კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ბასა ფოცხიშვილი: ჩვეულებრივი იყო ის, რომ ჩვენს ოჯახში მემაწვნე და ფოსტალიონი ჩაის მიირთმევდნენ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქართველ პოეტს, მორის ფოცხიშვილს, 90 წელი შეუსრულდებოდა. მისმა ქალიშვილმა, რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა მამის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ახალი პროექტი შექმნა, სახელწოდებით – „სსუ“, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეების მონაწილეობით, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
  ბასა ფოცხიშვილი: მამაჩემის საიუბილეო წელთან დაკავშირებით სხვა გეგმები მქონდა, განსხვავებული საღამოს მოწყობა მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო საინტერესო გამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი შედგა, თანაც მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების ძალისხმევით. ვფიქრობ, ძალიან საყვარელი და ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონები მონაწილეობენ და ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ალბათ, უფრო საინტერესო იყო, მათ მიერ წაკითხული მამაჩემის ლექსები. ვიცი, რომ მამა გაგიჟდებოდა, ისე მოეწონებოდა ეს პროექტი, მისთვის ძალიან ფასეული იქნებოდა.
– ფორმამ, რომელიც ალბათ, არსებული მდგომარეობით გამოწვეული საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიეთ, პროექტს მხატვრული ღირებულება და განსაკუთრებული მიმზიდველობაც შემატა.
– ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ძალიან რთული, მაგრამ იმავდროულად, ძალიან საინტერესო და იდუმალი პროცესია. ფაქტობრივად, გაჩერდა მთელი სამყარო და ეს გარინდება საოცარი რამაა. სიმართლე იყო ამ პროექტში ნაჩვენები და ალბათ, ამიტომაც გაიგო სწორად მაყურებელმა და მსმენელმა.
– შეზღუდვების ფონზე რამდენად რთული იყო მისი განხორციელება?
– გადაღებისას აბსოლუტურად ყველა წესს ვიცავდით. გადაღებაზე ბევრი ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არაჩვეულებრივი ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი გამნათებლის ფუნქციასაც კი ითავსებდა. მინიმალური რაოდენობის ჯგუფი გვყავდა. მაქსიმუმ, ოთხკაციანი კადრი გვაქვს, ისიც დისტანციისა და რეკომენდაციის სრული დაცვით. მე ვფიქრობ, კადრშიც იგრძნობა, რომ ადამიანებს ძალიან მონატრებულები ჰყავდათ ერთმანეთი. ბევრმა აღმოაჩინა პანდემიის ჟამს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად დაგვაკლდა, ადამიანური ურთიერთობები იყო, რაც, ალბათ, ყველაზე ფასეულია. მორისს აქვს ერთ ლექსში „კვლავ არ ვვარგივართ უერთმანეთოდ“ და მართლაც, მარტო ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებთ. მე დარწმუნებული ვარ ჩემს მეგობრებში, ვიცი, რომ ჩემს დაძახილზე ყოველთვის მოვლენ, როგორც მე – მათსაზე. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ამის გამო მათი მადლიერი ვარ. თუ ეს პროექტი შედგა, პირველ რიგში, ეს ამ ადამიანების დამსახურებაა.
– „კვლავ არ ვვარგივართ უერთმანეთოდ“ – ამ სიტყვების მნიშვნელობა ახლა განსაკუთრებით კარგად შევიგრძენით. საერთოდ, მამათქვენს ჰქონდა არაჩვეულებრივი წინათგრძნობა, რომელიც კარგად ჩანდა მის შემოქმედებაშიც.  
– ალბათ, დრო არ იცვლება და ადამიანებიც ნაკლებად იცვლებიან. პრობლემები, რომლებიც დღეს გვაწუხებს, ასი წლის წინათაც აწუხებდათ და სამწუხაროდ, ალბათ, არც მრავალი წლის შემდეგ შეიცვლება რამე. მერიდება მამაჩემზე საუბარი, მაგრამ არსებობს დიდი ხელოვნება, რომელიც დროს უძლებს და მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ, მისი სხვადასხვა წელს დაწერილი ლექსები მკითხველისთვის დღესაც აქტუალურია, ეს სამწუხაროცაა და საბედნიეროც.
– ძალიან საინტერესო ისტორიები აქვს მის ლექსებს…
– მორისს ჰქონდა ქრონიკული დაავადება და ხშირად ხვდებოდა საავადმყოფოში. ერთხელაც, მასთან ერთად პალატაში ერთი მოხუცი იყო. მამამ შეამჩნია, რომ მას ბალიშზე თავი არ ედო. თავქვეშ ხელებს ამოიდებდა და ისე იწვა. მამას გაუკვირდა და უკითხავს, რატომ არ დებთ თავს ბალიშზეო. მეფაეტონე ვარ, მთელი ცხოვრება ფაეტონზე მაქვს გატარებული და ბალიშზე თავის დამდები კაცი არ ვარო, – უთქვამს. სწორედ ეს კაცი გახდა „მეფაეტონეს“ დაწერის საფუძველი, რომლის პროტოტიპი რეალურად არსებობდა. მამას ძალიან უყვარდა ადამიანები და მათთან ურთიერთობა. მისი ინსპირაციის წყარო სხვადასხვა ისტორია ხდებოდა.
– ყველაზე მთავარი, რასაც ის ეტრფოდა და რაც მასში ადამიანებს მოსწონდათ, თავისუფლებისადმი განსაკუთრებული სიყვარული იყო, მით უმეტეს, კომუნისტურ ეპოქაში.
– თავისუფლება ადამიანის ხასიათის ნაწილია, მე ვფიქრობ, პირობებს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი თავისუფალი ან იბადება ან – არა. მე მიმაჩნია, რომ ყველა პოეტი და საერთოდ, ყველა ხელოვანი თავისუფალია. მორისს ეს ძალიან მაღალ ხარისხში ჰქონდა აყვანილი. ჩვენც აბსოლუტურ თავისუფლებაში გავიზარდეთ. მას მიაჩნდა, რომ ადამიანი, თუნდაც ბავშვი, უნდა აკეთებდეს იმას, რაც მას უნდა და არანაირი დოგმებით, თუნდაც ყოფითით და ერთი შეხედვით, ძალიანაც აუცილებელით არ უნდა შეზღუდო. მთავარი იყო, მაღალზნეობრივი შეცდომა არ დაგვეშვა, თორემ ადამიანური შეცდომები ყოველთვის მოგვდის. აბსოლუტური თავისუფლება გვქონდა, რაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. სიტყვაზე ვამბობ, თუ არ მინდოდა სკოლაში წასვლა, მეტყოდა, არ გინდა – ნუ წახვალ, გეძინება – დაიძინე. რაც გინდა, ის აკეთეო. ერთადერთი, წუწუნი გვეკრძალებოდა. ამბობდა, წუწუნა ხალხს დღემდე ვერ ვიტანო. მიაჩნდა, რომ სიცოცხლე იმდენად არაჩვეულებრივია, იმდენად ლამაზია ყველაფერი... როცა მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ და გარშემო ამდენი სილამაზეა, როგორ შეიძლება, ადამიანები ჩხუბობდნენ, დაობდნენ ან წუწუნებდნენო. ცხოვრება, მართლაც, ღვთის საჩუქარია და ის მთელი სიამოვნებით უნდა მიიღო. ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ახლავს სევდა, ტკივილი, მაგრამ გარშემო იმდენი შთამბეჭდავი სილამაზეა, არ შეიძლება, მაინც წუწუნებდე და უკმაყოფილო იყო.
– ბავშვობის წლებიდან განსაკუთრებით რა გახსენდებათ?
– ისევე, როგორც ყველასთვის, ბავშვობა ჩემთვისაც ყველაზე ბედნიერი და უდარდელი ხანაა. როცა ყველა ცოცხალი გყავს, როცა საერთოდ არ იცი, რომ სიკვდილი არსებობს, ერთმანეთი გიყვართ – ბანალური ვიქნები, ყველას ოჯახში ხომ ეს ხდება. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ განსხვავებული იყო ჩემი ბავშვობა. ჩვენთან განუწყვეტლივ იკრიბებოდნენ ძალიან საინტერესო ადამიანები: მწერლები, მხატვრები, კრიტიკოსები, მოქანდაკეები, მსახიობები,
მომღერლები, არა მხოლოდ საქართველოდან, მთელი მსოფლიოდან და ეს ძალიან საინტერესო იყო. ჩვენს სახლში ყოველთვის სტუმარი იყო. შეიძლებოდა, ღამის ორ საათზე დაერეკათ ზარი და სტუმრად მოსულიყვნენ. რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ აქ ყოველთვის ელოდნენ და მათი სტუმრობა სასიამოვნოდ ჩაივლიდა. ბედნიერი ვარ, რომ არაერთი ამაღლებული და საინტერესო ადამიანი შემხვედრია, სრულიად სხვადასხვა პროფესიის. მე მხოლოდ ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობ. იგივე მემაწვნე ან ფოსტალიონი ჩვენთან რომ მოდიოდა, არ არსებობდა, გარეთ მიგვეღო. ყოველთვის სახლში შემოგვყავდა და ჩვენი ოჯახის სტუმრები იყვნენ. ჩვეულებრივი იყო ის, რომ მემაწვნე ჩვენს ოჯახში ჩაის მიირთმევდა. მე და თამრიკოც ასეთები ვართ, ვგიჟდებით ადამიანებზე და მათთან ურთიერთობაზე.
– მამას რით ამსგავსებთ თავს?
– მასავით განსაკუთრებით მიყვარს სილამაზე, მიყვარს ადამიანები და არ ვუწვრილმანდები პატარა წყენებს თუ გულისტკენებს. ეს ბუნებრივად გამომდის, ყურადღების მიღმა ვტოვებ. შეიძლება, ეს სწორი არც იყოს, მაგრამ ზედმეტად პოეტურად ვუყურებ ყველაფერს. მხოლოდ კარგს ვხედავ. მორისი არც კი შეიმჩნევდა ცუდს. ამბობდა ხოლმე, რატომ უნდა დაინახო ჭუჭყი, მზერა გადაიტანე და უცებ საოცარ სილამაზეს შეამჩნევო.
– როცა მამისადმი საზოგადოების სიყვარულს აცნობიერებდით, გაშინებდათ საკუთარ მომავალზე ფიქრი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ხომ არ გაკისრებდათ?
– შიში არ მქონია. იმდენად თავისუფლად და ლაღად გვზრდიდნენ, რომ კომპლექსი – სხვის ჩრდილქვეშ არ აღმოვჩენილიყავით, არასოდეს გვქონია არც მე და არც თამრიკოს. მშობლისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, ალბათ, ყველა ადამიანს აქვს. როცა წლები გადის, ყოველთვის რაღაც გაჩერებს. მე, მაგალითად, ასჯერ მეტის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს, როცა მორისი ცოცხალი იყო, მაშინ უფრო ბევრ სისულელეს ვაკეთებდი, ვიდრე მერე. თუმცა, ახლაც ვაკეთებ და ვფიქრობ, სანამ ადამიანი სისულელეებს აკეთებს, ის ცოცხალია (იცინის). „ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან სიგიჟე გვიჯობს სიბრძნეს“ – მორისს აქვს ასეთი ლექსი. სხვათა შორის, მე ვუბეჭდავდი ხოლმე ლექსებს. ძალიან პატარა ასაკიდან ვეხმარებოდი ამ საქმეში და ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ შრომის ფასი გავიგე. ამაში გასამრჯელოსაც ვიღებდი მორისისგან (იცინის). თან, ორივეს გვიყვარდა ღამით მუშაობა, დავსხდებოდით და ვბეჭდავდით. ამიტომ მისი ლექსები თითქმის ყველა ზეპირად ვიცი, მაგრამ არა მხოლოდ მისი, ძალიან ბევრი ფანტასტიკური პოეტის ლექსები ვიცი ზეპირად და ვფიქრობ, ამან იქონია გავლენა ჩემს ცნობიერებაზე.
– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდიო, იხსენებდით. მერე, როცა გაიზარდეთ და პროფესიული ნაბიჯები გადადგით, როგორი იყო მამის შეფასება?
– მოსწონდა, ძალიან მგულშემატკივრობდა, ალბათ, როგორც ყველა მამა. როგორც წესი, ყველა მშობელი ამაყობს შვილით და მოსწონს მისი გაკეთებული – კარგია თუ ცუდი, სიყვარულთან შეიძლება, ობიექტურობა დაიკარგოს.  მამასაც მოსწონდა ის, რასაც მე და თამრიკო ვაკეთებდით. ძალიან ბედნიერი იყო. როდესაც სადიპლომო ნამუშევრისთვის გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მამას შეხვედრია რეზო ჩხეიძე და უთქვამს, ბასამ ძალიან მაგარი ფილმი გააკეთაო. უბედნიერესი მოვიდა. როცა თამრიკომ, როგორც კინოს მხატვარმა, „ოქროს არწივი“ – მაშინდელი უმაღლესი ჯილდო,  აიღო, მიუხედავად იმისა, რომ მამა უკვე ავად იყო, ადგა და დაჯილდოების ცერემონიაზე წამოვიდა. ვერ გეტყვით, როგორი ბედნიერი იყო. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს, ალბათ, ყველა მშობლისთვის ნაცნობი ემოციებია.
– განშორების პერიოდი როგორ გახსენდებათ, თუმცა, ამ ტიპის ურთიერთობები, ალბათ, არც სრულდება…
– ბოლო პერიოდი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მორისის გარდაცვალებაშიც იყო სინატიფე, სილამაზე და ზომიერება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ფიზიკური ტკივილი ჰქონდა, სიკვდილს ამაღლებულად, ლამაზად და დიდი რწმენით შეხვდა. არასოდეს ჭკუას არ გვასწავლიდა, ერთადერთი, ბოლოს თქვა, რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი ლამაზად უნდა იყოსო. გარდაცვალებაშიც და გლოვაშიც ზომიერება და სილამაზე უნდა იგრძნობოდეს. ჩვენ ოთხნი ვიყავით და ყოველთვის ოთხნი ვიქნებითო. მე მგონია, რომ ახლაც ერთად ვართ. როცა მიჭირს და დედას ან მამას რამეს ვთხოვ, ვგრძნობ, მეხმარებიან, ისევე, როგორც ბავშვობაში მეხმარებოდნენ. ესეც, ალბათ, ყველა ადამიანს გამოუცდია – უფალთან ერთად ჩვენი მშობლებიც ხომ ბოლომდე გვმფარველობენ.

скачать dle 11.3