კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№27 რა ბედი ელის საქართველოს პროდასავლურ კურსს, თუ დასავლეთმა საკუთარი ისტორიისა და ფასეულობების დაცვა ვერ მოახერხა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  დასავლეთში უცნაური ამბები ხდება და მას შემდეგ, რაც წირვა გამოუტანეს კოლუმბის, ვაშინგტონის, რუზველტის, ჯეფერსონისა და კიდევ უამრავ ძეგლს, ჩერჩილიც მიაყოლეს და დედოფალი ელისაბედიც, შარლ დე გოლსაც მისწვდნენ და, ბოლოს, ქრისტესაც, რას მიქვიან, თეთრკანიანია, ამიტომ მისი ყველა მონუმენტი და ფრესკა უნდა გავანადგუროთო, როგორც იქნა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძეგლების იავარქმნისთვის 10 წლით აღუკვეთავენ თავისუფლებას, მანამდე კი საფრანგეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, არ აპირებს საფრანგეთის ისტორიის გადაწერას. ერთი სიტყვით, დასავლეთი, როგორც ფასეულობა, რისკენაც ჩვენ ბუნებრივად მივილტვით, ეჭვქვეშ დადგა (იმედია, ამ წინააღმდეგობას გადალახავენ) და ამ ამბავმა რამდენიმე წლის წინათ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის გაცხარებაც გამახსენა, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილიყო ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება (თუმცა, აბა, პოლიტიკოსზე უკეთ ვინ იცის, რომ ალიანსები და კავშირები იქმნება და იშლება და მათში გაწევრიანება დროის იმ კონკრეტული მონაკვეთის ინტერესია, კონსტიტუცია კი საუკუნეებზეა გათვლილი). აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ საკითხს, თუ რატომ დაემართა დასავლეთს ის, რაც დაემართა და, თუ, მართლაც, რამე დაემართება, ჩვენს პოლიტორიენტაციას რაღა ეშველება?
– რა პროცესს ვაკვირდებით ახლა ჩვენ, რა მოსდის დასავლეთს, თეთრკანიანთა ცივილიზაციას?
– რა თქმა უნდა, დასამარებამდე შორია და არც დასამარდება. ამას ვერავინ წაშლის და ვერავინ  მოერევა და ეს არის ველური ბოღმის ერთჯერადი ამოხეთქვა, რაც შეიძლება, პერიოდულად განმეორდეს, მაგრამ ვერავინ წაშლის თეთრი რასის როლს მსოფლიო პროგრესში. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და ველურად და, სამწუხაროდ, ასე დარჩა ეს ხალხი, რაკი თავად ვერ შეძლეს თავის დროზე ვერაფერი და ახლაც, რატომღაც, ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში ცხოვრობენ, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში, სწორედ იქ მოინდომეს მოქცევა. მათ აწყინათ ფსევდოლიბერალების ზედმეტმა პატივისცემამ, ეგებ ამათი ხმები მაინც მოვიპოვოთო და ერთი უბედური კაცის სიკვდილი, რაც ნამდვილად იყო გაუფრთხილებლობით მკვლელობა, გამოიყენეს ამ ფორმით. ხელისუფლებაც წახდა ერთი წახდომა, მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც თვითონ ხალხი იჩენდა ხოლმე ინიციატივას და ახდენდა თვითორგანიზებას. შეერთებული შტატები, ძირითადად, ასე ჩამოყალიბდა. ის შექმნეს ადამიანებმა, მისი დამფუძნებლებიც კი არანაირი განსაკუთრებული თვისებებით არ იყვნენ გამორჩეულები, მაშინ, როდესაც ევროპაში დიდი ლიდერების მეშვეობით იქმნებოდა მოვლენები. მანამდე ინგლისშიც იგივე მოხდა და მათ დაასახლეს შტატები, ეს ტრადიცია განვითარდა და მიიღო ის სახე, რაც ჩამოყალიბებულია შეერთებული შტატების თავისუფლების დეკლარაციაში. ეს არის ბოლო ამოფრქვევა ფსევდოლიბერალური მმართველობის შედეგების, იმიტომ რომ „დემოკრატები“, რომლებიც, სხვათა შორის, შეიქმნენ სამოქალაქო ომში დამარცხებული კონფედერატების ბაზაზე და მათ წევრთა უმრავლესობა თვით მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებამდე კუკლუკს კლანის წევრი იყო, ჩვენი „ნაციონალების“ არ იყოს, შემდეგ გარდაისახნენ ამ ხალხის უფლებების თავგამოდებულ დამცველებად. მათ სხვა დასაყრდენი ბაზა დაკარგეს. ამ ტიპის მუშაობა რომ მიმდინარეობდა, ეს შარშანაც იყო ცნობილი მათთვის, ვინც კი დაინტერესებული იყო ამერიკით. არც მალავენ და ახლაც აქეზებენ, იმ იმედით, რომ იქნებ ამან მაინც შეარყიოს ტრამპის ავტორიტეტი. ისეთმა თვალსაჩინო პოლიტიკოსმაც კი, როგორიც ბაიდენი იყო თავის დროზე, ყოველ შემთხვევაში, 1991 წელს რომ შევხვდი, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი იყო, რომლებიც აშკარად უჭერდნენ მხარს ჩვენს დამოუკიდებლობას, ასეთი სახე მიიღო. ამიტომ, მე მგონია, ეს არის ინსპირირებული „დემოკრატების“ მიერ, რადგან ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს, ოღონდ კი როგორმე ძალაუფლება მოიპოვონ და ტრამპის პირობებში სხვა პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. მაგრამ, რაც ხდება, ჩაქრება და „დემოკრატების“ არსებობასაც სერიოზულად შეუდგება წყალი.
– იქ გასაგებია, მაგრამ ევროპაში რაღა ხდება? ჩერჩილი და დედოფალი ელისაბედი თუ არა, აბა, ვინ უნდა დარჩეს ბრიტანეთის ისტორიაში?
– ევროპაში არეულობაა მხოლოდ ყოფილ კოლონიურ იმპერიებში: ინგლისსა და საფრანგეთში. გერმანიას არ ჰყოლია კოლონიები, აფრიკაში რაღაც ჰქონდა და ისიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგა, ესპანეთი კი არ არის ტიპური კოლონიური სახელმწიფო. ლათინური ამერიკის, ისევე როგორც პორტუგალიის მიერ ბრაზილიის ათვისება სულ სხვა ტიპის პროცესი იყო, თუმცა ომებითა და სისხლისღვრით. ასე რომ, ვფიქრობ, კოლონიური წარსულის ხარკს იხდიან.
– ანუ, რაც ხდება, ბუნებრივია? რაც დათესეს, იმას იმკიან? არ იყო საკმარისი, რომ ბევრი უფლება მისცეს, გაითანაბრეს, საკუთარ თავზე წინაც დააყენეს?
– რატომღაც, ძალიან ცოტა ადამიანი ხვდება იქ, არადა ვიღაცამ უნდა გაბედოს და ითქვას, რომ კოლონიალიზმი, თუ არ ჩავთვლით, ევროპაში ხალხების დაპყრობებს, განსაკუთრებით, აფრიკაში ერთგვარ პროგრესულ როლსაც კი ასრულებდა. მას, უბრალოდ, ახლდა სისასტიკეც. ლეოპოლდ მეორის ძეგლს რომ ერჩიან ბელგიაში, მართლაც საშინელებებს სჩადიოდა ის. ცალ ხელს მაშინვე აჭრიდნენ საწყალ შავკანიანებს კონგოში. ალუდა ქეთელაური რომ ყოფილიყო იქ, ჩაერეოდა, ალბათ, მაგ საქმეში, მაგრამ ალუდა ქეთელაური არ აღმოჩნდა ბელგიელებს შორის. მეოცე საუკუნის დასაწყისში ასეთ არეულობას „მდაბიოთა ბუნტს“ უწოდებდნენ. ერთი მხრივ, პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით, სანამ თავს მონებად ჩათვლიან, მონების ცნობიერება ექნებათ. იმის ნაცვლად, რომ გააკეთონ, რასაც მათ ეუბნებოდა მარტინ ლუთერ კინგი, შესანიშნავი მოაზროვნე, რომლის კანის ფერი არასდროს აღმიქვამს, იმდენად ცივილიზებული და კულტურული კაცი იყო, ვისწავლოთ, ვიშრომოთ, გავიპარსოთ, დავიბანოთ, ჩავიცვათ სუფთად, მოვიქცეთ ცივილიზებულადო, საპირისპიროდ იქცევიან. სხვათა შორის, არავინ იცის, მგონი, ჩვენთან, რომ ჰიტლერის რასობრივი კანონები სიტყვა სიტყვითაა გადმოწერილი მაშინდელი ვირჯინიის შტატის კანონმდებლობიდან. გერმანიისა და ნაცისტების დამარცხების შემდეგ, გასული საუკუნის 60-ანი წლების მეორე ნახევარში, ჯონსონმა და მარტინ ლუთერ კინგის გონივრულმა და სტრატეგიულად კომპრომისულმა პოლიტიკამ შეძლო ის, რომ ეს პრობლემა მოიხსნა. ადამიანი ადამიანია, ადამიანის მონობა დაუშვებელია და ის თავისუფალი უნდა იყოს, ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაშინვე ვინმეს თავზე წამოახტეს. ის ჩამორჩა განვითარებით რაღაც მიზეზების გამო და ეს უნდა ამოიქაჩოს. ჩვენ ჩვენსას ვტირით, მაგრამ მხოლოდ  50-წლიანი მონაკვეთებია ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჩვენი სახელმწიფო თვითმმართველობა არ გვქონდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ოდენობის ხალხებში ერთი დანიელები ვიცი, რომლებიც ინარჩუნებდნენ თავიანთ სახელმწიფოს, თორემ სხვები ამას დიდად ვერ დაიკვეხნიან და ისეთი უძველესი ხალხებიც, როგორებიც ებრაელობა და სომხობაა. სამშობლოც კი არ ჰქონდათ ხანგრძლივ ისტორიულ მონაკვეთებზე.
– სწორედ ამ იდეების გაკოტრება და გაუფასურება არაა, როდესაც ბაიდენი ფლოიდს ადარებს მარტინ ლუთერ კინგს?
– მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა გაწირა თავი თავისუფლებისა და ღირსებისთვის, ეს ადამიანი კი ყალბი 20-დოლარიანით შევიდა მაღაზიაში, პოლიციას დაურეკა მაღაზიის პატრონმა და შემთხვევით შემოაკვდა პოლიციელს. ნამდვილად შემთხვევით და ამის გამოცხადება თავისუფლების მედროშედ, იმის დამატებითი დასტურია, თუ რა დონის ხალხია გამოყვანილი ქუჩებში, ამიტომაც ლეწავენ მაღაზიებს, ამიტომაც აყენებენ შეურაცხყოფას ადამიანებს. მე მგონია, რომ სახელმწიფო იკავებს თავს, მაინც არჩევნები ელის, მაგრამ ამას უპასუხებენ. რაც შეეხება ექსპორტს: რა საქონელსაც იყიდი, იმას შემოგასაღებენ და ჩვენები, თავი რომ ანტიკომუნისტები ჰგონიათ და სინამდვილეში ტიპური ბოლშევიკები არიან, იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ავალებენ. ამიტომ ეს საპანიკო არ არის. გამონაყრის არასწორი მკურნალობის შედეგია, ისევე, როგორც ევროკავშირის პრობლემები. ინგლისი გავიდა, იმიტომ რომ არ მოინდომა რამე კავშირში ყოფნა. ირაკლი წერეთელს აქვს ეგ ლოგიკა, ამბობს, კავშირი ისე მძულს, საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე, რომ არ მინდა ევროკავშირი, მაგრამ „ნატო“ მინდაო და ინგლისმა შეასრულა ირაკლი წერეთლის დავალება. სხვათა შორის, ვინც ამისთვის იბრძოდა, იმ პარტიასაც ინგლისის დამოუკიდებლობის პარტია ჰქვია, როგორც ირაკლის პარტიას ჰქვია საქართველოს დამუკიდებლობის პარტია. ერთი კადრი ვნახე: მრავალრიცხოვანი ბრბო ამერიკაში რომელიღაც ქანდაკებას შემორტყმოდა, რაღაც წარწერები მიაწებეს, რომლებიც ერთმა ახალგაზრდა თეთრკანიანმა კაცმა ჩამოგლიჯა და გამოიარა ამ ბრბოში. მათ უკან დაიხიეს და შორიდან აგინებდნენ. ასეთი ადამიანები შეცვლიან იქ ვითარებას.
– იქ კი შეცვლიან ისეთი ადამიანები ვითარებას, მაგრამ ჩვენ, მგონი, ცოტა კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით.
– ჩვენ ხომ ზომა არ ვიცით?! არ უნდა გვეთქვა, მოდი, კონსტიტუციაში ჩავწეროთო. რომ დაიშალოს ალიანსი, კონსტიტუციას რას ვუშვებით?! იმის წინააღმდეგები არიან, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებლობა ჩაიწეროს სახელმწიფო რელიგიად და რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია და ამბობენ, ეს ჩავწეროთო. უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთი არის ცივილიზებული სამყარო და ჩვენ ვართ მათი წინა ბურჯი და ეს ასე ესმოდათ ანტიკურობაში რომაელებს, შუა საუკუნეებში – ევროპელებს. როდესაც ჯვაროსნებმა გეორგიანელებად გაგვიცნეს, არც კი იცოდნენ, მერე გაიგეს, რომ ისინი ვიყავით, რომაელები რომ იბერებს უწოდებდნენ.  მეთორმეტე საუკუნეში არ იციან, ვინ არიან გეორგიანელები, მაგრამ მეცამეტეში უკვე წერს ერთი მოგზაური სასულიერო პირი, იბერებს უწოდებდნენ ბერძნები გეორგიანელებსო და გვაქებს და ხოტბას გვასხამს. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ აქ უნდა შევქმნათ ევროპული ნაცია-სახელმწიფო, როგორიცაა ყველა ევროპული სახელმწიფო, რომლის ფარგლებში დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები. ამერიკაში მეტისმეტი ქნეს და ვიღაც გარეწრებმა პროვოცირება მოახდინეს, თორემ შტატებმა ყველაზე უკეთ მოახერხა სახელმწიფოსა და ადამიანის კერძო ინტერესების შეთავსება. ხოლო ევროპა იყო და არის და ამის შემდეგ შეიძლება, კიდევ უფრო განამტკიცოს. ნაცია-სახელმწიფოების ნებაყოფლობითი გაერთიანება მომწონდა და არა ევროპარლამენტარების მოქმედება. საბჭოეთს ემსგავსებიან და არ ესმით, რომ სწორედ იმან დაშალა საბჭოთა კავშირი, როდესაც მოსკოვიდან უბრძანებდნენ, ახლა ნუღარ სვამთო, მაშინ, როდესაც რუსეთის გარდა ლოთობის საკითხი არსად იდგა, ცოტ-ცოტა იყო უკრაინასა და ბელორუსიაში. ერთი სიტყვით, აქ უნდა ვაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც კეთილდღეობაა სერიოზული ამოცანა, თორემ ამ ვირუსმა ცხადყო, ვინ რა კულტურისა და შეგნებისაა.
– ლაკმუსის უნივერსალური ქაღალდი იყო ნამდვილად.
– და კიდევ ერთი დაადასტურა, რასაც არ ამბობენ და ყველამ იცის, როგორი გენეტიკის ხალხი ვართ, ოღონდ ამას მე რომ ვიტყვი და თქვენ დაწერთ, იტყვიან, ესენი ფაშისტები ყოფილანო. კი არავის გაუუქმებია გენეტიკა იმის გამო, რომ გიჟი ჰიტლერი და პირუტყვი მენგელი პირუტყვულ ცდებს ატარებდნენ ადამიანებზე?!

скачать dle 11.3