კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 მაცხოვარი ამბობს: საკუთარი თავი შეიყვარეთ, გადაირჩინეთ და ამით თქვენ გარშემო უამრავი გადარჩებაო

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  როგორც მორწმუნის, ისე არამორწმუნისთვისაა ცნობილი ფრაზები: გიყვარდეს მტერი შენი, როგორც თავი შენი და ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გსურს რომ შენ მოგექცნენ, თუმცა, ჩვეულებისამებრ, ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ: პირველ შემთხვევაში მტრების სიყვარულზე, მეორეში კი – სხვებისადმი დამოკიდებულებაზე, მაშინ, როდესაც ორივე შეგონების არსი საკუთარი თავის სიყვარულია. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, არათუ მტერს, მოყვარესაც ვერ შეიყვარებ და თუ არ იცი, რა ვნებს შენს თავს, სხვასაც იოლად ავნებ. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ შალვა კეკელიასთან ერთად ვისაუბრებთ საკუთარი თავის სიყვარულის აუცილებლობაზე.
– ჩემი შეგრძნებით, სწორედ, საკუთარი თავის სიყვარულზე გადის ამ სამყაროში ყველაფრისა და ყველასადმი სიყვარული. ასეა ქრისტიანული სწავლებით?
– სახარებაში მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება, რომ უპირველეს ყოვლისა იცხოვნეთ, ანუ გადაირჩინეთ საკუთარი თავი და, თუ გადაირჩენთ საკუთარ თავს, თქვენ ირგვლივ მრავალი გადარჩება. ანუ ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ, თუ მე რამე არ მაქვს, იმით სხვას ვერ დავეხმარები, ჯერ მე უნდა შევიძინო, რომ სხვისი დახმარება შევძლო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიაზროს, რომ ის არის ღვთის ხატებად და მსგავსად დაბადებული და ამიტომ უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, უნდა სცემდეს პატივს საკუთარ თავს. ოღონდ ძალიან ფაქიზი ზღვარია გასავლები, თუ რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული, რით გამოიხატება. ასევე, სახარებაში წერია მაცხოვრის სხვა სიტყვებიც: თუ თქვენ ჩემთან გინდათ, მაშინ უარყავით საკუთარი თავი, აიღეთ ჯვარი და შემომიდექით მე. ანუ ერთ შემთხვევაში მაცხოვარი ამბობს, საკუთარი თავი შეიყვარეთ, გადაირჩინეთ და ამით თქვენ გარშემო უამრავი გადარჩება, მეორე შემთხვევაში კი ამბობს, უარყავი თავი თვისი, აიღე ჯვარი და შემომიდექი მე. თუ ჩვენ საკუთარი თავის უარყოფაზე გვეუბნება მაცხოვარი, ხომ არ იგულისხმება, რომ ჩვენ ჩვენი თავი არ უნდა გვიყვარდეს?!
– ეგოიზმსა და სიყვარულს შორის ავლებს ზღვარს?
– დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა გაიაზროს, სად გადის ეს ზღვარი, სადამდე უნდა გიყვარდეს შენი თავი, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა და საკუთარი თავის სიყვარული? როდესაც ადამიანს გინდა, რომ ღმერთი, ღვთის მადლი შეიძინო, რომ შემდეგ ადამიანებს დაეხმარო, ზუსტად ეს არის ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავისა და მოყვასის. როდესაც საკუთარ თავს შეიყვარებ, საკუთარი ეგოიზმიდან გამომდინარე და საკუთარ ეგოზე აწყობ ყველაფერს, მაშინ ადამიანის ცხონება და გადარჩენა წარმოუდგენელია და სხვის გადარჩენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაცხოვარი სახარებაში ამბობს ასეთ საოცარ სიტყვებსაც: თუ თქვენ დედა, მამა, შვილი ჩემზე მეტად გიყვართ, ჩემი ღირსი არ ხართ. ანუ ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებს: თქვენ მე უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტადო. რა სიყვარულზეა აქ ლაპარაკი და რატომ ითხოვს ღმერთი, რომ ის შევიყვაროთ ყველაზე მეტად? რისთვის სჭირდება ღმერთს ეს ყველაფერი?! მაცხოვარი აქ სწორ სიყვარულზე საუბრობს: თუ ჩვენ, ღმერთიდან გამომდინარე, გვიყვარს ძმა, დედა, მამა, შვილი, მეგობარი, ჩვენ ისინი გვიყვარს სწორად და არა ეგოდან გამომდინარე.
– ანუ უპირობო სიყვარულს გულისხმობს?
– დიახ, უპირობო სიყვარულს და ღვთისგან უპირობო სიყვარულს. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა გააცნობიეროს, რატომ ითხოვს ღმერთი ჩვენგან სიყვარულს. როდესაც შენ გიყვარს ღმერთიდან, შენ გიყვარს სწორად. როდესაც ღმერთის გარეშე გიყვარს, თუნდაც, დედა, მამა, შვილი, ნებისმიერი ადამიანი, როდესაც მისგან რაღაც გეწყინება, მას მაშინვე კარგავ, მაგრამ, როდესაც ღმერთიდან გამომდინარე გიყვარს ადამიანი, შენ აცნობიერებ მის სისუსტეებს, ითმენ, შეგიძლია, საკუთარ თავზე მაღლა დააყენო ეს სიყვარული. აი, ამ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს ღმერთი ჩვენ.
– მიმიქცევია ყურადღება, რომ ჩვენთან შვილის, მშობლის, ცოლისა თუ ქმრის სიყვარული აგებულია საკუთარ თავზე უარის თქმაზე და შემდეგ, ეს გადაიზრდება ხოლმე ეგოიზმში და ამ სიყვარულის სანაცვლოდ საყვარელი ადამიანებისგან მოითხოვენ კონკრეტულ ქმედებებს, რომ ის შვილი, მშობელი, ცოლი თუ ქმარი იყოს ისეთი, როგორიც მათ უნდათ.
– ნამდვილი სიყვარული თავგანწირული სიყვარულია. მაცხოვარი, როდესაც მეგობრობაზე ესაუბრება თავის მოწაფეებს, ამბობს, მეგობრობა არის ის, როდესაც მეგობრისთვის თავის შეწირვა შეგიძლია. მე თქვენ გამო განვკაცდი, ჯვარზე გავეკარი და ჩემი თავი გავიღე მსხვერპლად. თქვენც, თუ ჩემთან მეგობრობა გინდათ, ჩემი მცნებები უნდა დაიცვათო. ანუ ნებისმიერი სიყვარული აწყობილია თავგანწირვაზე. ღმერთმა შენ, ადამიანი, მთელი არსებით შეგიყვარა, შენთვის ყველაფერი გაიღო, ყველაფერი მოგცა და როდესაც მას უარყოფ, ბუნებრივია, შენ მას კარგავ, მაგრამ, როგორც კი შეინანებ შენს საქციელს და ღმერთს უბრუნდები, ის მაშინვე გიღებს. შენ გჭირდება ღმერთის სიყვარული და არა ღმერთს. როდესაც ადამიანს წრფელად უყვარს, არაფერს ელის სანაცვლოდ, უყვარს უანგაროდ. ასეთია ნამდვილი სიყვარული. პავლე მოციქული საოცარ რამეს ამბობს სიყვარულის შესახებ: „სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.“ და დასძენს, ასეთი სიყვარული არ გადავა. ანუ შენ მიერ გაღებული ასეთი უანგარო სიყვარულის ჯილდოს ღვთისგან მაინც მიიღებ, მიუხედავად იმისა, ადამიანი ამას დაგინახავს თუ არა. იმიტომ რომ შენ გიყვარს არა იმის გამო, რომ მეორე ადამიანმა ეს დაინახოს, არამედ შენ სხვანაირად ცხოვრება არ შეგიძლია. ღმერთს არ შეუძლია, ადამიანი შეიძულოს, ადამიანი დასაჯოს, ადამიანი საკუთარ თავს თვითონ ისჯის და განეშორება ღმერთს, თორემ ღმერთი არავის განეშორება. ღმერთს ერთნაირად უყვარს ყველა ადამიანი, მაგრამ სახარებაში წერია, რომ გამორჩეულად იოანე ღვთისმეტყველი უყვარდაო და იოანე ოქროპირი განმარტავს, მაცხოვარს კი არ უყვარდა ყველაზე მეტად იოანე ღვთისმეტყველი, არამედ იოანე ღვთისმეტყველს უყვარდა მოწაფეებს შორის ყველაზე მეტად მაცხოვარი.


скачать dle 11.3