კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რის გამო ვერ ეკარებიან ნინო მუმლაძეს მამაკაცები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ხალისიანი, მუდამ მოღიმარი, აქტიური და ენერგიული მსახიობის, ნინო მუმლაძის გვერდით, ადამიანი პოზიტიური ენერგიით ივსები. მისი განწყობა შენზეც გადამოდის და თითქოს პრობლემებიც გავიწყდება. საკუთარ პირად ცხოვრებაზეც კი ისე ხუმრობს, თავადვე ხალისობს.
– შექმნილი ვითარების გამო, როცა თეატრები დახურულია და ვერ ახდენ შენი ენერგიის რეალიზებას, როგორ გრძნობ თავს?
– ჩემთვის სახლში ჯდომის პირველი ეტაპი სასიამოვნო იყო. ჩემი ენერგიულობისა და აქტიურობის გამო ძალიან გადაღლილი ვიყავი, ამიტომ, პატარა პაუზა ძალიან მესიამოვნა (იცინის). გამოვიძინე, კარგად დავისვენე და ამ გამოძინებისა და დასვენების მერე, აღმოვაჩინე, რომ ზედმეტი კილოგრამებიც ავკრიფე.  მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და იმის გამო, რომ ენერგიას ვერსად ვხარჯავდი, რაღაცის კეთება მინდოდა და სახლში გამოკეტილი, ვერც სხვა სიამოვნებას ვიღებდი, გარდა ჭამისა. გადავერთე ამაზე და კიდევ კარგი, დროზე ჩავიხედე სარკეში, მოვედი აზრზე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, გადავედი ჯანსაღ კვებაზე და ხუთი კილო დავიკელი.
– იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები, ყოველ ორშაბათს დიეტას რომ იწყებს?
– არა, ყოველ ორშაბათს არ ვიწყებ დიეტას. იცით, ეს როდის ხდება? როცა ტანსაცმელში ვეღარ ვეტევი და სარკეში რომ ვიხედები, ვხედავ ღაბაბი ყელს მიფარავს (იცინის). ზოგადად, ვარჯიში არ მიყვარს, ამ დროს დიდ ტანჯვას განვიცდი და გახდომაზე თუ ვიწყებ ფიქრს, ისევ დიეტა მირჩევნია.
– ორ თეატრში მუშაობ და როდის იგეგმება მათი გახსნა, ხომ არ დაიწყეთ რეპეტიციები?
– ორივე თეატრში აგვისტოში დაგვეწყება რეპეტიციები და სექტემბერში, ალბათ, დავიწყებთ მუშაობას. უბრალოდ, რეგულაციებია ისეთი, რომელიც რჩევის სახით მიაწოდეს თეატრებს შესაბამისმა სამსახურებმა, სიმართლე გითხრათ, რომ წავიკითხე გამეღიმა.
– რა წერია ასეთი?
– წერია, რომ რეპეტიციაზე არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი. არადა, სამი სცენის მუშა მაინც ხომ გჭირდება, ერთი რეჟისორი, ერთი ხმის ოპერატორი, პლუს მსახიობები და ამას დაამატეთ მათ შორის ორმეტრიანი დისტანცია, რეპეტიცია როგორ უნდა ჩატარდეს, აზრზე არ ვარ. დავუშვათ, როლია ისეთი, შეყვარებული მყავს, უნდა ჩავეხუტო და ვაკოცო... ამ დროს, რა გავაკეთო?
– ესე იგი, ჩახუტება და კოცნა გეკრძალება?
– ასე გამოდის (იცინის). ისეა დაწერილი რეგულაცია, აშკარაა, რეალურად არ გაუვლიათ კონსულტაცია თეატრის წარმომადგენლებთან. ადამიანს, რომელმაც იცის კულისებს მიღმა რა ხდება და როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები, აზრად არ მოუვა, ასეთი რამ დაეწერა. მესმის, უნდა დავიცვათ რაღაც წესები, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სპეციფიკას, რომელიც ხელოვნების ამ დარგს აქვს, ამგვარი რეგულაცია როგორ მოერგება, არ ვიცი. მადლობა იმისთვის, რომ ხელფასები გვერიცხებოდა და საარსებო მინიმუმი გვქონდა, მაგრამ რა ქნან, ისეთმა თეატრებმა, ვინც არ არის სახელმწიფო დაფინანსებაზე? მათ ხომ ამ რეგულაციის გამო მაყურებელიც უმცირდებათ? თუ ადამიანებს შეუძლიათ, გადაჯეჯგვილ ავტობუსში ჩახუტებულებმა იმგზავრონ, რატომ არ შეიძლება, პირბადით, სცენისკენ რომ იხედებიან, გვერდიგვერდ ისხდნენ? თუმცა, იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და მოგვარდება.
– ის გოგო ხარ, ხუთ წუთში რომ მზად იყო, ერთი საათი გჭირდება?
– (იცინის) ხუთ წუთში რომ მზად ვიყო, ერთი საათი კი არა, მეტიც მჭირდება. გააჩნია, სად მივდივარ. განსაკუთრებით, თუ ძალიან გამოსაპრანჭი ვარ, წინა დღეს ვიწყებ მზადებას. თუ სადმე ვართ წასასვლელი, მეგობრები ვერ მიტანენ – ჩემი გამოპრანჭვის გამო, სულ ლოდინი უწევთ (იცინის). ამაში, გამოუსწორებელი ვარ. როცა ვნერვიულობ, რომ მელოდებიან და ვჩქარობ, უფრო მეტად მაგვიანდება და ცუდად გაკეთებული მაკიაჟის გამოსწორების გამო, ორმაგი დრო მჭირდება.
– ამის გამო პაემანზე თუ დაგიგვიანია?
– დამიგვიანია კი არა, ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იმაშიც კი გამომიტყდა: ბოლოს დავამუღმე და რომ გირეკავდი და  გეუბნებოდი, სახლიდან გამოვდივარ, მაშინ ვიწყებდი ტანსაცმლის ჩაცმასო (იცინის). ასე რომ, ჩემი შეყვარებული ჩემს დროს უნდა მოერგოს. ჩემი შეყვარება რთულია.
– რატომაა რთული შენი შეყვარება?
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს დროს უნდა მოერგოს, თან, მზრუნველობა მიყვარს, მხოლოდ, როცა ეს ჩემი ნებაა. თუ დამავალე, გამორიცხულია, შეგისრულო. იქით დავალებების მიცემა კი ხშირად ვიცი (იცინის). მოკლედ, ჩემთვის ცალ ფეხზე დადგომასა და ხტუნაობას შეყვარებული მამაკაცი ვერ შეძლებს. ამას წინათ, ერთი ცნობილი მომღერალი გოგონა წერდა: ძუნძულის დროს მამაკაცმა ხელი მთხოვაო...  და ამიტყდა სიცილი: მე, ძუნძულის დროს, ძირითადად, თანთალი გამომდის (იცინის).
– ვარჯიშს რომ თავი დავანებოთ, ოფიციალურად თუ უთხოვიათ შენთვის ხელი?
– ოფიციალურად და სახლში მოსვლით – არა, მაგრამ ვიღაცებს ჰქონდათ იმედი, რომ ხელის თხოვნამდეც მივიდოდა საქმე, მაგრამ ვერ მივიყვანე (იცინის). ვხუმრობ ხოლმე: ბედი მაქვს ჩაკეტილი, ჯადო – გაკეთებული და თვალსაც ვიღებ – ყველაფერი ერთად, აბა, რატომ ვერ ვთხოვდები. მკითხავს უნდა მივაკითხო და გამოვალოცვინო, ეს ჩემი ჩაკეტილი ბედი-მეთქი (იცინის). ერთხელ ვიყავი მკითხავთან და მითხრა: ისეთი ენერგეტიკული დამცავი გარსი გარტყამს გარშემო, ავი თვალიც ვერ გეკარება და მამაკაცებსაც უჭირთ მოახლოებაო. ბოლოს, ვიღაც ბიჭი ამიწერა, მაგრამ ათი წელია, მოდის და ვერ მოაღწია (იცინის). ტრაგედიად არ აღვიქვამ, თუმცა, ქალი ვარ, მინდა შეყვარებული ვიყო, მაგრამ ეტყობა, ისეთი ენერგია მაქვს, მართლაც რომ, „ვისხლიტავ“ მამაკაცებს (იცინის). არადა, ისეთი „ვიდი“ მაქვს, ჰგონიათ სულ შეყვარებული ვარ. თუმცა, ფაქტია, შეყვარებული ვერ „გამოვიჭირე“ (იცინის). ოცდაათ წლამდე მეგონა, სადღაც დაბოდიალობდა ჩემი ბედისწერა და მოვიდოდა, მაგრამ რაც ოცდაათს გადავცდი, ,ცოტა ეჭვი შემეპარა – ნამეტანი დიდხანს ბოდიალობს, რით ვერ მომაგნო? (იცინის) მე ბედისწერის მჯერა და რაც მოსახდენია, ალბათ, მოხდება.

скачать dle 11.3