კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  ეგიაზარ ქარუმიძე – აზნაური, შეკრიბა ბრბო, და თავად ალექსი არღუთინსკისა და გლეხ ვანო ბარგიშვილთან ერთად ღამის გამვლელებს სძარცვავდა. დიუმას აქვს მოთხრობილი კავკასიაში მგზავრობისას, როგორ იყოფდნენ შემწვარ ქათამს თავადი, აზნაური და ყმა, ვის რა ნაჭერი ხვდებოდა, ვის რა ძვალი, სახრავად და დასაღრღნელად. ასე იყო 1861 წლის მანიფესტის გამოსვლამდე. ბევრი რამ მერეც არ შეცვლილა, თუმცა ამათში ასე არ იყო, ვინც მოერეოდა, ალაფიც მას მეტი ხვდებოდა. ისინი მტკვრის სიახლოვეს დაეხეტებოდნენ. სტაცებდნენ ვინმეს ხელს, გაძარცვავდნენ და შემდეგ იქავე მიმალული ნავით ორთაჭალის კუნძულისაკენ დაეშვებოდნენ. ისინი კაი ხანს დაიარებოდნენ ასე ტფილისში და ბოლოს 1894 წელს დააკავეს ეს თავადის, აზნაურისა და გლეხის შეკრული ბანდა.
  ვასო ქასაძე და მისი დამქაში გიორგი გიგაუროვი – თაღლითები. ყიდდნენ ყალბ ოქროს ბეჭდებს. 1897 წელს მათ ალექსანდრა ნაზალმშენკოვას მიჰყიდეს ორი ასეთი ბეჭედი. ყალბი ნიშნით „56“. ეს ყალბი ნიშნის დადება ცალკე თაღლითობის ნაირსახეობა იყო. ამისათვის ჰყავდათ ოქრომჭედელი კრიკორ სეირანოვი, ვინაც ორი წლით ადრე აღსაკალობაზე დაიწუნეს და ქასაძესა და მის დამქაშებს შეეკრა. იმ არჩევნებისას 62 ამქრის უსტაბაში, აღსაკალები და იგითბაშები სამი წლით აირჩიეს და ყველას ამათ თავად ერთი წლით სერობიანცი დააყენეს. ოღონდ მან ეს უფროსობა მერეც მიიტაცა. გუბერნატორის ჩარევაც კი გახდა საჭირო, რომ აეძულებია არჩევნები დაენიშნა. საერთოდაც, როცა ამქარში დავა იყო, როცა ხელოსანს უსტაბაშის სიტყვა თვალში არ მოუდიოდა, შეეძლო, ეს საქმე თორმეტ სხვა უსტაბაშთან გაერჩია. ისინი სადმე ბაღში ან სასაფლაოზე შეიყრებოდნენ და თუ ხელოსანს ისევ გაამტყუნებდნენ, ორმაგად, სამმაგად მეტს აზღვევინებდნენ. თუ ის მაინც ურჩობდა, იარაღების ართმევით სჯიდნენ, მისი სახელოსნოს დარაბებს აჭედებდნენ – კეტავდნენ და თუ მაინც არ ეპუებოდა, მის სახელზე დაღრეცილ სანთელს ანთებდნენ. იმასთან ყოველგვარი ძმობა და ერთობა წყდებოდა და ასე იწყევლებოდა. ამქრებზე იდგა ხელოსნობა ტფილისში. ამქრის მიღმა მყოფთან შეკვეთას იშვიათად მიიტანდნენ. ამქარი იყო ხელოსნის სინდისი და ნამუსი. მისი სიკვდილის მერე მასზე მლოცველი და წმინდა სანთლის დამნთები. მის ქვრივ-ობლებზე მზრუნველი. ყოველი ამქარი წელიწადში ერთხელ თავისი მფარველი წმიდანის დღეობაზე ბაღში ქეიფობდა, დიდი ქვაბით შილაფლავს და ზედაც ლავაშებს პატიმრებისთვისაც აგზავნიდნენ მეტეხის ციხეში და ქუჩაში კი გაშლილი ალმებით დაიარებოდნენ, ზედ გამოსახული მათი მფარველი წმიდანით.
  ქერბალაი ასად მუტალიბ ოღლი იყო ქიანქინჩი, წყლის მილების დამგრეხავი სახურავებზე და რაკი იქ ხშირად ხვდებოდა, ოთახში შეჭყეტაც და იქაურობის მოთვალიერებაც იოლად გამოუდიოდა. მალევე მიხვდა ამ საქმის სარფიანობას და მოინიშნავდა, სად რომელი ფანჯრის გაღება იოლდებოდა. თან მილის დაგრეხვას იმდენ ხანს მოახმარდა, სანამ ყველაფერს კარგად არ დაიხსომებდა. თუნუქს ღუნავდა ჩაქუჩით, როცა აიყვანეს. უარზე იყო, მაგრამ გამოტეხეს. დღეში სამჯერ სცემდნენ და ორი დღის მერე მოყვა ყველაფერი. ორი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. იქიდან გამოსული ამქარში აღარ გააჩერეს და ისევ ქურდობას მიუბრუნდა. სახლები ახსოვდა, სადაც რა ასასვლელი იყო, სად რა ფანჯარა ხვდებოდა. მაგრამ აკალადჩიკსაც ახსოვდა, დაუდარაჯდა, დაიჭირა, ფულს სძალავდა და მეტეხის ციხეში ჩაგდებით ემუქრებოდა. ფული არ ჰქონდა. იმისი და ზაბუტე იყო მეძავი შაითან ბაზარში და იმას სთხოვდა ფულს, ის უარზე იყო და მან ხანჯლით დაჭრა და ამაზე დაიჭირეს 1871 წელს.
  არშაკ ყვავილოვი – ქარვასლის ქურდი. რჩებოდა ქარვასლაში და სადმე დამალვას ახერხებდა. ღამე სამალავიდან გამოდიოდა და სათავსოებს ქურდავდა, იჯიბავდა უფრო ფულსა და ჰა, ძვირფას ბაღდადს, ჯიბეში იოლად რაიმე მოსათავსებელს, საათს, ოქროს ბეჭედს, სადაფის სათამბაქოეს. სამოსსაც იქვე ჩაიცვავდა და ამოირჩევდა საუკეთესოს, შემდეგ კარის გაღებისას გადიოდა ვითომ და მნახველივით. ამას მეტად დიდი მოხერხება სჭირდებოდა და გაექურდა ბლომად ქარვასლა, თამამშევის – არაერთხელ.  იქ დამალვა იყო ყველაზე იოლი. ფართი იყო დაუთვლელი. ამას გარდა გაქურდა ანანოვის, ხოჯაპარუხოვისა და მაისურაძის, და სათავადაზნაურო ქარვასლა, ყოფილი არწრუნის, სასახლის ქუჩაზე. ბოლოს სწორედაც იქ დაიჭირეს 1893 წელს.
არტემ ყიფიანი – ქურდი, ავაზაკი. ის იყო „იტალიის“ ბაღში, როცა 1890 წელს კულა გლდანელი და ცირკის გიმნასტი ჰერმან შტერკე დაეჭიდნენ ერთი მეორეს და ჯერ შტერკემ დააგდო გლდანელი, მაგრამ ის ხელებით დაეცა, დააღწია თავი და მერე მან დააგდო შტერკე, თუმცა ისიც ხელებით დაეცა. აქ კი შეწყდა ჭიდაობა და იქ მოკრებილთა შორის ყიჟინა ატყდა, ისევ იჭიდავეთ, ისევო. მაგრამ გლდანელი უარზე დადგა და გაერიდა. რასაც ჩხუბი მოჰყვა და ამ ალიაქოთში ყიფიანს თვალი წამოთხარეს. თუმცა იმის ერთმა თვალმა არ შეუშალა ხელი ბანდა შეეკრა და დაეცემოდნენ სხვადასხვა დუქანსა და ქურდავდნენ იმას მთლიანად. იმის აგურის კედელსაც შლიდნენ და ბოქლომებსაც ამტვრევდნენ. ის დაიჭირეს, თავის დამქაშებთან ერთად, 1893 წელს მერაბ საგანელიძის ფურნეს გაქურდვის გამო.
  ყული ნაზარ ოღლი – პორტმანეს დამგდები. 1890-იან წლებში მისდევდა თავის ხელობას ტფილისის ქუჩებში. ის იცვამდა სამნაირად – როგორც ხელოსანი, როგორც ვაჭარი და როგორც მოგზაური. სასიარულო ჰქონდა ბულვარი და ანჩისხატის უბანი. ყველაზე კარგი ადგილი ეს იყო, ერთი რამ მოფარებული აქ არ დაილეოდა და მეორე გაქრობაც უცბად შეიძლებოდა. ხელობა იყო ძველი, როდესაც გასჩნდა ქისა და ფულს პირში აღარ მალავდნენ, გასჩნდა ეს ხელობაც. ეს მთელი ხელოვნება იყო, ეს იყო პორტმანეს ისე მიგდება, რომ იმის დამნახავს ვარსკვლავები ავარდნოდა თავში. ამას მოსდევდა დაძახება, „მეც დავინახე, მეც!“, ხან მესამეც სჩნდებოდა დამხმარე. მთავარი იყო გამვლელის დაჯერება, რომ პორტმანე გასაყოფია, რომ ის უნდა გაიყოს ორად ან სამად. ეს იყო მთელი თეატრი ამბისა და შეშურდებოდათ სულიეს ცირკში ჩამოყვანილ კლოუნებს დრური ლეინის თეატრიდან. აბა, რით არ იყო მსგავსი გუნიბის მოედანზე გამართული მასხარაობისა? რით დაუვარდებოდა იმათ ყული ოღლის ხმის დაწვრილება, შუბლზე ხელის შემორტყმა და ხელის გულების ერთი მეორეზე გასმა პირზე ღიმილით. მერე აქეთ-იქით გახედვა, მეგობრული ხელის შემოდება მსხვერპლის ბეჭზე და გახმობა სადმე ჩასახვევისკენ, ან უფრო იქით, მტკვრისკენ. იქ თუ ჩაიყვანდნენ, მაშინ იმ კაცის ეტლზე გატეხილი კალმით დაეწერათ ბედი. რაკი იქნება თავშიც დაერტყათ, თუნდა მუშტზეც გაკეთებული რკინის ბოქსი, მერე კი გაძარცვავდნენ და თოკით შეკრავდნენ. ესე ეგდებოდა წყლის პირას, ვიდრე თულუხჩი იპოვიდა და გახსნიდა.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3