კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ქეთი დოლიძე: მეგობრობას უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე სიყვარულს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ქეთი.
გვარი: დოლიძე.
პროფესია: რეჟისორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ყოველთვის დავყვებოდი მამას გადაღებებზე და გვერდიდან არ ვცილდებოდი. რაც თავი მახსოვს, სულ მასთან ერთად ვიყავი. დედა ადრე, გარდაიცვალა და ამიტომ, მე და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ძალიან მიფრთხილდებოდა და ცდილობდა, უდედობა არ მეგრძნო. ყოველთვის მენატრებოდა დედა, მაგრამ მამა საოცრად მივსებდა ამ სიცარიელეს.
– მშობლების როლი...
– თითოეული მშობლის როლი განმსაზღვრელია შვილის ცხოვრებაში, რადგან ყველა ბავშვობდან მოვდივართ. ხუთწლინახევრის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. მამამ და მამიდებმა გამზარდეს. მამას გავლენა დიდი იყო ჩემზე, მიყვარდა ის, რაც მას უყვარდა, შესაბამისად, მისი გემოვნება გამომყვა, რომელიც საოცრად დახვეწილი იყო. მან მასწავლა კარგისა და ცუდის გარჩევა.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
– ყოველთვის მინდოდა რეჟისორობა და მსახიობობა ან არქეოლოგობა. მიყვარს არქეოლოგია.
– პროფესიული ჩვევა...
– განსაკუთრებული – არაფერი, სპექტაკლის ან გადაღების წინ რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი, პირადი, საიდუმლოა.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას. ყველაზე დიდი თვისება ერთგულებაა. როცა ის ირღვევა, სწორედ, მაშინ იწყება ყველა უბედურება. ოღონდ გააჩნია, რისი  ერთგული ხარ, თუ მკვლელებისა და ისეთი ადამიანების ერთგული ხარ, რომლებიც ირგვლივ ყველაფერს ანგრევენ – დამღუპველია.
– წარმატებული ადამიანი არის...
– რომელსაც აქვს ნიჭი და თავის საქმეს აკეთებს. უნიჭო ადამიანი, როგორც არ უნდა უყვარდეს თავისი საქმე, ვერაფერს შექმნის. შრომას თუ არ ახლავს ნიჭი, წინ ვერ წახვალ, შეიძლება, დახვეწო რაღაც, მაგრამ ნიჭი მთავარ როლს თამაშობს. როგორც გალაკტიონი იტყოდა: „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“
– მწამს...
– ღმერთის, ასევე, სამყაროსა და ადამიანის სულის უსასრულობის.
– ვრისკავ...
– სულ, მთელი ჩემი ცხოვრება. ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება არ მქონია. ყველაფერს ახლავს რისკი, ყველანაირ პროფესიონალიზმს.  ოღონდ, ეს რისკი სხვადასხვანაირია.
– ცოდვა – ეს არის...
– ჩამონათვალი შეიძლება, უსასრულო იყოს, იმდენად ბევრია, მაგრამ ღალატი და ერთგულების დარღვევა, ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია.
– მაკვირვებს...
– ადამიანის უმადურობა.
– ვერიდები...
– გაუნათლებელ და ბოროტ ადამიანებს, რადგან მათ ბევრი ზიანის მოტანა შეუძლიათ.
– ბედისწერა...
– მჯერა ბედისწერის. მიმაჩნია, რომ ადამიანი თავის ცხოვრებას თავად მართავს. შანსს გაძლევს ღმერთი, მაგრამ, როგორ გამოიყენებ მას,  როგორ იმუშავებ საკუთარ თავზე, როგორ მოექცევი სამყაროს, გარშემო მყოფებს, სწორედ, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. თითოეული ადამიანის ბედი განსაზღვრულია, მაგრამ ჩვენც ბევრი რამ შეგვიძლია. თუ ადამიანი არ იქცევა სწორად, გაუთავებლად მიდის კომპრომისებზე და ბოროტებას სჩადის, მაშინ აუცილებლად უკან
დაუბრუნდება. არავის შერჩენია ბოროტება, შეიძლება, დღეს და ხვალ არ მიეზღოს მისი ქმედების გამო, მაგრამ მერე აუცილებლად დაარტყამს სასჯელი. დაუსჯელი არაფერი რჩება, როგორ ენერგიასაც აგზავნი კოსმოსში, იგივე გიბრუნდება უკან.
– სიყვარული...
– ყველაფერია. ისაა, რამაც უნდა შეავსოს ადამიანის ცხოვრება. სიყვარულის გარეშე არაფერია. „თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...“
– დრო და სიყვარული...
– ინდივიდუალურია, არის შემთხვევა, როდესაც სიყვარული, გატაცების პერიოდი მთავრდება და ადამიანი მასში ამოწურავს გრძნობას, ეს ხშირად ხდება. იშვიათია და ბედნიერებაა, როდესაც გრძნობა დიდხანს მიჰყვება და არ გადაიქცევა ყოველდღიურ რუტინად.
– ის, რაც უპატიებელია...
– ღალატი, მეგობრობაში ღალატი ყველაზე ცუდი რამაა. ცოლქმრულ ღალატზე არ ვსაუბრობ, რადგან მეგობრობას უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე სიყვარულს – სიყვარულმა შეიძლება, გაიაროს, მაგრამ მეგობრობა რჩება. ორმა ადამიანმა მიღალატა და მათ არასოდეს ვაპატიებ. არიან ისეთები, რომლებმაც მიღალატეს, მაგრამ მათ ადამიანებად არ ვთვლი, მიმაჩნია, რომ ადამიანების მოდგმა არ არიან. როცა პრიმიტიული ადამიანები გღალატობენ და იმას აწერენ ხელს, რაც არ ეკადრებათ, ასეთები არ მაინტერესებს.
– ვეჭვიანობ...
– როცა საფუძველი მაქვს და ოდნავ თუ ეჭვი გამიჩნდა, იქ მთავრდება ყველაფერი.
– ვემტერები...
– უხამსობას – საშინელებაა. პროვინციალიზმს, ოღონდ ეს არ ნიშნავს სოფელში ცხოვრებას. სოფელში ისეთი არისტოკრატები მინახავს, რომ გავოცებულვარ. განსაკუთრებით საშიშია ქალაქური პროვინციალიზმი და პირველ რიგში, ამაში ვგულისხმობ უხამსობას.
– ბოდიშს ვიხდი...
– ყოველთვის, როცა საჭიროა. არ მიჭირს. საერთოდ, რამეს რომ ვაკეთებ, დიდხანს ვფიქრობ, მერე ბოდიში არ მქონდეს მოსახდელი.
– მაკომპლექსებს...
– მინდა, ფიზიკურად უფრო მეტს ვვარჯიშობდე და ფორმაში ვიყო, ეს მხარე რატომღაც მოუწესრიგებელი მაქვს.
– მაღიზიანებს...
– ხმამაღალი კივილ-წივილი სახლში, მაგიჟებს, არ მიყვარს არეულობა და ოჯახური დაპირისპირება. ოჯახური ძალადობა უპატიებელ ცოდვად მიმაჩნია. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, ამაზე არ ლაპარაკობენ, რცხვენიათ. ჰგონიათ, რომ უნდა დამალონ და ოჯახის ამბავი გარეთ არ გაიტანონ. როგორც კი ძალადობა იწყება, იქ აუცილებლად უნდა დამთავრდეს ყველაფერი. ქალმა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოითმინოს.
– ვიტყუები, როცა...
– დაგეგმილად არასოდეს, მაგრამ თუ ადამიანი განსაცდელშია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვიცი, სიმართლე მასზე ცუდად იმოქმედებს, აუცილებლად მოვიტყუები. ღმერთმა დამიფაროს და თუ ცუდად გავხდები, არაფერიც არ მინდა, ვიცოდე. ეს სენსიტიური საკითხია და ზოგი მაშინვე ყრის ფარ-ხმალს.
– ვნანობ...
– წასულ ახალგაზრდობას... მაშინდელი მოვლენები დღემდე იმდენად არის ჩემთან, მგონია, თითქოს დღეს ხდება და დრო არ გასულა. დროის გასვლის შეგრძნება არ მაქვს, რადგან ახლაც ისე ვცხოვრობ, როგორც ახალგაზრდობაში.
– ვზარმაცობ, როცა...
– ამის საშუალებაა. კარანტინის ორი თვე  სულ სიზარმაცეში გავატარე, ვიჯექი და ვუყურებდი ფილმებს. ამით დავიცავი თავი იზოლაციისგან და არც გამჭირვებია, არც განმიცდია.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი არის ყველაფერში.
– თავისუფლება  არის...
–  რომ გინდა, მიზანს მიაღწიო და იბრძვი, მაგრამ იცი, სად არის ჩარჩო გასაჩერებლად. რაღაც ზღვარს არ უნდა გახვიდე. ჩემთვის აღვირახსნილობა და ბილწსიტყვაობა არ არის თავისუფლება. ბილწსიტყვაობა საერთოდ „თარსად“ მიმაჩნია. ადამიანს პირიდან ბილწი სიტყვა რომ  ამოსდის, არ შეიძლება, მის თავს რაიმე კარგი მოხდეს, ის უკვე უბედურია და აუცილებად დაისჯება. ცუდი ენერგეტიკა ადის კოსმოსში და მერე იქიდან გვარტყამს.
– ჩემზე ამბობენ...
– რომ ვარ ადვილად ფეთქებადი და ზედმეტად პირდაპირი. ადამიანი ცოტა ხანი ცხოვრობ და შეურაცხყოფა არ უნდა გადაყლაპო. არაფერი ისე არ ანგრევს ადამიანს, როგორც შეურაცხყოფის მოსმენა და ღალატი. თუ ერთ ლოყაზე დაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვიროო, მაგრამ გააჩნია, როდის უნდა მიუშვირო ეს მეორე ლოყა. არის ლუკას სახარება, სადაც მაცხოვარი ფარისევლების სამყოფელს ანგრევს. ამიტომ არ ვთქვათ, რომ ყველას ყველაფერი ეპატიება. ღალატის, უზნეობისა და უღმერთობის პატიება არ შეიძლება.
– როცა მაქებენ...
– არ მიყვარს მაინცდამაინც, უხერხულობა მეუფლება.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– მამამ მითხრა: თუ გინდა, ხელოვნებაში იმუშაო და იცხოვრო, შეგიძლია, მოიპარო და ისარგებლო: ლიტერატურით, მუსიკით, მხატვრობით, ხელოვნების  სხვადასხვა დარგით, მაგრამ არასოდეს მოპარო თავად რეჟისორებს. ეს არის ყველაზე ზუსტი. მე დღეს საქართველოში ვხედავ ტყუპებივით დაბადებულ ფილმებს, სპექტაკლებს... ეს  ქურდობაა. გავლენა შეიძლება გქონდეს, მაგრამ პლაგიატსა და ქურდობას შორის დიდი განსხვავებაა.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ჩემს პირველ სიყვარულს არ დავშორდებოდი არასდროს და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მასთან ვყოფილიყავი. ძალიან ძლიერი იყო... ერთად არ ვიყავით და ეს მთელი ცხოვრება გამყვა...

скачать dle 11.3