კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ ეძახდნენ ზურაბ გურიელიძეს კურსელები „მგელს“ და რას ვერ დაივიწყებს ის ვერასდროს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახლი: ზურაბი.
გვარი: გურიელიძე.
პროფესია: ბიოლოგი.
სამუშაო ადგილი: თბილისის ზოოპარკის დირექტორი.
–  მოგონება ბავშვობიდან...
– მშვიდი ბავშვობა მქონდა. ერთი სასიამოვნო მოგონება მაქვს, ქუჩის ძაღლი მყავდა მიჩვეული, რომელსაც რექსი დავარქვი. სკოლაში რომ მივდიოდი, რექსიც მომყვებოდა, გაკვეთილების დასრულებამდე მელოდებოდა და მერე უკანა გზაზე ერთად ვბრუნდებოდით. ეს ძაღლი ჩემს სახლში არ ცხოვრობდა, მაგრამ სულ თან დამყვებოდა.
– მშობლების როლი...
– ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა შეიძლება, სახლში ათი მგელი მიიყვანო და ამაზე არანაირი პრეტენზია არ გამოთქვან. მათი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში წარმატებას მივაღწიე, რადგან ძალიან მიწყობდნენ ხელს.  მეექვსე სართულზე, ოროთახიან ბინაში, აივანზე რამდენიმე მგლის ყოლა მარტივი ნამდვილად არაა. როდესაც დისერტაციაზე ვმუშაობდი, გარკვეულ ასაკამდე სახლში ვზრდიდი. ჩემი მშობლები ამ ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და როცა სახლში მისვლა დამაგვიანდებოდა, მათ მოვლასა და გამოკვებაშიც კი მეხმარებოდნენ. მათი ამაგი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მაგრამ ერთ-ერთი დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ისინი ბიოლოგები არ იყვნენ.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– რაც დღეს ვარ. როცა პატარა ვიყავი, სკოლიდან ხშირად ვიპარებოდი ზოოპარკში. მაგრამ სპილოსთან არ მიშვებდნენ და ძალიან მინდოდა მასთან თამაში. ოცნებად მქონდა, ზოოპარკის დირექტორი გავმხდარიყავი, რომ სპილოსთან მეთამაშა. არ მახსოვს, კოსმონავტობა ან რაიმე მსგავსი მდომებოდა.
– ჩემი მეტსახელი...
– თანაკურსელები მეძახდნენ „ლობოს“, რაც მგელს ნიშნავს. რადგან მგლებზე ვმუშაობდი, ამიტომ დამარქვეს ეს მეტსახელი. ახლა, სამწუხაროდ, ძველი მეგობრების გარდა, ასე აღარავინ მეძახის. ეს არის მეტსახელი, რომელსაც გეძახიან და გსიამოვნებს.
– ადამიანში ვაფასებ...
– ბევრი რამეა ადამიანში დასაფასებელი, მაგრამ პირველ რიგში, სიმამაცე.
– წარმატებული არის ის, ვინც...
– რასაც დაისახავს მიზნად და მას მიაღწევს. საკუთარი მიზნების ერთგული ადამიანი, რომელიც იმ მიზნებამდე აუცილებლად მიდის. მარტო ერთგულება წარმატებას არ ნიშნავს. აქ სფეროს მნიშვნელობა არ აქვს. მიზნისკენ მიმავალი გზა კი, როგორც ყოველთვის, მარტივი არ არის.
– მეშინია...
– ბავშვობაში მეშინოდა ტრაქტორის, იმის მერე არაფრის მეშინია. ეს არ ნიშნავს, რომ თავზეხელაღებული რაღაცები შემიძლია გავაკეთო. არა, სწორედ, ეს განსაზღვრავს, რა შეიძლება, გავაკეთო და რა – არა.  
– ბედისწერა...
– არ მჯერა ბედისწერის. ვთვლი, რომ ადამიანს თავად შეუძლია, საკუთარი ბედი შეცვალოს ისე, როგორც  საჭიროდ ჩათვლის. მის ქმედებებზეა დამოკიდებული შემდგომი განვითარება და არა, სადღაც განსაზღვრულ ბედისწერაზე. არ ვაღიარებ იმას, რომ ბედი ადამიანს დაბადებიდან  დაჰყვება.
– ვრისკავ...
– საკმაოდ ხშირად. ყოფილა შემთხვევები, როცა შევსულვარ მტაცებლებთან უშუალო კონტაქტში, რაც საკმაოდ დიდი რისკია. ასევე, ღია ზღვაში
ჩამიყვინთავს, ბევრია ასეთი. მიყვარს ექსტრემიც.
– თავისუფლება არის...
– ის, როცა შენი ქმედებით შეგიძლია, ნებისმიერი რამის განხორციელება, ოღონდ სხვის შეუზღუდავად.
– სამაგიეროს გადახდა...
– გადამიხდია. ყოფილა შემთხვევა და საჭიროდ ჩამითვლია, რომ სამაგიერო გადამეხადა.
– შემშურებია...
– უფრო სურვილის დონეზე მქონია რაღაც, რასაც შურს ვერ დავარქმევ. იმას აქვს და მე რატომ არა, ასეთი რამ არასდროს ყოფილა.
– ჩემთან მეგობრობა...
– არც ისე მარტივი უნდა იყოს.
– ვეჭვიანობ...
– არასოდეს. არ მქონია  ეჭვიანობის საფუძველი.
სიყვარული – ეს არის...
– დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ, როდესაც რაღაც ძალიან ახლო ხდება შენთვის.
– დრო და სიყვარული...
– ძალიან ინდივიდუალურია და თავად კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული, გადაჭრით ვერ ვიტყვი, დროსთან ერთად ქრება თუ ძლიერდება. ნებისმიერი მიმართულებაა დასაშვები.
– იდეალური ქალი არის...
– პირველ რიგში, ჭკვიანი. დანარჩენი უკვე თანდაყოლილი ატრიბუტებია, სასურველი, თუმცა, არა – აუცილებელი.
– ქალს ალამაზებს...
– ბევრი რამ, ცოტა გამიჭირდება კონკრეტული რამის გამოყოფა, რადგან კომპლექსურად უნდა იყოს მასში ყველაფერი. ეს იქნება ხასიათის თვისებები თუ სხვა რამ. კარგი ხასიათი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია თუ...
– აუცილებელია. შეიძლება, ვიღაც მარტოხელა ადამიანი იყოს ბედნიერი, მაგრამ მე ვერ ვიქნებოდი. ამ დროს ადამიანი რაღაც ერთი მთლიანობაა.
– ის, რაც უპატიებელია...
– ყველაზე რთული საპატიებელია ღალატი, ყველანაირ შემთხვევას ვგულისხმობ. როცა ადამიანს ენდობი და ის შენს ზურგს უკან რაღაცას ხლართავს – ეს ნამდვილად რთულად საპატიებელია.
– ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა...
– რამდენიმე საინტერესო შემთხვევა მქონდა და გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრების მთელი ციკლი იყო, როდესაც ვიმყოფებოდი ჯერალდ დარელის ცენტრში და ბევრ სახელგანთქმულ მეცნიერთან მომიწია ურთიერთობა, მათ შორის ცოცხალ ლეგენდებთან.
– ვყვირი, როცა...
– ორი შემთხვევაა: როცა ვინმე შორს არის და არ ესმის და როცა ძალიან ვბრაზდები, თუმცა საკმაოდ კარგი ნევრები მაქვს.
– ვემალები...
– მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცას რომ ვემალებოდე – არა, მაგრამ არის რაღაც შემთხვევბი, როცა შეიძლება, რამეს დავემალო. საკმაოდ ხშირად ვემალები მზეს, რომ არ დავიწვა.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს. როცა რაღაც შეგეშლება, აუცილებელია, ბოდიში მოიხადო, შეუცდომელი არავინაა. როცა ბოდიშს არ იხდი, ხარ ჯიუტი არსება, რომელიც ისევ იმავე ქმედებას ცოტა ხანში ისევ ჩაიდენს. ბოდიშის მოხდის არ უნდა გეშინოდეს.
– მაკვირვებს...
– ძალიან ბევრი რამ. ბავშვობაში მაკვირვებდა, როგორ ხდებოდა გამოსახულების გადაცემა ყოველგვარი სადენების გარეშე. ახლა კი ვიცი, მაგრამ მაშინ მიკვირდა. შეიძლება ითქვას, რომ გამაკვირვა ტელევიზორმა. არის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის აღმოჩენებიც მართლა საოცარი რამაა. მთლიანად სამყაროს არსებობა მაკვირვებს.
– ვამაყობ...
– ჩემი ოჯახით, მეუღლით, შვილით, ჩემი ცხოველებით, მაგალითად, ჩვენი აქლემით, რომელიც ყველაზე ლამაზი აქლემია მსოფლიოში და ასევე, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებით.
– ვიტყუები...
– ხანდახან – ხუმრობით და თუ გარდაუვალი აუცილებლობაა, როცა ტყუილი შეიძლება, ვიღაცის ან რაღაცის გადარჩენის საფასური იყოს. საბედნიეროდ, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ცოტა იყო.
– ვაგროვებ...
– ცივ იარაღს, განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყნების: შუბებს, ხმლებს, კომბლებს, მათრახებს და ასე შემდეგ. სახლში ამ ყველაფრის კოლექცია მაქვს.
– საკუთარ თავში არ მომწონს...
– თუ საკუთარ თავში ყველაფერი მოგწონს, ძალიან ცუდად არის საქმე, რაც უფრო ბევრი რამ არ მოგწონს, ბევრად უკეთესი ხარ.
– ვოცნებობ...
– ყოველთვის მინდოდა, ცხოველებთან ერთად მემუშავა და წავსულიყავი აფრიკაში, ეს იყო ჩემი ოცნება და ორივე ავიხდინე. თუმცა, ბევრი ოცნება დამრჩა და მიზნებიც ჯერ ბოლომდე არ ამისრულებია. ახლა ამაზონიაში მოგზაურობაზე ვოცნებობ.
– არასოდეს დამავიწყდება...
– არასოდეს  დამავიწყდება 2015 წლის 13 ივნისი.
– ვზარმაცობ, როცა...
– სიამოვნებით ვიზარმაცებდი, მაგრამ სამწუხაროდ, დრო არ მაქვს. ისე, კარგია, რომ წამოწვები და შენს ნებაზე ნებივრობ, აუცილებელიც კი არის ხოლმე.
– ადამიანის მთავარი მისიაა...
– საზოგადოებისთვის რაღაცის შექმნა, საზოგადოების ერთი ნაბიჯით წინ  წაწევა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმართულებით.
– ვეძებ...
– პროფესიის მხრივ, ვეძებ სხვადასხვა აღმოჩენებს ბუნებაში, განსაკუთრებით იმ ცხოველებს, რომლებიც ითვლება, რომ საქართველოში გამქრალია. იმედი მაქვს, კიდევ იქნება რომელიმე მათგანი შემორჩენილი.  ისე, ალბათ, სიმშვიდეს ვეძებ.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– ამ ბოლო დროს ახალი ზოოპარკის მშენებლობაზე. ღამეები არ მძინავს, იმდენად დიდი დოზით ვფიქრობ ამაზე. შენი წარმოსახვები უნდა იყოს მისაღები ადამიანებისთვის,  რომლებიც ამას დაინახავენ და ცხოველებისთვის, რომლებსაც იქ მოუწევთ ცხოვრება.

скачать dle 11.3