კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ორგვარი სიმართლე

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-26(1017)

– გამიგია, კომფორტის ზონა ციხეაო. შენ სად ეძებ ასეთ ზონას? მაგრამ...
– თქვენ როგორი გათვითცნობიერებული ყოფილხართ ქურდულ ჟარგონებში და გაგებებში, –  ახლა რატიმ შემაწყვეტინა სიტყვა, – მაგრამ მაინც შესწორება უნდა შევიტანო თქვენს სიტყვებში: ციხე კომფორტის ზონა ქურდებისთვისაა და არა ჩემნაირებისთვის. ჩემთვის ციხე საპყრობილეა მხოლოდ და მხოლოდ და სწორედ ამ საპყრობილეში გამოვკეტე ჩემი სული, თანაც საკუთარი სურვილით. და სწორედ საპყრობილეში მივხვდი, რომ, სანამ ამ ოთხ სქელ კედელში ვიქნები გამომწყვდეული, ვერ მივხვდები, სინამდვილეში რა შემიძლია და მართლაც ვარ თუ არა ბედნიერი.
– ანუ?
– ანუ, თუ ციხიდან არ გამოხვედი, ვერ გაიგებ, სად გადის შენი შესაძლებლობებისა და ბედნიერების ზღვარი. მე მინდა ამის გაგება და ამიტომ გადავწყვიტე, ნებისმიერი გზით, ნებისმიერი მსხვერპლის ფასად დავაღწიო თავი ციხეს.
– თუნდაც ოჯახის მიტოვების ფასად?
– თუნდაც. თუმცა ეს მიტოვება არ იქნება. მე სისტემატურად დავეხმარები მატერიალურად, ყოველდღიურად მექნება მათთან კონტაქტი და შეძლებისდაგვარად გავაკონტროლებ მათ თითოეულ ნაბიჯს.
– მათ შორის, ცოლის ჩაცმულობასაც? – თავი ვერ შევიკავე „კბენისგან“.
– ჰო, ალბათ, მაგასაც, – გაეცინა რატის, – ქალებისთვის კონტროლი მუდამ საჭიროა.
მე ვერაფერი ვეღარ ვუპასუხე, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
ორივე გავჩუმდით. რატიმ ცოტა ხანს ითმინა, მერე კი მკითხა:
– არაფერს მეტყვით? მე ყველაფერი გულწრფელად და შეულამაზებლად გიამბეთ.
– ვითომ? – ისევ ვერ შევიკავე თავი „კბენისგან“.
– ნამდვილად. სხვათა შორის, არც თქვენი იაზვური ტონით დაფერილი კომენტარები მწყენია – მე ეს აუცილებლად მჭირდებოდა და დიდი მადლობა ამისთვის. ახლა კი თქვენი რჩევა მჭირდება.
– მე რა უნდა გირჩიო, უკვე გადაგიწყვეტია ყველაფერი. ერთში კი გეთანხმები: შენი წასვლა თითქოს საჭიროა, რადგან, როცა ორ, ერთმანეთის მოყვარულ ადამიანს ჰბეზრდება ერთმანეთი, ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელი ხდება მოკლეხნიანი დაშორება, რომ სიყვარული სამუდამოდ არ გაქრეს და ეს შინაგანი გაუცხოება სამუდამო განშორებად არ იქცეს. მაგრამ, მომკალი და, შენს გადაწყვეტილებაში მე მაინც რეალობისგან და პასუხისმგებლობისგან გაქცევას ვხედავ. როგორი ცუდი ცოლიც არ უნდა შეხვდეს კაცს, ის შვილების წინაშეა პასუხისმგებელი.
– სულაც არა. ხომ გითხარით, რომ მე მათ ყველანაირად დავეხმარები, – მერე კი ცოტა ორაზროვნად მკითხა: – ესე იგი, მაინც უშვებთ იმას, რომ ნიაკო კარგი ცოლი არ არის?
– მე ეგ არ მითქვამს, ზოგადად ვთქვი. ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომელიმე დაგადანაშაულოთ. იმას კი გეტყვი, რომ მხოლოდ ფულის გამოგზავნა ძალიან ცოტაა.
– რა, არ მაქვს უფლება, საკუთარ თავზეც ვიფიქრო?
– მაგ ლოგიკით, ნიაკოსაც აქვს უფლება, შენ დაგიტოვოს შვილები და თვითონ წავიდეს სადმე, თქვენ კი ფული გიგზავნოთ ყოველთვე.
– ნიაკოს არ აქვს უფლება, ის დედაა! – ლამის იყვირა რატიმ.
– შენ კი მამა ხარ.
– მე კაცი ვარ და...
– ჰოდა, მეც სწორედ მაგის შეხსენება მინდა: შენ კაცი ხარ და, უნდა იცოდე, რომ სიტყვა „კაცი“ მხოლოდ შარვალსა და სქესს არ გულისხმობს; არც მხოლოდ ფულის გამოგზავნას და ტელეფონით მოკითხვას...  მოკლედ, მე ჩემი სათქმელი გითხარი. მეტს ვეღარაფერს დავამატებ, მხოლოდ ერთს გკითხავ: რა ვუყო ამ კასეტას, ნიაკოს მივცე?
– დიახ, თუ არ შეგაწუხებთ. რაც შეეხება დაბეჭდვას, მაგაზეც თანახმა ვარ, ოღონდ, გამაგებინეთ, როდის დაიბეჭდება და ინტერნეტში წავიკითხავ. ხომ არის თქვენი ჟურნალი ინტერნეტში?
– რა თქმა უნდა.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა, რომ ჩემთვის მოიცალეთ და ამდენი დრო დამითმეთ. არ ვიცი, როდის მოხდება ეს, მაგრამ გერმანიიდან რომ დავბრუნდები, გინახულებთ და მერე შინაურულად ვისაუბროთ, დაძაბული თემების გარეშე. აი, ჩემს კოორდინატებს გიტოვებთ, რომ დაბეჭდავთ, შემატყობინეთ. აუცილებლად გინახულებთ, როცა ჩამოვალ, – მითხრა რატიმ, გადამკოცნა და წავიდა.
– შეგიძლია, არ შეწუხდე, ალბათ, არ მომენატრები, – ჩავილაპარაკე კარის საკეტის გატკაცუნებისთანვე და ოთახში შევბრუნდი. მექანიკურად გავწიე ხელი „რაფაელოს“ კოლოფისკენ, მაგრამ უცებ დამდღურულივით გამოვწიე უკან – რატომღაც აღარ მომინდა რატის მოტანილი კანფეტის გასინჯვაც კი. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, გადამეყარა, მაგრამ ასეთი ცუდი საქციელის ჩადენა ვეღარ ვიკადრე.
უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა და უსიამოვნოდ შევიჭმუხნე, რატი ხომ არ დაბრუნდა-მეთქი.
– შემოდი, ღიაა! – გავძახე და სავარძელში ჩავჯექი დაღლილი. მეზობლის გოგონა იყო, 11 წლის გვანცა. შემოვიდა და მაშინვე „რაფაელოს“ შეხედა.
– თქვენც გიყვართ? – მკითხა ბავშვური მიამიტობით, – მეც ვგიჟდები, – მერე პატარა პაუზა გააკეთა და ისე, რომ კოლოფისთვის თვალი არ მოუშორებია, მითხრა: – დედიკომ დამაბარა, დღეს 8 საათისთვის ამოსვლა არ დაავიწყდესო.
– უი, შენი დაბადების დღეა, ხომ? კინაღამ მართლა დამავიწყდა! ერთი წუთი დამიცადე,– ვთხოვე და ჩემი საძინებლიდან წინასწარ ნაყიდი და ლამაზად შეფუთული საჩუქარი გამოვუტანე, – ეს შენ, ჩემგან და კიდევ ეს ყვავილები და „რაფაელო“, რადგან შენც გყვარებია.
– მერე თქვენ?
– მე კიდევ მაქვს, – ვთქვი უცოდველი ტყუილი, – დედიკოს კი უთხარი, შეიძლება, ვერ ამოვიდე, ძალიან მტკივა თავი.
– თუ გაგიარათ?
– თუ გამიარა, მოვალ; შევეცდები, რომ მოვიდე, – ვუთხარი ბავშვს, გადავკოცნე, მივულოცე და გავუშვი, მაგრამ მასთან სტუმრად ვეღარ წავედი.
„რაფაელო“ და თაიგული რომ ვეღარ დავინახე, ამოვისუნთქე.
„მეც კაი ვინმე ვარ“, – გავიფიქრე და უცებ საკუთარ თავზე გავბრაზდი – ასეთი რამეები უწინ არ მჩვეოდა.
გვანცა რომ წავიდა, მაგარი ყავა მოვადუღე, ნება-ნება დავლიე და მაშინვე შევუდექი კასეტის გაშიფვრას, ანუ ტექსტის ფურცელზე გადმოტანას. სვენებ-სვენებით ვწერდი და ამ საქმიანობამ ღამემდე გასტანა. ტექსტი მეორე დილას გადავიკითხე, შიგადაშიგ მცირე ჩასწორებები გავაკეთე და რედაქციაში გასაგზავნად გავამზადე. მერე ისევ ჩემს სავარძელში ჩავჯექი და ნიაკოსა და რატის ცხოვრებაზე დავფიქრდი. რატის ნაამბობი რომ გავაანალიზე, რატომღაც, ორივე შემეცოდა – ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ერთმანეთს ვერ უძლებდნენ. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, სწორად იქცევა რატი, შორს წასვლას რომ აპირებს-მეთქი.
– ვითომ? – უცებ ხმამაღლა დავუსვი საკუთარ თავს რიტორიკული შეკითხვა და ამ დროს ჩემი მობილური აწკრიალდა. წინათგრძნობა ამიხდა – ნიაკო იყო.
– ხვალ ან ზეგ მინდოდა, დამერეკა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, – მითხრა სხაპასხუპით, – როდის გეცლებათ, რომ მოვიდე?
– სამწუხაროდ, დღეს და ხვალ არ მცალია, რედაქციის სამუშაო მაქვს დასამთავრებელი. ზეგიდან როცა გინდა, მოდი, ოღონდ, მაინც დამირეკე, რომ სადმე არ ვიყო გასული.
– კარგი, – მაშინვე დამეთანხმა, – პრინციპში, ასე აჯობებს კიდეც, რადგან რატი ხვალ გერმანიაში მიფრინავს და მერე მეც უფრო მეცლება. აბა, ზეგამდე!
– ზეგ გელოდები,– დავემშვიდობე, ტელეფონი გავთიშე და სავარძლის საზურგეზე გადავესვენე, – არა, დღეს რომ მოსულიყო, ამდენ ფიზიკურ და მორალურ დატვირთვას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი.
***
დადგა დათქმული „ზეგ“ და ნიაკომ დილის 11 საათზე დამირეკა. შეხვედრა 2 საათზე დავთქვით. ჩემი კედლის საათმა პირველი გონგი რომ ჩამოკრა, მაშინ გაისმა ზარი ჩემს კარზე. კარი რომ გავაღე, კინაღამ ხმამაღლა გამეცინა: ნიაკოს „რაფაელოს“ ზუსტად ისეთივე კოლოფი და ოდნავ განსხვავებული მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში და იღიმებოდა.
ოთახში რომ შემოვედით, საჩუქარი მაგიდაზე დააწყო და მორიდებით მითხრა.
– მახსოვს, ერთიც და მეორეც ძალიან გიყვარდათ.
– შენ და რატის კარგი მახსოვრობა გქონიათ, – ვუთხარი ღიმილით და სკამი შევთავაზე.
– სავარძელი მირჩევნია, თუ შეიძლება.
– მეც, – ვუთხარი და მოპირდაპირედ მდგარ სავარძლებში მოვკალათდით. რამდენიმე წუთს ხმა არ ამოგვიღია (ისევე, როგორც მე და რატის).
– რატი იყო თქვენთან? – მკითხა პაუზის შემდეგ და თვალებში ისევ შიში ჩაუდგა, როგორც რამდენიმე დღის წინ ჩვენი შეხვედრის დროს, ქმრის ხსენებისას.
– ჰო. შენ რომ შეგხვდი, იმ საღამოს დამირეკა და მეორე დღეს მოვიდა ზუსტად ასეთი ნობათით და იმავე ფრაზით, რომელიც შენ მითხარი.
– იმ საღამოს დაგირეკათ? კი მაგრამ, თქვენი ტელეფონის ნომერი საიდან გაიგო, თანაც მაინცდამაინც იმ დღეს?
– როგორც თვითონ მითხრა, შემთხვევით უპოვია თქვენი პიჯაკის ჯიბეში ჩემი სავიზიტო ბარათი, – ვუთხარი პირდაპირ, რადგან, ჩემი აზრით, ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა. თან, მიმაჩნდა, რომ მე არ მქონდა რატის საქციელზე ხელის დაფარებისა და ამით ნიაკოს მოტყუების უფლება.
– სხვის ჯიბეში შემთხვევით პოულობენ რამეს? – მწარედ ჩაეცინა ნიაკოს, – რომ გეკითხათ, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, ყველაფერი გამოსწორდა, ისევ ძველებურად ვუყვარვარ და აღარ ეჭვიანობს, ის კი, თურმე, ჩემს ჯიბეებში იქექება... რაო, რა გითხრათ, ჩემი ცოლი ამორალური ქალია, თანაც სუსტი ფსიქიკის და მუდმივი კონტროლი სჭირდებაო?
– არა, ეს ნამდვილად არ უთქვამს.
– საერთოდ, რატომ მოვიდა თქვენთან? თხუთმეტი წელია, არ გახსენებიხართ და ახლა გაუსკდა სიყვარულის ბუშტი?
– ყველაფერი მიამბო თქვენი ურთიერთობისა, საკუთარი განცდებისა და მიზნების შესახებ და მთხოვა, შენთვის გადმომეცა კასეტა, ჩემი მხრიდან კი დამერწმუნებინე, რომ ნამდვილად უყვარხარ.
– და რას ფიქრობთ მისი აღსარების მოსმენის შემდეგ, მართლა ვუყვარვარ?
– მართლა უყვარხარ, ოღონდ, რაღაც სხვანაირად. ეს არის დაკომპლექსებული კაცის ტკივილიანი სიყვარული, რომელსაც თვითონვე ეშინია საკუთარი გრძნობების... სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი, სხვანაირად როგორ ავხსნა ის, რაც რატისთან საუბრისას განვიცადე. ბავშვობაშიც და სიყმაწვილეშიც სულ სხვანაირი იყო – ლაღი, თავისუფალი, ხალისიანი, ახლა კი... – ვეღარ თუ აღარ დავასრულე სათქმელი.
– ახლა კი დაბოღმილი და გაბოროტებულია მთელ მსოფლიოზე, – სიტყვა  ჩამომართვა ნიაკომ, – სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც, რომ წავიდა. ბავშვები მაინც იცხოვრებენ მშვიდად. მეც მეტი აღარ შემეძლო. ბოლოს და ბოლოს, ჩემს შვილებს ცოცხალი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათ, მე კი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის პერსპექტივა მქონდა ძალიან ხანმოკლე ხანში.
– კარგი, დამშვიდდი და მიამბე, შენ რატომ გინდოდა ჩემი ნახვა. მანამდე კი მითხარი, შენც „ოჯახური ისტორიები“ წაიკითხე და ამან გადაგაწყვეტინა ჩემი მოძებნა?
– ხომ არ ჯობდა, ჯერ რატის კასეტა მოვისმინო და მე მერე ვთქვა ჩემი სათქმელი? თქვენ როგორ ფიქრობთ? – ჩემს ბოლო კითხვას არ უპასუხა ნიაკომ.
– როგორც შენ გინდა, ისე მოვიქცეთ. ჩემი აზრით, თუ ჯერ მოისმენ და მერე მოყვები შენს ამბავს, შენდაუნებურად, მისი ტყუილისა თუ სიმართლის გავლენის ქვეშ მოექცევი და შესაძლოა, თავის გამართლების ან რატის გამტყუნების მიზნით, თავადაც არაერთი სიცრუე გამოურიო ნაამბობში. მეორე მხრივ კი, თუ ჯერ მოყვები და მერე მოისმენ რატის კასეტას, შესაძლოა, იქ ისეთი რამე მოისმინო, რაც წყობიდან გამოგიყვანს და გაგიჩენს სურვილს, შენი მონოლოგის რაღაც ნაწილი შეცვალო ან გადააკეთო. ამიტომ, თავად გადაწყვიტე. მე მხოლოდ იმას გაგიმეორებ, რომ რატის ახლაც უყვარხარ, ოღონდ თავისებურად. სხვანაირად რომ ვთქვა, რატიმ ვერ ზიდა თავისი გრძნობა, ვერ გაუძლო შენს სიყვარულს და გადაიწვა, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ნიაკომ ცოტა ხანს იფიქრა და მერე გადაწყვეტით მითხრა:
– ჯერ მოვყვები და კასეტას მერე მოვისმენ – ასე უფრო გულწრფელი ვიქნები, თორემ, შესაძლოა, მართლა მოვექცე რატის ნაამბობის ზეგავლენის ქვეშ. რაც შეეხება თქვენს „ისტორიებს“, მართალი ხართ, წავიკითხე და მართლა მომინდა, ჩემი ამბავიც გამხდარიყო საზოგადოების განსჯის საგანი.
– რატის შენ უთხარი?
– არა, აზრადაც არ მომსვლია. ჩუმად სულ მაკონტროლებდა ხოლმე, რას ვკითხულობდი. ალბათ, ჟურნალი დამრჩა იმ გვერდზე გადაშლილი და თქვენი სახელი და გვარი რომ ნახა, მერე თვითონაც წაიკითხა.
– ესე იგი შენც გინდა, რომ დაიბეჭდოს შენი ნაამბობი.
– რატის უნდა?
– სულერთიაო, მითხრა, მაგრამ, პრინციპში, უნდა. შენი მონოლოგი ცალკე გადავუგზავნო რატის თუ უკვე დაბეჭდილი წაიკითხოს?
– არ ვიცი, ეს მერე გადავწყვიტოთ.
– გასაგებია. აბა, საბოლოოდ, რა გადაწყვიტე?
– ჯერ მე, მერე – კასეტა.
– კარგი, დაიწყე.
– ალბათ, გახსოვთ, რომ მე და რატი ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით, ერთ ეზოში გავიზარდეთ და სულ პატარაობიდან ვმეგობრობდით. ისიც გემახსოვრებათ, რომ ჩვენ მდიდრები ვიყავით, რატის კი მამა არ ჰყავდა და მის ოჯახს ძალიან უჭირდა.
დასასრული შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3