კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  გიგოლო გუჩუნაძე – ქურდი, მძარცველი, ხელობით ქვის მთლელი. 70-იან წლებში ტფილისში ძარცვის დრო იდგა. ხმაური ქალაქში დიდი იყო. ტატო წულუკიძე უკვე გამოჩენილიყო და ალერციანთან, ტიგრანასთან და ქიტესა ნასყიდაშვილთან ერთად დარეოდა ტფილისელებს და ბუმბაევიც უკვე გაეძარცვათ, სალდათის ბაზარში მოარული როსტოვსკი დილიხორისა გამო ხანჯლით მოეკლათ და ოგანეზოვიც, თავგაჩეხილი უკვე ეპოვათ კუკიის სასაფლაოსთან, აგურის ქარხანაში. ტატო და იმის დამქაშები ქალაქს შიშის ზარს სცემდნენ. ღამე გასვლა მეტად სახიფათო იყო. როგორც კარაპეტ გრიგორიანცი სწერდა, თუმნის გულიზა კლავდნენ სულ იოლად, თითქოს ქათამი დაეკლათ. გუჩუნაძე კი ჯერ ჯიშიან ძაღლებს იპარავდა. შემდეგ მალაკნების სლაბოდკაში დოქტორ ორლანდინის სახლი რომ იწვებოდა, ისიც იქ იყო და სახანძრო რაზმი რომ დაძრწოდა, მასაც მოეპარა იქიდან სხვადასხვა. თათრების ბაირამობისთვის ის კვერცხებს ღებავდა და რაკი კოცონი ხეირიანად არ ჩააქრო, მის სათავსოს მე-9 ნაწილში ხანძარი გაუჩნდა და დარჩა ასე, სახელოსნოს გარეშე. ამის შემდეგ ქურდობას უფრო ფართედ მისდია. ვერცხლის მჭედელი გლახო ბერიძე გაქურდა, და აქ დამქაშად ზაქრო ბაბაჯანოვი ჰყავდა, მეტად პატარა ტანისა, ვინაც ფანჯარაში შეაძვრინა და იმან კარი გაუღო. ბაბაჯანოვი ისეთი მოკლე ტანისა იყო, რომ ბერიძე მერე პოლიციაში ჩვენების მიცემისას ფიცულობდა, უთუოდ ბიჭი შემიძვრინეს და იმან გახსნა ურდულიო. ქურდობას გუჩუნაძემ მალე ლამის გამვლელთა ძარცვაც მიამატა იმავე ბაბაჯანოვთან ერთად და 1875 წელს ისინი კალეჟსკი ასესორის დმიტრიევის ასულს ეცნენ, თავსაბურავი მოგლიჯეს და გაიქცნენ. ყვირილზე გამოჩენილი გარადავოი ოსიპ კიმშელი დაედევნა, დაეწია და შეიპყრო.
  გიორგი ერისთავი – თავადი, თაღლითი, გამაოცებელი რამდენიმე კონტინენტისა, აზიისა, ევროპისა, ამერიკისა. თაღლითობები ჩაუდენია პეტერბურგში, ოდესაში, პარიზში, ბერლინში. ამ ორივე დედაქალაქში მჯდარა ციხეში. შემდეგ აღმოჩენილა ნიუ-იორკში და იქ თავი მოჰქონდა ბოლგარიის ტახტის პრეტენდენტად. იქაც აიღო კრედიტში უამრავი რამ ნივთი და ქურქეული. შამპანის ღვინოებით იწყებდა დილას, შემდეგ მიატოვა მევალეები და თავი ლივერპულში ამოყო. აქაც სცადა თავი სამეფო ოჯახის წევრად წარმოეჩინა. შემდეგ იქიდან ისევ რუსეთისაკენ გამოემართა. ჯერ ტფილისში გაჩერდა, შემდეგ კი პეტერბურგში დაიჭირა ბინა და ისევ მიჰყო ხელი თაღლითობასა და ფულის სესხებით აღებას, საკუთარი არარსებული მამულების დაგირავებასა და მათთვის მოურავთა დაქირავებას. ის ჩარხავდა ქორწილს მეტად მდიდარ საცოლესთან, თუმცა ბოლოს გაუგეს ქისის სიცარიელე და საპნის ბუშტობა და კარი მიუკეტეს. ის ამას არ ეპუებოდა და თავს ახალ-ახალ აფიორებში ყოფდა. ბოლოს ერთ-ერთი უმნიშვნელო თაღლითობის გამო დაიჭირეს და 1894 წელს არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს.
  დავით ერისთავი – თავადი, ყაჩაღი, ტფილისში თავდასხმების მონაწილე, 1906 წელს თავის დამქაშთან ერთად დახვდა ენფიანჯიანცის თამბაქოს ქუჩაში დამტარებელ ედიგაროვს და მას 536 მანეთი წაართვეს და რევოლვერით თავი გაუტეხეს. მისი დამქაში გაიქცა, ის კი დაიჭირეს. ყაჩაღობა ამ დროებაში მეტად ხშირია. უმეტესობა რჩება გაუხსნელი. მეათე საპოლიციო უბანში, მიხეილის ქუჩის მიდამოებში, ჩნდება დიდი ბანდა, რომლის სხვადასხვა წევრები ღამე უსაფრთდებიან გამვლელებსა და აყაჩაღებენ. ქალაქის მთავარი ავაზაკობები ახლა აქ სჩანს. რევოლვერის სროლა ყოველდღე გაისმის. დუქანში შესვლა თავზე მოხვეული ყაბალახებითა და იქ მყოფთა გაძარცვა, სალაროს წაღება ძალიან გახშირდა. რევოლვერის სროლასთან ერთად ხშირია ბომბის აფეთქება. იმავე წელს აყაჩაღებენ ტფილისის ბანკსაც სოლოლაკში, მის დირექტორ განზიელის კი ხუთი რევოლვერის ტყვიით კლავენ, მიაქვთ შვიდი ათასი ნაღდი ფული, თორმეტი ათასის ფასიანი ქაღალდები და აქაც ბომბს დასცემენ, იმის კვამლში კი გაქრებიან.
  იაკობ ერლენბახი – 90-იანი წლების ცხენების ქურდი. მაშინ ტფილისში რობერტ ლენცი გამოჩნდა, სპარსეთის შაჰის ნასრ ედ დინის კარის ფოკუზნიკი, პუბლიკის გამაოცებელი, მუჰამედ ბენ ალი ბეის სასწაულის მცოდნე და აფიშებიდან გაისმოდა, რომ ის ცხენსა და მხედარს სცენიდან აქრობდა. ამას როგორ ახერხებდა, ეს ახლა დაფარულია, თუმცა პუბლიკა ამაზე დადიოდა. ერლენბახი კი მაგიის გარეშე აქრობდა ცხენებს და რუსულ ქუჩაზე, საეკლესიო სახლში პეტრუს კარაპეტოვის თავლა გაქურდა ბოქლომის მტვრევით და ორი ცხენი გამოიყვანა. ის მანამდე იყო დაჭერილი გენერალ რერბერგის ცხენის მოპარვისათვის და მანვე სართიჭალაში იაკობ ტომს მოპარა ულაყი, რომელიც მერე რიყეზე იპოვეს. სართიჭალაც გერმანული კოლონია იყო მარიენფელდი ერქვა, რიყეზეც ვიურთემბერგელი კოლონისტები დასახლდნენ, როდესაც 1817 წელს ტფილისში ჩამოვიდნენ და შემდეგ „ნოი ტიფლისი“ დააარსეს კუკიაზე. მანდვე დასახლდა ადოლფ კუჩელი, ვისაც რეგისტრატორმა აგამაზოვმა მტრედის კვერცხის ზომა საფირონი მიაბარა დასახერხად. ეს საფირონი მას ლეონ ყორღანოვმა დაუტოვა 1807 წელს, დაჭერის წინ. აგამაზოვი ინახავდა საფირონს და რომ დაატყო ყორღანოვის ჩამოსვლას პირი აღარ უჩანდა, ახლად გამოჩენილი კოლონისტი და მესაათე კუჩელი შეიამხანაგა საფირონის დასახერხად. თუმცა კუჩელი ხაჩატურ არუთინოვმა გაქურდა და სხვა ნივთებთან ერთად საფირონიც თან წაიღო.
  მარქარ ესოიანცი – ცნობილი რეციდივისტი. მე-7 ავლაბრის ნაწილის ბოქაულმა ამბარდანოვმა 1900 წელს დააკავა მისი ბანდა, სისტემატურად რომ ქურდავდნენ სახლებსა და დუქნებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. მასთან ერთად დაიჭირეს ასევე მრავალჯერ ნასამართლევი ფიოდორ კორჩაგინი, ალექსი ზანგალაძე, მიხაილ არაქელოვი და ხეჭო სარქისოვი, ოსმალეთის ქვეშევრდომი. ბანდაში ჰყავდათ ათიდან-ოც წლამდე ბიჭები, რომელთაგან 7 დაკავებული იქნა. მათ, ძირითადად, ქურდობისას სათვალთვალოდ იყენებდნენ და ამაში 10-20 კაპიკს აძლევდნენ, ხოლო როცა ფანჯარაში შეაძვრენდნენ, მაშინ მეტსაც იმეტებდნენ. დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას იქიდან ამოიღეს ბლომად მოპარული და ჯერ გაუყიდავი ოქროს საათები, ბეჭდები, აბრეშუმის ცხვირსახოცები, პალტოები, რევოლვერის ტყვიები, ამას გარდა, დავთრები ამ ბიჭების სახელებზე, საიდანაც ჩანდა, რომ 40-55 მანეთსაც კი აძლევდნენ ქურდობის შემდეგ.
მამედ, ხალილ და ისმაილ ეუბოვები – ძმები, მძარცველები, ხარფუხის მკვიდრნი. თავიდან ჭიდაობდნენ. ისმაილს ნაჭიდავები აქვს გოგაძესთან, კიდევ მიხეილ ატამოვთან, ვინაც მერე შახნაზარელი სომეხი მოკლა, და როცა ეტაპით გადაჰყავდათ, ბადრაგი შეაცდინა, ყოველ დუქანთან აჩერებდა, სვამდა, ქორ-ოღლის ამბავს მღეროდა და ჩაფრებსაც ათრობდა. ბოლოს ტფილისსა და აბანოს კარს რომ მიადგნენ, ისინი საროსკიპოში შეყვანაზე დაითანხმა და იქიდან გაიქცა. ეუბოვებმა კი იწყეს გამვლელთა ძარცვა და თელეთში მოსალოცად მიმავალ ხალხს ხვდებოდნენ. მათ დაჭრეს გამოდევნებული ბოქაული ჯაფარიძე, სოღანლუღის გზაზე „ტახტა-დუქანში“ სროლა აუტეხეს ჩაფრებს, შემდეგ სახლში შეუვარდნენ ბაირამ-აჯი-აბდულა ოღლის გასაძარცვად და მოკლეს. 1890 წელს სამივე დაიჭირეს. თითოეულს 15 წელი კატორღა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ მეტეხის ციხიდან ისინი გაიქცნენ. ჩამოძვრნენ ქვეშაგებისგან დაწნული თოკებით და გაეცალდნენ ტფილისს. ორი მათგანი 1893 წელს ასტრახანში დაიჭირეს და იქიდან ისევ მეტეხში დააბრუნეს.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)


скачать dle 11.3