კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ ითამაშა კახი კავსაძემ დონ კიხოტის როლი ჯემალ ღაღანიძის ნაცვლად და რას აკეთებს ის, როცა კახი ენატრება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თეატრალური უნივერსიტეტიდან დაწყებული მეგობრობა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაგრძელდა. როგორც თავად ამბობენ, მათი თაობიდან მხოლოდ ისინი შემორჩნენ ამ სცენას. საუბარი ჯემალ ღაღანიძეზე და კახი კავსაძეზეა, ორ ყველასთვის უსაყვარლეს, უძვირფასეს და უნიჭიერს მსახიობზე. მათი განუყრელი მეგობრობა დღემდე გრძელდება, მაგრამ ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ერთმანეთის ხშირად ნახვას ვეღარ ახერხებენ, თუმცა ტელეფონით ყოველდღე საუბრობენ და ახალგაზრდობის ამბებს იხსენებენ. ბატონი ჯემალი 87 წლისაა და უკვე 65 წელია, რაც რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დგას. მან ჩვენთან საუბრისას კახი კავსაძესთან მეგობრობის ისტორია გაიხსენა.
  ჯემალ ღაღანიძე: ახალი გამოსული ვარ საავადმყოფოდან, ეს კარანტინის პერიოდი იქ გავატარე, ცუდად ვიყავი. ერთ-ერთი ორგანო მქონდა დაზიანებული და ვიმკურნალე. ახლა ისევ კარანტინში მიწევს ყოფნა, არ მაძლევენ ლოგინიდან ადგომისა და გარეთ გასვლის უფლებას, თუმცა თავს უკეთ ვგრძნობ. მე და კახი ყოველდღე ვსაუბრობთ ტელეფონით, საუბედუროდ, კახი ჩემზე უარესად თუ არა, კარგად ვერაა. ისიც მოხუცდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის სამი წელია სხვაობა (იცინის). გონებით კიდევ კარგად ვართ, მაგრამ ჩვენი ასაკის ხალხი ზოგი ფიზიკურადაც ყოჩაღადაა. კახის ყველაფერი აინტერესებს, რაც ქვეყანაზე ხდება. ვურეკავთ ერთმანეთს, ვუყვებით სიახლეებს და ვიხსენებთ ჩვენს წარსულს, ახალგაზრდობას, მეტი რა დაგვრჩა. გასახსენებელი კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს. კახის შემოქმედება ყველამ კარგად იცის, უნიჭიერესი კაცია. ის ჩემპიონია იმაშიც, რომ ქართულ ფილმებში ყველაზე მეტი როლი აქვს ნათამაშები. სახლში მოვიცალე ტელევიზორისთვის და ხშირად ვუყურებ, გამორიცხულია სადმე არ გამოჩნდეს. კახი რომ მომენატრება, ჩავრთავ ტელევიზორს და ვუყურებ.  ჩვენი თაობიდან მარტო ჩვენ შევრჩით თეატრს.
– როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობის ამბავი?
– ჩვენი მეგობრობა უნივერსიტეტიდან დაიწყო. მერე მოხდა ისე, რომ ერთად გაგვანაწილეს რუსთაველის თეატრში. მე 65 წელია თეატრში ვარ,  კახი კი – 62.  კახი უფრო მეტად კინოში იყო, ვიდრე თეატრში, მე პირიქით – ბევრ კინოზე მითქვამს უარი. როცა კინოს გადაღებაზე მიდიხარ, თეატრიდან გათავისუფლება გიწევს, მე კი თეატრში თავიდანვე იმდენად კარგად ამეწყო საქმე,  არ მინდოდა, ხელიდან გამეშვა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კარგიც გავაკეთე. ისეთ ფილმებში ვმონაწილეობდი, სადაც შეიძლებოდა, გადაღების მერე სპექტაკლზეც მიმესწრო, ან კიდევ შვებულების პერიოდში მივდიოდი. ჯამში 20-30-მდე ფილმი მომიგროვდა. კახი ჩემზე პატარაა, მაგრამ ახლა ეს ასაკობრივი სხვაობა არაფერს ნიშნავს. ინსტიტუტის პერიოდში კი მე რომ ვამთავრებდი, კახი იწყებდა. ლექციიდან ლექციაზე შესვენებისას თუ სადმე ხმაური, სიცილი და მხიარულება მოგესმებოდა, დაინახავდი: კახი იდგა შუაში და ყვებოდა რაღაცას. ასე მხიარულად მიჰყავდა სულ მისი ცხოვრება. მერე ბელასთან ურთიერთობა დაიწყო, ბედნიერად ცხოვრობდა... ბელა რომ ავად გახდა, მაშინ კახი ძალიან ცუდად იყო, საოცრად განიცდიდა. უცხოეთში ხშირი გასტოლები რომ დაიწყო, ბელა ვეღარ მოძრაობდა. მე და კახი ერთ ოთახში ვიყავით ხოლმე და
ყოველი მისი დილა ბელათი იწყებოდა. იმ წუთიდან, როგორც კი ადგებოდა, ბელაზე იწყებდა საუბარს, საათს გახედავდა და იტყოდა: ახლა ბელა გაჰყავთ სასაუზმოდ, ახლა ბელას ძილის დროა, ახლა ბელას ამას უკეთებენ, ახლა – ამას... გონებით ყოველთვის თბილსში იყო, ფიზიკურად კი – ძალიან შორს საქართველოდან. ამ დროს ადამიანი საჭიროა ადამიანისთვის, ჩვენ კახის ვჭირდებოდით, კახი კი – ჩვენ. ყველანაირად ვიდექით მის გვერდით და ვიზიარებდით მის განცდებს, დარდს... თუმცა, საკუთარი პრობლემები თავზე არასოდეს არავისთვის მოუხვევია, პირიქით. კახის კიდევ იმან უშველა, რომ მხიარული კაცია და ტრაგედიას თავი არ დააჩაგვრინა. მერე თვითონაც ბევრი იავადმყოფა, რის გამოც სმენა დაკარგა. ჩვენს ბოლო სპექტაკლში – „მოხუც ჯამბაზებში“ ერთად ვთამაშობთ. სულ ბოლოს, რეპეტიციაზე გვერდიგვერდ ვისხედით. სპექტაკლი იწყებოდა და ვიმეორებდით ტექსტს. უცებ გავიხედე გვერდზე, შევნიშნე, კახიმ ამოიღო რაღაც კოლოფი, იქიდან კიდევ ბრინჯისხელა მარცვლები და ყურში ჩაიდო. მივხვდი, ეს იყო ყურის სმენის აპარატი. არ გასულა სამი წუთი და მეკითხება: რა მითხარი, ჯემალ? ხმა არ ამომიღია-მეთქი, ვუპასუხე. გავა სამი წუთი კიდევ: რა მკითხე? რა მითხარი? ვეუბნები: არაფერი, კახი, არაფერი. კიდევ იმავეს მეკითხება და ბოლოს ვუთხარი: კახი, ალბათ, გუშინდელი ჩანაწერია მაგ მოსასმენში და მაგიტომ გესმის, დღეს ხმა არ ამომიღია-მეთქი (იცინის). ასე ვოხუნჯობთ და ვმაიმუნობთ ერთმანეთში.
– ახალგაზრდობაში ბევრი გულშემატკივრისა და თაყვანისმცემელების პერიოდს როგორ გაიხსნებთ?
– სხვათა შორის, მაგ საქმეში ასაკმაც ვერ შეგვიშალა ხელი (იცინის). ახლაც საოცარ სითბოს ვგრძნობთ  მაყურებლისგან. ორი-სამი წლის წინ ზუგდიდში ვიყავით და კახის ვუთხარი: მოდი, მეორე კარიდან გავიდეთ, ხომ იცი, მაყურებელი იქნება, პროგრამებზე ხელის მოწერა უნდათ, ფოტოების გადაღება-მეთქი. ძალიან დაღლილები ვიყავით. მომიბრუნდა კახი და მითხრა: შენ კაცი რომ ხარ, სახელოვანი კაცის სახელი გქვია, იცი, ვისით, აი, ამ ადამიანების დამსახურებით და შენ კიდევ უნდა დაემალოო. სწორი მითხრა, აბსოლუტურად მართალი იყო. დავუჯერე, გავედი, ხელიც მოვუწერე და ფოტოებიც გადავიღე. დიდება და სახელი შენი მაყურებლით მოდის, ამიტომ რაც უნდა დაღლილი იყო, არასოდეს უთხრა უარი ამ მცირედზე.  ერთხელ მექსიკაში გვქონდა გასტროლი, იქ არის ძალიან დიდი ბაზრობა. გადავწყვიტეთ, ბაზარში გავსულიყავით, მე, კახი, ერთი მსახიობი და „კაგებეს“ თანამშრომელი გვახლდა – უცხოეთში როცა ვიყავით, ასე დაგვყვებოდნენ ხოლმე. ბაზრობები ქუჩებად იყო დაყოფილი და ერთ ქუჩას ეწერა: რუსული ბაზარი. ამ „კაგებეს“ თანამშრომელმა – მოდი, შევიდეთ, არ გაინტერესებთ, რას ყიდიან რუსებიო. დავთანხმდით. ყველას შავი სათვალეები გვეკეთა.  გადავწყვიტეთ, ხმა არ ამოგვეღო და როგორც მოვაჭრეები, ისე შევსულიყავით. ციმბირულ ბეწვის ქუდებსა და მსგავს რაღაცებს ყიდდნენ. ერთ-ერთ დახლთან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იდგა. კახის ეხერხება აქცენტის შეცვლა და ვითომ უცხოელი იყო, რაღაც ჰკითხა. იმათმაც უპასუხეს და წამოვედით. გავცდით დახლს. უცებ ეს ქმარი ამბობს: საიდან მეცნობა ეს კაციო. წავედით ჩვენ, ეს ბიჭი მოგვყვება, არ აშორებს კახის თვალს და დაიყვირა: აბდულა, აბდულა, კავსაძე... მოვიხსენით სათვალეები და იმ „კაგებეს“ ბიჭს ვუთხარი, არ გამოვა ჩვენგან ასე მალულად ყოფნის ამბავი-მეთქი (იცინის).
– 65 წლის განმავლობაში არაერთი როლი შეასრულეთ, რომელიმე მათგანს თუ გამოარჩევთ?
– ამბობენ, ხოლმე როგორც შვილს ვერ გაარჩევს დედა, ისეა როლებიცო, მაგრამ არც ასეა საქმე. რომელი როლიც შენს გულთან მოვიდა, ის უფრო შენია და მას ყოველთვის გამოარჩევ. არ დაიტრაბახოს რომელიმე არტისტმა, რომ ყველა როლი კარგად ითამაშა. ზოგჯერ, შეიძლება, სწორედ, ვერგამოსული როლი იყოს შენთვის ღირებული. რაც მის შექმნაში ჩაატარე, ის მუშაობა აღმოჩნდეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მე ეს გამოვცადე რობიკოსთან, მე ხომ რობიკოს „სახედ“ ვითვლები, ასე ვხუმრობთ ხოლმე. მოსვლიდან დღემდე მისი მსახიობი ვარ. რობიკომ დადგა სპექტაკლი „დრაკონი“. ეს სპექტაკლი აკრძალული იყო. მაგრამ რობიკო რის რობიკოა, ადგა, გადმოიღო და დადგა. აქ მთავარი პერსონაჟი არის დრაკონი, რომელსაც გურამ საღარაძე თამაშობდა, მე კიდევ ბურგომისტრი ვიყავი. ეს რეპეტიციები ჩემთვის მასტერკლასები იყო. ასეც ხდება, შენს შემოქმედებაში შეიძლება, რეპეტიციებმა უფრო დიდი როლი ითამაშოს, ვიდრე პრემიერამ და მაყურებლის აღიარებამ.
– როლი, რომელიც გინდოდათ,  გეთამაშათ...
– ერთი პერიოდი ძალიან დავსუსტდი, თან მაღალი ვიყავი და ჩემთვის, გონებაში ვფიქრობდი დონ კიხოტზე. მინდოდა, მეთამაშა, თუმცა შემოთავაზება არ მქონია. სანამ ეს სპექტაკლი დაიდგა, კი გავსუქდი და დამასწრო კახიმ (იცინის). ერთხელ მოვიდა და სურათი მაჩვენა – დონ კიხოტის ფორმაში ჰქონდა გადაღებული, ხელში შუბი ეჭირა. აი, ნახე როგორი დონ კიხოტი ვარო. ისეთი გამხდარი ხარ, რომელია დონ კიხოტი, შუბი თუ შენ-მეთქი (იცინის). იმედი მაქვს, ერთხელ მაინც ისევ გავალთ სცენაზე და წარვსდგებით ჩვენი ძვირფასი მაყურებლის წინაშე.

скачать dle 11.3