კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ გადაუხვია მწერლობის გზას ლეილა აბაშიძემ და რატომ იპკურებდა ის სუნამოს ნაცვლად ბენზინს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ. მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს… მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს…“ ლეილა აბაშიძე  88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ განსახიერებული ქალები იყვნენ მიზანდასახულები... მას არ ეშინოდა კამერის წინ გამოჩენილიყო უშნო, თუმცა მეორე წამს შეეძლო, ქალური და დახვეწილი ყოფილიყო. გარდა ამ ნიჭისა, ლეილა უზომოდ განათლებული და ჭკვიანი ქალი იყო, წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს და იმასაც კი ამბობდნენ, რომ მისგან შეუდარებელი მწერალი დადგებოდა, თუ ამ გზას აირჩევდა. ხშირად სახელგანთქმული მსახიობები ერიდებიან როლის გამო ექსპერიმენტების ჩატარებას, თუმცა ლეილა არც ამას უშინდებოდა – გლეხი ქალის როლის უკეთ გასათავისებლად ფეხშიშველი მიდიოდა ყანაში სამუშაოდ, აბეზარას როლისთვის კი გადაღებების დაწყებამდე ბენზინს იპკურებდა – ამბობდა, ასე თავი ნამდვილი მძღოლი მგონიაო. თუმცა, სამწუხაროდ, დიდი მსახიობების ცხოვრება ბევრი ტრაგიკული ამბით არის სავსე და არაპროგნოზირებადია. 1960-იანი წლების ბოლოს, როცა ლეილა აბაშიძე კარიერის ზენიტში იყო და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმ მსახიობების ხუთეულში შედიოდა, რომელთა ფილმებსაც კინოთეატრებში 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, ლეილა აბაშიძის კარიერა დასრულდა. აი, ასე, გადაწყვიტეს, რომ მისთვის როლები აღარ მიეცათ. მიზეზებზე ბევრი ვარაუდი გამოითქვა, იყო ბევრი ჭორიც. ლეილა აბაშიძის ეკრანიდან გაქრობას ზოგი ეპოქას უკავშირებს, სწორედ ამ პერიოდში „ვარსკვლავობაზე“ აღარ იყო მოთხოვნა, გაჩნდა სხვა ტიპის კინო, რომელიც არა გამორჩეულზე, არამედ „ჩვეულებრივზე“ ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა იყო ლეილას კინოდან გაუჩინარების სხვა ვერსიებიც, რომლებიც მსახიობის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლეილა ეკრანზე 1976 წელს დაბრუნდა ნანა მჭედლიძის ფილმით – „გასეირნება თბილისში“, რომლის შემდეგაც მხოლოდ რამდენიმე კინოსურათში მიიღო მონაწილეობა. მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმში „ორომტრიალი“, რომლითაც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც მოხვდა, თუმცა ამით მისი კინოკარიერა დასრულდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ლეილას ეკრანიდან გაქრობა ძალიან განიცადა მიშა თუმანიშვილმა, რომელმაც სპეციალურად მისთვის სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა. ლეილა დადიოდა რეპეტიციებზე, ემზადებოდა, მაგრამ ეშინოდა, რომ მაყურებლის უწინდელ სიყვარულს ვეღარ იგრძნობდა. სამწუხაროდ, ამ შიშმა ლეილას, შეიძლება ითქვას, რომ მეორე შანსი გააშვებინა ხელიდან და სპექტაკლი ვერ შედგა. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა გაუჩინარებამ მსახიობს თვითრწმენაც შეურყია და დაავიწყა, რომ ერთ დროს თბილისში მეწაღის ოთახიდან დაწყებული აფთიაქით დამთავრებული, ყველგან მისი ფოტოები იყო გამოფენილი. „მქონდა ბედნიერება, გამეხმოვანებინა ფილმი მასთან ერთად. საოცარი ქალი იყო, ჩაცმა ისე, როგორც შენ გინდოდა, მაშინ შეუძლებელი იყო და ლეილა ამას მაინც ახერხებდა, თანაც დროს უსწრებდა, გარდა ამისა, საკუთარი ხელით აკეთებდა ყველაფერს. ხანდახან მის ასეთ სტილს ირონიულად უყურებდნენ, მაგრამ ლეილამ თავისი ხატი შექმნა, დაუჯერებლად ნიჭიერი და საინტერესო, სიკეთით სავსე ქალის ხატი. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ, ხმის ჩამწერ სტუდიაში, თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და მითხრა, გადაღებაზე ყოფნა მენატრებაო“, – იხსენებს მსახიობი ბაია დვალიშვილი. სამწუხაროდ, გადაღებაზე ყოფნა ლეილა აბაშიძის აუსრულებელ ოცნებად დარჩა, მით უმეტეს, რომ უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მსახიობს სურდა, ეთამაშა ისეთი როლი, რომელიც მის ტკივილს ბოლომდე გადმოსცემდა, ტკივილი და უსამართლობა კი მის ცხოვრებაში მრავლად იყო. უკვე სახლში გამოკეტილს, ყველა ეკითხებოდა, რატომ აღარ ჩანდა ეკრანზე და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ეს კითხვა მისთვის ყველაზე რთული მოსასმენი იყო. დიახ, ვარსკვლავობა არ არის წოდება, ეს თვისებაა, რომელიც გნუსხავს არა მარტო ნიჭით, არა მარტო გარეგნობით, არამედ რაღაც სხვა სხივით, რომელიც განასხვავებს ერთ ლამაზ ქალს მეორისგან, ერთ ნიჭიერ მსახიობს მეორისგან, ეს არის ნაპერწკალი, რომელიც ანთებს ვარსკვლავს და რომელიც ლეილასგან გამოდიოდა...
  მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისთვის, რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ნახეს, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ და მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს. „იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე, მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები“, – იხსენებდა ლეილა აბაშიძე...
***
  რეჟისორ სიკო დოლიძის სურათს – „შეხვედრა წარსულთან“  – გურიაში, ჩოხატაურის რაიონში იღებდნენ. ლეილა აბაშიძე მასში ღატაკი და უთვისტომო ქალიშვილის, ნინოს როლს ასრულებდა. ერთხელაც, დილით, დაკონკილ კაბაში ჩაცმული ქალბატონი ლეილა, დაგლეჯილი ჩუსტებიდან ფეხის თითები რომ უჩანდა, ჩოხატაურის სასტუმროს წინ მანქანის მოლოდინში კიბეზე იჯდა და ერთი კვირა დიეტით ნაშიმშილევი, ცარიელ პურს შეექცეოდა. ქუჩაში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ადგილობრივი ქალები მსახიობს დაჟინებით უყურებდნენ და გაოცებულები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მათ რიგებს ერთი შუახნის ქალი გამოეყო, ლეილასთან მივიდა, ჩანთიდან გურული კეცის მჭადი და ჭყინტი ყველი ამოიღო და სევდიანი სახით მსახიობს მიაწოდა. „ამფერი კაი ციცა რეიზა დაგჩაგრა ცხოვრებამ? ამ დროებაში მასე რა გაგიჭირვა“, – უთხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
***
  ...ხევისბერ გოჩაზე” გიამბობთ. გავიარეთ რეპეტიციები ცნობილი სცენისა, ონისეს რომ მარხილით მიჰყავს ძიძია, მაგრამ ის საშიშროება, პროჟექტორების ჩართვისას ცხენები რომ დაფრთხებოდნენ, ვერავინ გაითვალისწინა. ჩართეს თუ არა ორი პროჟექტორი, ცხენები ერთბაშად ეცნენ მანქანას, რომელზეც ოპერატორებისთვის მოწყობილი ავანსცენა იყო და მარხილიც ზედ შეასკდა. ამ ამბის თვითმხილველების მონათხრობით, თურმე, მე, ამ ჩემი თეთრი კაბით, რაღაცამ გამისროლა. მე კი ის მახსოვს მხოლოდ, კარგა ხნის ფრენის შემდეგ თოვლში ჩავეფალი. ნუგზარ შარიაც სადღაც გადაგორდა და ფეხიც მოიტეხა. მინდა თოვლიდან ამოსვლა, მაგრამ როგორ? დაახლოებით ოცი მეტრის სიღრმეში ვარ ჩაფლული, ცას ვხედავ მხოლოდ და ვარსკვლავებს, ვაითუ, თოვლში ჩავიმარხო-მეთქი. მესმის ხმები: ლეილა, უუ! ძიძია, უუ! დადიან ფარნებით, მეძებენ. ბოლოს როგორც იქნა, თოკებით ძლივს ამომიყვანეს. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი, გაყინულ-გათოშილი, „ჟიპიტაური“ გადამაკვრევინეს, არყითაც დამზილეს და სურდო რაა, ისიც არ შემყრია“.


скачать dle 11.3