კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ შეიძლება ღალატის რისკის მინიმუმამდე შემცირება წყვილის ურთიერთობაში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ყველა ადამიანს უნდა, ოჯახის შექმნის შემდეგ ბედნიერად განაგრძოს ცხოვრება. ოჯახური ერთგულება კი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ფაქტორია ბედნიერებისთვის. ფსიქოლოგმა, ფილოსოფიის დოქტორმა და ქორწინების კონსულტანტმა უილარდ ჰარლიმ, 800-ზე მეტ წყვილთან ჩაატარა ექსპერიმენტი და გაარკვია, რომ ქალისა და მამაკაცის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს შორის არის ხუთი ძირითადი, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ურთიერთობაში ღალატის რისკი მინიმუმამდე შემცირდება. სწორედ მათი შესრულებაა აუცილებელი გრძელვადიანი და ბედნიერი ურთიერთობისთვის. ზოგჯერ ჩვენ ამას სტერეოტიპებს ვეძახით, თუმცა, შეიძლება, ცდად ღირს.
  არიან ქალები, რომლებიც გაუცნობიერებლად გადიან ამ გზას.  უშვებენ შეცდომებს და მხოლოდ მერე აღწევენ ჰარმონიას ურთიერთობაში.
  თეონა (34 წლის): ხშირად გამიგია, ქალს სჭირდება რომანტიკა და მამაკაცს – სექსიო. სულ მეცინებოდა ამაზე და ვამბობდი, რომ ეს უბრალოდ, სიტყვები იყო და მეტი არაფერი, ანუ, ყურადღებას არ ვაქცევდი. ოჯახი რომ შევქმენი, ვერ ვიტყვი, რომ რომანტიკაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ მერე, როცა დრო გავიდა და ცხოვრება მეტისმეტად ჩვეულებრივი გახდა, ყოველდრიურობაში სწორედ ეს რომანტიკა მომაკლდა. დიახ, რამდენიც უნდა ვილაპარკოთ, გავიცინოთ და საპირისპირო ვამტკიცოთ, ქალს აქვს სინაზისა და სითბოს მოთხოვნილება, თანაც, ყველა ქალს.
– და ამ სინაზის მოთხოვნილება ქმნის ურთიერთობაში პრობლემებს? ქმრისგან ამას ვერ იღებენ?
– ეს მარტო სინაზეს კი არა, სიყვარულსაც ეხება. სინაზის გამოხატვა ბევრნაირი გზითაა შესაძლებელი: კოცნითა და ჩახუტებით, ყვავილებით, დარეკვით, მზრუნველი ჟესტებით. ეს ყველაფერი ქალს თავს დაცულად და კომფორტულად აგრძნობინებს. მაგრამ რამდენი კაცი იცით, რომლებიც ამ ყველაფერს ოჯახში, ცოლთან აკეთებს? სანამ შეყვარებულები არიან, ირჯებიან, მაგრამ მერე ვის ახსოვხარ... მხოლოდ დაბადების დღეზე შეიძლება, მოგიტანოს ყვავილები და სუნამო. არანაირი  ფანტაზია. ყურადღების ელემენტარულ გამოვლენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. თავიდან, თითქოს, ითმენ, ყურადღებას არ აქცევ, მაგრამ წყენა გროვდება. არსად მიდის და...
– ერთ დღესაც ამოხეთქავს?
– არა, ეს ასე მარტივად და ერთ დღეს არ ხდება.  დაგროვილი წყენა ტრანსფორმირდება გაღიზიანებად. ცოლები აგრესიულები და წუწუნები ხდებიან. გამოთქვამენ პრეტენზიებს. რა თქმა უნდა, სულ სხვა თემაზე, მაგრამ რეალურად, მიზეზი სხვა რამეშია.
– ფუჭდება ინტიმური ურთიერთობაც, ხომ ასეა?
– დიახ.  მამაკაცს აქვს სექსის მოთხოვნილება და ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მაგრამ ქალი როცა სულ ცუდ ხასიათზეა, სულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, სექსის სურვილიც ქრება.   სხვათა შორის, ქალები ხშირად სათანადოდ არ აფასებენ მამაკაცის ძლიერ სექსუალურ მოთხოვნილებებს. როცა  მამაკაცი ქალის მიმართ სინაზეს არ გამოხატავს, დიდია იმის შანსი, მისგან სექსიც ვერ მიიღოს. ასეა პირიქითაც. ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანები ურთიერთობას ისეთი პროგრესიით აფუჭებს, სრულ კატასტროფამდე მიყავხარ.  ქალს სჭირდება საუბარი, ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ  მას ქმრის სახით სჭირდება მეგობარი, რომელიც გაიზიარებს მის ინტერესებს, ჰობის და მასთან ერთად გაერთობა
– დიახ,  ქალს აქვს საუბრის მოთხოვნილება. მაგრამ ამ  დეფიციტს  ის დაქალებთანაც შეივსებს.
– ეს მცდარი შეხედულებაა. ქალებს უნდათ, რომ მას საყვარელმა მამაკაცმა მოუსმინოს, მერე კი თავისი აზრი გამოხატოს. ქალისთვის მოსმენილიც მნიშვნელოვანია. აუცილებელია ეს ქორწინებაშიც გაგრძელდეს. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით: ძალიან მაწუხებდა ჩემი ქმრის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა. ვნერვიულობდი და ვჩხუბობდი, ზოგჯერ სრულიად დაუმსახურებლადაც ვეკამათებოდი. ის ვერ ხვდებოდა, რატომ. რაღაც მომენტამდე ვერც მე ვხვდებოდი.  არასოდეს გიფიქრიათ, რომ ქორწინებაში ქალები იმის გაკეთებას აძალებენ ქმარს, რაც თავად მოსწონთ. თუმცა,  კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ცოლი კარგი კომპანიონი იყოს. ფსიქოლოგიის მიხედვით, როგორც მერე მეც მივხვდი, ცოლთან ერთად განტვირთვა კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ამბობენ, რომ  ქალს სჭირდება ყურადღება და მამაკაცს კი – მიმზიდველი ცოლი.
– თუ კაცს  ცოლის ნდობის დაკარგვა არ უნდა, მნიშვნელოვანია, პატარა დეტალებშიც გამოიჩინოს ყურადღება...  და კიდევ, მოდი, რეალურად შევხედოთ ცხოვრებას – კაცები ცოლს მხოლოდ ჭკუის გამო არ აფასებენ. მათ გვერდით ფიზიკურად მიმზიდველი ქალი  სჭირდებათ, რომლითაც იამაყებენ. ცოლებს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მამაკაცებს ხშირად ხვდებათ რთული დავალებები და ამოცანები, რომელთა მოგვარებასაც სხვები სწორედ მათგან მოელიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მოწესრიგებული და სუფთა ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებენ. ეს საჭიროება მამაკაცებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ოცნებობენ კიდეც.
– ანუ, რა რეკომენდაციას აძლევთ ცოლებს?
– მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ მშვიდი ლაპარაკი ქმართან, იმაზე, რაც გაწუხებს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. და კიდევ, მამაკაცს სჭირდება, რომ მასზე კარგი წარმოდგენა ჰქონდეთ.  შეიძლება, ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, ამაყობდეს საკუთარი თავით და აცნობიერებდეს, რომ მეუღლეც აფასებს. გააკეთეთ ეს და ქმარს  ოჯახისთვის უფრო მეტის გაკეთებისკენ წაახალისებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, ზუსტად გავიგე ღალატის რისკების მინიმუმამდე  შემცირება როგორ შეიძლება.
– როგორ, ამ საუბრებით?
– საუბრებს მივყავართ შეთანხმებამდე და სრულ ჰარმონიამდე. როცა მამაკაცი შენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს და შენც გაბედნიერებს,  მაშინ უთანხმოების ადგილი აღარ რჩება. არც სხვასთან ურთიერთობის სურვილი უჩნდება რომელიმეს. წყენის დაგროვება არ შეიძლება. ეს ნამდვილად არ არის ძნელი გასაკეთებელი. კაცი ამას თავისით ვერ მოიფიქრებს, ამიტომ ცოლმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.

скачать dle 11.3