვენ გულით ვაჩუქეთ, მარტო ბიჭებმა – არა, ყველამ ერთად და თუ უარს ამბობთ, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. მაგრამ, კი ბატონო, დავიბრუნებთ ამ თოჯინას და სამასწავლებლოში დაიჭერს საპატიო ადგილსო. გული მწყდებოდა, რამდენჯერაც გავივლიდი სამასწავლებლოსთან, კარადის თავზე ჩემს თოჯინას ვხედავდი მთელ კლასს ეშინოდა დედაჩემის (იცინის).
– სიმკაცრის მიღმა, საბოლოო ჯამში, ბევრი რამ ალბათ, დადებითად აისახა თქვენზე.
– არ იფიქოთ, რომ მხოლოდ მკაცრია, უგანათლებულესი ქალია და ცდილობდა, რომ რაც შეიძლება, კარგი განათლება მოეცა ჩემთვის. მახსოვს, ულამაზესი ბავშვობა მქონდა, დავყავდი გამოფენებზე, მაწერინებდა ყველა სურათის სახელს, ავტორებს და ეს ყველაფერი უნდა მესწავლა. ძალიან ხშირად დავდიოდით კონცერტებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, მასმენინებდა ხარისხიან მუსიკას, ვუყურებდით ხარისხიან გადაცემებს და ამისთვის მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა. არ იყო დაქალებსა და დროსტარებას გადაყოლილი ადამიანი, შვილისთვის რომ დრო აღარ რჩებათ, ის მთლიანად ჩემთვის ცხოვრობდა, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ცოტა ზედმეტად მკაცრი იყო, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ჩემთვის აღმოჩნდა კარგი.
– თქვენ როგორი დედა ხართ ამ ფონზე?
– მე – რადიკალურად სხვანაირი. ვერ დავიკვეხნი, რომ ისეთი ვარ ჩემი შვილებისთვის, როგორიც დედაჩემი იყო ჩემთვის. დედამ ჩემ გამო დათმო სამსახური, პროფესია და აბსოლუტურად ყველაფერი. მე მინდა, საზოგადოებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, ბავშვებსაც ძიძა ავუყვანე, რაც დედას არ გაუკეთებია და ყველაფერზე თავად ზრუნავდა. ასე რომ, ქედს ვიხრი მის წინაშე და ვაღიარებ, რომ მე მისნაირი დედა ვერ ვარ.
P.S. ყდაზე გამოყენებულია ჯიჯი რეჯინის ფოტო.

скачать dle 11.3