კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ორგვარი სიმართლე

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24(1015)
გადავწყვიტე, ბოლომდე მართალი ვყოფილიყავი:
– ჰო, კიდევ ის მითხრა, რომ თავის პროფესიას თავი დაანება ბავშვების გამო; ესეც მე ვკითხე, თორემ, შეიძლება, არც ეთქვა, – მაგრამ, რატომღაც, ის მაინც არ ვუთხარი, როიალის გაყიდვის ამბავი რომ ვიცოდი.
– ახლა კი მე მოგიყვებით ყველაფერს, – თქვა უცებ გადაწყვეტით, – მინდა, ყველაფერი იცოდეთ. თქვენ კარგი ფსიქოლოგი ხართ, თან, მალე აქედან წასვლას ვაპირებ და, მინდა, ნიაკომ... – რატი გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ ჩუმად დაამატა: – და თქვენც, სიმართლე იცოდეთ.
– მე რატომ უნდა ვიცოდე? – მართლა გამიკვირდა, მე რა შუაში ვიყავი.
– თქვენ ხომ გაინტერესებთ სხვების ოჯახური ამბები, ჰოდა... – რატიმ თავი ჩაღუნა.
თავიდან მეწყინა, რადგან ისეთი ნათქვამი გამოუვიდა, თითქოს მე ერთი ჭორიკანა ბებრუცუნა ვიყავი, რომელსაც სხვის პირად ცხოვრებაში უყვარდა ცხვირის ჩაყოფა. ეტყობა, ეს ჩემმა სტუმარმაც იგრძნო და უხერხულად შეიშმუშნა:
– ბოდიშს გიხდით, მე იმის თქმა მინოდა, რომ...
– კარგი, გავიარეთ, – შევაწყვეტინე ღიმილით, რადგან მივხვდი, რომ მან, უბრალოდ, სწორად ვერ ჩამოაყალიბა სათქმელი და წყენამ მაშინვე გამიარა.
– ანუ, გინდა, რომ შენი მონათხრობი ისტორია დაიბეჭდოს? – ვკითხე გაუბედავად, გულში კი გავიფიქრე: „ესე იგი, სწორად მივხვდი – იმ ჩემი „ოჯახური ისტორიების“ წყალობით აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში“.
– სიმართლე გითხრათ, თავიდან ამაზე არ მიფიქრია, უფრო სწორად, არც კი ვიცოდი, ამ თემაზე თუ წერდით. ნიაკომ მითხრა და, ვიფიქრე, რადგან ეს თემა თქვენთვის უცხო არ არის, იქნებ დამეხმაროთ და თქვენ უამბოთ ნიაკოს ყველაფერი.
– თვითონ რატომ არ გინდა, მოუყვე?
– მე არ დამიჯერებს. თან, არც ვიცი, რა როგორ ვუთხრა.
– თუ ბოლომდე გულწრფელი იქნები, დაგიჯერებს. არ გაგიგია? – როცა არ იცი, რა უნდა თქვა, ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე და მაშინ ყველა დაგიჯერებს.
– არ შემიძლია. სიმართლის თქმა კი არა, მასთან პირდაპირ ლაპარაკი არ შემიძლია. ამიტომ თქვენ უნდა დამეხმაროთ.
– რატომ, ის ხომ უცხო ადამიანი არ არის შენთვის?
– ჰო, უცხო ადამიანია. თხუთმეტწლიანი თანაცხოვრებისა და ლამის ოცდაათწლიანი სიყვარულის მიუხედავად, უცხოა. თანაც ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ თავს მის წინაშე. პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ თავს ვერ ვერევი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
– ამიტომ გადაწყვიტე გაქცევა?
– ჰო, მაგრამ საკუთარ თავს სად გავექცევი? მხოლოდ თავს თუ მოვიკლავ, რადგან მეტი აღარ შემიძლია, ვიტანჯები. რაც შეეხება დაბეჭდვას, თანახმა ვარ, ოღონდ სახელები შეცვალეთ და თქვენი ინიციატივით არც არაფერი შეალამაზოთ და არც არაფერი მოაკლოთ ან ჩაუმატოთ.
(აქვე ვიტყვი, რომ ნიაკო და რატი უკვე შეცვლილი სახელებია, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი).
ცხადია, დავეთანხმე და დიქტოფონი ჩავრთე. რატი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თვალები სივრცეს გაუშტერა და დაიწყო:
– ალბათ, გახსოვთ, რომ მე და ნიაკო, შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ, მით უფრო, რომ ერთ ეზოში და ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით. ისიც გემახსოვრებათ, რომ ნიაკოს მამა თანამდებობის პირი იყო, შესაბამისად, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ და ერთადერთ ქალიშვილს ზომაზე მეტადაც ანებივრებდნენ. მე კი მამა საერთოდ არ მყავდა, დედა მარტო ზრდიდა სამ მცირეწლოვან შვილს და, ცხადია, ძალიან გვიჭირდა. სანამ პატარები ვიყავით, ჩემსა და ნიაკოს შორის ამ განსხვავებას ვერცერთი ვერ ვგრძნობდით და ძალიან ვმეგობრობდით, მაგრამ, როცა წამოვიზარდეთ და იმ ასაკში შევდგით ფეხი, როცა გოგოები და ბიჭები ჩუმ-ჩუმად თუ აშკარად ერთმანეთს ეპრანჭებიან, ჩვენს ბავშვურ, ალალ მეგობრობას თითქოს ბზარი გაუჩნდა: სულ ვკინკლაობდით, ყველაფერს ერთმანეთის ჯინაზე ვაკეთებდით. ბავშვები თითქმის ყოველდღე ჩვენს შერიგებას უნდებოდნენ.
ცოტა კიდევ რომ წამოვიზარდეთ, ერთმანეთის მიმართ რაღაცნაირი გაუცხოება დაგვეწყო. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენ შორის მკვეთრად გამოიკვეთა ჩვენი ოჯახების რადიკალურად განსხვავებული მატერიალური და სოციალური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ნიაკოს არ ჰქონდა თავში ავარდნილი თავისი პრივილეგიები, ამ განსხვავებამ, ჩემი აზრით, მაინც იქონია ზეგავლენა ჩვენს ურთიერთობაზე. ამ ყველაფერთან ერთად, ნიაკო ძალიან ლამაზი გოგო იყო, კარგად ჩაცმულ-დახურული; მძღოლი ემსახურებოდა და კერძო მასწავლებლებთან დადიოდა. ის მთელი უბნის (და არა მარტო უბნის) ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ბიჭებს უყვარდათ. მე კი ვინ ვიყავი? მართალია, გარეგნობითა და წესიერებით, შეიძლება, ბევრს ვჯობდი, მაგრამ მაინც ერთი ღარიბი, ობოლი ბიჭი ვიყავი, რომელსაც მუდამ ვიღაცის გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა და სახლში გაჭირვებისგან დაჩაგრული უმცროსი და-ძმა და ჯაფისაგან ნერვებდაგლეჯილი დედა ელოდებოდნენ. ასეთმა ყოფამ ისე დამაკომპლექსა, თავი არარაობა მეგონა. ნიაკო სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ თქმას ვერ ვუბედავდი, რადგან თავი მის ღირსად არ მიმაჩნდა. იმასაც კი არ ვცდილობდი, რამე ისეთი ჩამედინა, ისე მოვქცეულიყავი, რომ, თუ არ შევუყვარდებოდი, მოვწონებოდი მაინც. მაშინ, როცა სხვა ბიჭები, ჩემზე გაცილებით უფრო ღარიბები და არაპოპულარულებიც კი, საკუთარ თავს ახტებოდნენ, რომ ნიაკოს ყურადღება დაემსახურებინათ. მე ზუსტად ვიცი, რომ უკვე მერე, როცა გავიზარდეთ, მათ შორის ბევრი იყო ისეთი, რომელსაც ნიაკო სულაც არ უყვარდა, მხოლოდ მისი ოჯახის სიმდიდრის გამო ევლებოდა თავს, მე კი ჩრდილში ვიდექი და ბედის წყალობას ველოდი. მისი ერთი უბრალო ღიმილიც ცის გახსნად მიმაჩნდა.
ერთი პერიოდი, ვამჩნევდი, ეზოში რომ ჩამოდიოდა, თვალებით მეძებდა ხოლმე, ან რამე ისეთს მოიმოქმედებდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. არცთუ იშვიათად ისიც მომჩვენებია, თითქოს ჩემს მისვლას, სიყვარულის ახსნას ან თუნდაც ჩხუბს ელოდებაო, მაგრამ, რომ ვერა და ვერ ეღირსა ჩემგან აქტიურ „შეტევას“, ტუჩი ამიბზუა და საერთოდ აღარ მამჩნევდა; უფრო მეტიც, ხშირად მაქილიკებდა ხოლმე. ამან გამამწარა და გამაგულისა.
რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ: ვინც პირველი დაუჩოქებს ქალს და სიყვარულს აუხსნის, ჩუსტებიც იმას ერგებაო. მე მაშინ არ ვიცოდი ამ გამოთქმის არსებობა, მაგრამ ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ „ჩუსტები“ მე უნდა მრგებოდა, თუმცა ამისთვის არაფერს ვაკეთებდი, გარდა იმისა, რომ ჩემივე უმოქმედობის გამო ბოღმით ვივსებოდი. ერთი პერიოდი იმაზეც კი ვიყავი თანახმა, რომ სხვა ბიჭებზე გულაცრუებული თუ გულნატკენი ნიაკო თვითონ მოვიდოდა ჩემთან და ეს იქნებოდა მისი საბოლოო არჩევანი, მაგრამ ეს არ ხდებოდა. ერთ დღეს კი ვიგრძენი, რომ არ მინდოდა სხვისი გამონაცვალი „ჩუსტების“ მფლობელი გავმხდარიყავი, ანუ არ მინდოდა, სხვის ჯინაზე ან სხვაზე გულაყრილ ნიაკოს ჩემი სიყვარულის ჩრდილში შეეფარებინა თავი, თვითონ კი არანაირი გრძნობა არ ჰქონოდა ჩემ მიმართ. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ერთ დღეს, ეზოში რომ ვიდექი, ნიაკოს დედამ ფანჯრიდან გადმომძახა – დამელოდე, შენთან საქმე მაქვსო. გული შემიქანდა. წარმოდგენაც არ შემეძლო, რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან ამ მედიდურ ქალს. ეზოში რომ ჩამოვიდა, თავაზიანად მივესალმე და მოვიკითხე. არც სალამზე და არც მოკითხვაზე არ გაუცია პასუხი, პირდაპირ შეტევაზე გადავიდა:
– ერთი რამე კარგად დაიმახსოვრე: მე იმიტომ არ გამიზრდია ჩემი ერთადერთი შვილი, რომ სიღატაკეში ამოხდეს სული. ჩემს ნიაკოს დიდი მომავალი აქვს, მალე მთელი მსოფლიო გაიგებს მის სახელს, შენ კი ვინა ხარ? ერთი სიტყვით, სანამ სერიოზული ზომები არ მიმიღია, თვითონ მოეგე გონს და თავი დაანებე ჩემს შვილს, თორემ სერიოზულ ხალხს ჩავრევ, იცოდე! ვერ ხვდები, რომ შენი კუდში დევნა ჩემს ნიაკოს ავტორიტეტს ულახავს?! მოკლედ, მე ჩემი სათქმელი გითხარი და მეტად აღარ გაგიმეორებ. იმედია, გაითვალისწინებ. თუ არა და, სხვა დაგელაპარაკება, თანაც გაცილებით უფრო მკაცრად. გასაგებია?
მე მექანიკურად დავაკანტურე თავი და სანამ გონს მოვიდოდი, ქალბატონი დიანა ჯინივით გაქრა ეზოდან.
გაგიკვირდებათ და, ნიაკოს დედის შემოტევამ გამომაფხიზლა. იმ დღიდან უკვე აქტიურად დავდევდი ნიაკოს კუდში: ვხვდებოდი სადარბაზოსთან; მივაცილებდი ხოლმე ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო; ახლოს მისვლასა და დალაპარაკებას ვბედავდი და ერთ დღეს სიყვარულიც კი ავუხსენი. თავიდან კი მიპასუხა, მე არ მიყვარხარო, მაგრამ ისე გადაჭრით ვუთხარი, მაინც ჩემი ცოლი გახდები-მეთქი, რომ ჩემმა სითამამემ მე თვითონ შემაცბუნა და ლამის ყველაფერი გავაფუჭე, ისე დავფრთხი, თუმცა ამჟამად ნიაკოს პასუხმა, უფრო კი მისმა ქალური კმაყოფილებით თუ ბედნიერებით აციმციმებულმა თვალებმა გამომაფხიზლა.
– ეს არასოდეს მოხდება, – მითხრა სიტყვით, მისი თვალები კი მეუბნებოდა, რომ ახლავე მზად იყო, თუნდაც ცხრა მთას იქით გამომყოლოდა.
– აუცილებლად მოხდება, თანაც მაშინ, როცა მე გადავწყვეტ! – ვუპასუხე მკაცრად, მერე უცებ ტუჩებში ვაკოცე, მოვტრიალდი და ისე მივატოვე შუა გზაში, მისკენ აღარ გამიხედავს.
ახლა პატარა ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ და გეტყვით, რომ ვგიჟდები დალაი ლამას გამონათქვამებზე. რაღაც, ისე მოხდა, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა მე სასოწარკვეთილებისგან გონზე არ ვიყავი, სრულიად შემთხვევით, გაზეთის თუ ჟურნალის პატარა ნაგლეჯზე ინგლისურად ამოვიკითხე ფრაზა, რომელიც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს:
„თუ გინდა, რომ მიიღო ის, რაც ძალიან გსურს, ზოგჯერ უარი უნდა თქვა მასზე.
დალაი ლამა“
  წაკითხვისთანავე ვიგრძენი, რომ ეს ნიშანი იყო ზემოდან. ეს სიტყვები მთელი კვირა თან მდევდა, გონებიდან არ მშორდებოდა და, ჩემდაუნებურად, იმ წუთებს ველოდებოდი, როცა ამ სიტყვების ასრულებას თუ შესრულებას შევძლებდი. ჰოდა, ის წუთი, როცა დალაი ლამას რჩევას უნდა მივყოლოდი, სწორედ იმ დღეს დადგა, ნიაკოს პირველად რომ ვაკოცე და ამიტომაც მივატოვე გაოგნებული გოგო ქუჩაში მარტო, სიყვარულის ახსნისთანავე; მივატოვე და, როგორც შავი სამყაროს წარმომადგენლები იტყვიან, „ფსკერზე დავწექი“: ვცდილობდი, არც ეზოში და არც სხვაგან არ გადავყროდი; მოკლედ, ქალბატონი დიანას ბრძანებას პირნათლად ვასრულებდი, თან ჩუმ-ჩუმად ვადევნებდი თვალს ნიაკოს – მაინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა. სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავდექი, როდესაც შევამჩნიე, რომ სულ მოწყენილი იყო, სულ აქეთ-იქით იყურებოდა – აშკარად მეძებდა და მელოდებოდა, მაგრამ თვითონ არ ცდილობდა ჩემს პოვნასა და ჩემთან დაკონტაქტებას. არ ვიცი, მშობლების ეშინოდა, თავზე ხელაღებული თაყვანისმცემლების თუ, უბრალოდ, საკუთარ პატივმოყვარეობას ვერ აბიჯებდა.
  მე ისევ ვიცდიდი. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ეზოშიც გამოვჩნდი, ქუჩაშიც, მაგრამ ნიაკოს აღარ დავდევდი, მხოლოდ ცივად გავუღიმებდი, ოფიციალურად მივესალმებოდი და გვერდს ავუვლიდი. ასეთი საქციელით საწყალი გოგო წყობიდან გამოვიყვანე. ერთხელაც, დღისით-მზისით, თვითონ გამაჩერა ეზოში და ამდენი ხალხის დასანახად ისტერიკა მომიწყო: შენ მართლა ხომ არ გგონია, რადგან თავი გაგიყადრე და დაგელაპარაკე, რამეს წარმოადგენ? შენისთანა ბიჭები ვედრო ლარი ღირს; ბედნიერებისგან ჩემს ნაფეხურებს უნდა ჰკოცნიდე, თუკი ვიკადრე და მოგესალმე; ვინც კი ოდესმე თაყვანისმცემელი მყოლია, მათ შორის ყველაზე უარესიც კი გჯობია; იცოდე, აღარ მოხვიდე ჩემთან და ხმა არ გამცე, თორემ ცემაში მოვაკვლევინებ შენს თავს, შე გლახაკო და გაღლეტილოო. თავიდან ღიმილით ვუსმენდი მის ლანძღვა-გინებას და გულში პირველ დიდ გამარჯვებას ვზეიმობდი – მივხვდი, რომ შევუყვარდი და ჩემი უყურადღებობა აგიჟებდა. მზად ვიყავი, სიხარულისგან მეყვირა, მემღერა და მეცეკვა, მაგრამ ბოლო ორმა სიტყვამ მუხლებში მომცელა და ბოღმით ამავსო. ამ ორი სიტყვით ისე დამამცირა და ისეთი ტკივილი მომაყენა, რომ ყველა დანარჩენმა ლანძღვამ, რომელიც მანამდე გამარჯვების ჰიმნად ჩამესმოდა ყურში, ნამდვილი ლანძღვის შინაარსი შეიძინა და ბოროტებითა და სამაგიეროს გადახდის სურვილით ამავსო. სწორედ მაშინ გადავგვარდი: გავხდი ბოროტი, შურისმაძიებელი, საშინელი მხეცი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაემცირებინა და როგორ მიეყენებინა ტკივილი ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის.
იმ დღიდან, როცა გლახაკი და გაღლეტილი მიწოდა, ზუსტად ერთი კვირის თავზე, მოვიტაცე, რაიონში წავიყვანე ბიძაჩემის სახლში და იქიდან დავურეკე დედაჩემს, ცოლი შევირთე და შენს ძმასთან ვარ სოფელში-მეთქი; მერე ქალბატონ დიანასთან დავრეკე და „ვახარე“: რატი ვარ, თქვენი საოცნებო სიძე. მე და ნიაკო შაბათ დილას ჩამოვალთ და დიდი სუფრა უნდა დაგვახვედროთ, თანაც საუკეთესო რესტორანში გაშლილი, ისეთში, თქვენს წრეს რომ შეეფერება, თორემ ჩემნაირი გლახაკი და გაღლეტილი სიძის შესაძლებლობები თქვენს დონეს ვერ გასწვდება და მაღალ საზოგადოებაში თავი მოგეჭრებათ. თქვენი ქალიშვილის კაბაზე თქვენ იზრუნეთ, ჩემს თავს კი მე მივხედავ-მეთქი. ტელეფონის მეორე მხრიდან ლანძღვა-გინება და კივილი გაისმა, მაგრამ მე მაშინვე გავთიშე ტელეფონი და ხმამაღლა ატირებული და შეშინებული ნიაკო, შეიძლება ითქვას, ძალით დავიმორჩილე.
მეორე საღამოს ბიძამ და ბიცოლამ არაჩვეულებრივი სუფრა  გაგვიშალეს და მთელი სოფელი დაპატიჟეს. ნათესავებმა საჩუქრებით აავსეს პატარძალი, რომელიც მგლოვიარესავით იჯდა და გულგახეთქილი მიყურებდა გაფართოებული თვალებით...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3