კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ გაანადგურებინა სტალინმა მუსოლინის „კოზა ნოსტრა“ იტალიაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინზე უამრავი პუბლიკაციაა დაწერილი და საბჭოთა ბელადის ბიოგრაფ-მკვლევრებს მისი ცხოვრება სულ მისხალ-მისხალ აქვთ „აწონილი“ და ყველაფერი იციან, ეს მცდარი მოსაზრებაა. სტალინის როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უამრავი თეთრი ლაქა და გამოუმზეურებელი მომენტი არსებობს. იმედია, რომ ოდესღაც ყველა მათგანი ფართო საზოგადოებრიობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლეონიდ კომაროვი წერს: „გავრცელებული აზრია, რომ იოსებ სტალინი და იტალიელი „დუჩე“ (ბელადი) დაუძინებელი მტრები იყვნენ, ისევე, როგორც სტალინი და ჰიტლერი, სტალინი და ტოძიო და ასე შემდეგ... ანუ სტალინი და ყველა ის ევროპელი თუ არაევროპელი  დიქტატორი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში სტალინისა და მისი მოკავშირეების დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდნენ... ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს აზრი მცდარია. კი, რა თქმა უნდა, ისინი მართლაც იყვნენ სტალინის დაუძინებელი მტრები, მაგრამ კონკრეტულად „დიდ სამამულ ომში“ (მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროსაც კი არა). მანამდე კი, როგორც სტალინის კლასის პოლიტიკოსს შეეფერებოდა, საბჭოთა მმართველს მათთან მეტ-ნაკლებად ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ჰიტლერთან თავდაუსხმელობის პაქტიც კი გააფორმა... გამოურკვეველი (ღრმად გასაიდუმლოებული იყო) და ფრიად საინტერესოა იოსებ სტალინისა და ბენიტო მუსოლინის ურთიერთობები. როგორც ირკვევა, ევროპის ამ ორ მმართველს, თურმე, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან ჰქონიათ ერთმანეთთან არა მარტო ნაცნობობა, არამედ მჭიდრო კონტაქტები და არა ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს... სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი სრულიად შემთხვევით წააწყდა არქივებში „დუჩესა“ და სტალინის ახლო ურთიერთობების დამადასტურებელ დოკუმენტებს და ღრმად გამოიკვლია ისინი, თუმცა სტალინის შესახებ გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ ნაშრომში ეს ფაქტები არ შევიდა, რადგან გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კომუნისტურ მთავრობას ამის აფიშირება არ უნდოდა... გენერალი ვოლკოგონოვი წერდა: „ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო იმის გაგება, რომ სტალინი და მუსოლინი ახლო მეგობრები თუ არა, ძალიან ახლო ნაცნობები იყვნენ. ორივე მმართველი თითქმის ერთი ასაკის იყო (სტალინი 1878 წელს დაიბადა, ხოლო მუსოლინი კი – 1883 წელს). 1902 წელს ჯარში სამსახურისგან თავის დაღწევის მიზნით მუსოლინი შვეიცარიაში გაიქცა და იქ, ქალაქ ლოზანაში შავ მუშად მუშაობდა. მასთან ერთად იყვნენ არა მარტო რუსი ემიგრანტები, რომლებიც „ოხრანკას“ (რუსეთის იმპერიის უშიშროების სამსახური) გამოექცნენ, ასევე რუსი სტუდენტები. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ლოზანაში, იმ პერიოდში იმყოფებოდა ოქტომბრის რევოლუციის მომავალი ბელადი ლენინი. სწორედ იქ ეზიარა დეზერტირი მუსოლინი პირველად სოციალისტურ იდეებს და ლენინის მხურვალე მხარდამჭერი გახდა. 1903 წელს მუსოლინიმ ლენინი გაიცნო, ილიჩმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ახალგაზრდა ბენიტო, რომ იტყვიან, აღმერთებდა მას. მომავალი „დუჩე“ პროლეტარიატის მომავალი ბელადის მიმართ ამ აღფრთოვანებას თავის დღიურებში ასახავდა, წერდა: „ულიანოვი გენიოსია, რომელიც საყოველთაო სამართლიანობისთვის იბრძვის და ყველა პატიოსანი ადამიანი გვერდში უნდა დავუდგეთ, რათა ყოველმხრივ დავეხმაროთ ძველი ფორმაციის წყობის დარღვევასა და ახლის აშენებაში...“ შემდგომ მუსოლინი კატეგორიულად უარყოფდა ლენინით აღფრთოვანებას. კომუნიზმს კი საყოველთაო ჭირად მიიჩნევდა და აქტიურად იბრძოდა მის დასამარცხებლად... 1904 წელს ლოზანაში ახალგაზრდა „კობა“ (სტალინი) ჩავიდა მოლოტოვთან ერთად და ლენინს ფული ჩაუტანა, რომელიც ბაქოს ექსპოპრიაციების დროს შეაგროვა. სწორედ, მაშინ გააცნეს მას „იმპულსური იტალიელი“ (ეს ტერმინი თავად სტალინმა გამოიყენა მუსოლინის მიმართ მოლოტოვთან საუბარში), რომელიც ილიჩის დიდი მეხოტბე იყო. თავად მუსოლინი კი სტალინს ასე აღწერდა თავის დღიურებში: „პირქუში ახალგაზრდა კაცია, რომელიც გამუდმებით აბოლებს ჩიბუხს. ბევრს ისმენს, ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ, რასაც ამბობს, ყველა სიტყვას ასიანში არტყამს...“ ვიაჩესლავ მოლოტოვს 1984 წელს ვესაუბრე და მან კონფიდენციალურად მითხრა: „სტალინისა და მუსოლინის შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. იტალიელი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ძირითადად ლენინს აქებდა. ბოლოს კი, როდესაც ჩვენ უნდა წავსულიყავით და „კობა“ მას გამოემშვიდობა, მუსოლინიმ უთხრა: ალბათ, ისევ შევხვდებითო. შემდგომ, როდესაც ბინაში მივედით და განვლილ დღეს ვაჯამებდით, სტალინმა მითხრა – იმპულსური იტალიელი ძალიან მიზანსწრაფულია და არ გამიკვირდება, რომ წარმატებასაც მიაღწიოსო... მართლაც, სტალინმა და მუსოლინიმ ერთდროულად მიაღწიეს უმაღლეს თანამდებობას და სტალინმა საგანგებო დეპეშით მიულოცა მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1929 წელს კი სტალინი და მუსოლინი ერთმანეთს არაოფიციალურ გარემოში, სოჭში შეხვდნენ აგარაკზე. „დუჩე“ იქ მაქსიმ გორკიმ ჩაიყვანა, რომელსაც იტალიელი დიდ პატივს სცემდა. იტალიელმა ბელადმა საბჭოთა ბელადს შესჩივლა, რომ ქვეყნის სამხრეთში ძალიან უჭირდა მაფიასთან ბრძოლა და უთხრა:
– ამას წინათ შეერთებული შტატების პრეზიდენტს შევხვდი, მასაც არაოფიციალურად. მისტერ რუზველტს გავანდე ჩემი გასაჭირი და მან მითხრა –დამნაშავეობასთან საბრძოლველად ბიუჯეტიდან 50 მილიონი დოლარი გამოყავიო.
სტალინს გაეცინა და უთხრა:
– ვფიქრობ, რომ ამხელა თანხის წყალში გადაყრას სჯობს, სასაფლაოებისთვის მიწის ორი დიდი ფართი მოზომო.
სულ მალე „დუჩემ“ აქტიურად შეუტია მაფიას. იტალიაში „კოზა ნოსტრა“ არ დააყენა. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდნენ და 1943 წელს თეირანის კონფერენციის მსვლელობის დროს, პირისპირ საუბრისას რუზველტმა სტალინს ნახევრად ხუმრობით უსაყვედურა:
– ამერიკაში მაფიის აღორძინებაში დიდი წვლილი მიგიძღვით, რადგან თქვენ ურჩიეთ „დუჩეს“ მათთვის ორი დიდი სასაფლაოს გამოყოფა, რის მერეც ისინი ჩვენთან გადმობარგდნენო.
სტალინს კი იმავე სტილში უპასუხია:
– თქვენც იგივეს გირჩევთ, ბატონო პრეზიდენტო და გარწმუნებთ, რომ სულ მალე დიდ შედეგს მიაღწევთო...“
 ერთი სიტყვით სტალინი ნამდვილი პრაგმატიკოსი იყო და მტკიცე პოლიტიკური კურსი ჰქონდა აღებული, ამიტომ მიზნის მისაღწევად არასოდეს მიმართავდა პოლიტიკურ კეკლუცობას  და ყოველთვის მოგებული რჩებოდა...“

скачать dle 11.3